კარგი და ცუდი ნაყოფი
„დამანახვა უფალმა: აჰა, ლეღვის ორი კალათა. ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვია, პირველმოწეული; მეორე კალათაში ძალიან ცუდი ლეღვია; არ იჭმევა, იმდენად ცუდია“ (იერემია 24:1, 2).
1. როგორ გამოამჟღავნა იეჰოვამ სიბრალული თავისი ხალხის, ისრაელის მიმართ და როგორ გამოეხმაურნენ ისინი?
იდგა ძველი წელთაღრიცხვით 617 წელი. იერუსალიმისა და მისი მცხოვრებლების წინააღმდეგ განაჩენის შესრულებამდე ათი წელი იყო დარჩენილი. იერემია გაძლიერებულად ქადაგებდა 30 წლის განმავლობაში. ყურადღება მიაქციე ეზრას მიერ ცოცხლად აღწერილ ვითარებას, რომელიც მოცემულია მეორე ნეშტთას 36:15-ში: „უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი და თავისი სამყოფელი“. როგორი იყო ამ ცდის შედეგი? — სავალალო. ეზრას შემდეგი სიტყვები მე-16 მუხლში გვამცნობს: „მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა“.
2, 3. აღწერე გასაოცარი ხილვა, რომელიც იეჰოვამ უჩვენა იერემიას.
2 ნიშნავდა თუ არა ეს, რომ იუდეველი ერი მთლიანად განადგურდებოდა? პასუხი რომ ვიპოვოთ, განვიხილოთ იერემიას მნიშვნელოვანი ხილვა, რომელიც ჩაწერილია მისივე სახელით წოდებული წიგნის 24-ე თავში. ღმერთმა იერემიას ხილვაში უჩვენა ლეღვით სავსე ორი კალათა, რომელიც ასიმბოლოებდა ღმერთთან კავშირში, ისრაელი ერის მდგომარეობას, და რომელიც წარმოდგენილი იყო ორი განსხვავებული ხარისხის, ცუდი და კარგი ნაყოფით.
3 იერემიას 24-ე თავის პირველსა და მეორე მუხლებში აღწერილია, თუ რა იხილა ღმერთის წინასწარმეტყველმა: „დამანახვა უფალმა: აჰა, ლეღვის ორი კალათა დგას უფლის ტაძრის წინ მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იუდას მეფე იექონია იეჰოიაკიმის ძე, იუდას მთავრები, ხუროები და მჭედლები იერუსალიმიდან და ბაბილონში მიიყვანა. ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვია, პირველმოწეული; მეორე კალათაში ძალიან ცუდი ლეღვია; არ იჭმევა, იმდენად ცუდია“.
კარგი ლეღვების ხილვა
4. ერთგული ისრაელებისათვის როგორი ნუგეშისცემა იყო ლეღვების ხილვა?
4 იმის შემდეგ, რაც იეჰოვამ ჰკითხა იერემიას, თუ რა იხილა, მეხუთე მუხლიდან მეშვიდეს ჩათვლით, უთხრა: „ამ კარგი ლეღვებივით გამოვარჩევ გადასახლებულ იუდაელებს, რომელნიც გავუშვი ამ ადგილიდან ქალდეველთა ქვეყანაში მათდა სასიკეთოდ. თვალს მივაპყრობ მათ მათდა სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ, არ გავანადგურებ; დავნერგავ, არ აღმოვფხვრი მათ. ჩავუდგამ მათ გულს, რათა მცნობდნენ, რომ უფალი ვარ. ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები, რადგან მთელი გულით მოიქცევიან ჩემკენ“.
5, 6. ა) როგორ გაიგზავნა ზოგიერთი ისრაელი „ქალდეველთა ქვეყანაში მათდა სასიკეთოდ“? ბ) როგორ მიაპყრო იეჰოვამ თვალი გადასახლებაში მყოფ ერთგულ ისრაელებს „მათდა სასიკეთოდ“?
5 იეჰოვას სიტყვებიდან სჩანს, რომ იუდეველთათვის მოსალოდნელი იყო უკეთესი დრო და რომ ისინი მთლიანად არ განადგურდებოდნენ. მაგრამ რა მნიშვნელობა ენიჭებოდა კარგი ლეღვით სავსე კალათას?
6 იექონია, ანუ იეჰოაქინი მეფობდა იუდაში სამი თვე და ათი დღე, სანამ იერუსალიმი ნებაყოფლობით არ დანებდა მეფე ნაბუქოდონოსორს. იეჰოაქინთან ერთად ტყვეობაში იმყოფებოდა დანიელი და მისი სამი მეგობარი: ხანანია, მისაელი, ყაზარია და ასევე ეზეკიელიც. მათი სიცოცხლე ბაბილონის მეფის მიერ იყო დაცული. ასე რომ, შეიძლებოდა იმის თქმა, რომ იეჰოვამ იზრუნა იმ ტყვეებზე, რათა მათივე სასიკეთოდ გაგზავნილიყვნენ ქალდეველთა ქვეყანაში. თუ მიაქციე ყურადღება იეჰოვას აღთქმას, რომ ‘თვალს მიაპყრობდა მათ მათდა სასიკეთოდ’? როგორ განხორციელდა ეს? ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს, 80 წლის მოგვიანებით, იეჰოვამ მეფე კიროსს აღუძრა სურვილი, გამოეცა დადგენილება, რომლის საშუალებითაც ტყვეთა შთამომავლობის დარჩენილ ნაწილს ეძლეოდა იუდეაში დაბრუნების უფლება. ამ ერთგულმა ებრაელებმა აღადგინეს ქალაქი იერუსალიმი და ტაძარი, რომ თაყვანი ეცათ თავიანთი ღმერთისთვის, იეჰოვასთვის. ისინი დაუბრუნდნენ იეჰოვას მთელი თავიანთი გულით. ასე რომ, იეჰოვას თვალში ეს ტყვეები და მათი შთამომავლობა ახლადმოწეული ლეღვის მსგავსი იყო.
7. როდის და როგორ არის იეჰოვას თვალი მიპყრობილი დღეს იერემიას კლასზე „მათდა სასიკეთოდ“?
7 შენ ალბათ გახსოვს, რომ წინამდებარე სტატია შეეხებოდა იერემიას წინასწარმეტყველებას და ჩვენ გავიგეთ, რომ მას მე-20 საუკუნისთვისაც ჰქონდა მნიშვნელობა. 24-ე თავიც არ არის გამონაკლისი. პირველი მსოფლიო ომის შავბნელი წლების განმავლობაში, იეჰოვას მრავალი მიძღვნილი მსახური განიცდიდა დიდი ბაბილონის სხვადასხვა ზეგავლენას. მაგრამ იეჰოვას ყურადღებიანი თვალები მიპყრობილი იყო „მათდა სასიკეთოდ“. ასევე დიდებული კიროსის, იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვამ გაანადგურა დიდი ბაბილონის ძალაუფლება მათზე და თანდათანობით სულიერ სამოთხეში მიიყვანა. ეს სულიერი ისრაელი მთელი გულით გამოეხმაურა და დაუბრუნდა იეჰოვას. ხოლო 1931 წელს მათ დიდი სიხარულით მიიღეს სახელი — იეჰოვას მოწმეები. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ისინი იეჰოვას თვალში იყვნენ, როგორც ძალიან კარგი ლეღვები კალათაში.
8. როგორ აწვდიან იეჰოვას მოწმეები ლეღვის სიტკბოს მსგავს კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ მთელ დედამიწაზე?
8 იეჰოვას მოწმეებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ ის ფაქტი, რომ ღმერთისგან მიიღეს დაუმსახურებელი სიკეთე, რაც დიდი ბაბილონისგან გათავისუფლებაა. მათ თავიანთთვის კი არ შეინახეს ლეღვის სიტკბოს მსგავსი კეთილი ცნობა ღმერთის სამეფოს შესახებ, არამედ ყველგან განავრცეს ის იესოს სიტყვების თანახმად, რომელიც ჩაწერილია მათეს 24:14-ში: „და ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს დასამოწმებლად“. რა არის შედეგი? ოთხი მილიონ შვიდასი ათასზე მეტი ცხვრისმაგვარი ადამიანი, რომელიც სულიერ ისრაელს არ მიეკუთვნება, დიდი ბაბილონის ტყვეობისგან გათავისუფლდა!
ცუდი ლეღვების ხილვა
9. ვის ასიმბოლოებს ცუდი ლეღვები იერემიას ხილვაში და რა დაემართა მათ?
9 რა შეიძლება ითქვას კალათაში მოთავსებული ცუდი ლეღვების შესახებ, რომლებიც იერემიამ იხილა? შემდგომ, იერემია წინასწარმეტყველი ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას სიტყვებზე, რომლებიც იერემიას 24-ე თავის რვიდან მეათე მუხლის ჩათვლით წერია: „ცუდ ლეღვზე, რომელიც არ იჭმევა სიცუდის გამო, ასე თქვა უფალმა: ასე მოვექცევი იუდას მეფეს ციდკიას, მის მთავრებს, დანარჩენ იერუსალიმს, ამ ქვეყანაში რომ დარჩნენ, და ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ. და გავხდი მათ საფრთხობელად და საუბედუროდ დედამიწის ყველა სამეფოში, სასირცხოდ, საარაკოდ, დასაცინად და შესაჩვენებლად ყველა იმ ადგილზე, სადაც კი განვდევნი მათ. მივუვლენ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, ვიდრე არ აღვგვი იმ ქვეყნიდან, რომელიც მათთვის და მათი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული“.
10. რატომ მიიჩნია იეჰოვამ ციდკია ‘ცუდ ლეღვად’?
10 ამგვარად, იეჰოვას თვალში ციდკია დაემსგავსა ‘ცუდ ლეღვს’. ციდკია არა მარტო აჯანყდა მეფე ნაბუქოდონოსორის წინააღმდეგ, არამედ ფიციც გატეხა ერთგულებისა, რომელიც იეჰოვას სახელით ჰქონდა მისთვის მიცემული და სავსებით უარყო იეჰოვას მიერ იერემიას მეშვეობით გამომჟღავნებული სიბრალული. ციდკია ისეთ დონემდე მივიდა, რომ იერემია დაატუსაღა! არ არის გასაკვირი, რომ ეზრამ მეფის მდგომარეობა შემდეგნაირად აღწერა მეორე ნეშტთას 36:12-ში: „უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში. არ მოდრკა იგი იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც უფლის სიტყვას ეუბნებოდა“. იეჰოვას თვალში ციდკია და იერუსალიმში დარჩენილები, იყვნენ ცუდი და დამპალი ლეღვით სავსე კალათის მსგავსნი!
დამპალი ლეღვების მეტაფორა დღეს
11, 12. ვინ ასახიერებს დღევანდელ დღეს ცუდ ლეღვებს და რა დაემართებათ მათ?
11 შეხედე დღევანდელ ქვეყნიერებას. როგორ ფიქრობ, შეგვიძლია თუ არა ვიპოვოთ მეტაფორული გაგებით დამპალი ლეღვები კალათაში? მოდით, შევადაროთ იერემიას პერიოდი დღევანდელობასთან. მე-20 საუკუნეში იეჰოვამ გამოიყენა იერემიას კლასი, სულითცხებულთა დარჩენილი ნაწილი, რომ განუწყვეტლივ გაეფრთხილებინა ხალხები მოახლოებული მძვინვარების შესახებ, რომელიც დიდი ჭირის დროს იქნება. იეჰოვამ დაჟინებით მოუწოდა ყველა ეროვნების ადამიანს, მიაგონ დიდება მის სახელს, თაყვანი სცენ მას სულითა და ჭეშმარიტებით და აღიარონ მის მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე, როგორც სამართლიანი მმართველი. როგორი იყო ერების რეაქცია? ზუსტად ისეთი, როგორიც იერემიას დროს. ერები აგრძელებენ იმის კეთებას, რაც იეჰოვას თვალში ცუდია.
12 ვინ აქეზებს ადამიანებს, რომ ჰქონდეთ მოჯანყე გონებაგანწყობილება? ვინ დასცინის გამუდმებით ღმერთის მაუწყებლებს, რომლებიც იერემიას მსგავსნი არიან, და ვინ აყენებს ეჭვქვეშ მათი, როგორც ღმერთის მსახურების უფლებებს? ვის ეზიზღება ღმერთის სიტყვა? ვინ არის დღეს ხშირ შემთხვევაში იეჰოვას მოწმეების დევნაზე პასუხისმგებელი? პასუხი ყველასათვის ნათელია — ქრისტიანული სამყარო, განსაკუთრებით კი სამღვდელოება! და შეხედე მთელი ქრისტიანული სამყაროს ცუდ და დამპალ ნაყოფს, რომლის შესახებაც საუბარი იყო წინა სტატიაში. ო, დიახ, დღეს დედამიწაზე ნამდვილად არის ცუდი ლეღვებით სავსე სიმბოლური კალათა. სინამდვილეში იეჰოვამ თქვა, რომ შეუძლებელი იყო იმ ლეღვების ჭამა „სიცუდის გამო“. იერემიას მეშვეობით გაცხადებული იეჰოვას სიტყვები, რომ ისინი ‘აღიგვებიან’, თანამედროვე დროის გამოძახილია! იეჰოვას რისხვა ქრისტიანულ სამყაროზე უსაშველო იქნება.
გამაფრთხილებელი გაკვეთილი ჩვენთვის
13. პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად, რომელიც 1 კორინთელთა 10:11-შია მოცემული, რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ლეღვით სავსე, ორი კალათის ხილვაზე?
13 როდესაც ვიკვლევთ იერემიას გამაფრთხილებელ, ღვთის მიერ შთაგონებულ სიტყვებს გვახსენდება პავლე მოციქულის სიტყვები 1 კორინთელთა 10:11-დან: „ყოველივე ეს მათ დაემართად სამაგალითოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მოვაღწიეთ ჟამთა აღსასრულს“. მივიტანეთ თუ არა გულთან ახლოს გამაფრთხილებელი სიტყვები, ლეღვებით სავსე ორი კალათის შესახებ? რაც ჩვენ განვიხილეთ, მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, რაც მოხდა ისრაელში, როგორც გამაფრთხილებელი მაგალითი ჩვენთვის.
14. როგორ რეაგირებდნენ ისრაელები იეჰოვას სათუთ მზრუნველობაზე?
14 საბოლოოდ, გავიხსენოთ იეჰოვას სიტყვები, რომლებიც უთხრა დავით მეფეს ისრაელის შესახებ მეორე მეფეთას 7:10-ში: „ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნე იგი“. იეჰოვა ყოველთვის სათუთად ზრუნავდა თავის ხალხზე, ისრაელზე. ისრაელებს უამრავი მიზეზი ჰქონდათ, რომ თავიანთ ცხოვრებაში კარგი ნაყოფი გამოეღოთ. მათ მხოლოდ იეჰოვას ღვთაებრივი სწავლებისთვის უნდა ესმინათ და დაეცვათ მისი მცნებები. მაგრამ, მხოლოდ ზოგიერთი მათგანი იქცეოდა ასე. უმრავლესობა იმდენად ჯიუტი და ჭირვეული იყო, რომ მათი ნაყოფი ცუდი და დამპალი აღმოჩნდა.
15. როგორ რეაგირებენ დღეს სულიერი ისრაელები და მათი, ცხვრისმაგვარი თანამორწმუნენი იეჰოვას თანაგრძნობაზე?
15 რა შეიძლება ითქვას თანამედროვე დროის შესახებ? იეჰოვამ უდიდესი თანაგრძნობა გამოამჟღავნა დარჩენილი სულიერი ისრაელისა და მათი თანამშრომელი, ცხვრისმაგვარი ადამიანების მიმართ. 1919 წლიდან, როდესაც ისინი სულიერად გათავისუფლდნენ, იეჰოვას თვალები მუდამჟამს მიპყრობილია მათზე. როგორც იეჰოვამ იწინასწარმეტყველა ესაიას მეშვეობით, ისინი ყოველდღიურად ღებულობენ მითითებებს იეჰოვა ღმერთისგან, რომელიც დიდებული მოძღვარია სამყაროში (ესაია 54:13). ეს ღვთიური სწავლება, რომელსაც თავისი ძვირფასი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით ხელმძღვანელობს იეჰოვა, შედეგად იძლევა ღმერთის მსახურთა შორის მშვიდობას და მტკიცე ურთიერთკავშირს თვით იეჰოვასთან. რაოდენ მშვენიერი სულიერი გარემოცვით იქნება უზრუნველყოფილი თითოეული ჩვენგანი იმის გამო, რომ ვიცნობთ იეჰოვას, ვუსმენთ მას და ვაგრძელებთ, შევქმნათ ცხოვრებაში კარგი ნაყოფი — ნაყოფი, რომელსაც დიდება მოაქვს იეჰოვასთვის! ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე!
16. რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თითოეულმა ჩვენთაგანმა ხილვიდან, ლეღვებით სავსე ორი კალათის შესახებ?
16 მაგრამ, ამ დაუმსახურებელი სიკეთის მიუხედავად, ძველი იუდას მსგავსად, ზოგიერთი ადამიანი ხდება ულმობელი და მოჯანყე სულის, მათი ნაყოფი კი არის ცუდი და დამპალი. რამდენად სამწუხაროა ეს! დაე, არცერთ ჩვენთაგანს ყურადღებიდან არ გამოგვრჩეს გაფრთხილება, რომელიც ნათლად იყო ჩვენთვის ნაჩვენები კარგი და ცუდი ლეღვებით სავსე ორი კალათით. იეჰოვას განაჩენი განდგომილი ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ დაჩქარებულია. დაე, ყურად ვიღოთ პავლე მოციქულის გაფრთხილება: ‘მოიქეცით უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნეთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღმერთის შემეცნებაში ზრდით’ (კოლასელთა 1:10).
სტატიის გამეორება „კარგი და ცუდი ნაყოფი“ და სტატიის „იეჰოვას სამართლებრივი დავა ხალხებთან“ 1-4 აბზაცების ჩათვლით
◻ რას ასიმბოლოებს კარგი ლეღვებით სავსე კალათა?
◻ როგორ შესრულდა ცუდი ლეღვებით სავსე კალათის ხილვა?
◻ რა გამაფრთხილებელ გაკვეთილს შეიცავს ჩვენთვის იერემიას ცნობა?
◻ რა იყო ძველი წელთაღრიცხვით 607 წლისთვის დამახასიათებელი? და რა — ახალი წელთაღრიცხვით 1914 წლისთვის?
[სურათი მე-15 გვერდზე]
კარგი ლეღვების მსგავსად, ღმერთის ხალხმა გამოიღო სამეფოს ტკბილი ნაყოფი.
[სურათი მე-15 გვერდზე]
ქრისტიანულმა სამყარომ დაამტკიცა, რომ არის ცუდი ლეღვებით სავსე კალათის მსგავსი.