გამოეხმაურე ღმერთის აღთქმებს რწმენის გამოვლენით
„[იეჰოვა ღმერთის] მეშვეობით მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი“ (2 პეტრე 1:4).
იეჰოვას სურს, გამოვავლინოთ მისი აღთქმებისადმი რწმენა. მაგრამ „ყველაში როდია რწმენა“ (2 თესალონიკელთა 3:2). ეს თვისება ღმერთის სულიწმიდის, ანუ მოქმედი ძალის, ნაყოფია (გალატელთა 5:22, 23). ამიტომ, მხოლოდ მათ, ვისაც ხელმძღვანელობს იეჰოვას სულიწმიდა, შეუძლიათ რწმენის გამოვლენა.
2 მაგრამ რა არის რწმენა? პავლე მოციქული მას უწოდებს ‘დადასტურებას იმისა, რასაც ვერ ვხედავთ’. ამ უხილავის დადასტურება იმდენად დამაჯერებელია, რომ რწმენა გათანასწორებულია მასთან. ასევე, რწმენა ეწოდება ‘ხორცშესხმას უხილავისა’ (სსგ), ვინაიდან ამ თვისების მფლობელს აქვს გარანტია, რომ იეჰოვა ღმერთის ყოველი დანაპირები ისე საიმედოა, თითქოს ის არსებითად შესრულებული იყოს (ებრაელთა 11:1).
რწმენა და იეჰოვას აღთქმები
3 იეჰოვას რომ ვასიამოვნოთ, ამისათვის უნდა გამოვავლინოთ მისი აღთქმებისადმი რწმენა. პეტრე მოციქულმა ეს აჩვენა ღმერთის მიერ ინსპირირებულ თავის მეორე წერილში, რომელიც დაიწერა დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვით 64 წელს. მან მიუთითა, რომ თუ მისი მიმდევარი ცხებული ქრისტიანები გამოავლენდნენ რწმენას, ისინი დაინახავდნენ ღმერთის ‘დიდი და ძვირფასი აღთქმების’ შესრულებას. რის შედეგადაც, ზეციერ სამეფოში, როგორც იესო ქრისტეს თანამემკვიდრეები, ‘გახდებოდნენ ღმერთის ბუნების ზიარნი’. რწმენითა და იეჰოვა ღმერთის დახმარებით ისინი გათავისუფლდნენ ამქვეყნიერების გახრწნილი ჩვევებისა და ადათ-წესების მონობისგან (2 პეტრე 1:2–4). და მხოლოდ დაფიქრდი! დღეს ნამდვილი რწმენის გამომვლენებს ასეთივე ფასდაუდებელი თავისუფლება აქვთ.
4 იეჰოვას აღთქმებისადმი რწმენამ და ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებული თავისუფლების გამო მადლიერებამ უნდა აღგვძრას გავაკეთოთ ყველაფერი, რისი ძალაც შეგვწევს, რომ გავხდეთ სამაგალითო ქრისტიანები. პეტრემ თქვა: ‘შეავსეთ თქვენი რწმენა სათნოებით, სათნოება — შემეცნებით, შემეცნება — თავშეკავებით, თავშეკავება — მოთმინებით, მოთმინება — ღმერთისადმი ერთგულებით, ღმერთისადმი ერთგულება — ძმური სიყვარულით, ძმური სიყვარული — სიყვარულით’ (2 პეტრე 1:5–7, „აქ“). ამგვარად, პეტრე გვთავაზობს რიგ თვისებებს, რომელიც კარგი იქნებოდა, რომ დაგვემახსოვრებინა. მოდი, უფრო ახლოდან შევხედოთ ამ თვისებებს.
რწმენის უმნიშვნელოვანესი ელემენტები
5 პეტრემ თქვა, რომ სათნოება, შემეცნება, თავშეკავება, მოთმინება, ღმერთისადმი ერთგულება, ძმური სიყვარული და სიყვარული უნდა ავსებდეს ერთმანეთს და ჩვენს რწმენას. ჩვენ შეუპოვრად უნდა ვიშრომოთ, რათა ეს თვისებები ჩვენი რწმენის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად ვაქციოთ. მაგალითად, ისეთ თვისებას, როგორიცაა სათნოება, არ ვავლენთ რწმენისგან განცალკევებით. ლექსიკოგრაფი უ. ე. ვაინი მიუთითებს, რომ 2 პეტრეს 1:5-ში „სათნოება ჩართულია, როგორც რწმენის გამოვლენისთვის აუცილებელი თვისება“. პეტრეს მიერ მოხსენიებული თითოეული თვისება, ასევე, უნდა იყოს ჩვენი რწმენის შემადგენელი ნაწილი.
6 პირველი, უნდა შევავსოთ ჩვენი რწმენა სათნოებით. იყო სათნო, ნიშნავს გააკეთო ის, რაც კარგია ღმერთის თვალში. ზოგიერთ თარგმანებში ბერძნული სიტყვა, რომელიც აქ „სათნოებად“ არის გადმოთარგმნილი, ითარგმნება „სიკეთედ“ („ახალი ინტერნაციონალური თარგმანი“; „იერუსალიმის ბიბლია“; „თუდეის ინგლიშ ვერშნ“ [ინგლ.]). სათნოება აღგვძრავს მოვერიდოთ ადამიანებისთვის რაიმე ცუდის გაკეთებას ან მათთვის ზიანის მიყენებას (ფსალმუნი 96:10). ის, ასევე, აღგვძრავს მხნედ ვაკეთოთ სიკეთე სხვებისთვის სარგებლობის მოსატანად სულიერ, ფიზიკურ და ემოციურ სფეროში.
7 რატომ მოგვიწოდებს პეტრე შევავსოთ ჩვენი რწმენა და სათნოება შემეცნებით? იმიტომ რომ, ჩვენი რწმენის ახალ გამოცდებთან შეხვედრისას, გვჭირდება შემეცნება, რათა გავარჩიოთ კეთილი ბოროტისგან (ებრაელთა 5:14). ბიბლიის შესწავლის საშუალებით, გამოცდილებით, რომელიც ღმერთის სიტყვის გამოყენებიდან მომდინარეობს, და ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკული სიბრძნის გამოვლენით, ვიღრმავებთ ჩვენს შემეცნებას. ეს, თავის მხრივ, გვაძლევს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ რწმენა და განსაცდელში ყოფნის დროს, გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც სათნოა (იგავნი 2:6–8; იაკობი 1:5–8).
8 განსაცდელთან რწმენით დახვედრაში დამხმარედ გვჭირდება შემეცნების შევსება თავშეკავებით. ბერძნული სიტყვა, გადმოთარგმნილი „თავშეკავებად“, მიუთითებს საკუთარი თავის ხელში აყვანის უნარზე. ღმერთის სულის ეს ნაყოფი გვეხმარება გამოვავლინოთ თავდაჭერილობა აზრებში, სიტყვებსა და მოქმედებაში. თავშეკავების გამოვლენაზე გულმოდგინედ მუშაობით, ვავსებთ მას მოთმინებით. „მოთმინებად“ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა გამოხატავს ვაჟკაცურ სიმტკიცეს და არა სევდიან შეგუებას გარდაუვალ უბედურებებთან. იესომ შემოთავაზებული სიხარულის ნაცვლად მოითმინა წამების ძელი (ებრაელთა 12:2, აქ). ღმერთისგან ბოძებული ძალა ჩვენს მიერ გამოვლენილ მოთმინებასთან ერთად, განამტკიცებს ჩვენს რწმენას და გვეხმარება ვიხაროთ ჭირში, წინაღვუდგეთ ცდუნებას და დევნის დროს თავი ავარიდოთ კომპრომისს (ფილიპელთა 4:13).
9 მოთმინება უნდა შევავსოთ ღმერთისადმი ერთგულებით — იეჰოვასადმი მოკრძალებით, თაყვანისცემითა და მსახურებით. იმის მიხედვით, თუ რამდენად ვავლენთ ღმერთისადმი ერთგულებას, იზრდება ჩვენი რწმენა და ვხედავთ, როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის მსახურებს. მაგრამ სათნოების გამოსავლენად გვჭირდება ძმური სიყვარული. „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?“ (1 იოანე 4:20, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“; კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი, კს). ჩვენი გული უნდა გვკარნახობდეს, გამოვავლინოთ ნამდვილი სიყვარული ღმერთის სხვა მსახურების მიმართ და ყოველთვის ვისწრაფოთ მათი კეთილდღეობისკენ (იაკობი 2:14–17). მაგრამ, რატომ არის ნათქვამი, შევავსოთ ძმური სიყვარული სიყვარულით? ცხადია, პეტრე გულისხმობდა, რომ სიყვარული უნდა გამოვავლინოთ არა მარტო ჩვენი ძმების, არამედ მთელი კაცობრიობის მიმართ. ამ სიყვარულს განსაკუთრებით ვავლენთ კეთილი ცნობის ქადაგებითა და ადამიანებისადმი სულიერი დახმარების აღმოჩენით (მათე 24:14; 28:19, 20).
საპირისპირო ეფექტები
10 თუ ჩვენს რწმენას ვავსებთ სათნოებითა და შემეცნებით, თავშეკავებითა და მოთმინებით, ღმერთისადმი ერთგულებით, ძმური სიყვარულითა და სიყვარულით, მაშინ ღმერთის მოსაწონად ვიფიქრებთ, ვილაპარაკებთ და მოვიქცევით. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს და არ ავლენს ამ თვისებებს, სულიერად ბრმა ხდება. ის ღმერთის სინათლეზე ‘თვალს ხუჭავს’ და ავიწყდება, რომ წარსული ცოდვებისგან განწმენდილი იყო (2 პეტრე 1:8–10, აქ; 2 პეტრე 2:20–22). მოდით, ნურასდროს დავუშვებთ ამას და ასეთნაირად, ნუ დავკარგავთ ღმერთის აღთქმებისადმი რწმენას.
11 სულითცხებულ, ერთგულ ქრისტიანებს აქვთ იეჰოვას აღთქმებისადმი რწმენა და ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა დამაჯერებელი გახადონ თავიანთი მოწოდება და ამორჩევა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თავიანთ გზაზე ყოველგვარი დაბრკოლების ლოდების მიუხედავად, ისინი გამოავლენენ ღვთისმოსაწონ თვისებებს. ზეცაში სულიერი ცხოვრებისთვის აღდგენის საშუალებით, ერთგულ ცხებულთათვის ‘გაიხსნება ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის შესასვლელი’ (2 პეტრე 1:11, კს).
12 პეტრეს ესმოდა, რომ მალე უნდა მომკვდარიყო, ის მოელოდა ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენას. მაგრამ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლობდა „ამ სადგომში“ — თავის ადამიანურ სხეულში, ის ცდილობდა აღეშენებინა თანამორწმუნეთა რწმენა და გამოეღვიძებინა იმის შეხსენებით, რაც აუცილებელია ღვთიური კეთილგანწყობის მისაღებად. მისი სიტყვების გახსენებით პეტრეს სულიერი დები და ძმები, მისი სიკვდილის შემდეგ, შეძლებდნენ თავიანთი რწმენის განმტკიცებას (2 პეტრე 1:12–15).
წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენა
13 ღმერთმა თვითონ მისცა რწმენის განმამტკიცებელი მოწმობა „დიადი ძალითა და დიდებით“ იესოს მოსვლის სიზუსტის შესახებ (მათე 24:30; 2 პეტრე 1:16–18). წარმართ მღვდლებს მტკიცებები არ ჰქონდათ და ისე ჰყვებოდნენ ცრუ ისტორიებს თავიანთი ღმერთების შესახებ, იმ დროს, როცა პეტრე, იაკობი და იოანე, ქრისტეს გარდასახვის დროს, მისი დიდების თვითმხილველები იყვნენ (მათე 17:1–5). მათ ის დაინახეს მის დიდებაში და თვით ღმერთის ხმა გაიგონეს, რომელიც ადასტურებდა, რომ იესო მისი საყვარელი ძეა. ეს დადასტურება და ქრისტესთვის გარდასახვის დროს მიცემული ბრწყინვალება, მისი დაჯილდოება იყო პატივითა და დიდებით. ამიტომ, ღვთიური გამოცხადების გამო პეტრემ იმ ადგილს, რომელიც, ალბათ, ხერმონის მთის თხემზე იყო, ‘წმიდა მთა’ უწოდა (შეადარე გამოსვლა 3:4, 5).
14 როგორი ზემოქმედება უნდა იქონიოს ჩვენს რწმენაზე იესოს გარდასახვამ? პეტრემ თქვა: „გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელ ადგილას ანათებს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში“ (2 პეტრე 1:19). ‘წინასწარმეტყველურ სიტყვაში’, ცხადია, შედის არა მარტო ებრაული წერილების წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ, არამედ, ასევე, იესოს განცხადება, რომ ის მოვიდოდა „დიადი ძალითა და დიდებით“. როგორ გახდა გარდასახვით სიტყვა „უმტკიცესი“? ამ მოვლენამ დაადასტურა წინასწარმეტყველური სიტყვა ქრისტეს დიდებითა და მეფური ძალაუფლებით მოსვლის შესახებ.
15 ჩვენი რწმენის განსამტკიცებლად, ყურადღება უნდა მივაქციოთ წინასწარმეტყველურ სიტყვას. ეს ნიშნავს, ვისწავლოთ ეს სიტყვა, ქრისტიანულ შეხვედრებზე ვიმსჯელოთ ამის შესახებ და გამოვიყენოთ მისი რჩევები (იაკობი 1:22–27). მას საშუალება უნდა მივცეთ, „როგორც ლამპარს, რომელიც ბნელ ადგილას ანათებს“, გაანათოს ჩვენი გულები (ეფესელთა 1:18). მხოლოდ მაშინ იხელმძღვანელებს ის ჩვენზე, ვიდრე ‘განთიადის ვარსკვლავი’, ანუ „ცისკრის ბრწყინვალე ვარსკვლავი“, იესო ქრისტე, გამოჩნდება თავის დიდებაში (გამოცხადება 22:16). ეს გამოცხადება ურწმუნოებისთვის განადგურების და რწმენის გამომვლენთათვის კეთილდღეობის აღმნიშვნელი იქნება (2 თესალონიკელთა 1:6–10).
16 ღმერთის წინასწარმეტყველები არ იყვნენ უბრალოდ შორსმჭვრეტელი ადამიანები, რომლებიც ბრძნულ წინასწარმეტყველებებს წარმოთქვამდნენ, ვინაიდან პეტრემ თქვა: „წერილის არავითარი წინასწარმეტყველება არ ამოიხსნება თავისით. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ ამოქმედებულნი, წარმოთქვამდნენ მას ღმერთისაგან“ (2 პეტრე 1:20, 21). მაგალითად, დავითმა თქვა: „უფლის სული მეტყველებს ჩემით“ (მეორე მეფეთა 23:1, 2). და პავლე წერდა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია“ (2 ტიმოთე 3:16). რადგან ღმერთის წინასწარმეტყველები მისი სულით იყვნენ ინსპირირებულები, შეგვიძლია გვქონდეს რწმენა, რომ მისი სიტყვების ყველა აღთქმა შესრულდება.
მათ ჰქონდათ ღმერთის აღთქმებისადმი რწმენა
17 „ღრუბელივით“ ქრისტიანობამდელი მოწმეების რწმენის საფუძველი იყო ღმერთის აღთქმები (ებრაელთა 11:1—12:1). მაგალითად, აბელს ჰქონდა რწმენა ღმერთის მიერ აღთქმული ‘თესლის’ შესახებ, რომელიც თავს გაუჭეჭყავდა „გველს“. არსებობდა აბელის მშობლებზე ღმერთის განაჩენის შესრულების მტკიცება. ედემის გარეთ ადამი და მისი ოჯახი პიროფლიანი ჭამდნენ პურს, ვინაიდან მიწაზე, რომელიც დაწყევლილი იყო, ძეძვი და ეკალი იზრდებოდა. ალბათ, აბელმა შეამჩნია ევას ლტოლვა თავისი ქმრისკენ და დაინახა, რომ ადამი ბატონობდა მასზე. რა თქმა უნდა, ის ლაპარაკობდა თავისი ორსულობის ტკივილების შესახებ. და ედემის ბაღის შესასვლელი დაცული იყო ქერუბიმებითა და მბრუნავი მახვილით (დაბადება 3:14–19, 24). ყოველივე ეს იყო „დადასტურება“, რომელიც აბელს არწმუნებდა დანაპირები თესლის მეშვეობით გადარჩენის მოსვლაში. რწმენის შესაბამისად მოქმედებით აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი შესწირა, ვიდრე კაენმა (ებრაელთა 11:1, 4).
18 პატრიარქებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს, ასევე, ჰქონდათ ღმერთის აღთქმებისადმი რწმენა. აბრაამმა გამოავლინა რწმენა ღმერთის აღთქმებისადმი, რომ მისით იკურთხებოდა მთელი კაცობრიობა და მის შთამომავლობას მიეცემოდა ქვეყანა (დაბადება 12:1–9; 15:18–21). მისი ძე, ისააკი და შვილიშვილი, იაკობი, ‘იმავე აღთქმის თანამემკვიდრეები’ იყვნენ. აბრაამი „რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს“ და „ელოდა ქალაქს საძირკვლიანს“, ღმერთის ზეციერ სამეფოს, რომლის მმართველობის დროს ის დედამიწაზე საცხოვრებლად იქნებოდა აღდგენილი (ებრაელთა 11:8–10). გაქვს თუ არა შენც ასეთივე რწმენა?
19 აბრაამის ცოლი, სარა, დაახლოებით 90 წლის იყო და უკვე გადაცილებული იყო იმ ასაკს, როცა შეუძლიათ ბავშვის გაჩენა, მაგრამ გამოავლინა რწმენა ღმერთის აღთქმებისადმი და მიიღო უნარი „თესლის გასანაყოფიერებლად“ და შვა ისააკი. ამგვარად, 100 წლის აბრაამისგან, ბავშვების წარმოშობის უნარისთვის „ჩამკვდარისაგან“, საბოლოოდ „იშვა მრავალი, როგორც ცაში ვარსკვლავები“ (ებრაელთა 11:11, 12; დაბადება 17:15–17; 18:11; 21:1–7).
20 ერთგული პატრიარქები ისე მოკვდნენ, რომ ვერ დაინახეს თავიანთთვის ღმერთის აღთქმების სრული შესრულება. მაგრამ, ისინი „შორიდან უყურებდნენ მათ და მიესალმებოდნენ, აღიარებდნენ, რომ უცხონი არიან და ხიზნები ქვეყანაზე“. მას შემდეგ თაობებმა გადაიარა, ვიდრე აღთქმული მიწა აბრაამის შთამომავლების სამფლობელო გახდებოდა. მაგრამ პატრიარქები მთელი თავიანთი ცხოვრება იეჰოვას აღთქმებისადმი რწმენას ავლენდნენ. რადგან ისინი არასდროს კარგავდნენ რწმენას, მალე აღდგენილნი იქნებიან ‘ქალაქის’, მესიანური სამეფოს, მიწიერ სამფლობელოში საცხოვრებლად, რომელიც ღმერთმა მათთვის მოამზადა (ებრაელთა 11:13–16). მსგავსი სახით, რწმენა დაგვეხმარება, დავრჩეთ იეჰოვასადმი ერთგული, მაშინაც კი, თუ ვერ ვხედავთ მისი შესანიშნავი ყველა აღთქმის დაუყოვნებლივ შესრულებას. რწმენა, ასევე, აღგვძრავს დავემორჩილოთ ღმერთს, როგორც ამას აბრაამი აკეთებდა. და როგორც მან გადასცა თავის შთამომავლობას სულიერი მემეკვიდრეობა, ასევე, ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ შვილებს იეჰოვას ძვირფასი აღთქმებისადმი რწმენის გამოვლენაში (ებრაელთა 11:17–21).
ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია რწმენა
21 რა თქმა უნდა, რწმენაში შედის უფრო მეტი რამ, ვიდრე მხოლოდ ღმერთის აღთქმების შესრულებაში დაჯერებულობაა. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ღმერთის მოწონებით სარგებლობისთვის აუცილებელი იყო მისადმი რწმენის სხვადასხვაგვარად გამოვლენა. პავლე იძლეოდა მითითებას: „რწმენის გარეშე შეუძლებელია [იეჰოვა] ღმერთისად სათნო ყოფა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ იგი არის და მის მაძიებელს უზღავს“ (ებრაელთა 11:6). დღეს, იეჰოვას მოწონებით სარგებლობისთვის, პიროვნებამ უნდა გამოავლინოს რწმენა იესო ქრისტესა და გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ, რომელიც ღმერთმა მისი მეშვეობით მოგვცა (რომაელთა 5:8; გალატელთა 2:15, 16). როგორც თავად იესომ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება [კაცობრიობა], რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ურჩი ძისა ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღმერთის რისხვა დარჩება მასზე“ (იოანე 3:16, 36).
22 იესო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამეფოს შესახებ ღმერთის აღთქმების შესრულებაში, რომელზეც ქრისტიანები ლოცულობენ (ესაია 9:6, 7; დანიელი 7:13, 14; მათე 6:9, 10). როგორც პეტრემ ნათელყო, გარდასახვამ დაადასტურა წინასწარმეტყველური სიტყვა იესოს ძალითა და დიდებით მოსვლის შესახებ. მესიანური სამეფოს მმართველობის დროს შესრულდება ღმერთის სხვა აღთქმა, ვინაიდან პეტრემ დაწერა: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათა და ახალ დედამიწას, რომლებზეც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). მსგავსი წინასწარმეტყველება შესრულდა, როცა ბაბილონის ტყვეობაში მყოფი იუდევლები, ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს, სამშობლოში დაბრუნდნენ, რათა ეცხოვრათ მთავრობის ქვეშევრდომობით, სადაც მმართველი იყო ზერუბაბელი, ხოლო მღვდელმთავარი — იესო (ესაია 65:17). მაგრამ, პეტრე მიუთითებდა მომავლის შესახებ, როცა ‘ახალი ცა’ — ზეციერი მესიანური სამეფო — უხელმძღვანელებს „ახალ დედამიწას“, ამ პლანეტაზე სამართლიან ადამიანთა საზოგადოებას (შეადარე ფსალმუნი 95:1).
23 როგორც იეჰოვას ერთგულ მსახურებსა და მისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს, მიმდევრებს, ჩვენ გვწყურია ღმერთის აღთქმული ახალი ქვეყნიერება. ჩვენ ვიცით, რომ ის ახლოსაა და გვაქვს რწმენა, რომ იეჰოვას ყველა ძვირფასი აღთქმა შესრულდება. ჩვენი ღმერთის მოსაწონად რომ მოვიქცეთ, უნდა განვამტკიცოთ ჩვენი რწმენა და შევავსოთ ის სათნოებითა და შემეცნებით, თავშეკავებითა და მოთმინებით, ღმერთისადმი ერთგულებით, ძმური სიყვარულითა და სიყვარულითa. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება დაისვას კითხვა: როგორ შეგვიძლია სათნოების გამოვლენა? და როგორ მოგვიტანს სათნოების გამოვლენა სარგებლობას ჩვენც და სხვებსაც, განსაკუთრებით თანაქრისტიანებს, რომლებიც რწმენის გამოვლენით გამოეხმაურნენ ღმერთის აღთქმებს?
[სქოლიოები]
a რწმენა და სათნოება განიხილება შემდეგ სტატიაში. შემეცნება, თავშეკავება, მოთმინება, ღმერთისადმი ერთგულება, ძმური სიყვარული და სიყვარული, უფრო დაწვრილებით, განიხილება „სასწავლო სტატიების“ მომდევნო გამოცემებში.
როგორ უპასუხებ?
◻ როგორ შეიძლება განიმარტოს „რწმენა“?
◻ 2 პეტრეს 1:5–7-ის თანახმად, რა თვისებებით უნდა შეივსოს ჩვენი რწმენა?
◻ რა გავლენა უნდა იქონიოს ჩვენს რწმენაზე ქრისტეს გარდასახვამ?
◻ რწმენის როგორ მაგალითებს გვაძლევენ: აბელი, აბრაამი, სარა და სხვა ადრინდელი მსახურები?
[სასწავლო კითხვები]
1. რა გვაძლევს შესაძლებლობას გამოვავლინოთ ჭეშმარიტი რწმენა?
2. როგორ განმარტავს „რწმენას“ პავლე მოციქული?
3. რა მოელით ცხებულ ქრისტიანებს, თუ გამოავლენენ რწმენას?
4. რა თვისებებით უნდა შევავსოთ ჩვენი რწმენა?
5, 6. რა არის სათნოება და როგორ შეგვიძლია მისით რწმენის შევსება?
7. რატომ უნდა შევავსოთ შემეცნებით ჩვენი რწმენა და სათნოება?
8. რა არის თავშეკავება და რა კავშირი აქვს მოთმინებასთან?
9. ა) რა არის ღმერთისადმი ერთგულება? ბ) რატომ უნდა შევავსოთ ძმური სიყვარულით ღმერთისადმი ჩვენი ერთგულება? გ) როგორ შევძლებთ შევავსოთ სიყვარულით ჩვენი ძმური სიყვარული?
10. ა) როგორ ვიმოქმედებთ, თუ ჩვენს რწმენას შევავსებთ სათნოებითა და შემეცნებით, თავშეკავებითა და მოთმინებით, ღმერთისადმი ერთგულებით, ძმური სიყვარულითა და სიყვარულით? ბ) რა ხდება, თუ პიროვნებას, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანად თვლის, აკლია ეს თვისებები?
11. რას უნდა მოველოდეთ, სამართლიანად, ერთგული ცხებულებისგან?
12. როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები 2 პეტრეს 1:12–15-დან?
13. როგორ მისცა ღმერთმა რწმენის განმამტკიცებელი მოწმობა ქრისტეს მოსვლის შესახებ?
14. რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენს რწმენაზე იესოს გარდასახვამ?
15. რას ნიშნავს, ყურადღება მიაქციო წინასწარმეტყველურ სიტყვას?
16. რატომ შეიძლება გვწამდეს, რომ ღმერთის სიტყვის ყველა წინასწარმეტყველური აღთქმა შესრულდება?
17. რომელი აღთქმა იყო აბელის რწმენის საფუძველი?
18, 19. როგორ გამოავლინეს აბრაამმა და სარამ რწმენა?
20. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქებს არ უნახავთ საკუთარ თავზე ღმერთის განზრახვების სრული შესრულება, რას აკეთებდნენ ისინი?
21. ღმერთისთვის მოსაწონნი რომ ვიყოთ, რა უნდა შედიოდეს დღეს, ჩვენს მიერ გამოვლენილ რწმენაში?
22. ღმერთის მესიანური სამეფოს მმართველობის დროს, რომელი აღთქმა შესრულდება?
23. სათნოების შესახებ, რომელ მომდევნო საკითხებს განვიხილავთ?