იეჰოვა არის განზრახვების ღმერთი
„როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება“ (ესაია 14:24).
1, 2. რას ამბობს უმრავლესობა სიცოცხლის აზრის შესახებ?
ადამიანები ყველგან იძლევიან შეკითხვას: „რა არის სიცოცხლის აზრი?“ დასავლეთის ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა თქვა: „წარსულთან შედარებით, დღეს უფრო მეტი ადამიანი კითხულობს: ვინ ვართ ჩვენ? რა არის ჩვენი მიზანი?“ როდესაც გაზეთმა მოაწყო ახალგაზრდების გამოკითხვა იმის შესახებ, თუ რა არის ცხოვრების აზრი, დამახასიათებელი პასუხი იყო: „აკეთე ის, რაც გულს უხარია“. „ყოველი წუთი ისე იცხოვრე, როგორც უკანასკნელი“. „იცხოვრე უჩვეულოდ“. „გყავდეს ბავშვები, იყო ბედნიერი და მოკვდე“. უმეტესობა ფიქრობს, რომ სულ ეს არის ცხოვრება. არავინ საუბრობს დედამიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ.
2 კონფუციანელობის ერთ-ერთმა მცოდნემ თქვა: „ცხოვრების საბოლოო აზრი მოიპოვება ნორმალურ, ადამიანურ არსებობაში“. ამ სიტყვების თანახმად, ადამიანები კვლავ დაიბადებიან, მიაღწევენ 70 ან 80 წელს, შემდეგ მოკვდებიან და მეტად აღარ იარსებებენ. ერთ-ერთმა ევოლუციონისტმა თქვა: «ჩვენ, შესაძლოა, ვისწრაფვით პასუხისაკენ რომელიც არის „ზემოდან“, მაგრამ პასუხი არ არსებობს». ამ ევოლუციონისტისთვის სიცოცხლე არის არსებობისთვის ბრძოლა, რომელიც სიკვდილით მთავრდება. ასეთი ფილოსოფია გვთავაზობს სიცოცხლეზე უიმედო თვალსაზრისს.
3, 4. რა ზეგავლენას ახდენს ცხოვრების პირობები სიცოცხლის შესახებ უმრავლესობის თვალსაზრისზე?
3 მრავალ ადამიანს ეჭვი ეპარება სიცოცხლის აზრის არსებობაში, ისინი ხედავენ, რომ ადამიანთა ცხოვრება სავსეა ტანჯვით. დღეს, როდესაც კაცობრიობამ მიაღწია ინდუსტრიისა და მეცნიერების პროგრესის მწვერვალს, მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი სერიოზულად არის დაავადებული ან განიცდის საკვები პროდუქტების უკმარისობას. ამ მიზეზით ყოველწლიურად მილიონობით ბავშვი კვდება. გარდა ამისა, XX საუკუნეში გასულ ოთხ საუკუნესთან შედარებით ომების შედეგად დაიღუპა ოთხჯერ მეტი ადამიანი. დანაშაულობა, ძალადობა, ნარკომანია, ოჯახების ნგრევა, შიდს-ი და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებები — მთელი რიგი უარყოფითი და მზარდი ფაქტორებია. მსოფლიო ლიდერებს ჯერაც ვერ უპოვიათ გამოსავალი ამ პრობლემებიდან.
4 ასეთი პირობების ფონზე, ერთ-ერთმა პიროვნებამ თავისი სიტყვებით გამოთქვა ის, თუ რა სწამს მრავალ ადამიანს: „არ არსებობს სიცოცხლის აზრი. თუ ეს ბოროტება არსებობს, მაშინ სიცოცხლეს ფასი არა აქვს“. ერთმა მოხუცმა მამაკაცმა თქვა: „მე ხშირად ვკითხულობდი, თუ ჩემი სიცოცხლის უმეტესი ნაწილი რისთვის ვიცოცხლე. და თუ არსებობს სიცოცხლის აზრი, ეს ჩემთვის უკვე სულ ერთია“. რადგანაც უმრავლესობამ არ იცის, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას, მწუხარებით აღსავსე ქვეყნიერება უბიძგებს მათ, რომ არ ჰქონდეთ მომავლის არავითარი რეალური იმედი.
5. რატომ ჰმატებენ ქვეყნიური რელიგიები უფრო მეტ არეულობას სიცოცხლის აზრის შესახებ გამეფებულ დაბნეულობას?
5 თვით რელიგიურ ბელადებს შორისაც არსებობს აზრთა სხვაობა და გაურკვევლობა სიცოცხლის აზრის შესახებ. ლონდონის წმინდა პავლეს საკათედრო ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა თქვა: „მთელი ჩემი სიცოცხლე ვიბრძოდი იმისთვის, რომ გამეგო სიცოცხლის აზრი. . . მაგრამ მე დავმარცხდი“. სინამდვილეში, მრავალი მღვდელი ასწავლის, რომ სიკვდილის დროს კარგი ადამიანები ზეცაში მიდიან, ხოლო ცუდი ადამიანები — მარადიულ, ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. მაგრამ ეს თვალსაზრისი კიდევ ერთი მიზეზია, რომ დედამიწაზე კაცობრიობა კვლავ იტანჯება. ხოლო თუ ღმერთის განზრახვა იყო, რომ ზეცაში ჰყოლოდა ადამიანები, თავდაპირველადვე რატომ არ შექმნა ისინი ანგელოზებად, ზეციურ ქმნილებებად, ამგვარად, ხომ დაინდობდა ადამიანებს ტანჯვისგან? ასე რომ, ადამიანებში არსებობს გაურკვევლობა დედამიწაზე სიცოცხლის აზრის შესახებ; ან ისინი საერთოდ უარყოფენ, რომ სჯეროდეთ რაიმე სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით.
განზრახვების ღმერთი
6, 7. რას გვეუბნება ბიბლია სამყაროს სუვერენის შესახებ?
6 მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნი, წმიდა ბიბლია, მოგვითხრობს, რომ იეჰოვა, სამყაროს სუვერენი, არის განზრახვების ღმერთი. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღმერთს ჩაფიქრებული აქვს კაცობრიობისთვის ხანგრძლივი, ნამდვილად მარადიული განზრახვა. ხოლო როდესაც იეჰოვა განიზრახავს რაღაცას, აუცილებლად განახორციელებს. როგორც წვიმა აღმოაცენებს თესლს, ამბობს უფალი, „ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“ (ესაია 55:10, 11). რაც თქვა იეჰოვამ, ის განხორციელდება, ანუ „მოხდება“ (ესაია 14:24).
7 ჩვენ, ადამიანებს, უნდა გვქონდეს სრული რწმენა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი შეასრულებს თავის დანაპირებს იმიტომ, რომ ის ‘უტყუარია’ (ტიტე 1:2; ებრაელთა 6:18). როდესაც ღმერთი გვეუბნება, რომ გააკეთებს რაღაცას, მისი სიტყვა არის გარანტია, რომ აღთქმული განხორციელდება. ის უკვე შესრულებულის ტოლფასია. იეჰოვა ამბობს: „მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი. დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ. . . ვთქვი და დიაღაც მოვახდენ; დავსახე და დიაღაც გავაკეთებ“ (ესაია 46:9-11).
8. შეუძლიათ თუ არა იპოვონ ღმერთი იმ ადამიანებმა, რომლებიც გულწრფელად ეძებენ მას?
8 იეჰოვას „არ უნდა, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ, რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). ამ მიზეზით, იეჰოვას არ სურს, რომ ვინმე უმეცრებაში იყოს, ანუ არაფერი იცოდეს მის შესახებ. წინასწარმეტყველმა, სახელად ყაზარიამ, თქვა: „თუ ძებნას დაუწყებთ [ღმერთს], იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ“ (მეორე ნეშტთა 15:1, 2). მაშასადამე, ისინი, რომელთაც გულწრფელად სურთ იცნობდნენ ღმერთს და მის განზრახვებს, მიაღწევენ ამას, თუ მთელი ძალით შეეცდებიან მოძებნონ ღმერთი.
9, 10. ა) რა იყო შეთავაზებული მათთვის, რომლებსაც სურთ, რომ იცნობდნენ ღმერთს? ბ) რის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ ღმერთის სიტყვის გამოკვლევა?
9 მაგრამ სად უნდა ეძებონ? — მათთვის, ვინც ნამდვილად ეძებს ღმერთს, მან გაითვალისწინა თავისივე სიტყვა, ბიბლია. ღმერთმა, თავისი სულიწმიდის მეშვეობით, იმავე მოქმედი ძალით, რითაც შექმნა სამყარო, უხელმძღვანელა ერთგულ ადამიანებს, რომ დაეწერათ ყველაფერი, რაც კი ჩვენთვის აუცილებელია, რათა მისი განზრახვების შესახებ ვფლობდეთ შემეცნებას. მაგალითად, ბიბლიური წინასწარმეტყველების შესახებ პეტრე მოციქულმა თქვა: „წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ ამოქმედებულნი, წარმოთქვამდნენ მას ღმერთისაგან“ (2 პეტრე 1:21). მსგავსადვე განაცხადა პავლე მოციქულმა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღმერთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17; 1 თესალონიკელთა 2:13).
10 დაუკვირდი, ღმერთის სიტყვა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ არა ნაწილობრივ ან ნაკლოვნად, არამედ ‘სავსებით საკმარისად, სრულყოფილად განმზადებული’. ეს შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომ იყოს დარწმუნებული იმაში, თუ ვინ არის ღმერთი, რა არის მისი განზრახვები და რას მოითხოვს ის თავისი მსახურებისგან. ეს არის სწორედ ის ინფორმაცია, რასაც უნდა მოველოდეთ ბიბლიისგან, რომლის ავტორიც არის ღმერთი. ბიბლია არის ერთადერთი წყარო, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ ვეძიოთ ზუსტი შემეცნება ღმერთის შესახებ (იგავნი 2:1-5; იოანე 17:3). თუ ასე მოვიქცევით, აღარ ‘ვიქნებით ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით’ (ეფესელთა 4:13, 14). ფსალმუნმომღერალმა გამოთქვა სათანადო თვალსაზრისი: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი [ღმერთო] და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“ (ფსალმუნი 118:105).
მზარდად გამომჟღავნებული
11. როგორ ამცნო იეჰოვამ თავისი განზრახვები ადამიანებს?
11 ადამიანთა არსებობის დასაწყისშივე, განაცხადა იეჰოვამ თავისი განზრახვა დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით (დაბადება 1:26-30). როდესაც პირველმა წყვილმა უარყო ღმერთის მმართველობის უფლებრიობა, კაცობრიობა ჩავარდა სულიერ სიბნელესა და სიკვდილში (რომაელთა 5:12). მაგრამ იეჰოვამ იცოდა, რომ იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ექნებოდათ სურვილი, მისთვის ემსახურათ. ამიტომ, საუკუნეების მანძილზე, იეჰოვა მზარდად უმჟღავნებდა თავის განზრახვებს მის ერთგულ მსახურს. ასეთი პიროვნებათაგანი იყო ენოქი (დაბადება 5:24; იუდა 14, 15), ნოე (დაბადება 6:9, 13), აბრაამი (დაბადება 12:1-3), და მოსე (გამოსვლა 31:18; 34:27, 28). ღმერთის წინასწარმეტყველი ამოსი წერდა: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3:7; დანიელი 2:27, 28).
12. როგორ მოჰფინა უფრო მეტი ნათელი იესომ ღმერთის განზრახვებს?
12 ედემში მომხდარი აჯანყებიდან დაახლოებით 4 000 წლის გასვლის შემდეგ, როდესაც ღმერთის ძე, იესო ქრისტე იყო დედამიწაზე, იეჰოვას განზრახვების გაცილებით მეტი წვრილმანი იქნა გაცხადებული. ეს განსაკუთრებით შეეხებოდა ღმერთის ზეციური სამეფოს მმართველობას დედამიწაზე (დანიელი 2:44). იესო ქრისტეს ქადაგების მთავარი თემა ეს სამეფო იყო (მათე 4:17; 6:10). იესო და მისი მოწაფეები ასწავლიდნენ, რომ ამ სამეფოს მმართველობის დროს განხორციელდება ღმერთის თავდაპირველი განზრახვა. დედამიწა გადაიქცევა სამოთხედ, რომელიც დასახლებული იქნება სრულყოფილი ადამიანებით, რომლებიც მარადიულად იცხოვრებენ (ფსალმუნი 36:29; მათე 5:5; ლუკა 23:43; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:4). გარდა ამისა, იესო და მისი მოწაფეები ღმერთის გასაოცარი ძალის მეშვეობით უჩვენებდნენ ხალხს, თუ რა მოხდებოდა ახალ ქვეყნიერებაში (მათე 10:1, 8; 15:30, 31; იოანე 11:25-44).
13. კაცობრიობასთან ღმერთის ურთიერთობაში რა ცვლილებები მოხდა ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის მეერგასე დღეს?
13 ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის მეერგასე დღეს, იესოს სიკვდილიდან 50 დღის გასვლის შემდეგ, ღმერთის სული გადმოეფრქვია ქრისტეს მიმდევრების კრებას. ამის შემდეგ, ორგული ისრაელის ნაცვლად ქრისტეს მიმდევრები გახდნენ იეჰოვას მოკავშირე ხალხი (მათე 21:43; 27:51; საქმე 2:1-4). სულიწმიდის გადმოფრქვევა ამ შემთხვევაში იყო იმის მტკიცება, რომ ღმერთი თავისი განზრახვების შესახებ ჭეშმარიტებას განაცხადებდა ამ ახალი ორგანიზაციის მეშვეობით (ეფესელთა 3:10). ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში დაფუძნებული იქნა ქრისტიანთა კრების ორგანიზებული სტრუქტურა (1 კორინთელთა 12:27-31; ეფესელთა 4:11, 12).
14. როგორ შეუძლიათ ჭეშმარიტების მაძიებლებს ამოიცნონ ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრება?
14 დღეს ჭეშმარიტების მაძიებლებს შეუძლიათ, განარჩიონ ჭეშმარიტი ქრისტიანული კრება, კრების წევრების მიერ ღმერთის ძირითადი თვისების, სიყვარულის გამოვლინებით (1 იოანე 4:8, 16). ნამდვილად, ძმური სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშან-თვისებაა. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“. „ესაა ჩემი მცნება: რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (იოანე 13:35; 15:12). იესო შეახსენებდა თავის მსმენელებს: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:14). ასე რომ, ღმერთის ჭეშმარიტი მსახურები არიან ისინი, რომლებიც ცხოვრობენ სიყვარულის კანონის თანახმად. ისინი მხოლოდ საუბრის დროს არ იხსენიებენ სიყვარულს, რადგან ‘რწმენა მკვდარია საქმეთა გარეშე’ (იაკობი 2:26).
განათლებულობა
15. რაში შეუძლიათ ღმერთის მსახურებს, რომ იყვნენ დარწმუნებულნი?
15 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ დროთა განმავლობაში ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრება უფრო და უფრო განათლდებოდა ღმერთის განზრახვების შესახებ. მან აღუთქვა თავის მიმდევრებს: „ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით წარმოგზავნის მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“ (იოანე 14:26). მან ასევე თქვა: „აი, მე თქვენთან ვარ ყველა დღეს წუთისოფლის აღსასრულამდე“ (მათე 28:20). ამგვარად, განათლება ღმერთისა და მისი განზრახვების ჭეშმარიტების შესახებ იზრდება ღმერთის მსახურთა შორის. დიახ, „მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე“ (იგავნი 4:18).
16. თუ გავითვალისწინებთ ღმერთის განზრახვას რა შეიძლება დაგვანახოს ჩვენმა სულიერმა განათლებამ იმის შესახებ, თუ დროის რომელ პერიოდში ვცხოვრობთ?
16 დღეს სულიერი სინათლე უფრო ანათებს, ვიდრე წარსულში, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდში, როდესაც ბიბლიის მრავალი წინასწარმეტყველება სრულდება ან ძალიან მალე შესრულდება. ეს კი ცხადყოფს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ ბოროტი სისტემის „უკანასკნელ დღეებში“. ეს არის პერიოდი, რომელსაც ეწოდება ‘წუთისოფლის აღსასრული’, რომლის შემდეგაც იქნება ღმერთის ახალი ქვეყნიერება (2 ტიმოთე 3:1-5, 13; მათე 24:3-13). დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთის ზეციური სამეფო ძალიან მალე „შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
17, 18. რა დიდებული წინასწარმეტყველებები ხორციელდება ახლა?
17 იმ წინასწარმეტყველებათა შორის, რომლებიც ამჟამად სრულდება, ერთ-ერთი მათეს 24-ე თავის მე-14 მუხლში ჩაწერილი სიტყვებია: „ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს დასამოწმებლად. და მაშინ მოვა აღსასრული“. მთელ მსოფლიოში სასუფევლის შესახებ ქადაგებს იეჰოვას მილიონობით მოწმე. ყოველწლიურად მათ უერთდება ასიათასობით ადამიანი. ამას ეთანხმება ესაიას 2:2, 3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომ ამ ბოროტი სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ უამრავი ეროვნების ადამიანი მივა იეჰოვასთან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის და ის ‘ასწავლის თავის გზებს და მისი ბილიკებით ივლიან’.
18 ახლად მოსულები, რომლებიც იკრიბებიან, რომ თაყვანი სცენ იეჰოვას, ჰგვანან ‘ღრუბელს’, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას მე-60 თავის მე-8 მუხლში. 22-ე მუხლი უმატებს: „მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი — ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“. როგორც მტკიცებები გვიჩვენებს, ეს დრო, არის სწორედ ახლა. ეს ახლად მოსულები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ თუ გაერთიანდებიან იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში, ურთიერთობა ექნებათ ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრებასთან.
19. რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ ახლადმოსულები, რომლებიც უკავშირდებიან იეჰოვას მოწმეებს, უერთდებიან ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრებას?
19 რატომ შეგვიძლია ვთქვათ ეს ასე მტკიცედ? იმიტომ, რომ ამ ახლადმოსულებმა, იეჰოვას ორგანიზაციაში სხვა მილიონობით ახლადმოსულთან ერთად, სიცოცხლე მიუძღვნეს ღმერთს და ასრულებენ მის ნებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ცხოვრობენ ღვთაებრივი სიყვარულის კანონის თანახმად. ამის ერთ-ერთი მტკიცებაა ის, რომ ამ ქრისტიანებმა ‘მახვილებისაგან სახნისები გამოჭედეს და შუბებისაგან — ნამგლები და აღარავინ სწავლობს ომს’ (ესაია 2:4). იეჰოვას ყველა მოწმე მთელ მსოფლიოში ამ სიტყვების თანახმად მოქმედებს, იმიტომ, რომ ისინი საქმით ავლენენ სიყვარულს. ეს ნიშნავს, რომ ისინი არასოდეს აიღებენ საომარ იარაღს ერთმანეთის ან სხვების წინააღმდეგ. ეს უჩვეულოა — ისინი არ ჰგვანან ქვეყნიერების რელიგიებს (იოანე 13:34, 35; 1 იოანე 3:10-12, 15). ისინი არ ერევიან ნაციონალიზმში, რომელიც ადამიანთა შორის იწვევს განხეთქილებებს, რადგან ისინი წარმოადგენენ მსოფლიო ძმობას და გაერთიანებულნი არიან სიყვარულით „რომელიც სრულქმნილობის ერთობლიობაა“ (კოლასელთა 3:14; მათე 23:8; 1 იოანე 4:20, 21).
უმეტესობამ არჩია, რომ არ იცოდეს
20, 21. რატომ იმყოფება კაცობრიობის დიდი უმრავლესობა სულიერ სიბნელეში? (2 კორინთელთა 4:4; 1 იოანე 5:19).
20 იმ დროს, როდესაც სულიერი სინათლე ანათებს ღმერთის მსახურთა შორის, დედამიწის მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი მიექანება სულიერი სიბნელისაკენ. ისინი არ სცნობენ იეჰოვას და არც მის განზრახვებს. ღმერთის წინასწარმეტყველმა აღწერა ეს დრო, როდესაც თქვა: „აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს“ (ესაია 60:2). ეს იმიტომ არის ასე, რომ ხალხი არ ამჟღავნებს ღმერთის შესახებ სწავლის მიმართ გულწრფელ ინტერესს, არც სურვილს, რომ ასიამოვნონ ღმერთს. იესომ თქვა: „სასამართლო კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა ქვეყნიერებაზე და ადამიანებმა სინათლეზე მეტად შეიყვარეს სიბნელე, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს სინათლე და არ მიდის სინათლესთან, რომ არ იქნეს მხილებული მისი საქმენი“ (იოანე 3:19, 20).
21 ასეთი ცალკეული პიროვნებები წრფელი გულით არ არიან დაინტერესებული, რომ შეიცნონ ღმერთის ნება. ნაცვლად ამისა, მათი ცხოვრება კონცენტრირებულია იმაზე, რომ შეასრულონ საკუთარი ნება. იმით, რომ უარყოფენ ღმერთის ნებას, საკუთარ თავს აყენებენ საშიშ მდგომარეობაში, ვინაიდან ღმერთის სიტყვა ამბობს: „ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა“ (იგავნი 28:9). ისინი მოიმკიან თავიანთი ამორჩეული კურსის შედეგს. პავლე მოციქული წერდა: „ნუ მოტყუვდებით, ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, კაცი რასაც დათესავს, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:7).
22. რას აკეთებს უმრავლესობა, რომელთაც სურთ, რომ იცნობდნენ ღმერთს?
22 მაგრამ, არსებობს უამრავი ხალხი, რომელთაც სურთ, შეიცნონ ღმერთის ნება; ისინი გულწრფელად ეძებენ და უახლოვდებიან მას. „მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ თქვენ“, — ამბობს იაკობის 4:8. ასეთი ადამიანების შესახებ იესომ თქვა: „ჭეშმარიტების მქნელი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმენი, ღმერთში რომ არიან ქმნილნი“ (იოანე 3:21). და რაოდენ საოცარი მომავალი განიზრახა ღმერთმა მათთვის, ვინც მიდის სინათლესთან! შემდგომ სტატიაში განხილული იქნება ამაღელვებელი პერსპექტივები.
როგორ უპასუხებდი?
◻ რას ამბობს უმრავლესობა სიცოცხლის აზრის შესახებ?
◻ როგორ აჩვენა იეჰოვამ, რომ არის განზრახვების ღმერთი?
◻ რა დიდებულ განათლებას ჰქონდა ადგილი ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში?
◻ როგორ შეიძლება, დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანული კრების ამოცნობა?