„თქვენი გონივრული მსახურება“
‘უძღვენით თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღმერთისათვის სასურველ მსხვერპლად — თქვენი გონივრული მსახურება’ (რომაელთა 12:1, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა).
1, 2. რით ჰგავს ბიბლიური პრინციპების გამოყენების სწავლა უცხო ენაში გაწაფვას?
გიცდია ოდესმე უცხო ენის შესწავლა? თუ დიახ, მაშინ უეჭველად დაეთანხმები იმ აზრს, რომ ეს რთული საქმეა. ამისთვის ხომ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ ახალი სიტყვების შესწავლა. ენას რომ დაეუფლო, საჭიროა გრამატიკაში გაწაფვა. შენ უნდა აღიქვა, თუ როგორ უკავშირდებიან სიტყვები ერთმანეთს და როგორ აყალიბებენ დასრულებულ აზრს.
2 ამას შეიძლება შევადაროთ ღმერთის სიტყვიდან შემეცნების მიღება. საჭიროა უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ცალკეული მუხლების შესწავლა. ჩვენ ამასთან ერთად უნდა ვისწავლოთ ბიბლიის „გრამატიკა“. უნდა გვესმოდეს, თუ როგორ უკავშირდებიან მუხლები ერთმანეთს და როგორ ქმნიან ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ პრინციპებს. ასე შევძლებთ, ვიყოთ ‘სრულყოფილები, ყოველი კეთილი საქმისთვის განმზადებულები’ (2 ტიმოთე 3:17).
3. რა ცვლილება მოხდა ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს ღმერთის მსახურებასთან დაკავშირებით?
3 მოსეს რჯულის კანონთა კრებულის მიხედვით, ერთგულება ყველაზე მეტად შეიძლებოდა გამოვლენილიყო ნათლად დადგენილი წესებისადმი მყარი მიყოლით. მაგრამ ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს იეჰოვამ გააუქმა რჯული წამების ძელზე გაკვრით, რომელზეც მისი ძე მოკლეს (კოლასელთა 2:13, 14). მას შემდეგ ღმერთის ხალხს არ მიუღია შესაწირავებისა და შესასრულებელი წესების გრძელი სია. ნაცვლად ამისა, მათ უთხრეს: ‘უძღვენით თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღმერთისათვის სასურველ მსხვერპლად — თქვენი გონივრული მსახურება’ (რომაელთა 12:1, აფ). დიახ, ქრისტიანებს მთელი თავისი გულით, სულით, გონებითა და ძალით უნდა ეძღვნათ საკუთარი თავი ღმერთისადმი მსახურებისთვის (მარკოზი 12:30; შეადარე ფსალმუნი 109:3). მაგრამ რას ნიშნავს შესწირო ‘შენი გონივრული მსახურება’ ?
4, 5. რას შეიცავს იეჰოვასადმი ჩვენი გონივრული მსახურება?
4 სიტყვა „გონივრული“ გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვიდან „ლო·გი·კოსʹ“, რომელიც ნიშნავს „რაციონალურს“ ან „საზრიანს“. ღმერთის მსახურებს მოუწოდებენ, გამოიყენონ ბიბლიით განსწავლული სინდისი. იმის ნაცვლად, რომ თავიანთი გადაწყვეტილებები დააფუძნონ წინასწარ დადგენილ მრავალრიცხოვან წესებზე, ქრისტიანებმა გულდასმით უნდა აწონ-დაწონონ ბიბლიური პრინციპები. მათ უნდა ესმოდეთ ბიბლიის „გრამატიკა“, ანუ ის, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს მისი სხვადასხვა პრინციპები. მაშასადამე, ისინი თავიანთი გონიერებით გამოიტანენ გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს.
5 ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ქრისტიანებს არა აქვთ კანონები? რა თქმა უნდა, არა. ქრისტიანულ-ბერძნული წერილები არაორაზროვნად კრძალავს კერპთაყვანისმცემლობას, სექსუალურ უზნეობას, მკვლელობას, სიცრუეს, სპირიტიზმს, სისხლის არასწორ გამოყენებასა და სხვა მრავალ ცოდვას (საქმეები 15:28, 29; 1 კორინთელთა 6:9, 10; გამოცხადება 21:8). მაგრამ ისრაელებთან შედარებით ჩვენ უფრო მეტად მოგვეთხოვება, გამოვიყენოთ საკუთარი გონიერება, რათა ვისწავლოთ და მივყვეთ ბიბლიურ პრინციპებს. სწორედ ისე, როგორც უცხო ენის ათვისებას, ამას სჭირდება დრო და ძალისხმევა. როგორ შეიძლება გონიერების განვითარება?
გონიერების განვითარება
6. რას მოიცავს ბიბლიის შესწავლა?
6 პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიყოთ ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები. ღვთის ინსპირირებული სიტყვა „სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“ (2 ტიმოთე 3:16). ჩვენ არ უნდა მოველოდეთ, რომ რამე პრობლემაზე პასუხი ყოველთვის ჩაწერილი იქნება ბიბლიის რომელიმე ერთ მუხლში. ამის ნაცვლად, შესაძლოა, მოგვიწიოს რამდენიმე მუხლზე დაფიქრება, რომლებიც ნათელს ჰფენს გარკვეულ მდგომარეობას ან პრობლემას. ამისთვის დაგვჭირდება გულმოდგინედ გამოვიკვლიოთ, თუ რას ფიქრობს ღმერთი ამ საკითხზე (იგავნი 2:3–5). ასევე გვესაჭიროება გაგება, ვინაიდან ‘მცოდნე [გამგები პიროვნება, აქ] შეიძენს თავგზიანობას’ (იგავნი 1:5). გამგები პიროვნება შეძლებს, გამოყოს საკითხის ცალკეული ფაქტორები და შემდეგ ჩაწვდეს ამ ფაქტორებს შორის არსებულ კავშირებს. ისევე როგორც თავსატეხში, სადაც დაქუცმაცებული ნაწილებისგან უნდა შედგეს გარკვეული ნახატი, გონიერი კაცი ამ „ნაწილებს“ ისე დააწყობს, რომ დაინახოს სრული „ნახატი“.
7. როგორ შეუძლია მშობელს, იფიქროს ბიბლიურ პრინციპზე აღზრდასთან დაკავშირებით?
7 მაგალითად, განვიხილოთ მშობლის მოვალეობის საკითხი. იგავნის 13:24-ში ნათქვამია, რომ თავისი შვილის მოყვარული მამა „ჭკუას ასწავლის“ მას. თუ მხოლოდ ამ მუხლს განვიხილავთ, მკაცრმა და ულმობელმა დასჯამ შეიძლება არასწორი გამართლება ჰპოვოს. მაგრამ კოლასელთა 3:21 გვთავაზობს გაწონასწორებულ შეგონებას: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ“. მშობლები, რომლებიც გონიერებას იყენებენ ამ პრინციპების შესათანხმებლად, არ მიმართავენ დასჯის ისეთ ფორმას, რომელსაც შეიძლება „დამამცირებელი“ ეწოდოს. ისინი თავიანთ შვილებს სითბოთი, გაგებითა და პატივისცემით მოეპყრობიან (ეფესელთა 6:4). ასე რომ, როგორც მშობლის მოვალეობის შესრულების საკითხში, ასევე სხვა საკითხებშიც, რომლებსაც ეხება ბიბლიური პრიციპები, ჩვენ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით შეგვიძლია განვავითაროთ გონიერება. ამგვარად ჩავწვდებით ბიბლიური პრინციპების „გრამატიკას“, ასევე იმას, თუ რა ჰქონდა მხედველობაში ღმერთს და როგორ განვახორციელოთ ეს.
8. როდესაც საკითხი გართობას ეხება, როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ მკაცრ, დოგმატურ თვალსაზრისს?
8 მკაცრი, დოგმატური თვალსაზრისისგან თავის არიდება არის მეორე საშუალება, რითაც შევძლებთ გონიერების განვითარებას. შეუდრეკელი თვალსაზრისი ხელს უშლის გონიერების ზრდას. განვიხილოთ გართობის საკითხი. ბიბლია ამბობს: „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ (1 იოანე 5:19). განა ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიერების მიერ გამოშვებული ყოველი წიგნი, ფილმი ან სატელევიზიო პროგრამა ზნეობრივად გახრწნილი და სატანურია? ასეთი შეხედულება არაგონივრული იქნებოდა. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა შეიძლება არჩიოს, საერთოდ მოერიდოს ტელეგადაცემებს, ფილმებს ან ქვეყნიურ ლიტერატურას. ეს მათი უფლებაა და არავინ უნდა გააკრიტიკოს ისინი ამის გამო. მაგრამ ისინიც არ უნდა ეცადონ, ზეგავლენა მოახდინონ სხვებზე, რათა მიაღებინონ მსგავსი მკაცრი პოზიცია. საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ მრავალი სტატია გამოაქვეყნა, სადაც განხილულია ბიბლიური პრინციპები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, ბრძნული არჩევანი გავაკეთოთ დასვენებისა და გართობის საკითხში. ძალიან არაბრძნულია, თუ გავცდებით ამ მითითებების საზღვრებს და ამქვეყნიური გართობების უმეტესობისთვის დამახასიათებელი უზნეო აზროვნების, სერიოზული დანაშაულის ჩადენის ან სპირიტიზმის საფრთხეში ჩავიგდებთ თავს. მართლაც, გართობის საკითხში ბრძნული არჩევანი მოითხოვს, მოვუხმოთ გონიერებას, რათა გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები ღმერთისა და ადამიანის წინაშე სუფთა სინდისის შესანარჩუნებლად (1 კორინთელთა 10:31–33).
9. რა იგულისხმება „შეგრძნებაში“?
9 დღევანდელი გართობების უმეტესი ნაწილი არსებითად მიუღებელია ქრისტიანებისთვისa. მაშასადამე, ჩვენ უნდა გავწვრთნათ ჩვენი გულები, რომ ‘გვძულდეს ბოროტება’ და ასე არ დავემსგავსებით პირველ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ‘გასცდნენ ზნეობის ფარგლებს’ (ფსალმუნი 96:10; ეფესელთა 4:17–19, აქ). ასეთ საკითხებზე რომ ვიმსჯელოთ, გვესაჭიროება ‘შემეცნება და შეგრძნება’ (ფილიპელთა 1:9). „შეგრძნებით“ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „მგრძნობიარე ზნეობრივ აღქმას“. სიტყვასიტყვით ეს მიუთითებს ადამიანის გრძნობაზე, კერძოდ კი მხედველობაზე. როდესაც საქმე ეხება გართობას ან სხვა რამეს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს, ჩვენი ზნეობრივი გრძნობა ისე უნდა მივმართოთ, რომ არა მარტო შავი და თეთრი ფერები გავარჩიოთ, არამედ გარდამავალი ელფერებიც. ამავე დროს, უნდა მოვერიდოთ ბიბლიური პრინციპების არაგონივრული უკიდურესობით გამოყენებასა და დაჟინებას, რომ ყველა ჩვენმა ძმამ იგივე აკეთოს (ფილიპელთა 4:5).
10. როგორ შევძლებთ იეჰოვას პიროვნების გაგებას, როგორც ეს ასახულია მე-14 ფსალმუნში?
10 გონიერების განვითარების მესამე საშუალებაა, გავეცნოთ იეჰოვას აზროვნებას და ღრმად ჩავინერგოთ ეს გულებში. თავის სიტყვაში იეჰოვა გვაუწყებს თავისი პიროვნებისა და ნორმების შესახებ. მაგალითად, მე-14 ფსალმუნში ვკითხულობთ, თუ როგორ პიროვნებას იწვევს იეჰოვა თავის კარავში. ასეთი პიროვნება სიმართლის მოქმედია, ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში, თავისი აღთქმების ერთგულია და სხვებს არ იყენებს თავის საკეთილდღეოდ. ამ ფსალმუნის კითხვის დროს, საკუთარ თავს დაუსვი კითხვები: „აღწერს თუ არა ეს ჩემს თვისებებს? მომიწვევდა იეჰოვა თავის კარავში? “ ჩვენი წვდომის უნარი ძლიერდება, თუ იეჰოვას გზებსა და აზროვნებასთან ვართ თანხმობაში (იგავნი 3:5, 6; ებრაელთა 5:14).
11. როგორ ‘აუქციეს გვერდი ღვთის სამართალსა და სიყვარულს’ ფარისევლებმა?
11 ზუსტად ამ მხრივ განიცადეს უდიდესი მარცხი ფარისევლებმა. მათ იცოდნენ რჯულის ფორმალური სტრუქტურა, მაგრამ ისინი ვერ ჩაწვდნენ მის „გრამატიკას“. მათ შეეძლოთ მოეყვანათ რჯულის უამრავი წვრილმანი, მაგრამ ფარისევლებმა ვერ შეიცნეს ის პიროვნება, რომელმაც რჯული დაადგინა. იესომ უთხრა მათ: „გამოჰყოფთ პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი ბოსტნეულის მეათედს და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს! “ (ლუკა 11:42). სასტიკი გონებისა და გულქვაობის გამო ფარისევლებმა არ გამოიყენეს თავიანთი გონიერება. მათი წინააღმდეგობრივი ხასიათის აზროვნება ცხადი გახდა, როდესაც გააკრიტიკეს იესოს მოწაფეები შაბათ დღეს თავთავების ფშვნეტისა და მარცვლების ჭამისთვის, თუმცა იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, მათ სინდისიც კი არ ქეჯნიდათ იმის გამო, რომ იესოს მოკვლის გეგმა შეადგინეს (მათე 12:1, 2, 14).
12. როგორ შეგვიძლია უფრო მეტ თანხმობაში ვიყოთ იეჰოვას პიროვნებასთან?
12 ჩვენ არ გვსურს ფარისევლების მსგავსნი ვიყოთ. ღვთის სიტყვის შემეცნება უნდა დაგვეხმაროს, თანხმობაში ვიყოთ იეჰოვას პიროვნებასთან. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ზოგს დაეხმარა ბიბლიიდან ან ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურიდან გარკვეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ მომდევნო კითხვებზე დაფიქრება: „რას მასწავლის ეს მასალა იეჰოვასა და მის თვისებებზე? როგორ შემიძლია სხვებთან ურთიერთობისას გამოვავლინო იეჰოვას თვისებები? “ ასეთ კითხვებზე დაფიქრება ჩვენში ავითარებს გონიერებას და შესაძლებლობას გვაძლევს, ‘მივბაძოთ ღმერთს’ (ეფესელთა 5:1).
არა ადამიანების, არამედ ღმერთისა და ქრისტეს მონები
13. როგორ მოქმედებდნენ ფარისევლები ზნეობის დიქტატორების მსგავსად?
13 უხუცესებმა საშუალება უნდა მისცენ მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფ პიროვნებებს, გამოიყენონ საკუთარი გონიერება. კრების წევრები ადამიანების მონები არ არიან. პავლე წერდა: „ისევ ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი“ (გალატელთა 1:10; კოლასელთა 3:23, 24). ამის საპირისპიროდ, ფარისევლებს სურდათ ხალხის დარწმუნება, რომ უფრო მნიშვნელოვანია მიიღო მოწონება ადამიანებისგან და არა ღმერთისგან (მათე 23:2–7; იოანე 12:42, 43). მათ თავიანთი თავი ზნეობის დიქტატორებად დანიშნეს, რადგან დაადგინეს საკუთარი წესები და განსჯიდნენ სხვებს იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამებოდნენ ისინი ამ წესებს. ფარისევლების მიმდევრებიც მოსუსტდნენ ბიბლიით განსწავლული სინდისის გამოყენებაში, რის შედეგადაც ადამიანების მონები გახდნენ.
14, 15. ა) როგორ შეუძლიათ უხუცესებს ცხადყონ, რომ სამწყსოს თანამშრომლები არიან? ბ) როგორ უნდა გადაწყვიტონ უხუცესებმა სინდისის საკითხები?
14 დღეს, ქრისტიანმა უხუცესებმა იციან, რომ სამწყსო, უმთავრესად, მათ არ აბარებს ანგარიშს. თითოეულმა ქრისტიანმა თავისი ტვირთი უნდა ატაროს (რომაელთა 14:4; 2 კორინთელთა 1:24; გალატელთა 6:5). ეს ასეც უნდა იყოს. სინამდვილეში, სამწყსოს წევრები ადამიანების მონები რომ ყოფილიყვნენ და მორჩილება მხოლოდ მეთვალყურეობის ქვეშ გამოევლინათ, რას გააკეთებდნენ ისინი, როცა მეთვალყურეები მათ გვერდით აღარ იქნებოდნენ? ფილიპელების გამო პავლეს სიხარულის საფუძველი ჰქონდა: „როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს, შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად“. ისინი, სინამდვილეში, პავლეს მონები კი არა, ქრისტეს მონები იყვნენ (ფილიპელთა 2:12).
15 მაშასადამე, სინდისთან დაკავშირებით, უხუცესები თავიანთი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პიროვნებების ნაცვლად არ წყვეტენ საკითხებს. ისინი ხსნიან ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც გარკვეულ საკითხებს ეხება და შემდეგ იმ პიროვნებებს აძლევენ საშუალებას, საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენონ საკუთარი გონიერება. ეს სერიოზული პასუხისმგებლობაა და თითოეულმა პირადად უნდა ატაროს.
16. პრობლემების გადაწყვეტის როგორი სისტემა არსებობდა ისრაელში?
16 ყურადღება მიაქციე პერიოდს, როცა იეჰოვა ისრაელის ხელმძღვანელებად მსაჯულებს იყენებდა. ბიბლია გვამცნობს: „იმ დროში მეფე არა ჰყავდა ისრაელს, ვის როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა“ (მსაჯულნი 21:25). მაგრამ იეჰოვამ უზრუნველყო თავისი ხალხი ხელმძღვანელობის მიღების საშუალებით. ყოველ ქალაქში იყვნენ უხუცესები, რომლებსაც რაიმე საკითხსა თუ პრობლემასთან დაკავშირებით შეეძლოთ შეეთავაზებინათ საღ აზროვნებაზე დაფუძნებული დახმარება. ამასთანავე, ლევიანი მღვდლები მოქმედებდნენ ხალხის საკეთილდღეოდ, ვინაიდან ღმერთის რჯულით მოძღვრავდნენ მათ. როცა განსაკუთრებით რთული საკითხები წამოიჭრებოდა, მღვდელმთავარს შეეძლო რჩევა ეთხოვა ღმერთისგან ურიმისა და თუმიმის საშუალებით. Insight on the Scriptures შენიშნავს: „პიროვნებას, რომელმაც ისარგებლა ამ ღონისძიებებით, ასევე მიიღო ღმერთის რჯულის შემეცნება და გამოიყენა ის, ჰქონდა თავისი სინდისისთვის საღ აზროვნებაზე დაფუძნებული ხელმძღვანელობა. ასეთ შემთხვევაში მისი საქმეები, რომლებიც ‘საკუთარ თვალში სწორი ეგონა’ არ მოიტანდა ცუდ შედეგებს. იეჰოვამ ხალხს საშუალება მისცა, თავის დამოკიდებულებაში და მოქმედებაში გამოევლინა მორჩილება ან დაუმორჩილებლობა“ (ტომი II, გვერდები 162–163)b.
17. როგორ შეუძლიათ უხუცესებს აჩვენონ, რომ რჩევებს იძლევიან არა საკუთარი, არამედ ღმერთის ნორმების თანახმად?
17 ისრაელის მსაჯულებისა და მღვდლების მსგავსად, კრების უხუცესებიც სთავაზობენ საღ მსჯელობაზე დაფუძნებულ დახმარებას პრობლემებთან დაკავშირებით და იძლევიან ძვირფას რჩევას. დროდადრო მათ შეიძლება ‘ამხილონ, შერისხონ და შეაგონონ მთელი სულგრძელობითა და სწავლებით’ (2 ტიმოთე 4:2). ისინი ამას არა საკუთარი, არამედ ღმერთის ნორმების თანახმად აკეთებენ. რა ეფექტურია, როდესაც უხუცესები ამ მხრივ იძლევიან მაგალითს და ცდილობენ ჩასწვდნენ გულებს!
18. რატომ არის განსაკუთრებით ეფექტური, რომ უხუცესები ჩასწვდნენ გულებს?
18 გული არის ჩვენი ქრისტიანული მოღვაწეობის „ძრავა“. ამიტომ ბიბლია ამბობს: „მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავნი 4:23). უხუცესები, რომლებიც აღძრავენ გულებს, ხედავენ, რომ ამის შედეგად კრების წევრები აღძრული არიან ღმერთისადმი მსახურებაში აკეთონ ყველაფერი, რის ძალაც შესწევთ. კრების წევრები თვითონ გამოავლენენ ინიციატივას და ყოველთვის არ დასჭირდებათ სხვებისგან ბიძგი. იეჰოვას არ სურს, რომ მას ძალდატანებით დაემორჩილონ. ის ეძებს სიყვარულით აღსავსე გულიდან გამომდინარე მორჩილებას. უხუცესებს შეუძლიათ გულიდან გამომდინარე მსახურებისკენ წახალისება იმით, რომ სამწყსოს ეხმარებიან გონიერების განვითარებაში.
‘ქრისტეს აზრის’ განვითარება
19, 20. რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი განვავითაროთ „ქრისტეს აზრი“?
19 როგორც აღნიშნული იყო, ღმერთის კანონების მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის. ფსალმუნმომღერალმა წარმოთქვა ვედრება: „გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით“ (ფსალმუნი 118:34). იეჰოვამ თავის სიტყვაში გვამცნო „ქრისტეს აზრი“ (1 კორინთელთა 2:16). იესომ, რომელიც გონივრულად ემსახურებოდა იეჰოვას, დატოვა სრულყოფილი მაგალითი. მას ესმოდა ღმერთის კანონები და პრინციპები და უშეცდომოდ იყენებდა მათ. მისი მაგალითის შესწავლით ჩვენ ‘ჩავწვდებით, რა არის სიგანე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე, და შევიცნობთ ქრისტეს სიყვარულს, ცოდნას რომ აღემატება’ (ეფესელთა 3:17–19). დიახ, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობთ იესოს შესახებ, აღემატება აკადემიურ ცოდნას; მასში მოცემულია იეჰოვას პიროვნების ნათელი სურათი (იოანე 14:9, 10).
20 მაშასადამე, თუ ვსწავლობთ ღმერთის სიტყვას, ჩვენ ჩავწვდებით იეჰოვას თვალსაზრისს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და გამოვიტანთ გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს. ეს ძალისხმევას მოითხოვს. უნდა გავხდეთ ღმერთის სიტყვის ბეჯითი მკვლევარები და „შევიგრძნოთ“ იეჰოვას პიროვნული თვისებები და ნორმები. ჩვენ, ასე ვთქვათ, ვსწავლობთ ახალ გრამატიკას. ასე რომ, ვინც ამგვარად იქცევა, ის მიჰყვება პავლეს შეგონებას, რომ ‘უძღვნას თავისი სხეული ცოცხალ და წმიდა, ღმერთისათვის სასურველ მსხვერპლად — თავისი გონივრული მსახურება’ (რომაელთა 12:1, აფ).
[სქოლიოები]
a ამაში შედის დემონური, პორნოგრაფიული და სადისტური შინაარსის გართობები, ასევე ეგრეთ წოდებული „საოჯახო გართობები“, რომლებიც ხელს უწყობენ უწესო ან ყველაფრის ნების დამრთველ იდეებს, რომლებსაც ქრისტიანები არ იწონებენ.
b გამოცემულია საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ.
რა ისწავლე?
◻ რა ცვლილება მოხდა ღმერთის მსახურებასთან დაკავშირებით ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს?
◻ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ გონიერება?
◻ როგორ შეუძლიათ უხუცესებს დაეხმარონ სამწყსოს წევრებს, იყვნენ ღმერთისა და ქრისტეს მონები?
◻ რატომ უნდა განვავითაროთ „ქრისტეს აზრი“?