იყავით კეთილგონიერნი — აღსასრული ახლოსაა
„ხოლო ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით კეთილგონიერნი და იფხიზლეთ ლოცვებისათვის“ (1 პეტრე 4:7 სსგ).
„დღეს, საღამოს დასკვნითი ლოცვის დროს, ღმერთისგან მივიღე მოწოდება. მან მითხრა, რომ 116 000 ადამიანი იქნება ზეცად ატაცებული და ცისკენ გადაიხსნება 3,7 მილიონი გარდაცვლილი მორწმუნის საფლავი“. ეს „მომავალი დღეების მისიის“ ხელმძღვანელის სიტყვებია, რომელიც მან თქვა 1992 წლის 28 ოქტომბრის წინა საღამოს, დღისა, რომელიც მათი წინასწარმეტყველების თანახმად, განკითხვის დღე იყო. მაგრამ, მოვიდა 29 ოქტომბერი, ხოლო ზეცად არავინ ყოფილა ატაცებული და არც მკვდრების საფლავები გახსნილა. ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად ყოფილიყვნენ ზეცაში ატაცებულნი, იმ საშინელი განკითხვის დღის მორწმუნეებმა, რომლებიც კორეაში ცხოვრობდნენ, მხოლოდ ისღა დაინახეს, თუ როგორ გარიჟრაჟდა კიდევ ერთი ახალი დღე. საშინელი განკითხვის დღის ვადები მოდიოდა და მიდიოდა, მაგრამ ამის წინასწარმეტყველები, თავიანთ პოზიციებზე რჩებოდნენ. რას უნდა აკეთებდნენ ქრისტიანები? უნდა გაუქარწყლდეთ თუ არა მათ იმის რწმენა, რომ აღსასრული სწრაფად ახლოვდება?
2 ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდი, გავიხსენოთ იესოს ერთ-ერთი საუბარი განმარტოებით თავის მოწაფეებთან. გალილეის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით, ფილიპეს კესარიის რაიონში ყოფნისას, დიდებული მთის, ხერმონის, საუცხოო ფონზე, მათ გაიგონეს, როგორ პირდაპირ უთხრა, რომ მას მოკლავდნენ (მათე 16:21). ამას მოჰყვა სხვა გამომაფხიზლებელი სიტყვები. იესომ აუხსნა, რომ მოწაფეობა ნიშნავს ყოველთვის თავგანწირვით ცხოვრებას და გააფრთხილა: „მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მათი ნამოქმედარის მიხედვით“ (მათე 16:27). იესო ლაპარაკობდა თავისი მომავალი მოსვლის შესახებ. მაგრამ ამ შემთხვევაში ის მსაჯული იქნებოდა. იმ დროს ყველაფერი დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, ჰპოვებდა თუ არა ის, რომ ადამიანი მას ერთგულად მიჰყვება. იესოს სასამართლო განაჩენი დაფუძნებული იქნებოდა ადამიანის საქციელზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ექნებოდა ან არ ექნებოდა ამქვეყნიური სიმდიდრე. მის მოწაფეებს ეს მტკიცედ უნდა ხსომებოდათ (მათე 16:25, 26). მაშასადამე, იესო ქრისტე თვითონ ეუბნება თავის მიმდევრებს, რომ მისი დიდებული მოსვლისა და სასამართლოს მოლოდინი ჰქონდეთ.
3 იესოს შემდეგი სიტყვები ცხადყოფს, რომ მისი მომავალი მოსვლა აუცილებლად მოხდება. ის გადაჭრით ამბობს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ძე კაცისას თავის სასუფეველში მომავალს (მათე 16:28). ეს სიტყვები ექვსი დღის შემდეგ სრულდება. იესოს გარდასახვის ბრწყინვალე სურათი მისი უახლოესი მოწაფეების განცვიფრებას იწვევს. ისინი სინამდვილეში ხედავენ, რომ იესოს სახე მზესავით ანათებს, ხოლო ტანსაცმელი თეთრად უბრწყინავს. გარდასახვა აჩვენებდა ქრისტეს დიდებისა და სამეფოს წინასწარ სურათს. სამეფოს შესახებ წინასწარმეტყველების რაოდენ განმამტკიცებელი დადასტურებაა! რაოდენ ძლიერი სტიმულია მოწაფეებისთვის, რათა იყვნენ კეთილგონიერები! (2 პეტრე 1:16–19).
რატომ არის უკიდურესად აუცილებელი, იყო კეთილგონიერი
4 ერთ წელზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, ვხედავთ ზეთისხილის მთაზე მყოფ იესოს; ის ისევ თავის მოწაფეებთან განმარტოებით საუბრობს. იმ დროს, როცა ისინი იყურებიან მათ წინ გადაშლილი იერუსალიმისკენ, ის უხსნის, თუ როგორი იქნება მისი მომავალი თანდასწრების ნიშანი და შემდეგ აფრთხილებს: „ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“. ქრისტეს მიმდევრები მუდამ ფხიზლად უნდა იყვნენ, ვინაიდან მისი მოსვლის დრო უცნობია. ისინი ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყვნენ (მათე 24:42).
5 უფლის მოსვლა ქურდის მოსვლის მსგავსია. იესო აგრძელებს: „ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მივა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირგამოთხრას არ დაუშვებდა“ (მათე 24:43). თავდასხმის დროის შეტყობინების მიზნით, მძარცველი განცხადებას არ უკეთებს სახლის პატრონს; მისი მთავარი იარაღი — მოულოდნელობაა. მაშასადამე, სახლის პატრონი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს. მაგრამ ერთგული ქრისტიანის გაუნელებელი სიფხიზლე არ იხსნება რაღაც საშინელი წინათგრძნობით. პირიქით, ის გამოწვეულია ათასწლიანი მშვიდობიანი სამეფოს დასამყარებლად ქრისტეს დიდებული მოსვლის მხურვალე მოლოდინით.
6 მთელი ამ სიფხიზლის მიუხედავად, არავის, არასდროს შეუძლია წინასწარ გამოთვალოს ზუსტად დღე, როდესაც ქრისტე უნდა მოვიდეს. იესო ამბობს: „ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა“ (მათე 24:44). ამიტომ, აუცილებელია კეთილგონიერება. თუ ქრისტიანი იფიქრებდა, რომ რომელიმე განსაზღვრულ დღეს ქრისტე არ მოვიდოდა, მაშინ, შესაძლოა, ზუსტად ის ყოფილიყო მისი მოსვლის დღე! დიახ, ძველად ერთგული ქრისტიანები, კარგი აღძვრებიდან გამომდინარე, გულწრფელად ცდილობდნენ ეწინასწარმეტყველათ, თუ როდის დადგებოდა აღსასრულის ჟამი. მაგრამ იესოს გაფრთხილების ჭეშმარიტება ისევ და ისევ მტკიცდებოდა: „მაგრამ იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24:36).
7 ამიტომ, რა დასკვნამდე უნდა მივიდეთ? ქრისტეს მიმდევრები რომ ვიყოთ, ამისათვის ყოველთვის იმ რწმენით უნდა ვიცხოვროთ, რომ ამ ბოროტი სისტემის აღსასრული კარზეა მომდგარი.
8 როგორც ამქვეყნიური ისტორიკოსები და ბიბლიის სპეციალისტები აღიარებენ, ასეთი პოზიცია ყოველთვის იყო ქრისტიანებისთვის დამახასიათებელი ნიშანი. მაგალითად, წიგნის, «მთარგმნელის „ახალი აღთქმა“ ». (ინგლ.), რედაქტორები სიტყვაში „დღე“, თან დართულ ლექსიკონში, ამტკიცებდნენ: „ა[ხალი] ა[ღთქმის] დროინდელი ქრისტიანები ცხოვრობდნენ იმ დღის (ესე იგი დროის) მოლოდინით, როდესაც ახლანდელი ქვეყნიერება მთელი თავისი ბოროტებითა და ნაკლოვანებებით მოისპობოდა და იესო დედამიწაზე დაბრუნდებოდა მთელი კაცობრიობის გასასამართლებლად, რაც აღნიშნავდა ახალ, მშვიდობიან პერიოდს და მთელ მსოფლიოზე ქრისტეს მეფობის დასაწყისს“. „ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ აღინიშნება: „ქრისტიანობის უნიკალური, გლობალური გაფართოება პირდაპირ კავშირშია დროის აღსასრულისა და ქრისტეს უცილობელი დაბრუნების შესახებ ქრისტიანთა მოლოდინთან. დროის აღსასრულის მოლოდინი არასდროს იყო ქრისტიანებისთვის ღმერთის სამეფოს მოსვლის მხოლოდ ძლიერი სურვილი“.
რას ნიშნავს, იყო კეთილგონიერი
9 იესოს იმ საუბრებიდან, რომელსაც ის ატარებდა თავის უახლოეს მოწაფეებთან განმარტოებით, დაახლოებით 30 წლის გასვლის შემდეგ, აღსასრულის მოლოდინში პეტრეს ძალ-ღონე არ გამოლევია. თუმცა, პეტრესა და მისი თანამოწაფეების თავდაპირველი, მესიასთან დაკავშირებული, მოლოდინი არასწორი იყო, ის დარწმუნებული რჩებოდა, რომ იეჰოვას სიყვარული და ძალა მათი იმედის განხორციელების გარანტიას იძლეოდა (ლუკა 19:11; 24:21; საქმე 1:6; 2 პეტრე 3:9, 10). ის გამოხატავს აზრს, რომელიც ხშირად გვხვდება ბერძნულ წერილებში: „დასასრული მოახლოებულია“. შემდეგ თანაქრისტიანებს მოუწოდებს: „იყავით კეთილგონიერნი და იფხიზლეთ ლოცვებისთვის (1 პეტრე 4:7, სსგ).
10 ‘კეთილგონიერება’ არ ნიშნავს იყო ამქვეყნიური თვალსაზრისით ჭკვიანი. იეჰოვა ამბობს: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“ (1 კორინთელთა 1:19). პეტრეს მიერ გამოყენებული სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს, „იყო საღად მოაზროვნე“. ეს სულიერების მხრივ საღად აზროვნება დაკავშირებულია ჩვენს თაყვანისცემასთან. ამიტომ, თუ გონებრივად გაწონასწორებულები ვართ, საგნებს დავინახავთ იეჰოვას ნებასთან სწორ თანაფარდობაში; ჩვენ გვესმის რა არის მნიშვნელოვანი და რა — არა (მათე 6:33, 34). თუმცა აღსასრული კარს მომდგარია, ჩვენ გზიდან ვერ გადაგვიყვანს სასტიკი ცხოვრების წესი, არც გულგრილად ვეკიდებით იმ დროს, რომელშიც ვცხოვრობთ (შეადარე მათე 24:37–39). პირიქით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ზომიერებითა და გაწონასწორებული აზროვნებით, ზნეობითა და საქციელით, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება ღმერთის („იყავით ფხიზელნი ლოცვაში“) და შემდეგ მოყვასის მიმართ („გექნეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი“) (1 პეტრე 4:7, 8).
11 ვიყოთ კეთილგონიერნი ნიშნავს, ვიყოთ „განახლებულნი ძალით, რომელიც აღძრავს ჩვენს გონებას“ (ეფესელთა 4:23, აქ). რატომ განახლებულნი? ვინაიდან მემკვიდრეობით მივიღეთ არასრულყოფილება და ვცხოვრობთ ცოდვილ გარემოში, ჩვენს გონებაში გაბატონებულია მიდრეკილება, რომელიც ეწინააღმდეგება სულიერებას. ეს ძალა გამუდმებით მიმართავს აზროვნებასა და მიდრეკილებებს მატერიალისტური, ეგოისტური მიმართულებით. მაშასადამე, როცა ვინმე ქრისტიანი ხდება, მისთვის აუცილებელია ახალი ძალა, ანუ დომინანტური გონებრივი პოზიცია, რომელიც მის აზრებს სწორი, სულიერი მიმართულებით, თავგანწირვისთვის მზადყოფნისკენ, წარმართავს. ამგვარად, როცა არჩევანის წინ დგება, მაგალითად, როგორიცაა: განათლება, კარიერა, სამუშაო, გართობა, დასვენება, ჩაცმის სტილი თუ სხვა რამ, მისი უპირველესი სურვილი იქნება, საკითხი განიხილოს სულიერი და არა ხორციელი, ეგოისტური თვალსაზრისით. ეს ახალი გონებრივი პოზიცია აადვილებს კეთილგონივრული გადაწყვეტილების მიღებასა და იმის გაგებას, რომ აღსასრული ახლოსაა.
12 ვიყოთ კეთილგონიერები, გულისხმობს, რომ გვქონდეს კარგი სულიერი ჯანმრთელობა. როგორ შევძლებთ დავრჩეთ „ჯანსაღნი სარწმუნოებაში“? (ტიტე 2:2). განუწყვეტლივ უნდა ვკვებოთ ჩვენი გონება წესიერი საკვებით (იერემია 3:15). თუ ერთთავად ღმერთის სულიწმიდის მოქმედებით ვიკვებებით მისი ჭეშმარიტების სიტყვით, ეს დაგვეხმარება სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში. ამიტომ, რეგულარობა პირად შესწავლაში, ისევე როგორც საველე მსახურებაში, ლოცვასა და ქრისტიანულ ურთიერთობაში, ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ გვიცავს კეთილგონიერება
13 კეთილგონიერებას შეუძლია დაგვიცვას სულელური შეცდომის ჩადენისგან, რომელიც შეიძლება მარადიული სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს. როგორაა ეს შესაძლებელი? პავლე მოციქული ლაპარაკობს ‘გონების კანონის’ შესახებ. ჯანსაღი რწმენის მქონე ადამიანის გონების კანონს ხელმძღვანელობს ის, რაშიც სიამოვნებას პოულობს, კერძოდ კი, „ღმერთის სჯული“. მართალია ‘ცოდვის კანონი’ იბრძვის გონების კანონის წინააღმდეგ, მაგრამ იეჰოვას დახმარებით ქრისტიანს შეუძლია გაიმარჯვოს (რომაელთა 7:21–25).
14 პავლე აგრძელებს მკვეთრი კონტრასტის გავლებას გონებას, რომელზეც ბატონობს ცოდვილი სხეული, მიმართული საკუთარი სურვილისამებრ ცხოვრებისკენ, და გონებას შორის, რომელზედაც ბატონობს ღმერთის სული, მიმართული იეჰოვასადმი თავგანწირვით მსახურების სიცოცხლისკენ. პავლე რომაელთა 8:5–7-ში წერს: „ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე. რამეთუ ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები — სიცოცხლე და მშვიდობა, იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღმერთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღმერთის სჯულს და არც შეუძლია“.
15 მეთერთმეტე მუხლში პავლე ხსნის, თუ როგორ იმარჯვებს ბრძოლაში გონება, რომელიც სულიწმიდასთან ურთიერთქმედებს: „ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული“.
16 ამიტომ, თუ კეთილგონიერები ვიქნებით, ვერ გვაცდუნებს ამქვეყნიერებაში ყველგან არსებული სატყუარები, რომლისთვისაც დამახასიათებელია საკუთარი სურვილების უსაზღვრო აყოლა ნებისმიერი სახეობის სიამოვნებაში, მატერიალურ ნივთებსა და არასწორ სექსუალურ მოქმედებაში. კეთილგონიერება გვიკარნახებს ‘გავექცეთ სიძვას’ და ასეთნაირად, ავირიდოთ უბედურების მომტანი შედეგები (1 კორინთელთა 6:18). ჩვენი ჯანსაღი გონებრივი პოზიცია აღგვძრავს, სამეფოს ინტერესები დავაყენოთ პირველ ადგილზე და შევინარჩუნოთ ჩვენი აზროვნება, თუ დავდგებით ამქვეყნიური კარიერის შემოთავაზების ცდუნების წინაშე, რამაც შეიძლება იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა შეასუსტოს.
17 მაგალითად, ერთ ტროპიკულ ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ცხოვრობს ახალგაზრდა და, რომელიც სამეფოს ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა. მან განავითარა სრული დროით სამსახურისადმი სიყვარული. ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე ითხოვდნენ კვირაში ექვსი და შვიდი დღის განმავლობაში მუშაობას, სრული სამუშაო დღით. როცა მან დაამთავრა უნივერსიტეტი, მისი მამა, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე, ფიქრობდა, რომ ის ოჯახში ბევრ ფულს შემოიტანდა. მაგრამ რამდენადაც მას პიონერად მსახურების ძლიერი სურვილი ჰქონდა, იპოვა სამუშაო არასრული სამუშაო დღით და დაიწყო პიონერული მსახურება. ამან მამა განარისხა, ის იმუქრებოდა, რომ მის ნივთებს ქუჩაში გადაყრიდა. რადგან ის აზარტულად მოთამაშე იყო, ჰქონდა დიდი ვალები, და მოელოდა, რომ მას თავისი გოგო გადაიხდიდა. ამ დის უმცროსი ძმა უნივერსიტეტში სწავლობდა, ვალების გამო მათ არ ჰქონდათ სწავლების საფასურის გადასახდელი ფული. უმცროსი ძმა მას დაჰპირდა, რომ თუ ის ახლა დაეხმარებოდა, სამუშაოს მიღების შემდეგ თვითონ იზრუნებდა ოჯახზე. მას გული უკვდებოდა ძმის სიყვარულსა და პიონერული მსახურებისადმი სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობის გამო. საქმის ძირფესვიანად აწონ-დაწონის შემდეგ, მან გადაწყვიტა გაეგრძელებინა პიონერული მსახურება და მოეძებნა სხვა სამუშაო. თავისი ლოცვების საპასუხოდ, მან იპოვა კარგი სამუშაო, რომლის მეშვეობითაც შეეძლო არა მარტო დახმარებოდა ოჯახსა და ძმას, არამედ, ასევე, გაეგრძელებინა პიონერული მსახურება — თავისი პირველი სიყვარული.
ეძებე იეჰოვას დახმარება, რათა შეინარჩუნო კეთილგონიერება
18 შეიძლება ქრისტეს ზოგიერთი მიმდევრისთვის ძნელი იყოს კეთილგონიერების შენარჩუნება. შესაძლოა, მათ მოთმინება ელევათ იმის გამო, რომ ეს ბოროტი სისტემა უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე მოელოდნენ. ამის გამო, მათ შეიძლება გული გაუტყდეთ. მაგრამ აღსასრული დადგება. იეჰოვა ამას გვპირდება (ტიტე 1:2). და დედამიწაზე დადგება მის მიერ აღთქმული სამოთხე. იეჰოვა იძლევა ამის გარანტიას (გამოცხადება 21:1–5). როცა დადგება ახალი ქვეყნიერება, ყველა კეთილგონიერების შემნარჩუნებლისთვის ეს იქნება — „სიცოცხლის ხე“ (იგავნი 13:12).
19 როგორ შეგვიძლია კეთილგონიერების შენარჩუნება? ეძებე იეჰოვას დახმარება (ფსალმუნი 53:6). დარჩი მასთან ახლოს. როგორ ვხარობთ იმით, რომ იეჰოვას სურს ჩვენთან ახლო ურთიერთობა! „მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ თქვენ“ — წერს მოწაფე იაკობი (იაკობი 4:8). პავლე ამბობს: „მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ. თქვენი თავმდაბლობა [გონიერება, აქ] ცნობილი იყოს ყოველი ადამიანისათვის. ახლოს არს უფალი. არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, — და ღმერთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:4–7). და როცა ამ მომაკვდავი სისტემის საზრუნავი ისე მძიმედ გეჩვენება, რომ მეტად არ შეგიძლია მისი ტარება, მიენდე იეჰოვას და ის დაგიჭერს მხარს (ფსალმუნი 54:23).
20 დიახ, აღსასრული ნამდვილად ახლოსაა, ამიტომ იყავი კეთილგონიერი! ეს კარგი რჩევა იყო 1900 წლის წინ; ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა დღესაც. მოდით, გავაგრძელოთ ჩვენი ჯანსაღი გონებრივი უნარის გამოყენება იეჰოვას განსადიდებლად, იმ დროს, როცა ის აგრძელებს წარგვიძღვეს სასიკეთოდ თავის ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმოთე 4:10).
როგორ უპასუხებდი?
◻ რა არის კეთილგონიერება?
◻ რატომ არის ასე გადაუდებელი, იყო კეთილგონიერი?
◻ როგორ შეიძლება ვიყოთ განახლებული ძალით, რომელიც აღძრავს ჩვენს გონებას?
◻ გამუდმებით რა ბრძოლას უნდა ვეწეოდეთ ჩვენს გონებაში?
◻ როგორ ვინარჩუნებთ კეთილგონიერებას?
[სასწავლო კითხვები]
1. ა) როგორი იმედგაცრუება განიცადეს ერთმა რელიგიურმა ხელმძღვანელმა და მისმა მიმდევრებმა? ბ) რა კითხვები შეიძლება დაისვას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი მოლოდინი არ გამართლდა?
2. ვინ მოუთხრო მოციქულებს მომავალი სასამართლო დღის შესახებ და რა ვითარებაში გაიგეს მათ ამის შესახებ?
3. როგორ ნათელყო იესომ, რომ მისი მომავალი მოსვლა აუცილებლად მოხდებოდა?
4. რატომ უნდა იყვნენ სულიერ საკითხში ფხიზლად ქრისტიანები, რომლებიც მოელიან მის მოსვლას?
5. როგორ შეიძლება თვალსაჩინოდ იყოს ნაჩვენები სიფხიზლის აუცილებლობა?
6. რატომ უნდა ვიყოთ კეთილგონიერნი?
7. როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ვიყოთ ქრისტეს მიმდევრები?
8. რა არის ქრისტიანობის ადრეული პერიოდიდან, მათი დამახასიათებელი ნიშანი?
9. რატომ შეეძლო პეტრეს დარჩენილიყო დარწმუნებული, მიუხედავად იმისა, რომ მესიასთან დაკავშირებით მისი ზოგიერთი მოლოდინი არასწორი იყო?
10. ა) რას ნიშნავს, იყო კეთილგონიერი? ბ) რას ნიშნავს განიხილო საკითხები ღმერთის ნებასთან სწორ თანაფარდობაში?
11. ა) რას ნიშნავს, ვიყოთ „განახლებული ძალით, რომელიც აღძრავს ჩვენს გონებას“? ბ) გონების რა ახალი ძალა გვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში?
12. როგორ შეგვიძლია დავრჩეთ „ჯანსაღნი სარწმუნოებაში“?
13. როგორ გვიცავს კეთილგონიერება სულელური შეცდომების ჩადენისგან?
14, 15. ა) რა ორ ზემოქმედებას შორის არის ბრძოლა იმისათვის, რომ აკონტროლებდეს გონებას? ბ) როგორ შეუძლია ჩვენს გონებას გამარჯვების მოპოვება?
16. რა სატყუარებისგან გვიცავს კეთილგონიერება?
17. მატერიალურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, როგორ გამოავლინა ერთმა პიონერმა დამ კეთილგონიერება?
18. ა) რატომ შეიძლება ზოგიერთ ადამიანს გული გაუტყდეს? ბ) რომელ ბიბლიურ მუხლებს შეუძლია გულგატეხილებისთვის ნუგეშის მოტანა?
19. როგორ შეიძლება კეთილგონიერების შენარჩუნება?
20. რომელ გზას უნდა მივყვეთ შემდეგშიც 1 ტიმოთეს 4:10-ის თანახმად?