მიენდე იეჰოვას!
„მიენდე იეჰოვას მთელი გულით“ (იგავნი 3:5, აქ).
დიდი ხნის მისიონერი წერს: «„ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას“. ჩემი ყურადღება მიიპყრო ამ სიტყვებმა. ისინი ჩარჩოში იყო ჩასმული და კედელზე ჰქონდა ჩამოკიდებული იმ ოჯახს, რომელსაც ვეწვიე. იმ დღის დარჩენილი ნაწილი მათზე ვფიქრობდი. „შემიძლია თუ არა, მივენდო ღმერთს მთელი გულით?“ — შევეკითხე საკუთარ თავს». ეს პიროვნება მაშინ 21 წლის იყო. ის ახლა 90 წელზე მეტი ხნისაა და, ჯერ კიდევ, ერთგულად მსახურობს უხუცესად პერთში, ავსტრალიაში და მას შეუძლია, გაიხსენოს ნაყოფიერი სიცოცხლე, რაც იყო იეჰოვაზე მთელი გულით მინდობის შედეგი, ეს მოიცავდა ახალ მისიონერულ ტერიტორიებზე — ცეილონში (ახლანდელი შრი-ლანკა), ბირმაში (ახლანდელი მიანმა), მალაიაში, ტაილანდში, ინდოეთსა და პაკისტანში — პიონერული მოღვაწეობის 26 მკაცრ წელიწადსa.
2 „მიენდე იეჰოვას მთელი გულით“, — იგავნის 3:5-ში „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ (ინგლ.) მიხედვით გადმოცემულმა ამ სიტყვებმა უნდა აღგვძრას ყველა ჩვენგანი, გავაგრძელოთ ჩვენი სიცოცხლის მთელი გულით მიძღვნა იეჰოვასადმი, დარწმუნებულებმა, რომ მას შესწევს ძალა, გაგვაძლიეროს რწმენაში მთასავით დაბრკოლებების გადალახვის დროსაც კი (მათე 17:20). მოდი, განვიხილოთ იგავნის 3:5 კონტექსტში.
მამობრივი მზრუნველობით აღსავსე დამოძღვრა
3 ბიბლიური წიგნის, იგავნის, პირველ 9 თავში მოცემულია მამობრივი მზუნველობით აღსავსე დამოძღვრა, იეჰოვას ბრძნული რჩევა, რომელიც იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ელოდებიან ზეცაში შვილობის სიხარულს ან ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებას’ სამოთხეში დედამიწაზე (რომაელთა 8:18–21, 23). აქ არის ბრძნული რჩევა, რომლის გამოყენება შეუძლიათ მშობლებს შვილების აღზრდისას. ამათგან გამოირჩევა იგავნის მესამე თავში ჩაწერილი რჩევა, რომელიც იწყება გაფრთხილებით: „შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩემი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა“. რამდენადაც სატანის ბოროტი ქვეყნიერების უკანასკნელი დღეები დასასრულს უახლოვდება, მოდი, კიდევ უფრო დიდი ყურადღება მივაქციოთ იეჰოვას მოცემულ შეხსენებებს. გზა, შეიძლება, გრძელი გეჩვენოს, მაგრამ ყველასთვის, ვინც მოითმენს, მოცემულია აღთქმა: ‘დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებსა და ჯანმრთელობას შეიძენ’ — მარადიულ სიცოცხლეს იეჰოვას ახალ სისტემაში (იგავნი 3:1, 2).
4 ბედნიერ ახლო ურთიერთობას მამასა და ძეს შორის შეუძლია ძალზე ძვირფასი იყოს. ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა, დააწესა, რომ ეს ასე ყოფილიყო. იესო ქრისტემ იეჰოვასთან თავისი ახლო ურთიერთობის შესახებ თქვა: „ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას“ (იოანე 5:19, 20). იეჰოვამ განიზრახა, რომ მსგავსი სიახლოვე უნდა არსებობდეს მასსა და დედამიწაზე მყოფ მთელ თავის ოჯახს შორის, ისევე როგორც ადამიან მამასა და შვილს შორის.
5 ძველ ისრაელში მოუწოდებდნენ, ჰქონოდათ სანდო ოჯახური ურთიერთობა. იეჰოვა ურჩევდა მამებს: „გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ. ასწავლეთ თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ ამაზე შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარიბჭეს, რათა იმდენ ხანს იცოცხლოთ თქვენ და თქვენმა შვილებმა ამ მიწაზე, რომელიც მისაცემად აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას, რამდენ ხანსაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ“ (მეორე რჯული 11:18–21). დიდებული მოძღვრის, იეჰოვა ღმერთის, ინსპირირებულ სიტყვას, რასაკვირველია, შეუძლია მოემსახუროს იმას, რომ მან ახლო კავშირი დაამყაროს მშობლებსა და შვილებთან ისევე, როგორც სხვებთან, რომლებიც ემსახურებიან მას ქრისტიანულ კრებაში (ესაია 30:20, 21).
6 ბრძნული, მამობრივი რჩევა ღმერთის ხალხისთვის, მოხუცებისა და ახალგაზრდებისთვის, გრძელდება „იგავნის“ მესამე თავის მესამე და მეოთხე მუხლებში: „მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე. წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში“. იეჰოვა ღმერთი ყველაზე ძლიერად ავლენს მადლსა და სიმტკიცეს. ფსალმუნის 24:10-ში ნათქვამია: „ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება“. იეჰოვას მიბაძვისას განძივით უნდა გავუფრთხილდეთ ამ თვისებებსა და მათ დამცველ ძალას იმით, რომ დიდად დავაფასოთ ისინი, როგორც ფასდაუდებელი ყელსაბამი და წარუშლელად ამოვიკვეთოთ გულებზე. ამის შემდეგ გულმოდგინედ შევძლებთ, ვილოცოთ: „[ო, იეჰოვა, აქ] შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე“ (ფსალმუნი 39:12).
მუდმივი ნდობა
7 „უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემა“ (Webster’s Ninth New Collegiate Dictionary) ნდობას განსაზღვრავს, როგორც „რაღაცის ან ვიღაცის ხასიათზე, უნარზე, სიძლიერეზე ან სიმართლეზე მტკიცედ დაყრდნობას“. იეჰოვას ხასიათი დაფუძნებულია მის სიყვარულით აღსავსე სიკეთეზე. და ჩვენ შეგვიძლია სრულიად დავრწმუნდეთ მის უნარში, რომ გააკეთებს იმას, რაც აღგვითქვა, რადგან მისი ჭეშმარიტი სახელი იეჰოვა მას წარმოგვიდგენს, როგორც დიდებულ განმზრახველს (გამოსვლა 3:14; 6:2–8). როგორც შემოქმედი, ის არის ძალისა და დინამიკური ენერგიის წყარო (ესაია 40:26, 29). ის არის სიმართლის განსახიერება, რადგან „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (ებრაელთა 6:18). ამიტომ, ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ სრულიად მივენდოთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, სრული ჭეშმარიტების დიდებულ საწყისს, ვისაც აქვს ყოვლისშემძლე ძალა, რომ დაიცვას თავისზე მინდობილნი და ყველა თავის გრანდიოზულ განზრახვას დიდებული წარმატება მოუტანოს (ფსალმუნი 90:1, 2; ესაია 55:8–11).
8 ჩვენს გარშემო არსებულ გადაგვარებულ წუთისოფელში ნდობა, საუბედუროდ, აღარ არსებობს. ამის ნაცვლად, ყველგან სიხარბესა და კორუფციას ვხედავთ. ჟურნალ „მსოფლიოს პრესის განხილვის“ (World Press Review) 1993 წლის მაისის გამოცემის გარეკანი გაფორმებული იყო შემდეგი ცნობით: „კორუფციის ბუმი — ბინძური ფული ახალ მსოფლიო წესრიგში. კორუფციის ზრდა ვრცელდება ბრაზილიიდან გერმანიაში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან — არგენტინაში, ესპანეთიდან — პერუში, იტალიიდან — მექსიკაში, ვატიკანიდან — რუსეთში“. სიძულვილზე, სიხარბესა და უნდობლობაზე დაფუძნებული კაცობრიობის, ეგრეთ წოდებული, ახალი მსოფლიო წესრიგი ვერაფერს იმკის, თუ არა, კაცობრიობის ტანჯვის გაძლიერებას.
9 პოლიტიკური ერებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები ბედნიერები არიან, რადგან ისინი არიან „ხალხი, რომლისთვისაც უფალია [იეჰოვაა, აქ] ღმერთი“. მხოლოდ მათ შეუძლიათ, სამართლიანად თქვან: „ღმერთზე ვართ მინდობილი“. ყოველ მათგანს შეუძლია სიხარულით წამოიძახოს: „ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას. . . ღმერთს მივენდე — არ მეშინია“ (ფსალმუნი 32:12; 55:5, 12).
10 აზიურ ქვეყნებში, სადაც ათასობით ახალგაზრდა მოწმიდან დიდ უმრავლესობას აპატიმრებდნენ და სასტიკად სჯიდნენ, იეჰოვაზე მინდობა შესაძლებლობას აძლევდა, მოეთმინათ. ერთ ღამეს ციხეში ახალგაზრდა მოწმემ საზარელი ტანჯვა-წამების გადატანის შემდეგ იგრძნო, რომ მეტს ვეღარ მოითმენდა. მაგრამ ამ დროს სხვა ახალგაზრდამ ღამის წყვდიადი გამოიყენა საფარველად და მალულად მივიდა მასთან. „არ დანებდე, — ჩასჩურჩულა მან, — მე კომპრომისზე წავედი და მას შემდეგ მოსვენება დავკარგე“. პირველმა ახალგაზრდამ უფრო განამტკიცა თავისი გადაწყვეტილება, მტკიცედ მდგარიყო. ჩვენ შეგვიძლია სრულიად მივენდოთ იეჰოვას, რომ ის დაგვეხმარება, გადავიტანოთ სატანის ნებისმიერი, ყველა ძალისხმევა, შებღალოს ჩვენი უმწიკვლოება (იერემია 7:3–7; 17:1–8; 38:6–13, 15–17).
11 პირველი მცნების ნაწილი გვამცნობს: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენით“ (მარკოზი 12:30). რამდენადაც ჩვენ ვფიქრობთ ღმერთის სიტყვაზე, უდიდესი ჭეშმარიტება, რომელსაც ვსწავლობთ, ისე ღრმად იკვეთება ჩვენს გულებში, რომ აღგვძრავს, მთლიანი დრო ჩვენი დიდებული ღმერთის, უზენაესი უფლის, იეჰოვას მსახურებაში გავატაროთ. ეს გამომდინარეობს მისადმი მადლიერებით აღსავსე გულიდან — მადლიერებით ყველაფრისათვის, რაც გვასწავლა, რაც გაგვიკეთა და რასაც კიდევ გააკეთებს ჩვენთვის — რის გამოც აღძრული ვართ, სავსებით მივენდოთ იეჰოვას, რათა გვიხსნას (ესაია 12:2).
12 ეს ნდობა შეიძლება განვითარდეს წლების განმავლობაში. იეჰოვას თავმდაბალი მოწმე, რომელიც 1927 წლის აპრილიდან დაწყებული, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთგულად მსახურობდა საგუშაგო კოშკის საზოგადოების ბრუკლინის მთავარ განყოფილებაში, წერდა: «იმ თვის მიწურულს მივიღე კონვერტი, რომელშიც იყო დახმარება — 5 დოლარი — და ლამაზი ღია ბარათი, რომელზეც ეწერა ბიბლიური ციტატა, იგავნის 3:5, 6. . . სრული საფუძველი მქონდა, მივნდობოდი იეჰოვას, რადგან მთავარ განყოფილებაში მალე მივხვდი, რომ იეჰოვას ჰყავდა „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც ერთგულად ზრუნავდა სამეფოს ყველა ინტერესებზე აქ, დედამიწაზე (მათე 24:45–47)»b. ამ ქრისტიანის გული არ იყო აღძრული ფულის სიყვარულით, არამედ იმით, რომ მიეღო „საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში“. მსგავსად, ათასობით პიროვნება, რომლებიც დღეს მსახურობენ საგუშაგო კოშკის საზოგადოების ბეთელის სახლებში მთელ დედამიწაზე, დებენ სიღარიბის სიმბოლურ კანონიერ აღთქმას. ისინი ენდობიან იეჰოვას, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათი ყოველდღიური საჭიროებები (ლუკა 12:29–31, 33, 34).
მიენდე იეჰოვას
13 ჩვენი ზეციერი მამა მოგვიწოდებს: „ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას“ (იგავნი 3:5). ქვეყნიური მრჩევლები და ფსიქოლოგები ვერასოდეს ჩაწვდებიან სიბრძნესა და გაგებას, რასაც იეჰოვა ავლენს. „მისი გონიერება განუზომელია“ (ფსალმუნი 146:5). ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნიური გამოჩენილი ადამიანების სიბრძნეს ან ჩვენს განუსწავლელ ემოციებს დავენდოთ, მოდი, ჯანსაღი რჩევისთვის მივენდოთ იეჰოვას, მის სიტყვასა და ქრისტანული კრების უხუცესებს (ფსალმუნი 54:23; 1 კორინთელთა 2:5).
14 ადამიანური სიბრძნე ან გამოჩენილი მდგომარეობა უსარგებლო იქნება სწრაფად მოახლოებადი სასტიკი განსაცდელის დღეს (ესაია 29:14; 1 კორინთელთა 2:14). იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ღმერთის ხალხის უნარიანმა, მაგრამ ამაყმა მწყემსმა გადაწყვიტა, დანდობოდა საკუთარ ჭკუას. ზეგავლენის გამო ის განდგომილი გახდა და დევნის დროს ფარის დიდმა ნაწილმაც შეწყვიტა მოღვაწეობა. ერთგულმა იაპონელმა დამ, რომელმაც გაბედულად გადაიტანა გახრწნილი ციხის საკნებში საზარელი მოპყრობა, თქვა: „მათგან, ვინც ერთგული დარჩა, არავის ჰქონია განსაკუთრებული შესაძლებლობები და შეუმჩნეველნიც კი იყვნენ. უსათუოდ, ყოველი ჩვენგანი ყოველთვის უნდა მიენდოს იეჰოვას მთელი გულით“c.
15 საჭიროა თავმდაბლობა, რომ მიენდო არა საკუთარ ჭკუას, არამედ იეჰოვას. რაოდენ მნიშვნელოვანია ეს თვისება ყველასთვის, ვისაც სურს, ასიამოვნოს იეჰოვას! თვით ჩვენი ღმერთი, მთელი სამყაროს უზენაესი უფალი ავლენს თავმდაბლობას თავის გონიერ ქმნილებებთან. მადლიერი უნდა ვიყოთ ამისთვის. „დაბლა მჭვრეტელი [ღირსად ჩათვალა, რომ დაიხაროს და იყუროს ასე დაბლა, „ახალი ინგლისური ბიბლია“ (New English Bible) ], რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას, წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი“ (ფსალმუნი 112:6, 7). დიდებული წყალობის გამო ღმერთი გვპატიობს შეცდომებს კაცობრიობისადმი უდიდესი ძღვენის, თავისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს ძვირფასი გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე. რამდენად მადლიერი უნდა ვიყოთ ამ დაუმსახურებელი სიკეთისთვის!
16 იესო გვახსენებს: „ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს — ამაღლდება“ (მათე 23:12). მონათლულმა ძმებმა ქრისტიანულ კრებაში თავმდაბლურად უნდა ისწრაფონ პასუხისმგებლობებისკენ. ასევე, ზედამხედველებმა თავისი დანიშნულება უნდა მიიჩნიონ არა როგორც საზოგადოებრივი მდგომარეობის სიმბოლო, არამედ როგორც სამუშაოს თავმდაბლურად, მადლიერებით, გულმოდგინედ, შესრულების შესაძლებლობა, როგორც იესო აკეთებდა, რომელმაც თქვა: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“ (იოანე 5:17; 1 პეტრე 5:2, 3).
17 მოდი, ყოველთვის თავმდაბლურად და ლოცვით ვაღიაროთ ის, რომ იეჰოვას წინაშე მტვერი ვართ. ამიტომ, როგორ გავიხარებთ იმის გამო, რომ „წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე — შვილთაშვილებზე“ (ფსალმუნი 102:14, 17). ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს ღმერთის სიტყვის ბეჯითად შემსწავლელი. კრების შეხვედრებზე, პირადი და ოჯახური შესწავლისას გატარებული დრო ყოველი კვირის ძვირფას საათებს უნდა წარმოადგენდნენ ჩვენთვის. ამგვარად, ჩვენში ვზრდით ‘ცოდნას წმინდათა-წმინდის’ შესახებ. ეს ‘კი გონიერებაა’ (იგავნი 9:10, აქ).
„. . .ყოველ შენს გზაზე. . .“
18 იგავნის 3:6 გონიერების ღვთიური წყაროსკენ, იეჰოვასკენ, წარმართავს ყურადღებას და ამბობს: „შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. იეჰოვას შეცნობა, ანუ ყურადღების ცენტრში მისი დაყენება მოიცავს იმას, რომ მივუახლოვდეთ მას ლოცვით. სადაც არ უნდა ვიყოთ და რა სიტუაციაც არ უნდა წამოგვეჭრას, შეგვიძლია მაშინვე მივმართოთ მას ლოცვით. თუ ყოველდღიური დავალების შესრულებას შევუდექით — ვემზადებით საველე მსახურებისთვის, კარდაკარ დავდივართ და ვაუწყებთ მის სამეფოს — ჩვენ შეგვიძლია გამუდმებით ვილოცოთ, რომ აკურთხოს ჩვენი მოქმედება. მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ფასდაუდებელი უპირატესობა და სიხარული, ‘ვიაროთ ღმერთთან’ დარწმუნებულებმა, რომ ის ‘გაგვისწორებს სავალს’, როგორც ეს გაუკეთა ღვთისმოშიშ ენოქს, ნოესა და ერთგულ ისრაელებს, როგორიცაა იესო ნავეს ძე და დანიელი (დაბადება 5:22; 6:9; მეორე რჯული 8:6; იესო ნავეს ძე 22:5; დანიელი 6:24; იხილე, ასევე იაკობი 4:8, 10).
19 როცა ჩვენს თხოვნას ვაცნობებთ იეჰოვას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ‘ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს ჩვენს გულებს და ჩვენს ფიქრებს ქრისტე იესოში’ (ფილიპელთა 4:7). ამ ღვთის მშვიდობას, რომელიც ჩვენი სახის სიხარულით სავსე გამომეტყველებაზე აირეკლება, შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს ჩვენს ცნობას მობინადრესთან, ვისაც ვხვდებით სამქადაგებლო მსახურებისას (კოლასელთა 4:5, 6). ამას, როგორც მომდევნო ცნობა გვიჩვენებს, ასევე შეუძლია გაამხნევოს ისინი, ვინც შესაძლოა, გულდამძიმებულია დღევანდელ ქვეყნიერებაში არსებული დაძაბულობის ან უსამართლობის გამოd.
20 მაქს ლიბსტერი, წარმოშობით ებრაელი, რომელიც საოცრებით გადაურჩა ებრაელთა მასობრივ განადგურებას, თავის მგზავრობას ნაცისტურ მომსპობ ბანაკისკენ შემდეგი სიტყვებით აღწერს: „ჩვენ ჩაგვკეტეს ვაგონებში, რომლებიც დაყოფილი იყო მრავალ, ორკაციან, ძალიან პატარა საკნებად. როდესაც ერთ-ერთ მათგანში შემაგდეს, შევეფეთე პატიმარს, რომლის თვალებშიც უშფოთველობა ირეკლებოდა. ის იქ იყო, რადგან პატივს სცემდა ღმერთის კანონს, სხვა ადამიანების სისხლის დაღვრას არჩია ციხე და შესაძლო სიკვდილი. ის იყო იეჰოვას მოწმე. მას წაართვეს ბავშვები და ცოლი სიკვდილით დასაჯეს. ის ელოდებოდა, რომ მასაც იგივე ბედი ეწეოდა. 14 დღიანი მგზავრობის დროს პასუხი მივიღე ჩემს ლოცვებზე, ვინაიდან სიკვდილისკენ მთელი ამ მგზავრობის განმავლობაში ვპოვე მარადიული სიცოცხლის იმედი“.
21 აუშვიცის „ლომთა ბუნაგში“ — ასე უწოდა მან იმ საკონცენტრაციო ბანაკს — ყოფნისა და თავისი ნათლობის შემდეგ ეს ძმა დაქორწინდა იეჰოვას მოწმეზე, რომელიც ასევე დაპატიმრებული იყო და რომლის მამაც იტანჯებოდა დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში. მეუღლის მამამ, სანამ იქ იყო, გაიგო, რომ თავისი ცოლი და ასულიც დაპატიმრებული იყვნენ. მან აღწერა თავისი რეაქცია: „მე ძალიან დავდარდიანდი. ერთხელ, როდესაც შხაპის რიგში ჩავდექი, მომესმა ხმა, რომელიც ციტირებდა იგავნის 3:5, 6-სს. . . ეს ხმა თითქოსდა ზეციდან გაისმა, ექოსავით. ეს იყო ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა წონასწორობის აღსადგენად“. სინამდვილეში, ეს იყო სხვა პატიმრის ხმა, რომელმაც თქვა ეს ბიბლიური მუხლი, მაგრამ შემთხვევა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა ძალა შეუძლია შეგვმატოს ღმერთის სიტყვამ (ებრაელთა 4:12). დაე, ძლიერად ჟღერდეს ჩვენთვის დღეს იეჰოვას ხმა 1994 წლის მუხლის საშუალებით: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით“!
[სქოლიოები]
a იხილე სტატია „იეჰოვაზე მინდობა მთელი ჩემი გულით“, მოგვითხრობს კლოდი ს. გუდმენი; „საგუშაგო კოშკის“ 1973 წლის 15 დეკემბრის გამოცემა, გვ. 760–765 (ინგლ.)
b იხილე სტატია „გადაწყვეტილებით აღსავსე, იეჰოვას განდიდებისთვის“, მოგვითხრობს ჰარი პეტერსონი; „საგუშაგო კოშკის“ 1968 წლის 15 ივლისის გამოცემა, გვ. 437–440 (ინგლ.).
c იხილე სტატია „იეჰოვა არ მიატოვებს თავის მსახურებს“, მოგვითხრობს მაცუი იშიი; „საგუშაგო კოშკის“ 1988 წლის 1 მაისის გამოცემა, გვ. 21–25 (ინგლ.).
d იხილე, ასევე, სტატია „ხსნა! დავამტკიცოთ ჩვენი მადლიერება“, მოგვითხრობს მაქს ლიბსტერი; „საგუშაგო კოშკის“ 1978 წლის 1 ოქტომბრის გამოცემა, გვ. 20–24 (ინგლ.).
შესაჯამებლად
◻ როგორი რჩევა არის შემოთავაზებული წინგში „იგავნი“?
◻ როგორ სარგებლობას გვაძლევს იეჰოვაზე მინდობა?
◻ რას მოიცავს იეჰოვაზე დანდობა?
◻ რატომ უნდა შევეცადოთ ყურადღების ცენტრში დავაყენოთ იეჰოვა ყოველ ჩვენს გზაზე?
◻ როგორ გაგვისწორებს იეჰოვა სავალს?
[სასწავლო კითხვები]
1. რა ზეგავლენა მოახდინა ახალგაზრდა მამაკაცზე იგავნის 3:5-მა და რა ხანგრძლივი შედეგით?
2. რა დაჯერებულობა უნდა განავითაროს ჩვენში იგავნის 3:5-მა?
3. ა) რა გამხნევების ნახვა შეიძლება იგავნის პირველ ცხრა თავში? ბ) რატომ უნდა მივაპყროთ დიდი ყურადღება იგავნის 3:1, 2-ს?
4, 5. ა) რა ბედნიერი ურთიერთობა არის აღწერილი იოანეს 5:19, 20-ში? ბ) როგორ გამოიყენება ჩვენს დღეებში მეორე რჯულის 11:18–21-ში მოცემული რჩევა?
6. როგორ შეგვიძლია ვპოვოთ კეთილგანწყობილება ღმერთისა და ადამიანის თვალში?
7. როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ ის ნდობის ღირსია?
8, 9. საუბედუროდ, რატომ აღარ არსებობს ნდობა ქვეყნიერებაში და ამის საპირისპიროდ, რა შეიძლება ითქვას იეჰოვას ხალხზე?
10. რამ შემატა ძალა მრავალ ახალგაზრდა ქრისტიანს, დაეცვათ უმწიკვლოება?
11. როგორ ვართ აღძრული, მივენდოთ იეჰოვას?
12. წლების განმავლობაში როგორ აჩვენებს მრავალი ქრისტიანი თავის ნდობას იეჰოვასადმი?
13, 14. ა) მხოლოდ სად შეიძლება იპოვო ჯანსაღი რჩევა? ბ) რას უნდა მოერიდო, რომ გადაიტანო დევნა?
15. რა ღვთიური თვისებაა მნიშვნელოვანი, თუ გვსურს, ვასიამოვნოთ იეჰოვას?
16. როგორ შეუძლიათ ძმებს ქრისტიანულ კრებაში ისწრაფონ პასუხისმგებლობებისკენ?
17. რა უნდა ვაღიაროთ თითოეულმა ჩვენგანმა და როგორ მოქმედებამდე უნდა მიგვიყვანოს ამან?
18, 19. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგავნის 3:6 ჩვენს ცხოვრებაში და რა შედეგით?
20, 21. ა) როგორ ამხნევებდა იეჰოვას მოწმეების უმწიკვლოება სხვებს ნაცისტური ტერორიზმის დროს? ბ) რა გადაწყვეტილება უნდა მიგვაღებინოს იეჰოვას ხმამ?