ლანძღვა
შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა ან მოხსენიება.
ისრაელში სიკვდილით ისჯებოდა ის, ვინც ლანძღავდა ან წყევლიდა თავის მშობლებს (გმ. 21:17; მთ. 15:4; მრ. 7:10). მშობლებისადმი სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა ბოროტი განწყობის მაჩვენებელი იყო, ამიტომ ორივე დანაშაულისთვის ერთი სასჯელი იყო დადგენილი (გმ. 21:15). ვინაიდან ოჯახში მშობლები იეჰოვას წარმომადგენლები იყვნენ, მათი ლანძღვა სინამდვილეში ღვთის ლანძღვის ტოლფასი იყო (შდრ. გმ. 20:12).
ისრაელში სათანადო პატივისცემას იმსახურებდნენ მმართველებიც. სწორედ ამიტომ პავლემ ბოდიში მოიხადა, როცა მღვდელმთავარს უნებლიეთ ისეთი სიტყვები უთხრა, რომლებიც სხვების აზრით შეურაცხმყოფელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავად პავლეს უსამართლოდ მოექცნენ (გმ. 22:28; სქ. 23:1—5).
პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში სხვების ლანძღვა მიუღებელი იყო (1კრ. 6:9, 10; 1პტ. 3:8, 9). კრებიდან უნდა გაერიცხათ ისინი, ვისაც ჩვევად ჰქონდა სხვების განზრახ ძაგება (1კრ. 5:11—13).
იესო ქრისტეს მიმდევრებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობისა და ცნობის გამო ქვეყნიერებას ათვალწუნებული ჰყავდა, ხშირად ლანძღავდნენ (შდრ. ინ. 9:28, 29; 17:14; 1კრ. 1:18; 4:11—13). მიუხედავად ამისა, მათ არ უნდა გადაეხადათ სამაგიერო და ლანძღვით არ უნდა ეპასუხათ თავიანთი მოწინააღმდეგეებისთვის. ამის მაგალითი მათ იესო ქრისტემ დაუტოვა (1პტ. 2:21, 23). იესო ქრისტეს ბრალს სდებდნენ, რომ იყო სმას გადაყოლილი და გაუმაძღარი კაცი, ეშმაკის მოციქული, შაბათის დამრღვევი და ღვთის მგმობელი, თუმცა ის სამაგიეროს არ უხდიდა თავის ბრალმდებლებს და არ ლანძღავდა (მთ. 11:19; 26:65; ლკ. 11:15; ინ. 9:16). იესოს ხმა არ ამოუღია, როცა პილატეს წინაშე ცრუ ბრალდებები წაუყენეს (მთ. 27:12—14). თუ ქრისტიანი მიჰბაძავს იესოს მაგალითს, ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს ზოგ მოწინააღმდეგეზე. ისინი შეიძლება მიხვდნენ, რომ უსაფუძვლოდ ლანძღავდნენ მას და შეიძლება ღვთის განდიდებაც დაიწყონ (შდრ. რმ. 12:17—21; 1პტ. 2:12).
ქრისტიანები უნდა დაკვირვებოდნენ თავიანთ საქციელს, რათა მოწინააღმდეგეებისთვის ზედმეტად არ მიეცათ ლანძღვის საბაბი. ახალგაზრდა ქვრივებზე საუბრისას მოციქულმა პავლემ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება. ასეთ ქალებს ადვილად გადასდიოდათ ჩვევაში ჭორიკნობა და სხვის საქმეში ჩარევა, ამიტომ მოციქული მოუწოდებდა მათ, გათხოვილიყვნენ და შვილების აღზრდითა და საოჯახო საქმეებით დაკავებულიყვნენ. ისინი, როგორც გამრჯე დიასახლისები, ლანძღვის საბაბს არ მისცემდნენ მოწინააღმდეგეებს, რომ ქრისტიანებისთვის ჭორიკნები და სხვის საქმეში ჩამრევნი ეწოდებინათ (1ტმ. 5:13, 14).
ზოგი, ვინც იესო ქრისტეს დედამიწაზე მსახურების დროს არ დაჰყვებოდა, საქმეებით ცხადყოფდა, რომ მის მხარეს იყო და მოწინააღმდეგეებთან ერთად მალევე არ იწყებდა მის ლანძღვას. ეს კარგად ჩანს იმ შემთხვევიდან, როცა ერთი მამაკაცი იესოს სახელით დევნიდა დემონებს, რის ძალაც, როგორც ჩანს, ღვთისგან ჰქონდა. იოანემ და სხვებმა დაასკვნეს, რომ უნდა შეეჩერებინათ ის, რადგან მათთან ერთად არ დადიოდა. მაგრამ იესომ უთხრა მათ: „ნუ დაუშლით, რადგან ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულებს, მალევე ვერ დაიწყებს ჩემს ლანძღვას“ [სიტყვასიტყვით, აუგად ხსენებას] (მრ. 9:38—40). იმ დროს ღმერთი ჯერ კიდევ სწყალობდა იუდეველთა კრებულს, ქრისტიანული კრება კი ჯერ არ იყო დაარსებული (შდრ. მთ. 16:18; 18:15—17). ამასთან, იესოს არ უთქვამს, რომ ყველა მორწმუნეს მასთან ერთად უნდა ევლო (მრ. 5:18—20). ამიტომ ღმერთთან შეთანხმებით შეკრული ერის შვილის ანუ იუდეველის მიერ იესოს სახელით სასწაულების მოხდენა ღვთის კეთილგანწყობაზე მოწმობდა. მაგრამ ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ ღვთის კეთილგანწყობის მოპოვების მსურველთ იესო ქრისტეს ერთგულ მიმდევრებთან ერთად უნდა ევლოთ (შდრ. სქ. 2:40, 41). იმ დროიდან იესოს სახელით სასწაულების მოხდენით ადამიანი ვეღარ დაამტკიცებდა, რომ იესო ქრისტეს მხარე ეკავა. ეს არც იმის გარანტია იქნებოდა, რომ მას ღვთის ძის ლანძღვაში არ დაედებოდა ბრალი (მთ. 7:21—23; იხ. შეურაცხმყოფელი სიტყვები; მკრეხელობა).