სასარგებლო მოძღვრება ჩვენს კრიტიკულ დროში
„ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი . . . ბოროტი ადამიანები და მატყუარები კი წინ წაიწევენ ბოროტებაში; აცდენენ და ცდებიან“ (2 ტიმოთე 3:1, 13).
1, 2. რატომ უნდა გვაინტერესებდეს, თუ რომელ მოძღვრებებს მივყვებით?
დახმარებას გიწევენ თუ ზიანს გაყენებენ? შენს პრობლემებს აგვარებენ თუ აუარესებენ? რა? — მოძღვრებები. დიახ, მოძღვრებებს შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს შენს ცხოვრებაზე ან კარგისკენ, ან ცუდისკენ.
2 სამმა მეცნიერმა თანამშრომელმა, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, გამოიკვლია ეს საკითხი და თავიანთი აღმოჩენები წარმოადგინა „რელიგიის მეცნიერული კვლევის ჟურნალში“ (ინგლ.). მართალია, მათ არ ძალუძთ შეგისწავლონ შენ ან შენი ცხოვრება. მაგრამ ის, რაც მათ აღმოაჩინეს, ცხადყოფს, რომ არსებობს გარკვეული კავშირი მოძღვრებებსა და პიროვნების მიერ ჩვენს კრიტიკულ დროსთან წარმატებით თუ წარუმატებლად გამკლავებას შორის. შემდგომ სტატიაში ჩვენ შევეხებით მათ აღმოჩენებს.
3, 4. რომელია ზოგიერთი ფაქტი, რომელიც ცხადყოფს, რომ კრიტიკულ დრო-ჟამში ვცხოვრობთ?
3 უპირველეს ყოვლისა, დაუფიქრდი ამ კითხვას: ეთანხმები იმას, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ისეთ დროში, რომლის გამკლავებაც ძნელია? თუ დიახ, მაშინ უსათუოდ დაინახავდი იმ ფაქტების მტკიცებას, რომ ეს არის „საზარელი ჟამი [„კრიტიკული დრო, რომლის გამკლავებაც ძნელია“, აქ]“ (2 ტიმოთე 3:1–5). ადამიანები ექვემდებარებიან სხვადასხვა ზეგავლენას. მაგალითად, შენთვის, შესაძლოა, ცნობილია ქვეყნები, რომლებიც ახლაც კი ქუცმაცდება, იმიტომ რომ სხვადასხვა ფრაქციები იბრძვიან პოლიტიკური დომინირებისთვის. კიდევ სადღაც ხოცვა-ჟლეტაა რელიგიური თუ ეთნიკური სხვაობების საფუძველზე. მხოლოდ მებრძოლნი როდი ზიანდებიან. იფიქრე ურიცხვ ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც სასტიკად ექცევიან ან მოხუცებულებზე, რომლებიც მოკლებულნი არიან საკვებს, სითბოს და თავშესაფარს. მრავალი ადამიანი ძლიერ იტანჯება, რაც იწვევს ლტოლვილთა დიდ რაოდენობას და ამასთან დაკავშირებულ გაჭირვებას.
4 ჩვენი დრო, ასევე, აღინიშნება ეკონომიკური პრობლემებით, რის შედეგიცაა: ქარხნების დახურვა, უმუშევრობა, დახმარებისა და პენსიების დაკარგვა, ფულის გაუფასურება და საკვების შემცირება. შეგიძლია რამე დაუმატო პრობლემათა ამ სიას? — შესაძლოა. დედამიწის ზურგზე მილიონობით სხვა ადამიანი იტანჯება სურსათის უკმარისობისა და დაავადებებისაგან. ალბათ, შენ გინახავს შემზარავი ფოტოსურათები აღმოსავლეთ აფრიკიდან, რომლებზეც აღბეჭდილნი არიან დაუძლურებული მამაკაცები, ქალები და ბავშვები. მილიონობით ადამიანი აზიაში ამგვარადვე იტანჯება.
5, 6. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ავადმყოფობაც ჩვენი კრიტიკული დრო-ჟამის დაუძლეველი ასპექტია?
5 ჩვენ ყველას გვსმენია შემაძრწუნებელი დაავადებების შესახებ, რომლებიც ახლა ვრცელდება. „ნიუ-იორკ ტაიმს“-ი (ინგლ.), 1993 წლის 25 იანვრის გამოცემა, იუწყებოდა: „ლათინურ ამერიკაში, შიდს-ის ეპიდემია, რომელიც პროგრესირებს სექსუალური თავაშვებულობის, თვალთმაქცობისა და დამცველი ზომების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების შედეგად, მალე გადააჭარბებს ამ ეპიდემიას შეერთებულ შტატებში . . . მატების დიდი ნაწილი გამოწვეულია მზარდი ინფიცირებით, რომელიც დადგენილია . . . ქალებს შორის.“ „იუ.ეს. ნიუს ენდ ვორლდ რიპორტ“-ი 1992 წლის ოქტომბერს იტყობინებოდა: „ეს სულ რაღაც ორი ათწლეულის წინათ იყო, როდესაც შეერთებული შტატების სამედიცინო სამმართველოს უფროსმა, ჯანმრთელობის დაცვის უდიდეს გამარჯვებათაგან ერთ-ერთის მილოცვისას, განაცხადა, რომ ახლა ‘ინფექციური დაავადებების წიგნის დახურვის’ დროა“. რა შეიძლება ითქვას დღევანდელი ვითარების შესახებ? — „საავადმყოფოები ისევ სავსეა უბედურებების მსხვერპლით, უბედურებებისა, რომელთა შესახებაც ვარაუდობდნენ, რომ დამარცხებული იყო . . . მიკრობები ისე სწრაფად იცვლიან გენეტიკურ კოდს, რომ წინ უსწრებენ ახალი ანტიბიოტიკების გამოგონებას. . . . ‘ჩვენ შევდივართ ინფექციური დაავადებების ახალ ერაში’“
6 მაგალითად: 1993 წლის 11 იანვრის „ნიუსუიკ“-ი (ინგლ.) იუწყებოდა: „როგორც გამოთვლილი იყო მალარიის პარაზიტები ყოველწლიურად აზიანებენ, 270 მილიონ და კლავენ 2 მილიონამდე ადამიანს. . . ასევე იწვევენ დაავადებების გამწვავების, სულ მცირე, 100 მილიონ შემთხვევას. . . ამავე დროს, დაავადება უფრო გამძლე ხდება აქამდე გამოყენებული სამკურნალწამლო საშუალებების მიმართ. . . ზოგიერთი სახეობა მალე შეიძლება უკურნებელი გახდეს.“ რა საზარელი მდგომარეობაა.
7. როგორ რეაგირებს მრავალი ადამიანი დღევანდელ მძიმე დრო-ჟამზე?
7 შენ შეგიძლია შენიშნო, რომ თავისი პრობლემების გადასაწყვეტად ამ კრიტიკულ დროში, რომლის გამკლავებაც ძნელია, მრავალი ადამიანი გამოსავალს ეძებს. იფიქრე მათ შესახებ, ვინც წიგნებს მიმართავს სტრესისა და რომელიმე ახალი დაავადების გამკლავების მიზნით. სხვები სასოწარკვეთილებით ეძებენ რჩევებს ქორწინების რღვევის, ბავშვებზე ზრუნვის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ან სამსახურის მოთხოვნებსა და ოჯახში ზეწოლის გაწონასწორების შესახებ. დიახ, ეს ადამიანები ნამდვილად საჭიროებენ შველას! პირად პრობლემებს ებრძვი თუ სიძნელეებით ხარ შეწუხებული, რომლებიც გამოწვეულია ომით, შიმშილით ან უბედურებით? თუ რთული პრობლემა გადაუწყვეტელი გეჩვენება, საფუძველი გაქვს დასვა კითხვა: რატომ მივედით ასეთ კრიტიკულ მდგომარეობამდე?
8. რატომ უნდა მივმართოთ ბიბლიას გაგებისა და ხელმძღვანელობის მისაღებად?
8 მანამ, სანამ შევძლებდეთ ეფექტურად გავუმკლავდეთ ყოველივეს და ცხოვრებაში კმაყოფილება ვპოვოთ, ახლაც და მომავალშიც, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რატომ ვართ ასეთ კრიტიკულ პერიოდში. გულახდილად რომ ვთქვათ, ეს თითოეულ ჩვენგანს საფუძველს უქმნის იმისათვის, რომ ყურადღება მივაქციოთ ბიბლიას. რატომ მივუთითებთ ბიბლიაზე? იმიტომ, რომ მხოლოდ ის შეიცავს ზუსტ წინასწარმეტყველებას, წინასწარ დაწერილ ისტორიას, რომელიც გვიჩვენებს ჩვენს გარშემო არსებული ვითარების მიზეზს, თუ სად ვართ და საითკენ მივდივართ.
გაკვეთილი ისტორიიდან
9, 10. როგორ შესრულდა პირველ საუკუნეში მათეს 24-ე თავში მოცემული იესოს წინასწარმეტყველება?
9 „საგუშაგო კოშკში“ (1994 წლის 1 აგვისტოს გამოცემა) განხილული იყო მათეს 24-ე თავში ჩაწერილი, იესოს ნათელი, საყურადღებო წინასწარმეტყველება. თუ გადაშლი შენს ბიბლიას ამ თავზე, მე-3 მუხლში იხილავ, რომ მოციქულები ეკითხებოდნენ იესოს მისი მომავალი თანდასწრებისა და სისტემის აღსასრულის ნიშნის თაობაზე. შემდეგ, მე-5-დან მე-14 მუხლის ჩათვლით, იესომ იწინასწარმეტყველა ცრუ ქრისტეებსა და ომებზე, სურსათის უკმარისობასა და ქრისტიანთა დევნაზე, უსჯულოებასა და ღმერთის სამეფოს შესახებ საყოველთაო ქადაგებაზე.
10 ისტორიამ ცხადყო, რომ ყოველივე ეს შესრულდა იუდეველთა სისტემის აღსასრულის დროს. მაშინ რომ გეცხოვრა, ნუთუ ის დღეები მძიმე არ იქნებოდა? მაგრამ, ყველაფერი კულმინაციურ წერტილს, იერუსალიმისა და იუდეველთა სისტემის განუმეორებელ ჭირს უახლოვდებოდა. მე-15 მუხლში ჩვენ ვკითხულობთ, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც რომაელებმა ჩვენი წელთაღრიცხვით 66 წელს შეუტიეს იერუსალიმს. იმ მოვლენებმა კულმინაციურ წერტილს მიაღწია იესოს მიერ 21-ე მუხლში მოხსენებული ჭირის პერიოდში, ჩვენი წელთაღრიცხვით 70 წელს, იერუსალიმის დანგრევისას, საშინელი ჭირის დროს, რომლის მსგავსი არასდროს დასტეხია ქალაქს. თუმცა, შენ იცი, რომ ამით არც ისტორია დასრულებულა და არც იესოს უთქვამს, რომ ყველაფერი ამით დამთავრდებოდა. იესომ 23–28-ე მუხლებში გვიჩვენა, რომ სხვა მოვლენები მოხდებოდა ჩვენი წელთაღრიცხვით 70 წელს მომხდარი ჭირის შემდგომ.
11. როგორ უკავშირდება ჩვენს დროს მათეს 24-ე თავის შესრულება პირველ საუკუნეში?
11 დღეს ზოგიერთი შეიძლება მიდრეკილია, უარყოს ასეთი ცნობები წარსულიდან და თქვას: „მერე რა?“. ეს კი შეცდომა იქნებოდა. წარსულში წინასწარმეტყველებების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რატომ? იუდეველთა სისტემის აღსასრულის განმავლობაში მომხდარ ომებს, შიმშილს, მიწისძვრებს, უბედურებებსა და დევნას უნდა აერეკლა უდიდესი აღსრულება, 1914 წელს დასრულებულ ‘წარმართთა დროის’ შემდეგ (ლუკა 21:24). მრავალი დღეს მცხოვრები ადამიანი პირველი მსოფლიო ომის თვითმხილველი იყო, რომლითაც დაიწყო წინასწარმეტყველების თანამედროვე შესრულება. მაგრამ, თუ 1914 წლის შემდეგ ხარ დაბადებული, იესოს წინასწარმეტყველების შესრულების მოწმე ხარ. მეოცე საუკუნის მოვლენები უდავოდ ცხადყოფს, რომ ახლა ვცხოვრობთ თანამედროვე ბოროტი სისტემის აღსასრულის პერიოდში.
12. იესოს სიტყვების თანახმად კიდევ რის ხილვას შეგვიძლია მოველოდეთ?
12 ეს ნიშნავს, რომ მათეს 24:29-ში მოხსენიებული ‘ჭირი’ ძალიან ახლოსაა. მას მოჰყვება ციური მოვლენები, რომლებიც შეიძლება წარმოუდგენელი იყოს. მუხლი 30-ე გვიჩვენებს, რომ ხალხი მაშინ იხილავს განსხვავებულ ნიშანს, რომელიც იმის ერთ-ერთი მტკიცება იქნება, რომ ახლოსაა განადგურება. პარალელური ჩანაწერის, ლუკას 21:25–28-ის თანახმად, იმ მომავალ დღეებში „ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მომავალთა მოლოდინით“. ასევე, ლუკას ცნობა ამბობს, რომ ქრისტიანებმა მაშინ უნდა ასწიონ თავი, რადგანაც მათი ხსნა ძალიან ახლოს იქნება.
13. რომელი ორი საკითხია ჩვენთვის საყურადღებო?
13 „ეს ყველაფერი კარგია, — შესაძლოა თქვა შენ, — მაგრამ საკითხი, რის შესახებაც ვფიქრობდი, იმას ეხება, თუ როგორ შემიძლია გავიგო და შევხვდე ჩვენს მძიმე დრო-ჟამს“. მართალია, ჩვენი პირველი საკითხია: ამოვიცნოთ მთავარი პრობლემები და დავინახოთ, თუ როგორ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ მათ. ამას უკავშირდება მეორე საკითხიც: როგორ შეუძლია ბიბლიის მოძღვრებებს დაგვეხმაროს, შევხაროდეთ უკეთეს ცხოვრებას დღეს. ამასთან დაკავშირებით, გადაშალე ბიბლია 2 ტიმოთეს მე-3 თავზე და ნახე, თუ როგორ შეუძლია პავლე მოციქულის სიტყვებს დაგეხმაროს საზარელი ჟამის გამკლავებაში.
წინასწარმეტყველება ჩვენი დროის შესახებ
14. რატომ არსებობს მიზეზი, გვჯეროდეს, რომ 2 ტიმოთეს 3:1–5-ის განხილვა სასარგებლოა ჩვენთვის?
14 ღმერთმა შთააგონა პავლე, მიეწერა ერთგული ქრისტიანი ტიმოთესთვის შესანიშნავი რჩევა, რომელიც დაეხმარა მას, გაეწია უფრო წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება. პავლეს ამ წერილის ნაწილი ძირითადად ჩვენს დროში უნდა შესრულდეს. თუ კიდეც ფიქრობ, რომ შენთვის ცნობილია ეს წინასწარმეტყველებანი, მაინც ყურადღებით განიხილე 2 ტიმოთეს 3:1–5-ში ჩაწერილი სიტყვები. პავლე წერდა: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი, არამოყვარულნი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი. გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო გულისთქმის ამყოლნი, ვიდრე ღმერთის მოყვარენი, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ“.
15. რატომ უნდა იყოს 2 ტიმოთეს 3:1 განსაკუთრებულად საინტერესო ჩვენთვის?
15 შენიშნე, გეთაყვა, რომ ჩამოთვლილი იყო ცხრამეტი რამ. ვიდრე გამოვიკვლევდეთ და მათგან სარგებელს მივიღებდეთ, ისევ გადავავლოთ მათ თვალი. ნახე პირველი მუხლი. პავლე წინასწარმეტყველებდა: „უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი“. რომელ „უკანასკნელ დღეებში“? უკანასკნელი დღეები მრავალი იყო: ძველი პომპეის უკანასკნელი დღეები ან მეფეების, ანუ სამეფო დინასტიების უკანასკნელი დღეები. ბიბლიაც მოიხსენიებს უკანასკნელი დღეების რამდენიმე შემთხვევას, მაგალითად, იუდეველთა სისტემის უკანასკნელი დღეები (საქმე 2:16, 17). მაგრამ იესომ საფუძველი ჩაუყარა იმას, რათა გაგვეგო, რომ პავლეს მიერ მოხსენიებული ‘უკანასკნელი დღეები’ ჩვენს დროს ეხება.
16. როგორი მდგომარეობა იწინასწარმეტყველა ჩვენი დღეებისთვის იგავმა ხორბლისა და ღვარძლის შესახებ?
16 იესომ ამაზე მიუთითა იგავით ხორბლისა და ღვარძლის შესახებ. ორივე დათესილი იყო მინდორში და გასაზრდელად მიშვებული. იესომ თქვა, რომ ხორბალი და ღვარძლი წარმოადგენს ხალხს — ჭეშმარიტ და ცრუ ქრისტიანებს. ჩვენ მოგვყავს ეს იგავი, რადგანაც აქედან გამომდინარეობს, რომ დროის ხანგრძლივი პერიოდი უნდა გასულიყო მთლიანი ბოროტი სისტემის აღსასრულის დადგომამდე. როდესაც აღსასრული დადგებოდა, რაღაცა სრული აყვავების ხანაში იქნებოდა. რა? განდგომილება, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან გასვლა, რასაც შედეგად ბოროტების არნახული მოსავალი მოჰყვებოდა. ბიბლიის სხვა წინასწარმეტყველებანი გვარწმუნებენ, რომ ეს მოვლენა მოხდებოდა ბოროტი სისტემის უკანასკნელ დღეებში. ესეც იმის პასუხი, თუ სად ვართ — ამ სისტემის აღსასრულის პერიოდში (მათე 13:24–30, 36–43).
17. რომელ პარალელურ ინფორმაციას გვაძლევს 2 ტიმოთეს 3:1–5 ამ სისტემის აღსასრულის თაობაზე?
17 თუ გესმის ამის მნიშვნელობა? მეორე ტიმოთეს 3:1–5 გვაძლევს პარალელურ მითითებას, რომ ამ სისტემის აღსასრულის — უკანასკნელი დღეების დროს, ქრისტიანების ირგვლივ ნაყოფები ცუდი იქნებოდა. პავლე არ ამბობდა, რომ ჩამოთვლილი ცხრამეტი დამახასიათებელი ნიშანი უკანასკნელი დღეების დადგომის ძირითადი დამამტკიცებელი საშუალება იქნებოდა. პირიქით, პავლე გვაფრთხილებდა, თუ რის შესახებ მოგვიწევდა ბრძოლა უკანასკნელი დღეების განმავლობაში. პირველი მუხლი ლაპარაკობს ‘კრიტიკული დროის შესახებ, რომლის გამკლავებაც ძნელია’ (აქ). ეს გამოთქმა აღებულია ბერძნული ენიდან და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ულმობელი დანიშნული ჟამი“ („კინგდომ ინტერლინიერ“ [ინგლ.]). ნუთუ არ ეთანხმები, რომ სიტყვა „ულმობელი“ სათანადოდ აღწერს იმას, რასაც დღეს ვხედავთ? ეს ინსპირირებული ტექსტი გრძელდება იმით, რომ გვაძლევს ჩვენი დღეების ღვთაებრივ გაგებას.
18. რაზე უნდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება იმ დროს, როდესაც ვიკვლევთ პავლეს წინასწარმეტყველურ სიტყვებს?
18 ამ წინასწარმეტყველების მიმართ ჩვენმა ინტერესმა ნება უნდა დაგვრთოს, გამოვარკვიოთ ტრაგიკული მაგალითები იმისა, თუ რაოდენ კრიტიკული, ანუ ულმობელია ჩვენი დრო. გაიხსენე ჩვენი ორი მთავარი საკითხი: 1) გამოვარკვიოთ პრობლემები, რომლებიც ამძიმებენ ჩვენს დროს და მოვძებნოთ საშუალება, რომ თავი დავაღწიოთ მათ; 2) მივყვეთ მოძღვრებებს, რომლებიც ნამდვილად პრაქტიკულია და შეუძლია დაგვეხმაროს, შევხაროდეთ უკეთეს ცხოვრებას. იმის მაგიერ, რომ ნეგატიურ მოვლენებს მივანიჭოთ მნიშვნელობა, ყურადღება გავამახვილოთ მოძღვრებებზე, რომელთაც შეუძლიათ დაგვეხმარონ ჩვენ და ჩვენს ოჯახებს ამ საზარელ ჟამს, რომლის გამკლავებაც ძნელია.
მოიმკე მდიდარი სარგებელი
19. რომელი შემთხვევები იცი იმისა, რომ ადამიანები თავმოყვარენი არიან?
19 პავლე თავის ჩამოთვლას იწყებს წინასწარმეტყველებით, რომ უკანასკნელ დღეებში „ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი“ (2 ტიმოთე 3:2). რას გულისხმობდა იგი ამით? შენ მართალი იქნებოდი, თუ იტყოდი, რომ ისტორიის განმავლობაში იყვნენ პატივმოყვარე, პირადი გამორჩენის მაძიებელი მამაკაცები და ქალები. ეჭვს არ ექვემდებარება, რომ ეს მანკი დღეს უჩვეულოდ გავრცელებულია. ეს თვისება ჭარბადაა მრავალ ადამიანში. იგი თითქმის ქცევის ნორმაა პოლიტიკურ და კომერციულ სამყაროში. მამაკაცები და ქალები ყოველგვარ ღონეს ხმარობენ, რომ მიაღწიონ ძალაუფლებასა და რეპუტაციას. ჩვეულებრივ ეს სხვების ხარჯზე ხდება, ვინაიდან ასეთი თავმოყვარე ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რა ზიანს აყენებენ სხვა ადამიანებს. ისინი მზად არიან სასამართლოში უჩივლონ ან მოატყუონ სხვები. ამიტომ შენ, ალბათ, ხვდები თუ რატომ უწოდებს მრავალი ამას „ეგოისტთა თაობას“. პატივმოყვარე და ეგოცენტრული ადამიანები მრავლად არიან.
20. რამდენად საპირისპიროა ბიბლიის რჩევა თავმოყვარეობის გაბატონებულ სულთან?
20 ჩვენ არ ვსაჭიროებთ იმ მტკივნეული მოვლენების შეხსენებას, რაც განგვიცდია ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ‘თავმოყვარენი’ არიან. მაინც მართალია ის, რომ ბიბლია გვეხმარება ამ პრობლემის მიუკერძოებელი გამორკვევის მეშვეობით, რადგანაც ის გვასწავლის, თუ როგორ მოვერიდოთ ამ მახეს. აი, რას ამბობს ბიბლია: „არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეულმა მარტო თავის თავზე კი არ იზრუნოს, არამედ სხვებზეც“. „თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად“. ამ შესანიშნავ რჩევებს ნახავ ფილიპელთა 2:3, 4-სა და რომაელთა 12:3-ში.
21, 22. ა) რომელი თვალსაჩინო მტკიცებები არსებობს, რომ ასეთი რჩევა დღეს შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს? ბ) როგორი ზემოქმედება მოახდინა ღმერთის რჩევამ ჩვეულებრივ ადამიანებზე?
21 ვინმემ, შესაძლოა, პროტესტი გამოთქვას: „ეს კარგად კი ჟღერს, მაგრამ არაპრაქტიკულია“. მაგრამ, პირიქით! ამ რჩევების გამოყენებას, ჩვეულებრივ ადამიანებში, შეიძლება წარმატებები მოჰყვეს და მოჰყვა კიდეც. ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 1990 წელს გამოაქვეყნა „სექტანტობის ოდენობა საზოგადოებაში“ (ინგლ.). მერვე თავში, სათაურით, „იეჰოვას მოწმეები კათოლიკურ ქვეყანაში“, აღწერილი იყო გამოკვლევა, რომელიც ბელგიაში ჩატარდა. ჩვენ ვკითხულობთ: „მოწმისათვის დამახასიათებელი მიმზიდველობის განხილვისას, თავად ‘ჭეშმარიტების’ მომხიბვლელობის ჩაუთვლელად, გამოკითხულები ზოგჯერ ერთზე მეტ თვისებას აღნიშნავდნენ. . . . სითბო, გულითადობა, სიყვარული და ერთობა ყველაზე ხშირად აღნიშნული თვისებები იყო, მაგრამ პატიოსნება და პირადი ქცევა ‘ბიბლიის პრინციპებთან შეთანხმებით’ ასევე, ის თვისებები იყო, რომლებსაც მოწმეები დიდად აფასებენ“.
22 ჩვენ შეგვიძლია ეს განხილვა შევადაროთ სურათს, რომელიც გადაღებულია ანამორფოტული ობიექტივით; მაგრამ თუ გამოიყენებდი ცვლადი ფოკუსური მანძილის მქონე ობიექტივს, ანუ ტელეობიექტივს, შეგეძლო რეალური ცხოვრებიდან ბევრი შემთხვევა ახლო მანძილიდან დაგენახა. იქ იქნებოდა მამაკაცების შემთხვევები, რომლებიც ამპარტავანნი, მბრძანებლურნი ან აშკარად ეგოისტურნი იყვნენ, ახლა კი ისინი თვინიერნი არიან და ისეთი ქმრები და მამები გახდნენ, რომლებიც უფრო მეტად ავლენენ ნაზ სიყვარულსა და სიკეთეს თავიანთი მეუღლეების, ბავშვებისა და სხვა ადამიანების მიმართ. იქ ნახავდი, ასევე, ქალების შემთხვევებს, რომლებიც დესპოტურნი და უგულონი იყვნენ, ახლა კი ისინი სხვებს ეხმარებიან, რომ შეიცნონ ნამდვილი ქრისტიანობა. ამის ასობით ათასი მაგალითი არსებობს. ახლა კი, გეთაყვა, გულახდილი იყავი. ნუთუ უკეთესი არ იქნებოდა, ყოფილიყავი ასეთ ადამიანებს შორის, ვიდრე ყოველთვის გიპირისპირდებოდნენ მამაკაცები და ქალები, რომელთაც უპირველესად და უმთავრესად საკუთარი თავი უყვართ? ნუთუ ეს უფრო არ გააადვილებდა ჩვენი კრიტიკული დრო-ჟამის გამკლავებას? მაშასადამე, რატომაც არ უნდა მიჰყვე ისეთ ბიბლიურ მოძღვრებებს, რომლებიც უფრო გაგაბედნიერებდნენ?
23. რატომ ექნება იმას აზრი, რომ გავაგრძელოთ 2 ტიმოთეს 3:2–5-ის ყურადღებიანი განხილვა?
23 თუმცა ჩვენ განვიხილეთ მხოლოდ პირველი თვისება პავლეს მიერ ჩამოწერილ სიაში 2 ტიმოთეს 3:2–5-დან. რა შეიძლება ითქვას დანარჩენზე? დაგეხმარება თუ არა, ასევე, მათი ყურადღებიანი განხილვა, რომ გამოარკვიო ჩვენი დროის ძირითადი პრობლემები, თავი დააღწიო მათ და შეძლო გაიგო, თუ როგორი მოქმედება მოგიტანს შენ და შენს საყვარელ ადამიანებს უდიდეს ბედნიერებას? მომდევნო სტატია დაგეხმარება იმაში, რომ უპასუხო ამ კითხვებს და მიიღო უხვი კურთხევა.
გასახსენებელი საკითხები
◻ რომელია ზოგიერთი მოვლენა, რომელიც ცხადყოფს, რომ კრიტიკულ დრო-ჟამში ვცხოვრობთ?
◻ რატომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ჩვენ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ?
◻ რომელი ორი მთავარი საკითხი შეგვიძლია გამოვყოთ 2 ტიმოთეს 3:1–5-ის გარჩევით?
◻ როგორ შეუძლია ბიბლიის მოძღვრებებს დაეხმაროს იეჰოვას ხალხს იმ დროს, როდესაც მრავალი ადამიანი თავმოყვარეა?
[საავტორო უფლება 21-ე გვერდზე]
ფოტო ზემოთ, მარცხნივ: Andy Hernandez/Sipa Press; ფოტო ქვემოთ, მარჯვნივ: Jose Nicolas/Sipa Press.