ეცადე, მოერიდო სიხარბის მახეს
„გამდიდრების მსურველები ცვივიან განსაცდელსა და მახეში“ (1 ტიმოთე 6:9).
სიტყვა „მახე“, შესაძლოა, მონადირის გონებაში წარმოსახავს შენიღბულად დაგებულ მოწყობილობას მსხვერპლისთვის, რომელსაც ფიქრადაც არ მოსდის მისი არსებობა. მაგრამ ღმერთი გასაგებად გვიხსნის, რომ ჩვენთვის საშიში მახეების უმეტესობა არის არა უშუალოდ ასეთი მოწყობილობა, არამედ ის, რასაც შეუძლია მორალურად ან სულიერად გაგვაბას მახეში. სატანა ასეთი მახეების დაგების დიდოსტატია (2 კორინთელთა 2:11; 2 ტიმოთე 2:24–26).
2 იეჰოვა გვამცნობს სატანის მრავალი და სხვადასხვაგვარი მახეებიდან ზოგიერთის შესახებ, და ამით გვეხმარება. მაგალითად, ღმერთი გვაფრთხილებს, რომ მახედ შეიძლება იქცეს ჩვენი ბაგე, ანუ პირი, თუ ვლაპარაკობთ არაკეთილგონივრულად, დაუფიქრებლად ან ვლაპარაკობთ ისეთ რამეზე, რაც უმართებულოა (იგავნი 18:7; 20:25). მახედ შეიძლება იქცეს როგორც სიამაყე, ასევე, განრისხებისკენ მიდრეკილ ადამიანებთან მეგობრობა (იგავნი 22:24, 25; 29:25). მაგრამ მოდი, ყურადღება მივაქციოთ კიდევ ერთ მახეს: „გამდიდრების მსურველები ცვივიან განსაცდელსა და მახეში მრავალ განუსჯელ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს“ (1 ტიმოთე 6:9). ის, რაც იმალება ამ მახეში ან რაც მისი საფუძველია, შეიძლება შევაჯამოთ ერთი სიტყვით — „სიხარბე“. მიუხედავად იმისა, რომ სიხარბე გამოიხატება გამდიდრების სურვილით, სინამდვილეში, ის მრავალსახოვანი მახეა.
იეჰოვა გვაფრთხილებს საშიშროების შესახებ
3 არსებითად, სიხარბე არის გადაჭარბებული, ანუ მეტისმეტი სურვილი, გქონდეს რაც შეიძლება მეტი ფული, ქონება, გავლენა, სექსი თუ სხვა რამ. ჩვენ პირველები არა ვართ მათ შორის, ვისაც ემუქრება სიხარბე. დიდი ხნის წინ ედემის ბაღში სიხარბის მახეში გაება ჯერ ევა და შემდეგ ადამი. ევას მეუღლე, რომელსაც მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა, პირადად იეჰოვასგან იყო დარიგებული. ღმერთმა ისინი უზრუნველყო სამოთხეში დაბინავებით. მათ შეეძლოთ დამტკბარიყვნენ ხარისხიანი და სხვადასხვაგვარი საკვების სიუხვით, რომელიც დაუბინძურებელ ნიადაგზე მოდიოდა. ასევე, ჰქონოდათ სრულყოფილი შვილების გაჩენის იმედი, რომლებთანაც ერთად შეძლებდნენ უსასრულო ცხოვრებასა და ღმერთისადმი მსახურებას (დაბადება 1:27–31; 2:15). ნუთუ ეს საკმარისი არ არის ნებისმიერი ადამიანის დასაკმაყოფილებლად?
4 მაგრამ თუ ვინმე შეძლებულად ცხოვრობს, ამით ის სიხარბის მახეში გაბმისგან დაზღვეული არ არის. ევა მახეში გააბა ღმერთის მსგავსად ყოფნის, მეტი დამოუკიდებლობისა და საკუთარი ნორმების დადგენის პერსპექტივამ. ადამს, როგორც ჩანს, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, არ სურდა დაეკარგა თავისი ლამაზი მეუღლის კეთილგანწყობილება. რადგან ეს სრულყოფილი ადამიანებიც კი გაებნენ სიხარბის მახეში, შენ შეგიძლია გაიგო, თუ რატომაა საშიში სიხარბე ჩვენთვის.
5 ჩვენ უნდა ვიფხიზლოთ, რათა არ მოვხვდეთ სიხარბის მახეში, ვინაიდან მოციქული პავლე გვაფრთხილებს: „ნუთუ არ იცით, რომ უმართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი; ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი [ხარბი პირები, აქ]. . . ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:9, 10). პავლემ, აგრეთვე, გვითხრა: „ოღონდ სიძვა, და ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება [სიხარბე, აქ] აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის“ (ეფესელთა 5:3). ასევე, სიხარბეზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, იმ მიზნით, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს არასრულყოფილ სხეულს.
6 იეჰოვამ იზრუნა, რომ სიხარბის საშიშროებაზე ყურადღების გასამახვილებლად მრავალი მაგალითი ჩაწერილიყო. გაიხსენე ყაქანის სიხარბე. ღმერთმა თქვა, რომ იერიხონი უნდა განადგურებულიყო, ხოლო ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და რკინა ღვთის საგანძურში უნდა შესულიყო. თავიდან, შესაძლოა, ყაქანს განზრახული ჰქონდა, დამორჩილებოდა ამ მითითებას, მაგრამ სიხარბის მახეში გაება. როგორც კი მოხვდა იერიხონში, ის აღმოჩნდა როგორც მყიდველი მაღაზიაში, სადაც დაინახა საოცრად იაფი საქონელი, მათ შორის ლამაზი ტანსაცმელიც, რომელიც ზუსტად მისი ზომა ჩანდა. მან მოაგროვა დიდძალი ძვირად ღირებული ოქრო, ვერცხლი და, შესაძლოა, ფიქრობდა: „რა ბედნიერებაა! როგორ მუქთაა, თითქოს მოპარულია“. ზუსტად! იმის მისაკუთრების სურვილით, რაც განადგურებული ან გადამუშავებული უნდა ყოფილიყო, მან მოჰპარა ღმერთს, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა (იესო ნავეს ძე 6:17–19; 7:20–26). განიხილე, აგრეთვე, გეხაზისა და იუდა ისკარიოტელის მაგალითები (მეოთხე მეფეთა 5:8–27; იოანე 6:64; 12:2–6).
7 არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ზემოთ მოხსენიებული სამი პიროვნება არ ყოფილა წარმართი, ღმერთის ნორმებში გაუთვითცნობიერებელი. პირიქით, ისინი იეჰოვასადმი იყვნენ მიძღვნილი და მასთან უშუალო კავშირი ჰქონდათ. თითოეული მათგანი იმ სასწაულების მოწმე იყო, რომელსაც უნდა დაერწმუნებინა ისინი ღმერთის ძლევამოსილებასა და კეთილგანწყობის შენარჩუნებაში. მიუხედავად ამისა, ისინი გაებნენ სიხარბის მახეში, ისინი დაეცნენ. შეიძლება ჩვენც დავკარგოთ ღმერთთან ურთიერთკავშირი, თუ გავებმებით ნებისმიერი სახის სიხარბის მახეში. რა ტიპის ან ფორმის სიხარბე შეიძლება ჩვენთვის საშიში აღმოჩნდეს?
სიმდიდრისა და ქონების გამო სიხარბის მახეში გაბმა
8 მრავალ ქრისტიანს მოუსმენია ბიბლიის აშკარა გაფრთხილება სიმდიდრისადმი სიყვარულისა და მატერიალური ფასეულობებისადმი სწრაფვის წინააღმდეგ. რატომ არ გადაგვეკითხა ზოგიერთი მათგანი, ისეთები როგორიცაა: მათეს 6:24–33; ლუკას 12:13–21 და 1 ტიმოთეს 6:9, 10? შესაძლოა, შენ ფიქრობ, რომ აღიარებ ამ მითითებებს და მისდევ მათ; მაგრამ განა ყაქანი, გეხაზი და იუდაც არ იტყოდნენ, რომ ეთანხმებიან მათ? ცხადია, გვმართებს უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე მხოლოდ გონებით დავეთანხმოთ მათ. აუცილებელია, ვიფხიზლოთ, რომ სიმდიდრისა და ქონების მიმართ სიხარბის მახე გავლენას არ ახდენდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
9 ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვიხდება საკვების, ტანსაცმლისა და სხვა საოჯახო ნივთების ყიდვა (დაბადება 42:1–3; მეოთხე მეფეთა 12:11, 12; იგავნი 31:14, 16; ლუკა 9:13; 17:28; 22:36). მაგრამ კომერციული სამყარო აღძრავს სურვილს, გქონდეს რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება ახალი. გაზეთები, ჟურნალები და სატელევიზიო პროგრამები სავსეა სარეკლამო განცხადებებით, რომელიც შენიღბული მოწოდებაა სიხარბისკენ. ასეთი მოწოდებები შეიძლება იყოს მაღაზიებშიც, სადაც გამოფენილია ბლუზები, პალტოები, კაბები და სვიტრები, ხოლო თაროებზე აწყვია მრავალი ახალი ფეხსაცმელი, ელექტრომოწყობილობა, ფოტო და ვიდეოკამერა. ქრისტიანისთვის კეთილგონივრული იქნებოდა საკუთარი თავისთვის დაესვა კითხვა: „ხომ არ გახდა მაღაზიებში სიარული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ან ჩემს ცხოვრებაში მთავარი სიამოვნება? ნამდვილად მჭირდება თუ არა ახალი ნივთები, რომლებსაც ვხედავ, თუ კომერციული სამყარო თესავს ჩემში სიხარბის თესლს?“ (1 იოანე 2:16).
10 თუ მაღაზიებში სიარული, ჩვეულებრივ, მახეა ქალებისთვის, მრავალი მამაკაცისთვის ის — რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნაა. იესომ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა ეს ბადე, როცა ჰყვებოდა ერთი მდიდარი მამაკაცის შესახებ, რომელსაც კარგი შემოსავალი ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა ‘დაენგრია ბეღლები, აეშენებინა უფრო დიდები და იქ შეეკრიბა ყოველი თავისი ხორბალი და დოვლათი’. იესომ საფრთხის შესახებ პირდაპირ თქვა: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან [გაუმაძღრობისგან, აქ]“, ანუ სიხარბისგან (ლუკა 12:15–21). მიუხედავად იმისა, მდიდრები ვართ თუ ღარიბები, ყურად უნდა ვიღოთ ეს რჩევა.
11 სიხარბე დიდი რაოდენობის ფულის ან ნივთების მიმართ, რომელიც შეიძლება ფულით იყიდო, ხშირად შენიღბულია. სწრაფად გამდიდრების გეგმა, შესაძლოა, წარმოისახება როგორც შანსი, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება, როგორც სარისკო კაპიტალდაბანდების საშუალებით ფინანსური უზრუნველყოფის მიღწევის შესაძლებლობა. ან შეიძლება ეს იყოს ცდუნება, გააკეთო ფული საეჭვო ან უკანონო საქმოსნობით. ეს უსაზღვრო სურვილი შეიძლება დაუძლეველი და მაცდური გახდეს (ფსალმუნი 61:11; იგავნი 11:1; 20:10). ქრისტიანული კრების ზოგიერთი წევრი კომერციულ საქმიანობას იწყებდა იმ იმედით, რომ ძირითადი მომხმარებლები იქნებოდნენ თავიანთი მიმნდობი ძმები. თუ მათი მიზანი იყო არა მხოლოდ აუცილებელი პროდუქციით ან მომსახურების საშუალებით ‘თავიანთი ხელით ეკეთებინათ კეთილი’, არამედ ფულის რაც შეიძლება სწრაფად გამორჩენა ძმებისა და დების ხარჯზე, მაშინ მათი აღმძვრელია სიხარბე (ეფესელთა 4:28; იგავნი 20:21; 31:17–19, 24; 2 თესალონიკელთა 3:8–12). ფულისადმი სიხარბემ ზოგიერთი ლატარიაში, დოღსა და სხვა აზარტულ თამაშობებში მონაწილეობამდე მიიყვანა. სხვებმა უგულებელყვეს თანაგრძნობა და კეთილგონიერება და ნაჩქარევად წამოიწყეს სასამართლო პროცესი იმ იმედით, რომ მიიღებდნენ ქონების გამგებლობის აქტს.
12 კარგი იქნებოდა ზემოთ განხილულ ამ სფეროებში საკუთარი თავის შემოწმება, რათა პატიოსნად დაგვენახა, არის თუ არა ჩვენში სიხარბე. მაშინაც კი, თუ ის არსებობს, გამოსწორება შესაძლებელია. გაიხსენე, როგორ შეიცვალა ზაქე (ლუკა 19:1–10). თუ ვინმე აღმოაჩენს, რომ ხარბია ქონების ან სიმდიდრის მიმართ, ისევე უნდა იყოს გადაწყვეტილებით აღსავსე, როგორც ზაქე, რათა თავი დააღწიოს მახეს (იერემია 17:9).
სიხარბე ცხოვრების სხვა სფეროებში
13 ზოგიერთისთვის უფრო ადვილია სიმდიდრისა და ქონების მიმართ სიხარბის საშიშროების დანახვა, ვიდრე სხვა რამის მიმართ. ბერძნული ენის ერთ-ერთ ლექსიკონში ნათქვამია, რომ „სიხარბედ“ ან „გაუმაძღრობად“ გადმოთარგმნილი რიგი სიტყვების მნიშვნელობა არის «„უფრო მეტის სურვილი“, როგორც ქონებაზე, ასევე გავლენიანობასა და სხვაზე». დიახ, ჩვენ შეიძლება გავბმულიყავით უსაზღვრო სურვილის მახეში, გვქონოდა სხვებზე გავლენა, რომ ისინი ათრთოლებულიყვნენ ჩვენი ძალაუფლების ქვეშ (ფსალმუნი 9:39).
14 არასრულყოფილ ადამიანებს ოდითგანვე ჰგვრიდა სიამოვნებას, ჰქონოდათ სხვებზე ძალაუფლება. ღმერთმა გაითვალისწინა, რომ ადამიანთა ცოდვის სამწუხარო შედეგი იქნებოდა, მრავალი ქმრის ‘ბატონობა თავიანთ ცოლებზე’ (დაბადება 3:16). მაგრამ, ეს ხარვეზი გასცდა ცოლ-ქმრული ცხოვრების საზღვრებს. ათასწლეულების გასვლის შემდეგ ბიბლიის ერთ-ერთმა მწერალმა თქვა: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). შესაძლებელია შენ იცი, რომ სწორედ ასე იქცევიან პოლიტიკურ და სამხედრო საქმეებში, მაგრამ ვცდილობთ თუ არა, საკუთარ წრეში ვფლობდეთ მეტ ხელისუფლებას ან კონტროლს?
15 თითოეული ჩვენგანი დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან — უშუალოდ საკუთარ ოჯახებსა და ნათესაურ ურთიერთობებში, ქვეყნიურ სამუშაოსა და სკოლაში, მეგობართა წრესა და კრებაში. ზოგჯერ ან ხშირად შეგვიძლია თუ არა ამა თუ იმ სახით გავლენა ვიქონიოთ იმაზე, თუ რა გაკეთდება, ისევე როგორც იმაზე, თუ როდის და როგორ გაკეთდება? ამაში არაფერია ცუდი და არასწორი. მაგრამ, ძალიან ხომ არ გვიტაცებს უფლებების გამოყენება, რომელსაც შეიძლება ვფლობდეთ? იქნებ მოგვწონს, რომ ბოლო სიტყვა ყოველთვის ჩვენზე იყოს და ეს უფრო და უფრო გვსურს? ამქვეყნიური მენეჯერები და მეწარმეები ხშირად ავლენენ მსგავს მიდრეკილებას და გარს შემოიხვევენ მლიქვნელებს, რომლებიც არ წამოაყენებენ ხელმძღვანელებისგან განსხვავებულ შეხედულებებს, და რომლებსაც არა აქვთ პრეტენზია თავიანთი ხელმძღვანელების ძალაუფლებისკენ სწრაფვაზე.
16 ეს არის მახე, რომელსაც უნდა მოვერიდოთ თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას. იესომ თქვა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებას იყენებენ მათზე მაგრამ თქვენს შორის არა ასე, არამედ, რომელსაც თქვენს შორის სურს დიდი იყოს, ის იყოს თქვენი მსახური“ (მათე 20:25, 26). ასეთი თავმდაბლობა უნდა გამოავლინონ ქრისტიანმა უხუცესებმა როგორც სხვა უხუცესებთან, ასევე სამსახურებრივ თანაშემწეებსა და ფარასთან ურთიერთობაში. ხომ არ ავლენს ძალაუფლებისკენ ლტოლვას, მაგალითად, თავმჯდომარე ზედამხედველი, რომელიც უხუცესებთან მხოლოდ უბრალო საქმეებზე თათბირობს, ხოლო ყველა მთავარ გადაწყვეტილებას თვითონ იღებს? ნამდვილად მზად არის თუ არა, გაანაწილოს ვალდებულებები? თუ სამსახურებრივი თანაშემწე, რომელიც სამქადაგებლო მსახურების წინ შეხვედრის ჩატარებისას გადაჭარბებით მომთხოვნია თავის მითითებებში და წესებსაც კი ადგენს, ამას შეიძლება პრობლემები მოჰყვეს (1 კორინთელთა 4:21; 9:18; 2 კორინთელთა 10:8; 13:10; 1 თესალონიკელთა 2:6, 7).
17 საკვები არის კიდევ ერთი სფერო, რის გამოც მრავალი ხვდება სიხარბის მახეში. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ჭამა და სმა სიამოვნებას გვანიჭებს; ბიბლიის თვალსაზრისი ამის შესახებ დადებითია (ეკლესიასტე 5:17). მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ასეთ სურვილებს ახასიათებს ზრდა, სცილდება იმ ზომიერების ფარგლებს, რასაც მოაქვს სიამოვნება და ასაზრდოებს ორგანიზმს. თუ ეს არ არის სათანადო სფერო, რომელზეც ღმერთის მსახურებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, რატომ იქნებოდა იეჰოვას სიტყვაში, იგავნის 23:20-ში ნათქვამი: „ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის“? მაგრამ, როგორ შეგვიძლია ამ მახისგან თავის არიდება?
18 ღმერთის განზრახვა არ არის, რომ თავისი ხალხი ასკეტურად იკვებებოდეს (ეკლესიასტე 2:24, 25). მაგრამ მას ასევე არ მოსწონს, თუ ჩვენს საუბრებსა და გეგმებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საჭმელ-სასმელს. ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: „ჩემთვის განსაკუთრებით გამომაცოცხლებელი ხომ არ არის იმის აღწერა, თუ რა ვჭამე ან რას შევჭამ? ყოველთვის ხომ არ ვლაპარაკობ საჭმელ-სასმელზე?“ კიდევ ერთი მაჩვენებელი შეიძლება იყოს რეაქცია საჭმელზე, რომელიც ჩვენ არ მოგვიმზადებია ან არ გვიყიდია, ან შესაძლოა, როცა სტუმრად ვართ, ან როცა საკვებს გვაძლევენ ქრისტიანულ კონგრესებზე. ხომ არა გვაქვს მიდრეკილება ამ დროს ჩვეულებრივზე უფრო მეტი ვჭამოთ? გავიხსენოთ, რომ ესავმა დაუშვა, საკვებისთვის მეტისმეტი მნიშვნელობა მიენიჭებინა, რითაც სამუდამო ზიანი მოუტანა საკუთარ თავს (ებრაელთა 12:16).
19 პავლე გვეხმარება განვჭვრიტოთ სხვა მახის არსებობაც: „ოღონდ სიძვა, და ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება [სიხარბე, აქ] აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდანებს შეშვენის“ (ეფესელთა 4:17–19; 5:3). დიახ, შეიძლება განვითარდეს სექსუალური სიამოვნებისადმი სიხარბე. ამ სიამოვნებას, რასაკვირველია, სათანადო გამოვლინება აქვს ქორწინებაში. დიდი სიყვარული, ამ სიამოვნებასთან ერთად, გარკვეულ როლს თამაშობს მრავალი წლის განმავლობაში ცოლ-ქმრული ერთგულების შენარჩუნებაში დასახმარებლად. მაგრამ მრავალი ადამიანი დაეთანხმება იმ აზრს, რომ დღევანდელ ქვეყნიერებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სექსს და ნორმალურად ითვლება ის, რაც ფაქტობრივად, პავლეს მიერ მოხსენიებული სიხარბის ანარეკლია. სექსუალური სიამოვნების შესახებ ასეთ არასწორ თვალსაზრისს ადვილად ითვისებენ ისინი, რომლებიც განიცდიან უზნეობისა და შიშველი სხეულის აშკარა დემონსტრირების გავლენას, დღეს არსებულ მრავალ კინოსა და ვიდეოფილმებში, ჟურნალებსა და მრავალ სხვა გასართობ ადგილებში.
20 ბარშებაყთან დავითის ცოდვის გათვალისწინება ცხადყოფს, რომ სექსუალური სიხარბის მახეში შეიძლება ღმერთის მსახურებიც გაებან. მიუხედავად იმისა, რომ დავითს ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, დამტკბარიყო თავისი ქორწინებით, მან დაუშვა უკანონო სექსუალური წადილის გაღვივება. როცა შენიშნა, თუ რამდენად მიმზიდველი იყო ურიას ცოლი, თავისუფალი მდინარება მისცა ფიქრებს და არა მარტო ფიქრებს, არამედ მოქმედებასაც — დამტკბარიყო მასთან უკანონო სიამოვნებით (მეორე მეფეთა 11:2–4; იაკობი 1:14, 15). ნამდვილად, ჩვენ გვმართებს მოვერიდოთ სიხარბის ამ ფორმას. სიხარბის მორიდება საჭიროა ქორწინებაშიც კი. ეს ნიშნავს, არ დავუშვათ ზომაგადასულობა სექსუალურ ურთიერთობებში. ქმარი, რომელიც აღსავსეა გადაწყვეტილებით, მოერიდოს სიხარბეს ამ სფეროში, გულწრფელად იზრუნებს ცოლზე, რათა შობადობის კონტროლთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებაში პირად სიამოვნებას არ მიანიჭოს პრიორიტეტი, ვიდრე ცოლის მომავალ ჯანმრთელობას (ფილიპელთა 2:4).
გააგრძელე იყო გადაწყვეტილებით აღსავსე სიხარბის არიდებაში
21 იეჰოვა უნდობლობის გამო კი არ გვაძლევს გაფრთხილებას ან წინასწარ შეტყობინებას. არა, მან იცის, რომ მისადმი მიძღვნილ მსახურებს სურთ ემსახურონ უანგარო ერთგულებით და დარწმუნებულია, რომ მათგან დიდი უმრავლესობა გააგრძელებს ამის გაკეთებას. როგორც იობის შესახებ თქვა სატანასთან: „თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული“, ასევე მას შეუძლია იგივე სიტყვები თქვას მთელ თავის ხალხზე (იობი 1:8). ჩვენი მოსიყვარულე და ჩვენდამი ნდობით გამსჭვალული ზეციერი მამა გვაფრთხილებს ისეთი საშიში მახეების შესახებ, როგორიცაა სხვადასხვა სახის სიხარბე, ვინაიდან მას სურს გავაგრძელოთ მისადმი უმწიკვლოდ და ერთგულად მსახურება.
22 თითოეულმა ჩვენგანმა მემკვიდრეობით მივიღეთ სიხარბისკენ სწრაფვა და ეს სწრაფვა ბოროტი ქვეყნიერების გავლენით შეიძლება გაღრმავდეს. რას იზამ თუ სიმდიდრის, ქონების, ხელისუფლებისა და სხვებზე გავლენის, საკვების ან სექსუალური სიამოვნების მიმართ სიხარბეზე სწავლის განმავლობაში ამ სფეროთაგან რომელიმეში დაინახე შენი სისუსტე? ამ შემთხვევაში გულთან მიიტანე იესოს რჩევა: „თუ გაცდუნებს შენი ხელი, მოიკვეთე ის; უმჯობესია შენთვის დასახიჩრებული შეხვიდე ცხოვრებაში, ვიდრე ორი ხელით შეხვიდე ჯოჯოხეთში, გაუნელებელ ცეცხლში“ (მარკოზი 9:43). შეიტანე აუცილებელი ცვლილებები შენს თვალსაზრისსა თუ ინტერესებში. მოერიდე სასიკვდილო სიხარბის მახეს. და მაშინ ღმერთის დახმარებით შენ შეძლებ „შეხვიდე ცხოვრებაში“.
რა ვისწავლე?
◻ რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება სიხარბის მახეზე?
◻ როგორ შეიძლება აღმოვჩენილიყავით ქონებისა და სიმდიდრის მახეში გაბმული?
◻ როგორ შეიძლება ცხოვრების სხვა სფეროშიც წარმოადგენდეს სიხარბე რეალურ საფრთხეს?
◻ როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია სიხარბესთან დაკავშირებით ნებისმიერი სისუსტეების მიმართ?
[სასწავლო კითხვები]
1. რატომ უნდა დავინტერესდეთ მახეებით?
2. ა) როგორ გვეხმარება იეჰოვა, ავირიდოთ საშიში მახეები? ბ) რომელი განსაკუთრებული ტიპის მახეზე იქნება ახლა ყურადღება გამახვილებული?
3, 4. სიხარბის რა გაკვეთილს შეიცავს კაცობრიობის ძველი ისტორია?
5. რამდენად მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ სიხარბის მახეს?
6, 7. ა) რომელი ბიბლიური მაგალითები ამახვილებენ ყურადღებას, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს სიხარბე? ბ) რატომ უნდა იყოს ჩვენთვის ეს მაგალითები გამაფრთხილებელი?
8. რა გაფრთხილებას გვაძლევს ბიბლია სიმდიდრესთან დაკავშირებით?
9. რატომ უნდა შევამოწმოთ ჩვენი პოზიცია მაღაზიებთან დაკავშირებით?
10. განსაკუთრებით რის მიმართ სიხარბეა საშიში მამაკაცებისთვის?
11. როგორ შეიძლება ქრისტიანი გაებას დიდი რაოდენობის ფულისადმი სიხარბის მახეში?
12. საიდან ვიცით, რომ შესაძლებელია ქონების მიმართ სიხარბის დაძლევა?
13. სიხარბის კიდევ რომელ მახეზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას ფსალმუნის 9:39?
14. რა სფეროში მოაქვს ძალაუფლების წყურვილს ზიანი?
15, 16. რა მხრივ შეიძლება გაებას ქრისტიანი უფრო მეტი ძალაუფლებისკენ ლტოლვის მახეში?
17. როცა მიმდინარეობს სიხარბის მახის განხილვა, რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება საკვებზე?
18. ჭამასა და სმასთან დაკავშირებით, როგორი თვითშემოწმების ჩატარებაა საჭირო?
19. როგორ შეიძლება პრობლემა გახდეს სექსუალური სიამოვნებისადმი სიხარბე?
20. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, დაინახონ სექსუალურ საკითხებში სიხარბის საშიშროება?
21. რატომ არ უნდა დაგვაბნიოს სიხარბის განხილვამ?
22. რა უნდა გავაკეთოთ, თუ შესწავლისას გამოვლინდება ის სფერო, რომელიც ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენს და რომელშიც მოვისუსტებთ?