იეჰოვა არის კეთილგონიერი!
‘მაღლიდან სიბრძნე. . . ლმობიერია [კეთილგონიერია აქ]’ (იაკობი 3:17).
1. როგორ აღწერს ზოგიერთი ღმერთს, როგორც არაკეთილგონიერს და რა თვალსაზრისი გაქვს ღმერთის შესახებ ასეთ გავრცელებულ წარმოდგენაზე?
რომელ ღმერთს სცემ თაყვანს? ნუთუ გწამს, რომ ღმერთი არის შეუდრეკელი, ზედმეტად სამართლიანი, სასტიკი და აქვს მტკიცე ხასიათი? ჟან კალვინის აზრით, რომელიც პროტესტანტი რეფორმატორია, ზუსტად ასეთი უნდა იყოს ღმერთი. კალვინი ირწმუნებოდა, რომ ღმერთს ყოველი პიროვნებისთვის აქვს „მარადიული და უცვლელი გეგმა“ და წინასწარ საზღვრავს თითოეული ადამიანის ცხოვრებას — ეს ადამიანი ან მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებს, ან მარადიულად დაიტანჯება ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. წარმოიდგინე: ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, შენ უძლური იქნებოდი რაიმე გეღონა, ან გეცადა, რადგან არავითარი მნიშვნელობა ექნებოდა ამას, ვინაიდან მაინც ვერ შეცვლიდი ღმერთის მიერ მტკიცედ დადგენილ დიდი ხნის გეგმას, რომელიც შენს ცხოვრებასა და მომავალს შეეხება. ნუთუ მიგიზიდავს ასეთი არაკეთილგონიერი ღმერთი? (შეადარე იაკობი 4:8).
2, 3. ა) როგორ შეგვიძლია ილუსტრირება გავუკეთოთ ადამიანების დადგენილებებისა და ორგანიზაციების არაკეთილგონიერებას? ბ) როგორ ცხადყოფს ეზეკიელის ხილვა, რომ იეჰოვას ზეციური ეტლით ნაჩვენებია იეჰოვას შემგუებლობა?
2 რაოდენ დიდი შვებაა გაიგო, რომ ბიბლიაში მოხსენიებული ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი უაღრესად კეთილგონიერია! ღმერთი კი არა, არასრულყოფილებით შეზღუდული ადამიანი არის მიდრეკილი სისასტიკისა და ულმობლობისკენ. ადამიანთა ორგანიზაციები შეიძლება შეედაროს ულაზათო მოყვანილობის სატვირთო მატარებლების შემადგენლობას. როდესაც გიგანტური სატვირთო მატარებლის რკინიგზაზე არის დაბრკოლება, გზიდან გადახვევა მისთვის შეუძლებელია, ხოლო შეჩერება არცთუ ისე იოლია. ზოგიერთ სატვირთო მატარებელს აქვს ისეთი ინერცია, რომ გაჩერებისას კილომეტრზე მეტ მანძილს გადის! მსგავსად, სუპერტანკერიც გადის 8 კილომეტრს, იმის შემდეგ, რაც ძრავა გამოირთვება. ხოლო, როდესაც სუპერტანკერის სიჩქარეს გადართავენ უკუსვლაში, შესაძლოა, წყალზე წინ მოძრაობა კიდევ გააგრძელოს 3 კილომეტრის მანძილზე! განვიხილოთ ეტლი, უფრო მეტად შიშის აღმძვრელი, ვიდრე ზემომოხსენიებული ორი სატრანსპორტო საშუალება, ეტლი — რომელიც განასახიერებს ღმერთის ორგანიზაციას.
3 დაახლოებით 2 600 წლის წინ იეჰოვამ ეზეკიელს უჩვენა ხილვა, სადაც წარმოდგენილი იყო მისი სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი ზეციური ორგანიზაცია. ეს იყო მოწიწების მომგვრელი პროპორციების ეტლი, იეჰოვას საკუთარი „ეკიპაჟი“, რომელიც ყოველთვის მის კონტროლშია. ყველაზე საინტერესო იყო ის, თუ როგორ მოძრაობდა ეტლი. უზარმაზარი ოთხმხრივი ბორბლები თვალებით იყო სავსე, ასე რომ, მათ შეეძლოთ ყველგან ყურება და მიმართულების უეცარი შეცვლა გაჩერებისა და მოხვევის გარეშე. ეს გიგანტური ეტლი არ იყო სუპერტანკერის ან სატვირთო მატარებლის მსგავსი და არც გრუხუნით მოძრაობდა. ეტლს შეეძლო ელვის სისწრაფით მოძრაობა და მოხვევის დროს მართ კუთხესაც ქმნიდა (ეზეკიელი 1:1, 14–28). იეჰოვა განსხვავდება იმ ღმერთისაგან, ვისზეც ქადაგებდა კალვინი, რადგან კალვინის ღმერთი ადამიანების მიერ შექმნილი ტლანქი მანქანების მსგავსია. იეჰოვას ძალუძს, რომ სრულყოფილად იყოს შემგუებელი. იეჰოვას ინდივიდუალობის ამ ასპექტების დაფასება დაგვეხმარება, რომ დავრჩეთ ადვილად შემგუებელნი და მოვერიდოთ არაკეთილგონიერების მახეს.
იეჰოვა — ყველაზე ადვილად შემგუებელი პიროვნება სამყაროში
4. ა) როგორ გვიჩვენებს თვით იეჰოვას სახელი, რომ იეჰოვა არის შემგუებელი? ბ) რომელია იეჰოვა ღმერთის ზოგიერთი ტიტული და რატომ არის ეს ტიტულები სათანადო?
4 იეჰოვას სახელი გამოხატავს მის შემგუებლობას. „იეჰოვა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს: „ის იძლევა შესრულებას“. ეს აშკარად ნიშნავს იმას, რომ იეჰოვას შეუძლია იყოს ყველა თავისი აღთქმის განმახორციელებელი. როდესაც მოსემ ღმერთს ჰკითხა სახელი, იეჰოვამ განუმარტა შემდეგი სიტყვებით: „მე ვარ, რომელიც ვარ“ (გამოსვლა 3:14). როდერემის თარგმანში გარკვევითაა ნათქვამი: „მე ვიქნები ის, რაც მსურს“. იეჰოვა ადასტურებს, რომ არის, ანუ ირჩევს იყოს ისეთი, როგორიც აუცილებელია თავისი სამართლიანი განზრახვებისა და აღთქმების განხორციელებისთვის. ასე რომ, ის ატარებს ღრმა შთაბეჭდილების მომხდენ უამრავ ტიტულს, მაგალითად: შემოქმედი, მამა, სუვერენი უფალი, მწყემსი, იეჰოვა მებრძოლი, მომსმენი ლოცვისა, მსაჯული, დიდებული მოძღვარი, გამომსყიდველი. ის გახდა ყველაფერი, რაც ზემოთ არის ჩამოთვლილი და ასევე მეტიც, იმ მიზნით, რომ განახორციელოს თავისი სიყვარულით აღსავსე განზრახვები (ესაია 8:13; 30:20; 40:28; 41:14; ფსალმუნი 22:1; 64:3; 72 72:28; 88 88:27; მსაჯულნი 11:27).
5. რატომ არ უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვას შემგუებლობა თვით იეჰოვას თვისებებისა და ნორმების ცვლილებას ნიშნავს?
5 ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღმერთის ძირითადი თვისებები ან ნორმები ცვალებადია? არა; იაკობის 1:17-ში ნათქვამია, რომ მასთან „არ არის ცვლილება, და არც აჩრდილი ცვალებადობის“. არის თუ არა აქ წინააღმდეგობა? სრულიადაც არა. მაგალითად, ნუთუ მოსიყვარულე მშობელი არ ცვლის თავის ფუნქციებს შვილების გულისთვის? ერთი დღის განმავლობაში მშობელი შეიძლება იყოს მრჩეველი, მზარეული, ეკონომი, მასწავლებელი, აღმზრდელი, მეგობარი, ხელოსანი, მარჩენალი და ასე შემდეგ. მშობლის პიროვნულობა არ იცვლება, როდესაც ამ ფუნქციების შესრულების პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე; მშობელი უბრალოდ ეგუება მოთხოვნილებების დინებას. ასევეა იეჰოვაც, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბით. არ არის განსაზღვრული, თუ როგორი გახდება ის თავისი ქმნილებების სასარგებლოდ. მისი სიბრძნის სიღრმე ნამდვილად განსაცვიფრებელია! (რომაელთა 11:33).
კეთილგონიერება ღვთიური სიბრძნის ნიშანია
6. რა არის იმ ბერძნული სიტყვის ზუსტი აზრი და მნიშვნელობა, რომელსაც იაკობი იყენებს ღვთიური სიბრძნის აღწერისას?
6 მოწაფე იაკობმა საინტერესო სიტყვა გამოიყენა, რომ აღეწერა უმაღლესად შემგუებელი ღმერთის სიბრძნე. ის წერდა: ‘მაღლიდან სიბრძნე. . . ლმობიერია [კეთილგონიერია, აქ]’ (იაკობი 3:17). ბერძნული სიტყვა, (ე·პი·ეი·კესʹ), რომელსაც იაკობი იყენებს აქ, სათარგმნად არის ძნელი. მთარგმნელებმა გამოიყენეს ისეთი სიტყვები, როგორიცაა: ‘ლმობიერი’ ‘თვინიერი’ და ‘სახიერი’. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ (ინგლ.) ეს სიტყვა გამოხატეს სიტყვით „კეთილგონიერი“, და დაურთეს სქოლიო, სადაც ნაჩვენებია, რომ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობაა „დამთმობი“a. ეს, ასევე, ნიშნავს, არ ჩააცივდე რჯულის წვრილმანებს და რომ არ იყო მეტისმეტად ზუსტი ან შეუბრალებელი. სწავლული უილიამ ბარკლეი ნაშრომში — „ახალი აღთქმის სიტყვები“ — განმარტავს: „ძირეული და ფუნდამენტალური საკითხები ეპიეიკეიას შესახებ არის ის, რაც გამომდინარეობს ღმერთისგან. თუ ღმერთი აიჩემებდა თავის ნებას, თუ ღმერთი მოგვმართავდა მხოლოდ რჯულის მტკიცედ დადგენილი ნორმებით, რა მოგვივიდოდა? ღმერთი არის უზენაესი მაგალითი იმისა, ვინც არის ეპიეიკეს და ვინც სხვებთან ურთიერთობის დროს ავლენს ეპიეიკეია-ს“.
7. როგორ გამოავლინა იეჰოვამ კეთილგონიერება ედემის ბაღში?
7 განვიხილოთ ის დრო, როდესაც მოხდა აჯანყება იეჰოვას სუვერენობის წინააღმდეგ. რაოდენ იოლი იყო ღმერთისთვის სიკვდილით დაესაჯა სამი უმადური აჯანყებული — ადამი, ევა და სატანა! რამდენი გულისტკივილი შეეძლო აეცილებინა თავიდან! და ვის შეეძლო ეკამათა, რომ მას ასეთი მკაცრი სამართლისთვის არ უნდა მიემართა? მიუხედავად ამისა, იეჰოვას, რაღაც მტკიცედ დადგენილი, ძნელად შესაგუებელი სამართლიანობის ნორმების გამო არასოდეს არ ჰყავს თავისი ეტლის მსგავსი ორგანიზაცია უმოძრაო მდგომარეობაში. ასე რომ, ეტლი ულმობლად არ მოექცა ადამიანთა ოჯახს და არ გადათელა კაცობრიობის ბედნიერი მომავლის იმედები. პირიქით, იეჰოვა მანევრირებს თავისი ეტლით, ელვისებური სისწრაფით. აჯანყების შემდეგ მყისვე ჩაუყარა საფუძველი დიდი ხნის განზრახვას, რისი მეშვეობითაც წყალობასა და იმედს სთავაზობს ადამის ყველა შთამომავალს (დაბადება 3:15).
8. ა) ქრისტიანული სამყაროს მცდარი თვალსაზრისი კეთილგონიერების შესახებ, როგორ განსხვავდება იეჰოვას ჭეშმარიტი კეთილგონიერებისაგან? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას კეთილგონიერება არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია თავისი ღვთიური პრინციპები დათმოს?
8 იეჰოვას კეთილგონიერება არ ნიშნავს იმას, რომ იეჰოვა დათმობს თავის ღვთიურ პრინციპებს. დღეს ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ფიქრობენ, რომ კეთილგონიერები არიან, როდესაც თვალებს ხუჭავენ უზნეობაზე, რათა ემლიქვნელონ თავიანთ ჭირვეულ სამწყსოს (შეადარე 2 ტიმოთე 4:3). იეჰოვა არასოდეს დაარღვევს თავის კანონს, არც თავის პრინციპებს დათმობს. პირიქით, ის ნათლად აჩვენებს მზადყოფნას, იყოს დამთმობი, იყოს მდგომარეობის შემგუებელი, ასე რომ, ეს პრინციპები შესაძლოა გამოიყენოს, როგორც სამართლიანობისთვის, ასევე წყალობისთვის. ის ყოველთვის არის ყურადღებიანი გამოავლინოს წონასწორობა თავის სამართლიანობასა და ძალაში, სიყვარულსა და კეთილგონივრულ სიბრძნეში. განვიხილოთ სამი მაგალითი, როდესაც იეჰოვამ გამოამჟღავნა კეთილგონიერება.
‘მზად არის მიუტევოს’
9, 10. ა) როგორ არის დაკავშირებული კეთილგონიერებასთან გამოთქმა — „მზად ხარ მიუტევო“? ბ) როგორ მიეცა დავითს კურთხევა იმით, რომ იეჰოვა ‘მზად არის მიუტევოს’ და რატომ?
9 დავითი წერდა: „რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ [მზად ხარ მიუტევო, აქ], და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს“ (ფსალმუნი 85:5). როდესაც ებრაული წერილები გადაითარგმნა ბერძნულად, სიტყვები „მზად ხარ მიუტევო“ გადაითარგმნა სიტყვით ე·პი·ეი·კესʹ, ანუ „კეთილგონიერი“. ნამდვილად, იყო მზად იმისთვის, რომ მიუტევო და გამოამჟღავნო წყალობა, ალბათ კეთილგონიერების გამოჩენის ერთ-ერთი გზაა.
10 დავითს კარგად ჰქონდა შეგნებული, თუ რაოდენ კეთილგონიერია იეჰოვა ამასთან დაკავშირებით. როდესაც დავითმა მრუშობა ჩაიდინა ბარშებაყთან და მისი ქმრის მკვლელობა მოაწყო, ორივე, დავითიც და ბარშებაყიც, სიკვდილით დასჯას უნდა დაქვემდებარებოდნენ (მეორე რჯული 22:22; მეორე მეფეთა 11:2–27). თუ მათ ადამიანი მოსამართლეები გაასამართლებდნენ მტკიცედ დადგენილი ნორმებით, ორივეს სიკვდილს მიუსჯიდნენ. მაგრამ იეჰოვამ გამოამჟღავნა კეთილგონიერება (ე·პი·ეი·კესʹ), რომელიც, როგორც „ვაინის ბიბლიური სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი“ ამბობს, „გამოხატავს ისეთ ყურადღებიანობას, რაც ზუსტია, რომელიც ‘კაცთმოყვარეობითა და გონივრულობით ხასიათდება’ “. ფაქტები, რომლებმაც გავლენა მოახდინა იეჰოვას მოწყალე გადაწყვეტილებაზე, შესაძლოა, იყო ორივე ცოდვილის გულწრფელი მონანიება და წყალობა, რომელიც სხვებთან ადრევე გამოიჩინა დავითმა (პირველი მეფეთა 24:4–6; 25:32–35; 26:7–11; მათე 5:7; იაკობი 2:13). თუმცა, გამოსვლის 34:4–7-ში თვით იეჰოვას მიერ მოცემული საკუთარი თავის აღწერილობის თანახმად, გონივრული იქნებოდა, რომ იეჰოვას გამოსასწორებელი ზომები მიეღო დავითის მიმართ. იეჰოვამ დავითთან წარგზავნა ნათან წინასწარმეტყველი მკაცრი შეტყობინებით, რითაც დავითს ის ფაქტი გააგებინა, რომ მან არად ჩააგდო იეჰოვას სიტყვა. დავითმა მოინანია და არ მოკვდა თავისი ცოდვის გამო (მეორე მეფეთა 12:1–14).
11. როგორ გამოამჟღავნა იეჰოვამ, რომ მზად იყო მიეტევებინა მენაშესათვის?
11 ამასთან დაკავშირებით უფრო აღსანიშნავია იუდეის მეფის, მენაშეს, მაგალითი, რადგანაც ის, დავითის საპირისპიროდ, დიდი ხნის განმავლობაში განსაკუთრებით ბოროტი იყო. მენაშე საზიზღარი რელიგიური რიტუალების ჩატარებას უწყობდა ხელს ქვეყანაში, მათ შორის — ადამიანების მსხვერპლად შეწირვას. ის, შესაძლოა, ასევე პასუხისმგებელი იყო ღმერთის ერთგული წინასწარმეტყველის, ესაიას, ‘გახერხვაში’ (ებრაელთა 11:37). მენაშეს დასჯის მიზნით იეჰოვამ დაუშვა, რომ ის ბაბილონელთა ტყვეობაში ჩავარდნილიყო. მაგრამ მენაშემ ციხეში მოინანია და წყალობას ევედრებოდა ღმერთს. ამ გულწრფელი მონანიების პასუხად, თვით ასეთ უკიდურეს შემთხვევაშიც კი იეჰოვა იყო ‘მზად მიტევებისთვის’ (მეორე ნეშტთა 33:9–13).
მიმართულების შეცვლა ახალი ვითარებების დროს
12, 13. ა) ვითარებების რა ცვლილებების გამო დაუშვა ნინევიის შემთხვევაში იეჰოვამ, რომ შეეცვალა კურსი? ბ) როგორ გამოამჟღავნა იონამ ნაკლები კეთილგონიერება იეჰოვა ღმერთთან შედარებით?
12 იეჰოვას კეთილგონიერება ასევე ჩანს მის მზადყოფნაში, შეცვალოს მოქმედების დასახული კურსი, ახალი ვითარების დროს. მაგალითად, როდესაც იონა წინასწარმეტყველი დადიოდა უძველესი ნინევიის ქუჩებში, იეჰოვას ინსპირირებული ცნობა საკმაოდ უბრალო იყო: ძლევამოსილი ქალაქი ორმოც დღეში უნდა განადგურებულიყო. მაგრამ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა! ნინევიის მოსახლეობამ მოინანია (იონა, მე-3 თავი).
13 ყურადსაღები კონტრასტია იეჰოვასა და იონას რეაგირება ვითარების ასეთ ცვლილებაზე. იეჰოვას რეაგირება იყო თავისი ზეციური ეტლის მიმართულების შეცვლა. ამ შემთხვევაში მან გამოავლინა შემგუებლობა, გახდა ცოდვათა მიმტევებელი, იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ‘მეომარი’ (გამოსვლა 15:3). მეორე მხრივ, იონა ნაკლებად შემგუებელი იყო. იმის ნაცვლად, რომ იეჰოვას ეტლთან ფეხშეწყობილად ევლო, მოქმედებდა ზემოხსენიებული სატვირთო მატარებლის ან სუპერტანკერის მსგავსად. ის ქადაგებდა სასიკვდილო განაჩენზე, განაჩენი უნდა აღსრულებულიყო! შესაძლოა იონა ფიქრობდა, რომ ნებისმიერი ცვლილება ნინევიელთა თვალში დაამცირებდა. მაგრამ იეჰოვამ მოთმინებით მისცა თავის ჯიუტ წინასწარმეტყველს კეთილგონიერებისა და მიმტევებლობის მარადსახსოვარი მაგალითი (იონა, მე-4 თავი).
14. რატომ შეცვალა იეჰოვამ თავისი მოქმედების მიმართულება ეზეკიელ წინასწარმეტყველის შემთხვევაში?
14 იეჰოვამ თავისი მიმართულება შეცვალა სხვა შემთხვევებშიც, ისეთ შემთხვევებშიც, რომლებსაც ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, მან ეზეკიელს დაავალა გაეკეთებინა წინასწარმეტყველური დრამა, იეჰოვას ბრძანება შეიცავდა დირექტივას, რომ ეზეკიელს ადამიანის განავალზე დანთებული ცეცხლით დაემზადებინა საჭმელი. ეს ძალიან ბევრი იყო წინასწარმეტყველისთვის, რომელმაც წამოიძახა: „ეჰა, უფალო ღმერთო!“ და შეევედრა, რომ არ ყოფილიყო იძულებული გაეკეთებინა ის, რაც საზიზღრობა იყო. იეჰოვამ უგუნურებად არ მიიჩნია წინასწარმეტყველის გრძნობები; პირიქით, ნება დართო ეზეკიელს, რომ ძროხის ნეხვი გამოეყენებინა, რომელიც დღემდე ზოგიერთ ქვეყანაში მიღებულია გათბობის საშუალებად (ეზეკიელი 4:12–15).
15. ა) რა მაგალითები ცხადყოფს, რომ იეჰოვა მზად არის მოუსმინოს და პასუხი გასცეს ადამიანებს? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან?
15 ნუთუ ამაღელვებელი არ არის დაინახო ჩვენი ღმერთის, იეჰოვას, თავმდაბლობა? (ფსალმუნი 17:36; [18:35, აქ]). ის ჩვენთან შედარებით დიდად უზენაესია; მიუხედავად ამისა, მოთმინებით უსმენს არასრულყოფილ ადამიანებს და დროდადრო სიტუაციის შესაბამისად ცვლის თავის მიმართულებას. მან ბოლომდე მოუსმინა აბრაამს, რომელიც ევედრებოდა სოდომისა და გომორის განადგურებასთან დაკავშირებულ საკითხზე (დაბადება 18:23–33). და მან ნება დართო მოსეს, პროტესტი გამოეთქვა მის განზრახვაზე, რომელიც მოჯანყე ისრაელების მოსპობასა და მოსესგან ძლიერი ერის წარმოშობას შეეხებოდა (გამოსვლა 32:7–14; მეორე რჯული 9:14, 19; შეადარე ამოსი 7:1–6). ამგვარად, იეჰოვამ მისცა სრულყოფილი მაგალითი თავის მიწიერ მსახურებს, რომლებიც მსგავსად უნდა ამჟღავნებდნენ მზადყოფნას, რომ მოუსმინონ სხვებს, როდესაც გონივრულია და შესაძლებელია (შეადარე იაკობი 1:19).
კეთილგონიერება ძალაუფლების გამომჟღავნებაში
16. როგორ განსხვავდება იეჰოვა მრავალი ადამიანისგან თავისი ძალაუფლების გამომჟღავნებაში?
16 შეგიმჩნევია თუ არა, რომ ადამიანი რაც უფრო მეტ ძალაუფლებას იხვეჭს, მით უფრო ნაკლებად კეთილგონიერი ხდება? მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას უდიდესი ძალაუფლება აქვს სამყაროში, ის არის კეთილგონიერების უდიდესი მაგალითი. ის თავის ძალაუფლებას იყენებს უცვლელი, კეთილგონივრული გზით. მრავალი ადამიანის საპირისპიროდ, იეჰოვა არ არის მერყევი თავის ძალაუფლებაში, არ იცავს მას ეჭვიანობით, იმ დროს, როდესაც სხვებს განსაზღვრულ ძალაუფლებას ანიჭებს და არც იმას ფიქრობს, რომ სხვების ძალაუფლება დაემუქრება მის საკუთარ ძალაუფლებას. სინამდვილეში, როდესაც სამყაროში იყო მეორე პიროვნება, იეჰოვამ დიდი ძალაუფლება მიანიჭა მას. მან თავისი ძე, ლოგოსი, ‘ოსტატი’ გახადა და შემდეგ, მისი მეშვეობით არსებობაში მოიყვანა ყოველივე (იგავნი 8:22, 29–31; იოანე 1:1–3, 14; კოლასელთა 1:15–17). მოგვიანებით მას გადასცა „მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18; იოანე 5:22).
17, 18. ა) რატომ წარგზავნა იეჰოვამ ანგელოზები სოდომსა და გომორში? ბ) რატომ ჰკითხა იეჰოვამ ანგელოზებს რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ ‘გაეტყუებინათ’ აქაბი?
17 მსგავსადვე, იეჰოვამ ნდობა გამოუცხადა მრავალ ქმნილებას იმით, რომ მისცა დავალება, რომლის გამკლავებაც თავად უკეთესად შეეძლო. მაგალითად, როდესაც მან უთხრა აბრაამს: „ჩავალ [სოდომსა და გომორში] და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაღწია“ — არ გულისხმობდა, რომ პირადად წავიდოდა იქ. პირიქით, იეჰოვამ გააწესა ანგელოზები, რომ მისი ძალაუფლების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ და შეეგროვებინათ მისთვის ინფორმაცია. იეჰოვამ მისცა მათ ძალაუფლება, რომ გაძღოლოდნენ მისიას ფაქტების ძიებისთვის და მოეხსენებინათ მისთვის (დაბადება 18:1–3, 20–22).
18 მეორე შემთხვევის დროს, როდესაც იეჰოვამ გადაწყვიტა განაჩენი აღესრულებინა მეფე აქაბზე, ზეცაში მოიწვია ანგელოზები, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ ‘გაეტყუებინათ’ განდგომილი მეფე სალაშქროდ, სადაც მისი სიცოცხლე სიკვდილით დასრულდებოდა. უეჭველია, იეჰოვას, რომელიც სიბრძნის წყაროა, არ სჭირდებოდა არავითარი დახმარება, რომ აერჩია მოქმედების საუკეთესო გზა! მაგრამ მან ღირსად ჩათვალა ანგელოზები და მისცა პრივილეგია, რომ შეეთავაზებინათ გადაწყვეტილება და მიანიჭა მათ ძალაუფლება, რომ ემოქმედათ იმისდა მიხედვით, რასაც უკეთესად მიიჩნევდა (მესამე მეფეთა 22:19–22).
19. ა) რატომ განსაზღვრა იეჰოვამ კანონთა რიცხვი, რომელიც დააწესა? ბ) როგორ ავლენს იეჰოვა კეთილგონიერებას როდესაც საქმე ეხება იმას, რასაც ის ელის ჩვენგან?
19 იეჰოვა თავის ძალაუფლებას იმისთვის არ იყენებს, რომ ზღვარს გადასული კონტროლი გაუწიოს სხვებს. ამ საკითხშიც სწორედ მან გამოავლინა სწორუპოვარი კეთილგონიერება. მან მზრუნველობით განსაზღვრა კანონთა რაოდენობა, რომელიც დაადგინა, ხოლო თავის მსახურებს უკრძალავს, რომ დაამატონ დამამძიმებელი კანონები ან ‘ბრძნობდნენ იმაზე მეტად, რაც დაწერილია’ (1 კორინთელთა 4:6; საქმე 15:28; შეადარე მათე 23:4). ის არასოდეს მოითხოვს თავისი ქმნილებებისგან ბრმა მორჩილებას და ჩვეულებრივ, უზრუნველყოფს საკმარისი ინფორმაციით, რომ უხელმძღვანელოს და არჩევანი მისცეს მათ, რითაც ნებას რთავს იცოდნენ, თუ რა კურთხევები მოჰყვება მისადმი მორჩილებას და რა შედეგები — დაუმორჩილებლობას (მეორე რჯული 30:19, 20). იმის ნაცვლად, რომ სირცხვილის, დანაშაულის გრძნობის ან შიშის ჩანერგვის მეშვეობით აიძულოს ხალხი, იეჰოვა ცდილობს მათ გულებამდე მიაღწიოს; მას სურს, რომ ხალხი გულწრფელი სიყვარულით ემსახუროს და არა ძალდატანებით (2 კორინთელთა 9:7). ასეთი გულითადი მსახურება იეჰოვას გულს ახარებს, ასე რომ, ის არ არის არაკეთილგონივრულად ‘მრისხანე’ (1 პეტრე 2:18; იგავნი 27:11; შეადარე მიქა 6:8).
20. როგორ ზემოქმედებას ახდენს შენზე იეჰოვას კეთილგონიერება?
20 ნუთუ შესანიშნავი არ არის, რომ იეჰოვა ღმერთი, რომელსაც უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქმნილებას, არასოდეს იყენებს თავის ძალაუფლებას არაკეთილგონივრულად, არასოდეს იყენებს იმისთვის, რომ სხვები დააშინოს? და რაოდენ უძლურნი არიან მასთან შედარებით ადამიანები, რომელთა ისტორია აღსავსეა ერთიმეორეზე ბატონობით (ეკლესიასტე 8:9). ნათელია, რომ კეთილგონიერება ძვირფასი თვისებაა, ისეთი თვისება, რომლის მეშვეობით გვაქვს სურვილი უფრო და უფრო გვიყვარდეს იეჰოვა. შედეგად, შეიძლება აღგვეძრას სურვილი თავად განვავითაროთ ეს თვისება. როგორ შევძლებთ ამის გაკეთებას? შემდეგი სტატია გააგრძელებს ამ საკითხის განხილვას.
[სქოლიოები]
a ლექსიკოლოგრაფი ჯონ პარკჰერსტი 1769 წელს ამ სიტყვას განმარტავდა, როგორც: „დათმობა, დამთმობი ხასიათის, წყნარი, მშვიდი, მომთმენი“. სხვა სწავლულებმაც სიტყვა „დათმობა“ შემოგვთავაზეს, როგორც განსაზღვრება.
როგორ უპასუხებდი?
□ როგორ ცხადყოფს იეჰოვას სახელი და ზეციური ეტლის ხილვა იეჰოვას შემგუებლობას?
□ რა არის კეთილგონიერება და რატომ არის ღვთიური სიბრძნისთვის დამახასიათებელი?
□ რა შემთხვევებში გამოამჟღავნა იეჰოვამ, რომ ‘მზად არის მიტევებისთვის’?
□ რატომ არჩია იეჰოვამ შეეცვალა მოქმედების დასახული კურსი ზოგიერთი შემთხვევის დროს?
□ როგორ გამოავლინა იეჰოვამ კეთილგონიერება თავისი ძალაუფლების გამოყენების დროს?
[სურათი მე-10 გვერდზე]
რატომ მიუტევა იეჰოვამ ბოროტ მეფე მენაშეს?