ფულის გადამცვლელი
ის, ვის მოვალეობაშიც შედიოდა ერთი სახის ვალუტის მეორეზე გადაცვლა და ერთი სახის მონეტის საფასურის სანაცვლოდ სხვა მონეტის გაცემა. ყოველი ასეთი ფინანსური ოპერაციისთვის ფულის გადამცვლელი გასამრჯელოს იღებდა. ბერძნული სიტყვა კოლიბისტეს (ფულის გადამცვლელი) მომდინარეობს სიტყვიდან კოლლიბოს, რაც ფულის გადაცვლისთვის გადახდილ პატარა მონეტას ნიშნავს. ბერძნული სიტყვა კერმატისტეს (ფულის გადამხურდავებელი), რომელსაც იოანეს 2:14-ში ვხვდებით, ენათესავება მე-15 მუხლში ფულად ნათარგმნ კერმას. მიშნას თანახმად, ფულის გადამცვლელების მოვალეობაში შედიოდა, აგრეთვე, ფულის შენახვა და თამასუქით გასამრჯელოს გაცემა (ბავა მეცია 3:11; 9:12).
იესოს დედამიწაზე მსახურების დროს ტაძრის ყოველწლიური გადასახადი შეადგენდა ორ დრაქმას (დიდრაქმა) (მთ. 17:24). ვინაიდან ტაძრის გადასახადს პასექის აღსანიშნავად იერუსალიმში სხვადასხვა კუთხიდან ჩასული იუდეველებიც იხდიდნენ, ფულის გადამცვლელების მოვალეობაში შედიოდა უცხოური ვალუტის იმ ფულზე გადაცვლა, რომლითაც ტაძრის გადასახადს გადაიხდიდნენ, მსხვერპლშეწირვისთვის განკუთვნილ პირუტყვსა თუ სხვა რამეს შეიძენდნენ. მიშნას თანახმად (შეკალიმი 1:3) 15 ადარს, ან პასექამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ფულის გადამცვლელები პროვინციებში საქმიანობდნენ, 25 ადარს კი, როცა იერუსალიმში სხვადასხვა ქვეყნიდან იუდეველი პროზელიტები ჩადიოდნენ, ტაძრის მიდამოებში ინაცვლებდნენ.
სწორედ ტაძარი იყო ის ადგილი, სადაც იესო ქრისტემ ფულის გადამხურდავებლებს მაგიდები ორჯერ აუყირავა და დაგმო ისინი ტაძრის „სავაჭრო სახლად“ და ყაჩაღების ბუნაგად“ გადაქცევისთვის (ინ. 2:13—16; მთ. 21:12, 13; მრ. 11:15—17). იესომ ტაძარი „ყაჩაღთა ბუნაგად“ შესაძლოა იმიტომაც მოიხსენია, რომ ფულის გადამცვლელები თავიანთ მომსახურებაში იმაზე ბევრად მეტს იღებდნენ, ვიდრე ეკუთვნოდათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსხვერპლშესაწირი პირუტყვის გაყიდვით ფულის გადამხურდავებლები ძალიან დიდ მოგებას იღებდნენ. მიშნა იუწყება, რომ იყო დრო, როცა ორ მტრედს ერთ ოქროს დინარად (25 ვერცხლის დინარი) ყიდდნენ. აი, რატომ თქვა გამალიელმა სიმონმა: „ვფიცავ ამ ტაძარს, რომ ამაღამ თვალს არ მოვხუჭავ, სანამ ორი მტრედის ფასი ერთ [ვერცხლის] დინარზე არ დავა!“. ასეც მოხდა — იმ დღეს მისი ფასი საგრძნობლად დაეცა (ქერითოთ 1:7; ინგლისური თარგმანი ჰ. დენბისა).