პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება ფული
„იესო ისე დაჯდა, რომ ფულის ჩასაყრელს ხედავდა, და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს. მდიდრები ბევრს ყრიდნენ. მივიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ორი პატარა მონეტა ჩააგდო“ (მარკოზი 12:41, 42).
ბიბლიაში ფული ხშირად არის მოხსენიებული. მაგალითად, სახარებებში ვკითხულობთ, რომ იესო თვალსაჩინოებისთვის ხშირად იყენებდა სხვადასხვა სახის მონეტებს. როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ერთხელ იესომ სწავლებისას თავის მოწაფეებს ქვრივის მაგალითი მოუყვანა, რომელმაც „ორი პატარა მონეტა“ შესწირა. სხვა დროს კი, მან სხვა სახის მონეტა, დინარი, მოიხსენია, რათა თავისი მიმდევრებისთვის ესწავლებინა, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ (მათე 22:17—21).a
რატომ გამოიგონეს ფული? როგორ ამზადებდნენ მას ბიბლიურ დროში და რა მიზნით იყენებდნენ? როგორ დამოკიდებულებას გვასწავლის ბიბლია ფულთან დაკავშირებით?
გაცვლითი ვაჭრობიდან ძვირფას ლითონამდე
სანამ ფულს გამოიგონებდნენ, ხალხი გაცვლა-გამოცვლით ვაჭრობდა. ისინი საქონელს იმავე ღირებულების სხვა სახის საქონელში ცვლიდნენ; ასევე ხდებოდა მომსახურებასთან დაკავშირებითაც. მაგრამ ვაჭრობის ამგვარი სისტემა მოუხერხებელი იყო. თითოეული მხარე იძულებული იყო იმაში გაეცვალა საქონელი, რასაც სთავაზობდნენ. გარდა ამისა, ვაჭრებს უწევდათ დიდი რაოდენობით საქონლის ტარება, იქნებოდა ეს მარცვლეულის ტომრები თუ ცხოველები.
ვაჭრებმა დაინახეს იმის საჭიროება, რომ გამოეგონებინათ ისეთი რამ, რაც მათ ყიდვა-გაყიდვას გაუადვილებდა. ამიტომ დაიწყეს ისეთი ძვირფასი ლითონების გამოყენება, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი და სპილენძი. ქვემოთ მოცემულ სურათზე თქვენ ხედავთ, როგორ ყიდულობს ვაჭარი ძვირფასეულობითა და ზოდებით საქონელს ან იხდის მომსახურების საფასურს. სანამ რაიმე საქონელში გაცვლიდნენ, ძვირფას ლითონებს დიდი ყურადღებით წონიდნენ ზუსტ სასწორზე. მაგალითად, როცა აბრაამმა თავისი საყვარელი ცოლის, სარას დასაკრძალად სამარხი იყიდა, მან მეპატრონეს საჭირო რაოდენობის ვერცხლი მიუწონა (დაბადება 23:14—16).
იმ დროს, როცა იეჰოვამ ისრაელ ერს კანონი მისცა, ხარბი ვაჭრები არასწორი სასწორით ხალხს წონაში ატყუებდნენ. იეჰოვა ღმერთს სძულს უპატიოსნობა, ამიტომ ისრაელ ვაჭრებს უთხრა: „ზუსტი სასწორი, ზუსტი საწონი, ზუსტი ეფა . . . უნდა გქონდეთ“ (ლევიანები 19:36; იგავები 11:1). დღეს ვინც ვაჭრობით არის დაკავებული, კარგია ახსოვდეთ, რომ სიხარბესთან და უპატიოსნებასთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისი არ შეუცვლია (მალაქია 3:6; 1 კორინთელები 6:9, 10).
როგორ ჭრიდნენ მონეტებს თავდაპირველად
პირველი მონეტები, როგორც ჩანს, ლიდიაში (დღევანდელი თურქეთი) მოიჭრა ძვ. წ. 700 წლამდე. მალე მჭედლებმა სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს მონეტების მასიურად მოჭრა. მონეტების გამოყენება იმ ქვეყნებში მცხოვრებმა ხალხმაც დაიწყო, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული.
როგორ ამზადებდნენ მონეტებს? მჭედელი გამდნარ ლითონს ღუმელიდან იღებდა (1), მონეტის ჩამოსასხმელ ყალიბში ასხამდა და ამზადებდა რგოლებს, რომელსაც ფულის მოსაჭრელ ფირფიტებს ეძახდნენ (2). შემდეგ ის ამ ფირფიტებს ათავსებდა ლითონის შტამპზე, რომელზეც გამოსახული იყო სიმბოლო ან სურათი (3). შტამპზე ჩაქუჩის დარტყმით, მჭედელი ცარიელ ფირფიტაზე გამოსახულებას აკეთებდა (4). ხშირად მჭედლები სიჩქარის გამო მონეტებზე გამოსახულებას ცენტრში ვერ სვამდნენ. ისინი მონეტებს ახარისხებდნენ და წონიდნენ, რათა დარწმუნებულიყნენ, რომ მოჭრილი მონეტები სტანდარტებს შეესაბამებოდა; საჭიროების შემთხვევაში კი მონეტას ზედმეტ ლითონს აჭრიდნენ (5).
ფულის გადამცვლელები, გადასახადების ამკრეფები და მევახშეები
პირველ საუკუნეში პალესტინაში სხვადასხვა ქვეყნის მონეტები იყრიდა თავს. მაგალითად, მოგზაურებს, რომლებიც იერუსალიმის ტაძარში ჩადიოდნენ, თან მიჰქონდათ უცხოური მონეტები. მაგრამ ტაძრის გადასახადის გადახდა მხოლოდ გარკვეული სახის მონეტებით იყო შესაძლებელი. ფულის გადამცვლელებს პირდაპირ ტაძარში ჰქონდათ დახლები და ამ მონეტებს ხშირად ძალიან ძვირად ყიდდნენ. იესო განსჯიდა ხარბ ადამიანებს, რადგან მათ იეჰოვას სახლი „სავაჭრო სახლად“ და „ყაჩაღების ბუნაგად“ აქციეს (იოანე 2:13—16; მათე 21:12, 13).
პალესტინაში მცხოვრები ხალხი სხვა გადასახადებსაც იხდიდა. ერთ-ერთი ასეთი გადასახადი იყო „სულადობრივი გადასახადი“, რომლის შესახებაც მოწინააღმდეგეებმა იესოს ჰკითხეს (მათე 22:17). ისინი იხდიდნენ როგორც გზის, ისე ქვეყანაში შემოტანილი და გატანილი საქონლის გადასახადს. გადასახადების ამკრეფები უპატიოსნოდ იქცეოდნენ, ამიტომ არავის უყვარდა ისინი (მარკოზი 2:16). ისინი ხალხს ზედმეტს ახდევინებდნენ და მოგებას ჯიბეში იდებდნენ. თუმცა იყვნენ ზაქეს მსგავსი გადასახადების ამკრეფებიც, რომლებმაც მოუსმინეს იესოს და უპატიოსნო ცხოვრება მიატოვეს (ლუკა 19:1—10). ვისაც სურს, მიჰყვეს იესოს, ყველაფერში პატიოსნად უნდა მოიქცეს, მათ შორის საქმიან გარიგებებში (ებრაელები 13:18).
ადამიანთა კიდევ ერთი კატეგორია, რომლებსაც ფულთან ჰქონდა შეხება, მევახშეები იყვნენ. გარდა იმისა, რომ ისინი ფულს ცვლიდნენ, მათ შექმნეს ფულის შემნახველი სისტემა, გასცემდნენ სესხებს და გარკვეულ თანხას აძლევდნენ მათ, ვინც მათთან აბანდებდა ფულს. იესო სწორედ მათზე საუბრობდა, როცა მონებზე მოიყვანა მაგალითი, რომელთაც მოგების მიზნით გარკვეული თანხა მისცეს (მათე 25:26, 27).
როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ფულზე?
დღეს ფული უნდა გამოიმუშავო, რომ რამე იყიდო. ღვთისგან შთაგონებით მეფე სოლომონმა საუკუნეების წინათ დაწერა, რომ ფული იცავს ადამიანს. ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავს ძალა. მაგრამ სოლომონმა ისიც თქვა, რომ სიბრძნე უპირატესობდა ფულზე, რადგან ის „სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“ (ეკლესიასტე 7:12). ასეთი სიბრძნის მიღება კი მხოლოდ ბიბლიიდან შეგვიძლია.
იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ ფულთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონოდათ, რადგან „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). პირველ საუკუნეში მცხოვრები იესოს მოწაფეების მსგავსად გონიერებას ვავლენთ, თუ პასუხისმგებლობითა და პატიოსნად ვიქცევით, როცა საქმე ფულს ეხება და ვერიდებით მის სიყვარულს (1 ტიმოთე 6:9, 10).
[სქოლიო]
a იხილეთ ჩარჩო „ზოგი რამ მონეტების შესახებ“, გვერდი 26.
[ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]
ზოგი რამ მონეტების შესახებ
● პირველ საუკუნეში პალესტინაში მიმოქცევაში იყო ძალიან პატარა მონეტები, სპილენძის ლეპტონები. მუშას ორ ლეპტონის ანუ ლეპტის გამომუშავება 15 წუთში შეეძლო. როგორც ჩანს, ქვრივმა სწორედ ასეთი მონეტები ჩაყარა ტაძრის საგანძურში (მარკოზი 12:42).
● ვერცხლის დრაქმა, ბერძნული მონეტა იყო, რომელიც მუშის მთელი დღის გასამრჯელოს წარმოადგენდა (ლუკა 15:8, 9). ებრაელ მამაკაცებს მოეთხოვებოდათ, რომ ყოველწლიურად ტაძრის გადასახადი, ორი დრაქმა, გადაეხადათ (მათე 17:24).
● ვერცხლის დინარი, იყო რომაული მონეტა, რომელზეც გამოსახული იყო კეისარი. სწორედ ერთ დინარს იხდიდნენ ებრაელი მამაკაცები ხარკად რომაელთა ბატონობის დროს (რომაელები 13:7). მუშას 12 საათი უნდა ემუშავა, რათა გასამრჯელოდ ერთი დინარი მიეღო (მათე 20:2—14).
● ტვიროსში მოჭრილი ვერცხლის შეკელი კიდევ ერთი მონეტა იყო, რომელიც იესოს დედამიწაზე ყოფნისას პალესტინაში იყო მიმოქცევაში. ის „ოცდაათი ვერცხლის მონეტა“, რომელიც მღვდლებმა იუდა ისკარიოტელს გადაუხადეს იესოს გასაცემად, შეიძლება ტვიროსული შეკელი იყო (მათე 26:14—16).
მონეტები ნაჩვენებია რეალურ ზომებში