მიქაელის, დიდი მთავრის, საბოლოო გამარჯვება
„იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი“ (დანიელი 12:1).
„ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი?“ (გამოსვლა 5:2). ეს იყო ფარაონის გესლიანი სიტყვები მოსეს მიმართ. ვინაიდან უარყოფდა, ეღიარებინა იეჰოვას ღვთაებრივი უზენაესობა, ფარაონმა მტკიცედ გადაწყვიტა, ისრაელი მონობიდან არ გაეთავისუფლებინა. სხვა მმართველებმაც გამოავლინეს მსგავსი ქედმაღლობა იეჰოვას მიმართ და არც დანიელის წინასწარმეტყველების მეფეები ყოფილან გამონაკლისი (ესაია 36:13–20). რასაკვირველია, ჩრდილოეთის მეფემ უფრო შორს შეტოპა. ანგელოზი ამბობს: „თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: ყველა ღმერთზე მეტად ამაღლდება, განდიდდება და გასაკვირველს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ. . . არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას, არც ქალღმერთს, არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება“ (დანიელი 11:36, 37).
2 ჩრდილოეთის მეფემ უარყო ‘მამა-პაპის ღმერთები’, როგორც რომის წარმართული ღმერთები, ისე ქრისტიანული სამყაროს სამპიროვნული ღვთაება, რითაც შესრულდა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. ჰიტლერი ქრისტიანულ სამყაროს საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გეგმავდა მის ადგილზე ახალი, გერმანული ეკლესიის დაფუძნებას. მისმა შემცვლელმა აშკარად აამაღლა ათეიზმი. ამგვარად, ჩრდილოეთის მეფემ საკუთარი თავი გააღმერთა ‘რადგან ყველაზე მეტად განდიდდა’.
3 წინასწარმეტყველებაში გრძელდება: „სამაგიეროდ ციხე-სიმაგრეთა ღმერთს განადიდებს; მისი მამა-პაპისთვის უცხო ღმერთს ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს“ (დანიელი 11:38). სინამდვილეში, ჩრდილოეთის მეფემ იმედი დაამყარა თანამედროვე მეცნიერულ მილიტარიზმზე, ‘ციხე-სიმაგრეთა ღმერთზე’. ის მთელი უკანასკნელი დროის განმავლობაში გადარჩენას ცდილობს ამ „ღმერთის“ მეშვეობით, რისთვისაც სამსხვერპლოზე მიაქვს დიდძალი სიმდიდრე.
4 „ის ქალაქებს სიმაგრეებს მოუწყობს უცხო ღმერთის სახელზე. ვინც მას აღიარებს, პატივს გაუმრავლებს, მრავალს დაუმორჩილებს და მიწებს დაურიგებს საზღაურად“ (დანიელი 11:39). თავის მილიტარისტულ ‘უცხო ღმერთზე’ მინდობით, ჩრდილოეთის მეფე ძალიან ‘წარმატებულად’ მოქმედებდა, ვინაიდან „უკანასკნელ დღეებში“ განიმტკიცა უზარმაზარი რეაქციული, სამხედრო ძალაუფლება (2 ტიმოთე 3:1). ისინი, რომლებიც მხარს უჭერდნენ მის იდეოლოგიას, ჯილდოვდებოდნენ პოლიტიკური, ფინანსური და ზოგჯერ სამხედრო მხარდაჭერით.
„ბოლო დროს“
5 დანიელის 11:40ა-ში ვკითხულობთ: „ბოლო დროს მას სამხრეთის მეფე შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება“. ეს და მომდევნო მუხლები, როგორც ჩანს, მოხდება მოგვიანებით, მომავალში. მაგრამ, თუ „ბოლო დროს“ აქ მსგავსი მნიშვნელობა აქვს, როგორც დანიელის 12:4, 9-ში, ეს სიტყვები უნდა შესრულებულიყო უკანასკნელი დღეების განმავლობაში. ‘დაატყდა’ თუ არა ‘ქარტეხილივით’ სამხრეთის მეფე ჩრდილოეთის მეფეს ამ დროის განმავლობაში? დიახ, რასაკვირველია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამსჯელი სამშვიდობო ხელშეკრულება ნამდვილად ‘ქარტეხილივით დატყდომა’, შურისძიებისკენ წაქეზება იყო. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ სამხრეთის მეფემ საშინელი ბირთვული იარაღი მიმართა თავისი მეტოქისკენ და მის წინააღმდეგ ორგანიზება გაუკეთა მძლავრ სამხედრო ალიანსს, ნატო-ს. დროთა განმავლობაში ‘თავს დატყდომაში’ შევიდა მაღალტექნოლოგიური ჯაშუშობა, ისევე როგორც დიპლომატიური და რეაქციული, სამხედრო შეტევა.
6 როგორი იყო ჩრდილოეთის მეფის რეაქცია? „ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის“ (დანიელი 11:40ბ). უკანასკნელი დღეების ისტორიისთვის დამახასიათებელია ჩრდილოეთის მეფის ექსპანსიონიზმი. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ფაშისტურმა „მეფემ“ გადალახა საზღვრები და დაიკავა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები. ამ ომის დასასრულს შემდგომმა ‘მეფემ’ ძლევამოსილი იმპერია შექმნა საკუთარ საზღვრებს გარეთ. ცივი ომის განმავლობაში ჩრდილოეთის მეფე თავის მეტოქეს იმით ებრძოდა, რომ მხარს უჭერდა ომებსა და აჯანყებებს აფრიკაში, აზიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ის დევნიდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს, ზღუდავდა (მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აჩერებდა) მათ საქმიანობას. და მისმა მილიტარიზმმა და აგრესიულმა პოლიტიკამ არაერთი ქვეყანა მოაქცია მის გავლენაში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ანგელოზი წინასწარმეტყველებდა: „იგი შეიჭრება მშვენიერ ქვეყანაში [ღმერთის ხალხის სულიერ სამფლობელოში]; მრავალი მხარე დაეცემა“ (დანიელი 11:41ა).
7 მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის მეფე, მოწინააღმდეგის თვალსაზრისით, შიშის მომგვრელი ჩანდა, მან ვერ დაიპყრო მსოფლიო. „ედომი, მოაბი და ყამონიანთა მთავარი ნაწილი გადაურჩება მის ხელს“ (დანიელი 11:41ბ). ძველ დროს ედომი, მოაბი და ყამონი დაახლოებით ეგვიპტესა და სირიას შორის მდებარეობდა. დღეს ისინი, შესაძლოა, წარმოადგენენ იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს რომლებსაც უმიზნებდა ჩრდილოეთის მეფე, მაგრამ ვერ შეძლო მათი თავისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა.
‘ეგვიპტე ვერ გადარჩება’
8 ანგელოზი აგრძელებს: „ხელს მოუღერებს სხვადასხვა ქვეყნებს; თვით ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გადარჩება. დაეპატრონება იგი ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ეგვიპტის ყველა ძვირფასეულობას; მისსავე კვალს დაადგებიან ლიბიელნი და ნუბიელნი“ (დანიელი 11:42, 43). სამხრეთის მეფე, ‘ეგვიპტეც’ კი ვერ გადაურჩა ჩრდილოეთის მეფის ექსპანსიონისტური პოლიტიკის ზემოქმედებას. მან, მაგალითად, ვიეტნამში განიცადა მნიშვნელოვანი წარუმატებლობა. და რა შეიძლება ითქვას ‘ლიბიელებისა და ნუბიელების’ შესახებ? ძველი ეგვიპტის ეს მეზობლები, სავსებით შესაძლებელია, რომ განასახიერებდნენ ერებს, რომლებიც გეოგრაფიული ენით რომ ვთქვათ, თანამედროვე ‘ეგვიპტის’ მეზობლებია და რომლებიც ხანდახან ჩრდილოეთის მეფის ‘კვალს მიჰყვებიან’.
9 ფლობდა თუ არა დღემდე ჩრდილოეთის მეფე ‘ეგვიპტის საგანძურებს’ ? მას, რასაკვირველია, გამარჯვება არ მოუპოვებია სამხრეთის მეფეზე და 1993 წლამდე მომხდარი მსოფლიო მოვლენები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეს მოხდება. მაგრამ ის დიდ გავლენას ახდენდა იმაზე, თუ როგორ გამოიყენებდა სამხრეთის მეფე ფულად სახსრებს. თავისი მეტოქის შიშით, სამხრეთის მეფე ყოველწლიურად დიდძალ თანხებს ხარჯავდა უზარმაზარი არმიის, საზღვაო ფლოტისა და სამხედრო-საჰაერო ძალების შესანახად. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთის მეფე ‘დაეპატრონა’, ანუ კონტროლს უწევდა სამხრეთის მეფის სიმდიდრეს.
ჩრდილოეთის მეფის საბოლოო ომი
10 გაგრძელდება თუ არა მეტოქეობა ორ მეფეს შორის ყოველთვის? არა. ანგელოზმა უთხრა დანიელს: „აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაძრწუნებს მას [ჩრდილოეთის მეფეს] და მეტისმეტად განრისხებული გამოენთება მრავალთა ამოსაჟლეტად და დასაღუპად. გაშლის თავის სამეფო კარვებს ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიაწევს თავის ბოლოს და ვეღარავინ უშველის მას“ (დანიელი 11:44, 45).
11 ჯერ-ჯერობით ეს მოვლენები მომავლის საქმეა, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია დაწვრილებით აღვწეროთ, თუ როგორ შესრულდება ეს წინასწარმეტყველება. ახლახან პოლიტიკური მდგომარეობა ორ მეფეს შორის შეიცვალა. სასტიკი მეტოქეობა შეერთებულ შტატებსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის განელდა. უფრო მეტიც, 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და აღარ არსებობს (იხილე 1992 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 4, 5 [ინგლ.]).
12 მაგრამ ვინ არის ჩრდილოეთის მეფე ახლა? შეიძლება მისი პოვნა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის? თუ ის ისევე სრულიად შეიცვალა, როგორც რამდენჯერმე ადრე? ჩვენ არ შეგვიძლია ამის თქმა. ვინ იქნება ჩრდილოეთის მეფე, როცა დანიელის 11:44, 45 შესრულდება? გაჩაღდება თუ არა ისევ მეტოქეობა ორ მეფეს შორის? და რა შეიძლება ითქვას ბირთვული იარაღის უზარმაზარ მარაგზე, რომელიც ჯერ კიდევ განლაგებულია რამდენიმე ქვეყანაში? მხოლოდ დროს შეუძლია გაგვცეს ამ კითხვებზე პასუხი.
13 ერთი რამ კი ნათელია. მოკლე ხანში „აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაძრწუნებს მას“ და ჩრდილოეთის მეფე აგრესიულ იერიშზე გადავა. ეს იერიში უშუალოდ წინ წაუძღვება მის დაუყოვნებელ „ბოლოს“. ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი გავიგოთ ამ ‘ხმების’ შესახებ, თუ განვიხილავთ ბიბლიის სხვა წინასწარმეტყველებებს.
14 უპირველესად, ყურადღება მიაქციე, რომ ჩრდილოეთის მეფის იერიში არ იქნება მოწინააღმდეგე სამხრეთის მეფეზე. მისი აღსასრული არ მოვა მისი დიდი მოწინააღმდეგისგან. მსგავსადვე, სამხრეთის მეფეც არ განადგურდება ჩრდილოეთის მეფის მიერ. სამხრეთის მეფე (სხვა წინასწარმეტყველებაში წარმოსახული, როგორც გარეული მხეცის უკანასკნელი რქა) მოისპობა „არა [ადამიანთა] ხელით“, არამედ ღმერთის სამეფოს მიერ (დანიელი 7:26; 8:25). საბოლოოდ, დედამიწაზე არსებული ყველა მეფე განადგურდება ღმერთის სამეფოს ომში, არმაგედონში, და აშკარაა, რომ ეს მოუვა ჩრდილოეთის მეფესაც (დანიელი 2:44; 12:1; გამოცხადება 16:14, 16). დანიელის 11:44, 45-ში აღწერილია მოვლენები, რომლებიც საბოლოო ომის მიმანიშნებელი იქნება. გასაკვირი არ არის რომ, როცა ჩრდილოეთის მეფე თავისი აღსასრულის პირისპირ დადგება „ვეღარავინ უშველის მას“.
15 რომელია სხვა წინასწარმეტყველებები, რომლებიც ნათელს ჰფენს ‘ხმებს’, რომელმაც აღძრა ჩრდილოეთის მეფე „მრავალთა. . . დასაღუპად“? და ვინ არის ის ‘მრავალი’, ვისი დაღუპვაც მას სურს?
ხმები აღმოსავლეთიდან
16 საბოლოო ომამდე, არმაგედონამდე, უნდა განადგურდეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დიდი მტერი — მეძავის მსგავსი დიდი ბაბილონი, მსოფლიო რელიგიური მპყრობელი (გამოცხადება 18:3–8). მის დაღუპვას მოასწავებს ღმერთის რისხვის მეექვსე თასის გადმოღვრა სიმბოლურ მდინარე ევფრატზე. მდინარე დაშრა „რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან“ (გამოცხადება 16:12). ვინ არიან ეს მეფეები? სხვა არავინ, თუ არა იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე!a
17 გამოცხადების წიგნში თვალსაჩინოდაა აღწერილი დიდი ბაბილონის განადგურება: „ათი რქა, შენ რომ იხილე [‘მეფეები’, რომლებიც იქნებიან მმართველები ბოლო დროს], და მხეცი [მუქი წითელი მხეცი, წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციით], შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“ (გამოცხადება 17:16). ნამდვილად, ერები ‘შეჭამენ ბევრ ხორცს’ ! (დანიელი 7:5). მაგრამ მმართველებმა, ჩრდილოეთის მეფის ჩათვლით, რატომ უნდა გაანადგურონ დიდი ბაბილონი? იმიტომ რომ „ღმერთმა გულებში ჩაუდო, რომ შეასრულონ მისი ნება“ (გამოცხადება 17:17). ‘აღმოსავლეთიდან ხმებში’, შესაძლოა, იგულისხმება იეჰოვას ის მოქმედება, როცა ის იმ სახით, რომელსაც ამოირჩევს, ადამიანთა მმართველობებს გულში ჩაუდებს, მოსპონ დიდი რელიგიური მეძავი (დანიელი 11:44).
ხმები ჩრდილოეთიდან
18 მაგრამ არსებობს ჩრდილოეთის მეფის რისხვის სხვა სამიზნეც. ანგელოზმა თქვა, რომ ის „გაშლის თავის სამეფო კარვებს [დიდ, აქ] ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის“ (დანიელი 11:45). დანიელის დროს დიდი ზღვა იყო ხმელთაშუა ზღვა და წმიდა მთა — სიონი, სადაც ერთ დროს მდებარეობდა ღვთის ტაძარი. მაშასადამე, წინასწარმეტყველება შესრულდა იმით, რომ განრისხებულმა ჩრდილოეთის მეფემ დაიწყო ბრძოლა ღმერთის ხალხის წინააღმდეგ! დღეს, სულიერი გაგებით, მეფის ადგილმდებარეობა არის „ [დიდ, აქ] ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის“ ღმერთის სულით ცხებულ მსახურთა სულიერ სამფლობელოში, რომლებიც გამოვიდნენ ღმერთისგან გაუცხოებული კაცობრიობის ‘ზღვიდან’ და, რომლებიც იმედოვნებენ, იესო ქრისტესთან ერთად იყვნენ მმართველები ზეციერ მთაზე, სიონზე (ესაია 57:20; ებრაელთა 12:22; გამოცხადება 14:1).
19 ეზეკიელი, დანიელის თანამედროვე, წინასწარმეტყველებდა „უკანასკნელ დღეებში“ ღმერთის ხალხზე თავდასხმის შესახებ. მან თქვა, რომ საომარი მოქმედების ინიციატორი იქნებოდა გოგი მაგოგიდან, რომელიც არის სატანა ეშმაკი (ეზეკიელი 38:16). რომელი სიმბოლური მხარიდან უნდა მოსულიყო გოგი? იეჰოვამ ეზეკიელის მეშვეობით თქვა: „მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან“ (ეზეკიელი 38:15). მაშასადამე, ხმები „ჩრდილოეთიდან“ სავსებით შესაძლებელია, იყოს სატანის პროპაგანდა, რომ აღძრას ჩრდილოეთის მეფე და ყველა სხვა მეფეები ღმერთის ხალხის წინააღმდეგb (შეადარე გამოცხადება 16:13, 14; 17:14).
20 ‘ღვთის ისრაელის’ აყვავების გამო, რომელიც უამრავ სხვა ცხვართან ერთად გამოეყო ქვეყნიერებას, გოგი ორგანიზებას გაუკეთებს ამ ტოტალურ იერიშს. (გალატელთა 6:16; იოანე 10:16; 17:15, 16; 1 იოანე 5:19). გოგი ცერად უყურებს ‘ხალხებიდან გამოკრებილ ერს. . . დოვლათის მქონებელს’ (ეზეკიელი 38:12; გამოცხადება 5:9; 7:9). იეჰოვას ხალხი, დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, განიცდის აყვავებას, რითაც სრულდება ეს სიტყვები. ევროპის მრავალ ქვეყანაში, აფრიკასა და აზიაში, სადაც მათი რელიგია ერთ დროს აკრძალული იყო, ახლა თაყვანისცემის თავისუფლება აქვთ. 1987—1992 წლებში მილიონზე მეტი ‘სასურველი’ პიროვნება გამოვიდა ერებიდან და შევიდა იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სახლში. სულიერი გაგებით, ისინი არიან მდიდრები და მშვიდობიანები (ანგია 2:7, აქ; ესაია 2:2–4; 2 კორინთელთა 8:9).
21 გოგი ქრისტიანულ სულიერ სამფლობელოს განიხილავს, როგორც ‘შემოუზღუდველ დაბებს’, რომელიც ადვილად გადასალახავია და მაქსიმალურად ცდილობს მოსპოს ეს მთელ კაცობრიობაზე სრული კონტროლის გაწევაში ხელის შემშლელი (ეზეკიელი 38:11). მაგრამ ის ამას ვერ მიაღწევს. როცა მიწიერი მეფეები გამოვლენ ღმერთის ხალხის წინააღმდეგ, მაშინ ისინი ‘მიაღწევენ თავიანთ ბოლოს’. როგორ?
მესამე მეფე
22 ეზეკიელი ამბობს, გოგის შეტევა ნიშანი იქნება იეჰოვა ღმერთისთვის, რომ თავისი ხალხის დასაცავად „ისრაელის მთებზე“ დაიწყოს გოგის ძალების განადგურება (ეზეკიელი 38:18; 39:4). ეს შეგვახსენებს, თუ რა უთხრა ანგელოზმა დანიელს: „იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება“ (დანიელი 12:1).
23 იესო, ზეციერი მეომარი მიქაელი, 1914 წელს ღმერთის ზეციერი სამეფოს მეფე გახდა (გამოცხადება 11:15; 12:7–9). იმ დროიდან ის არის ‘დანიელის შვილთა მფარველი’. მაგრამ მალე ის „აღდგება“ იეჰოვას სახელით, როგორც უძლეველი მეფე-მეომარი და „იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას“ (2 თესალონიკელთა 1:8). მსოფლიოს ყველა ხალხი, დანიელის წინასწარმეტყველების მეფეების ჩათვლით, „მოჰყვება მოთქმას“ (მათე 24:30). ‘დანიელის ხალხის’ მიმართ თავიანთ ბოროტ ფიქრებთან ერთად, ისინი სამუდამოდ მოისპობიან ‘მიქაელის, დიდი მთავრის’ ხელით (გამოცხადება 19:11–21).
24 ნუთუ არ ვგრძნობთ უდიდეს სურვილს, ვიხილოთ მიქაელისა და მისი ღმერთის, იეჰოვას, გრანდიოზული ტრიუმფი? ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ეს გამარჯვება სიკვდილისგან ‘გადარჩენის’ აღმნიშვნელი იქნება (შეადარე მალაქია 3:19–21). ამიტომ, როცა მომავალს დიდი მოლოდინით ვუყურებთ, გვახსოვს პავლე მოციქულის სიტყვები: „იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ“ (2 ტიმოთე 4:2). მოდი, ვიდრე ხელსაყრელი დროა, მტკიცედ მივყვეთ სიცოცხლის სიტყვას და გულმოდგინედ ვეძებოთ იეჰოვას ცხვრები. ჩვენ ვიმყოფებით სიცოცხლის გზის ფინიშთან. ჩვენს წინაა ჯილდო. დაე, ყველა აღსავსე იყოს გადაწყვეტილებით, მოითმინოს ბოლომდე და ასე აღმოჩნდეს გადარჩენილთა შორის (მათე 24:13; ებრაელთა 12:1).
[სქოლიოები]
a იხილე „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა! “ (ინგლ.) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების (ნიუ-იორკი) გამოცემა, გვერდები 229–230.
b ალტერნატივა: ხმები „ჩრდილოეთიდან“ სავსებით შესაძლებელია წამოსულიყო იეჰოვასგან; გოგის მიმართ ეზეკიელის ნათქვამის თანახმად: „ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ“. „[გამოგიყვან] ჩრდილოეთის კიდეებიდან. . . მოგიყვან ისრაელის მთებზე“ (ეზეკიელი 38:4; 39:2; შეადარე ფსალმუნი 47:3).
აითვისე თუ არა?
◻ როგორ დაატყდა ჩრდილოეთის მეფე სამხრეთის მეფეს ბოლო დროის განმავლობაში?
◻ კიდევ რა უნდა გავიგოთ ორ მეფეს შორის მეტოქეობის შედეგის შესახებ?
◻ არმაგედონის წინ, რომელ ორ მოვლენაში მიიღებს ჩრდილოეთის მეფე, უეჭველად, მონაწილეობას?
◻ როგორ დაიცავს „მიქაელი, დიდი მთავარი“ ღმერთის ხალხს?
◻ როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს დანიელის წინასწარმეტყველებიდან შესწავლილზე?
[სასწავლო კითხვები]
1. როგორი დამოკიდებულება გამოავლინეს ქვეყნიურმა ხელმძღვანელებმა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების მიმართ და რატომ არ იყო ჩრდილოეთის მეფე გამონაკლისი?
2, 3. როგორ უარყო ჩრდილოეთის მეფემ ‘მამა-პაპის ღმერთები’ და უპირატესობა მიანიჭა სხვა „ღმერთს“?
4. რა წარმატებას მიაღწია ჩრდილოეთის მეფემ?
5, 6. როგორ ‘დაატყდა’ სამხრეთის მეფე ჩრდილოეთის მეფეს და როგორი იყო ამ უკანასკნელის რეაქცია?
7. რა ზღუდავდა ჩრდილოეთის მეფის ექსპანსიონიზმს?
8, 9. როგორ იგრძნობოდა ჩრდილოეთის მეფის გავლენა მის მეტოქე მეფეზეც კი?
10. როგორ აღწერა ანგელოზმა ორ მეფეს შორის მეტოქეობის დასასრული?
11, 12. ახლახან მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს რა კავშირი აქვთ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების მეტოქეობასთან და კიდევ რას გავიგებთ?
13, 14. რა ვიცით ორი მეფის მომავლის შესახებ?
15. რა მნიშვნელოვანი საკითხები რჩება განსახილველად?
16. ა) რა მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა მოხდეს არმაგედონის წინ? ბ) ვინ არიან ‘მეფეები აღმოსავლეთიდან’ ?
17. ა) რას გვეუბნება ბიბლია დიდი ბაბილონის დანგრევის შესახებ? ბ) რა იგულისხმება „აღმოსავლეთიდან“ ხმებში?
18. კიდევ ვის უმიზნებს ჩრდილოეთის მეფე და სად უნდა მდებარეობდეს ის, როცა დადგება მისი აღსასრული?
19. ეზეკიელის წინასწარმეტყველების თანახმად, როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა ხმები გამოიწვევენ გოგის შეტევაზე გადასვლას? (იხილე სქოლიო).
20, 21. ა) რატომ აღძრავს გოგი ერებს, ჩრდილოეთის მეფის ჩათვლით, გამოვიდნენ ღმერთის ხალხის წინააღმდეგ? ბ) იქნება თუ არა მისი შეტევა წარმატებული?
22, 23. როცა გოგი შეტევაზე გადავა, ვინ აღდგება ღმერთის ხალხის დასაცავად და რა შედეგით?
24. რა გავლენა უნდა იქონიოს ჩვენზე დანიელის წინასწარმეტყველების შესწავლამ?