ურჩობა
ძალაუფლებით აღჭურვილ პირთა არად ჩაგდება; დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობა. ურჩობის გამომწვევი მიზეზებია: სიამაყე, ეგოიზმი, გარე ზეწოლა, ზემდგომთა გადაწყვეტილებების მიუღებლობა; დამოუკიდებლობის მოპოვებისა და რეალური თუ წარმოსახვითი ჩაგვრისგან გათავისუფლების სურვილი.
ისტორიის დასაწყისში. ღვთისადმი ურჩობას დასაბამი უხილავ სამყაროში მიეცა. სულიერმა ქმნილებამ, მოგვიანებით სატანა ეშმაკად წოდებულმა, გველის მეშვეობით პირველ ქალს შემოქმედისადმი დაუმორჩილებლობისკენ უბიძგა. მან ურჩობა მიმზიდველი გახადა ევასთვის და ის განსაკუთრებული შემეცნების მიღების საშუალებად წარმოუდგინა. ევა აჰყვა თავის ამბიციას, გამხდარიყო ღმერთივით, ანუ თვითონ, და არა ღმერთს გადაეწყვიტა, რა იყო მისთვის კარგი და რა — ცუდი (იხ. ხე [გადატანითი მნიშვნელობით]). ევამ წარმოიდგინა, რომ იმას კარგავდა, რაც კანონიერად მას ეკუთვნოდა და ამიტომ ღვთის მცნება დაარღვია. მოგვიანებით ადამი ევას ზეგავლენის ქვეშ მოექცა და ღმერთს ისიც ეურჩა. როგორც ჩანს, ადამის ურჩობის მიზეზი ის კი არ იყო, რომ მან გველის ნათქვამი დაიჯერა, არამედ ცოდვილი ცოლი ღმერთს ანაცვალა (დბ. 3:1—6; 1ტმ. 2:14).
ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ ადამიანების უმეტესობა ურჩობის გზას ირჩევდა. აბელის სიკვდილიდან ნოეს დაბადებამდე 926 წელზე მეტი იყო გასული და ამ შუალედში ენოქი ერთადერთი კაცი იყო, ვისზეც წერია, რომ ღმერთთან ერთად დადიოდა (დბ. 5:22). ურჩობის სული არც ზეციურ სამყოფელში აღკვეთილა. ნოეს დროს გაუკუღმართებულ სურვილს აყოლილი ურჩი ანგელოზები ტოვებდნენ თავიანთ ზეციურ სამყოფელს, ხორცს ისხამდნენ, ქალებზე ქორწინდებოდნენ და მრავლდებოდნენ (დბ. 6:4; 1პტ. 3:19, 20; 2პტ. 2:4, 5; იუდ. 6).
ნოესდროინდელი მსოფლიო იმდენად იყო გაჯერებული ურჩობის სულით, რომ იეჰოვა ღმერთმა კაცთა მოდგმის წარღვნით განადგურება გადაწყვიტა. მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი, მთლიანობაში რვა ადამიანი, ჩათვალა ღმერთმა გადარჩენის ღირსად (დბ. 6:5—8; 7:13, 23).
ისრაელში. გავიდა დრო და ღვთის რჩეული ერი ისრაელი გახდა. თუმცა ამ ერის ისტორიამ ურჩობის უამრავი შემთხვევა შემოინახა. ურჩობაში ბრალი ედებოდა როგორც მთელი ერს, ისე ცალკეულ ჯგუფებსა თუ ადამიანებს. ზოგჯერ ისეთებიც ურჩობდნენ, ვინც ზოგადად ურჩი არ იყო. მაგალითად, მოსე და აარონი მრავალი წელი ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვა ღმერთს, მაგრამ ერთხელ, როცა მოდავე ისრაელების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ, თავშეკავება დაკარგეს და არ განადიდეს ღმერთი სასწაულებრივად მიცემული წყლისთვის, რაც ღმერთმა მათ ურჩობაში ჩაუთვალა (რც. 20:12, 24; 27:13, 14). მთლიანობაში ერს ურჩობა ისე ჰქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ ეზეკიელის 44:6-ში ისრაელის სახლის ზედწოდებად „ურჩი“ გვხვდება. ისრაელი ურჩობის განსახიერება გახდა.
იეჰოვა ღმერთი ურჩობას დაუსჯელს არ ტოვებდა (1სმ. 12:15; 15:23; 1მფ. 13:21, 22, 26; ფს. 5:10; ეს. 1:20; 63:10; იერ. 4:16—18; ეზკ. 20:21; ოს. 13:16). მაგალითად, კანონით ისჯებოდა ურჩი და ჯიუტი შვილი, რომელიც გამოსწორებას არ ექვემდებარებოდა (კნ. 21:18—21). ღვთის წარმომადგენლების, მოსესა და აარონის წინააღმდეგ ურჩობის გამო დაისაჯნენ ამაყი და პატივმოყვარე კორახი, დათანი, აბირამი და მათი მხარდამჭერები. აღსანიშნავია, რომ როცა ისრაელებმა სადავო გახადეს ამ სასჯელის სამართლიანობა და მოსესა და აარონს დაუპირისპირდნენ, იეჰოვამ კიდევ 14 700 კაცი გაჟლიტა (რც. 16:1—3, 25—50). ზოგჯერ იეჰოვა უცხო ერების მეშვეობით სჯიდა ისრაელებს, მაშინ როცა ისინი მეზობელი ერების გავლენის ქვეშ ექცეოდნენ და ურჩად ეწინააღმდეგებოდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (მსჯ. 2:3, 11—16; 3:4, 5; ნემ. 9:26, 27).
პირობის დამრღვევი მეფე ციდკიას ურჩობა. როცა მეფე ნაბუქოდონოსორმა იუდას მეფე ციდკია თავის ვასალად აქცია, იეჰოვას სახელით დააფიცა. მაგრამ ციდკიამ უცხო უღლის გადაგდება მოინდომა და ნაბუქოდონოსორს განუდგა. ეს ფაქტობრივად იეჰოვას ურჩობას ნიშნავდა, რადგან ციდკიას იეჰოვას სახელით ჰქონდა დაფიცებული, რომ მეფის ერთგული ვასალი იქნებოდა. პირობის გატეხვის გამო იეჰოვამ ციდკიას ბაბილონში ტყვეობა და სიკვდილი უწინასწარმეტყველა (2მფ. 24:17—20; 2მტ. 36:11—21; ეზკ. 17:12—18).
ქრისტიანულ კრებაში. ურჩები პირველი საუკუნის ქრისტიანებშიც იყვნენ. პავლე მოციქულმა განდგომილთა, ანუ ურჩთა გამოჩენა იწინასწარმეტყველა (2თს. 2:3), თუმცაღა განდგომილება უკვე არსებობდა პავლეს დროს (1ტმ. 1:19, 20; 2ტმ. 2:16—19). მოწაფე იუდა მოიხსენიებდა მათ, ვინც ქრისტიანულ კრებაში შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდა დიდებით მოსილთ. ვინაიდან მათი დასჯა გარდაუვალი იყო, იუდა მათ განადგურებაზე ისე საუბრობდა, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე: „დაიღუპნენ, რადგან კორახის მსგავსად ურჩობისკენ აქეზებდნენ სხვებს!“ (იუდ. 8, 11; იხ. განდგომილება).
ხელისუფლებისადმი ურჩობა მიუღებელია. ღვთის კეთილგანწყობის მაძიებლები უნდა ემორჩილებოდნენ კრების პასუხისმგებელ პირებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს (ებ. 13:17; ტიტ. 3:1, 2). ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ღვთისადმი ურჩობის ტოლფასია. ვინაიდან მიწიერი ხელისუფლებების არსებობა ღმერთმა დაუშვა, მას სურს, ქრისტიანები ემორჩილებოდნენ მათ კანონებს ოღონდ იმ პირობით, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ღვთის კანონებს (რმ. 13:1—7; სქ. 5:29).