ᲤᲔᲙᲝᲓᲘ
როგორც ჩანს, ეს არის ბაბილონის სიახლოვეს მდებარე გარკვეული ადგილის სახელწოდება. ფეკოდელი მამაკაცები იყვნენ მოხსენიებულნი იმ მეომრებს შორის, რომლებსაც უნდა აღესრულებინათ იეჰოვას განაჩენი ორგულ იერუსალიმზე (ეზკ. 23:4, 22—26). მოგვიანებით, თავად ფეკოდიც უნდა განადგურებულიყო (იერ. 50:21).
ჩვეულებრივ, ფეკოდს აიგივებენ ფუქუდუსთან, რომელიც მოხსენიებულია ასურულ დამწერლობაში. ტიგლათფილესერ III-ის დროინდელ მატიანიდან, რომელიც ნიმრუდში იქნა აღმოჩენილი, ირკვევა, რომ ფეკოდი შესული იყო ასურეთის იმპერიის შემადგენლობაში, და რომ ის მდებარეობდა ელამთან ახლოს (Records of the Past: Ancient Monuments of Egypt and Western Asia, A. Sayce-ის რედაქციით, ლონდონი, 1891, ტ. V, გვ. 120, 121). თუ ასეთი შეხედულება სწორია, მაშინ ფეკოდი, სავარაუდოდ, მდებარეობდა მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთით და მდინარეების, ტიგროსისა და ქარხეს, შერწყმის ადგილიდან ჩრდილოეთით.
არსებობს მოსაზრება, რომ იერემიას 50:21-ში მოხსენიებული „ფეკოდი“ (ისევე, როგორც მერათაიმი) შესაძლოა, ბაბილონის მხატვრული სახელია. აღსანიშნავია, რომ ნაბუქოდონოსორის დროინდელ ერთ წყაროზე დაყრდნობით, ფუქუდუ ბაბილონს ექვემდებარებოდა. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც ბაბილონი მიდიელებმა და სპარსებმა დაიპყრეს, ფეკოდიც მათ ხელში გადავიდოდა.