სიყვარული იმარჯვებს უმართებულო მოშურნეობაზე
‘სიყვარულს არ შურს [არ არის მოშურნე, აქ]’ (1 კორინთელთა 13:4).
სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანობის დამახასიათებელი ნიშანია. „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). მოციქული პავლე ინსპირირებული იყო, აეხსნა, თუ როგორ გავლენას უნდა ახდენდეს სიყვარული ურთიერთობაზე ქრისტიანებს შორის. სხვა მრავალ საკითხთან ერთად მან დაწერა: ‘სიყვარულს არ შურს [არ არის მოშურნე, აქ]’ (1 კორინთელთა 13:4).
2 როდესაც პავლემ ეს სიტყვები დაწერა, მას მხედველობაში ჰქონდა უმართებულო მოშურნეობა, ანუ შური. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ ეტყოდა იმავე კრებას: „რადგანაც საღმრთო შურით მშურს თქვენთვის“ (2 კორინთელთა 11:2, სსგ). მისი ‘საღმრთო შური’ გამოწვეული იყო იმ ადამიანების გამო, რომლებიც გამხრწნელ გავლენას ახდენდნენ კრებაზე. ამან აღძრა პავლე, მიეწერა კორინთელი ქრისტიანებისთვის მეორე ინსპირირებული წერილი, რომელშიც სიყვარულით აღსავსე მრავალი რჩევა იყო (2 კორინთელთა 11:3–5).
შური ქრისტიანებს შორის
3 კორინთელების მიმართ თავის პირველ წერილში პავლე შეეხო პრობლემას, რომელიც ხელს უშლიდა ამ ახალ ქრისტიანებს ერთმანეთთან შეწყობაში. ისინი ხოტბას ასხამდნენ განსაზღვრულ ადამიანებს და ‘უყოყოჩდებოდნენ ერთმანეთს’. ამან მიიყვანა კრებებში ისეთ განხეთქილებებამდე, როდესაც სხვადასხვა ადამიანები ამბობდნენ: „მე პავლესი ვარ“, „მე აპოლოსი“, „მე კეფასი“ (1 კორინთელთა 1:12; 4:6). სულიწმიდის ხელმძღვანელობით მოციქულმა პავლემ შესძლო, ჩასწვდომოდა ამ პრობლემის არსს. კორინთელები მოქმედებდნენ ხორციელად მოაზროვნე ადამიანების მსგავსად და არა როგორც ‘სულიერნი’. ამიტომ პავლემ მისწერა: „ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. ვინაიდან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით?“ (1 კორინთელთა 3:1–3).
4 პავლე დაეხმარა კორინთელებს, სწორად შეეფასებინათ კრებაში მყოფი სხვადასხვა პიროვნებების უნარი და შესაძლებლობები. მან დასვა კითხვა: „ვინ განგასხვავებს? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?“ (1 კორინთელთა 4:7). კორინთელების მიმართ პირველი წერილის მე-12 თავში პავლემ ახსნა, რომ კრების წევრები ადამიანის სხეულის სხვადასხვა ასოების მსგავსნი იყვნენ, როგორიც არის ხელი, თვალი და ყური. მან მიუთითა, რომ ღმერთმა შექმნა სხეულის ასოები ისე, რომ ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ. პავლემ აგრეთვე დაწერა: „თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს“ (1 კორინთელთა 12:26). დღეს ღმერთის ყველა მსახურმა უნდა გამოიყენოს ეს პრინციპი ერთმანეთთან ურთიერთობაში. როდესაც პიროვნებას უპირატესობას ანიჭებენ ან აღწევს წარმატებებს ღმერთის მსახურებაში, იმის მაგივრად, რომ გვშურდეს, მასთან ერთად უნდა ვხარობდეთ.
5 რა თქმა უნდა, უფრო ადვილია თქვა, ვიდრე გააკეთო. ბიბლიის მწერალი იაკობი შეგვახსენებს, რომ ყველა ცოდვილ ადამიანში არის ‘მიდრეკილება შურისკენ’ (იაკობი 4:5, აქ). ადამიანის პირველი სიკვდილი დადგა იმის გამო, რომ კაენი დანებდა თავის უმართებულო მოშურნეობას. ფილისტიმელები დევნიდნენ ისაკს იმის გამო, რომ მათ შურდათ მისი მზარდი კეთილდღეობის. რახელს შურდა თავისი დის, რადგან მას შვილების გაჩენა შეეძლო. იაკობის შვილებს შურდათ თავიანთი უმცროსი ძმის, იოსების, რადგან მის მიმართ კეთილგანწყობილება იყო გამოვლენილი. მირიამი, ალბათ, ეჭვიანობდა თავის არაისრაელ რძალზე. კორახმა, დათანმა და აბირამმა შურით აღვსილებმა მოაწყვეს შეთქმულება მოსესა და აარონის წინააღმდეგ. მეფე საულს შეშურდა დავითის სამხედრო წარმატებების. უეჭველია, შური აღძრავდა იესოს მოწაფეებს, არაერთხელ ეკამათათ იმის შესახებ, თუ ვინ იყო მათ შორის ყველაზე დიდი. საქმე იმაშია, რომ არც ერთი ადამიანი არ არის მთლიანად თავისუფალი ცოდვილი მიდრეკილებისგან, ‘მიდრეკილებისგან შურისკენ’ (დაბადება 4:4–8; 26:14; 30:1; 37:11; რიცხვნი 12:1, 2; 16:1–3; ფსალმუნი 105:16; პირველი მეფეთა 18:7–9; მათე 20:21, 24; მარკოზი 9:33, 34; ლუკა 22:24).
კრებაში
6 ყველა ქრისტიანი უნდა მოერიდოს შურსა და უმართებულო მოშურნეობას. ეს უხუცესთა საბჭოებსაც ეხება, რომლებიც დანიშნული არიან ღმერთის ხალხის კრებებზე მზრუნველობისთვის. თუ უხუცესი თავმდაბალია, ის არ ეცდება პატივმოყვარულად სხვების დაჩრდილვას. სხვა მხრივ, თუ რომელიმე უხუცესი ძალიან უნარიანია — კარგი ორატორი ან ორგანიზატორი, სხვები გაიხარებენ ამით, რადგან ამას შეხედავენ, როგორც კურთხევას კრებისთვის (რომაელთა 12:15, 16). შესაძლოა, ძმა წარმატებებს აღწევს ცხოვრებაში ღმერთის სულის ნაყოფების გამოვლენით. მის კვალიფიკაციაზე მსჯელობისას, უხუცესები უნდა ფრთხილობდნენ, რომ არ გააზვიადონ მისი უმნიშვნელო შეცდომები, რათა გაამართლონ თავისი უარის თქმა ამ ძმის სამსახურებრივ თანაშემწედ ან უხუცესად დანიშვნაზე. ამით სიყვარულისა და გონივრულობის უკმარისობა გამომჟღავნდებოდა.
7 თუ კრებაში ვინმე თეოკრატიულ დანიშვნას ან სულიერ კურთხევას იღებს, სხვებს ესაჭიროებათ, მოერიდონ შურიანობას. მაგალითად, რომელიმე უნარიან დას შეიძლება სხვებზე ხშირად სთხოვენ ინსცენირებით გამოსვლას ქრისტიანულ კრებაში. ამან შეიძლება შური გამოიწვიოს სხვა დებში. შესაძლოა, მსგავსი პრობლემა არსებობდა ფილიპელთა კრებაში ევოდიასა და სვინტიქეს შორის. ჩვენს დროს ასეთ დებს უხუცესებისგან ესაჭიროებათ სიკეთით აღსავსე გამხნევება, რათა მორჩილნი და „თანამოაზრენი იყვნენ უფალში“ (ფილიპელთა 2:2, 3; 4:2, 3).
8 ქრისტიანმა შეიძლება იცოდეს იმ პიროვნების წარსული შეცდომის შესახებ, რომელიც ახლა კურთხეულია უპირატესობებით კრებაში (იაკობი 3:2). შურიანობამ შესაძლებელია აცდუნოს, მოუყვეს სხვებს ამის შესახებ და ეჭვქვეშ დააყენოს ამ პიროვნების დანიშვნა კრებაში. ასეთი საქციელი შეეწინააღმდეგებოდა სიყვარულს, რომელიც „ცოდვათა სიმრავლეს. . . ფარავს“ (1 პეტრე 4:8). შურიან ლაპარაკს შეუძლია დაარღვიოს კრებაში არსებული მშვიდობა. „თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, — აფრთხილებდა მოწაფე იაკობი, — ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ეს არაა მადლით გარდმოვლენილი სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი, ეშმაკური“ (იაკობი 3:14, 15).
შენს ოჯახში
9 მრავალი ქორწინება ირღვევა უმართებულო მოშურნეობის გამო. ქორწინებაში პარტნიორისადმი უნდობლობის გამოვლენა არ არის სიყვარული (1 კორინთელთა 13:7). სხვა მხრივ, ერთი მეუღლე შეიძლება ვერ ამჩნევდეს მეორე მეუღლის ეჭვიანობას. მაგალითად, ცოლმა შეიძლება იეჭვიანოს ქმარზე იმის გამო, რომ მისი მეუღლე კრებაში ყურადღებას აქცევს საპირისპირო სქესის სხვა პიროვნებას. ან ქმარმა შეიძლება იეჭვიანოს, რადგან მისი მეუღლე დიდ დროს უთმობს ნათესავებზე ზრუნვას, რომლებსაც ესაჭიროებათ მოვლა-პატრონობა. ასეთი გრძნობებით შეშფოთებულმა მეუღლეებმა შეიძლება დაფარონ ეს გრძნობები და გამოავლინონ თავიანთი გულგატეხილობა ისე, რომ ეს უფრო გაართულებს პრობლემას. ამის მაგივრად ეჭვიანი მეუღლისათვის საჭიროა, გულახდილად ილაპარაკოს თავისი გრძნობების შესახებ. თავის მხრივ, მეორესთვის საჭიროა, გამოამჟღავნოს გაგება და დაარწმუნოს თავის სიყვარულში (ეფესელთა 5:28, 29). ორივე მეუღლისთვის საჭიროა, დააცხრონ ეჭვიანობის გრძნობები და თავი აარიდონ მათ გამომწვევ სიტუაციებს. შესაძლოა, ქრისტიანი ზედამხედველისთვის საჭირო იყოს, დაეხმაროს თავის მეუღლეს იმის გაგებაში, რომ ის ავლენს გარკვეულ, სათანადო ყურადღებას სხვა სქესის წარმომადგენლების მიმართ იმ მიზნით, რომ შეასრულოს ღმერთის სამწყსოს მწყემსის მოვალეობა (ესაია 32:2). რა თქმა უნდა, უხუცესი ფრთხილად უნდა იყოს, რათა არასოდეს მისცეს ნებისმიერი ნამდვილი საბაბი ეჭვიანობისთვის. ეს მოითხოვს გაწონასწორებას, დარწმუნებას იმაში, რომ გამოჰყოფს დროს თავის ოჯახში ურთიერთობის განსამტკიცებლად (1 ტიმოთე 3:5; 5:1, 2).
10 მშობლები თავიანთ შვილებსაც უნდა დაეხმარონ იმის გაგებაში, თუ რა არის უმართებულო მოშურნეობა. ბავშვები, ხშირად, წამოიწყებენ ხოლმე ერთმანეთთან კინკლაობას, რაც ჩხუბში გადადის. ხშირად, მიზეზი შურია. იმის გამო, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია, არ შეიძლება მათ ერთნაირად მოექცე. უფრო მეტიც, ბავშვები უნდა მიხვდნენ, რომ ყველა მათგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ ერთ ბავშვს მშობლები ყოველთვის მიუთითებენ მოიქცეს ისე კარგად, როგორც მეორე იქცევა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ერთში შური, მეორეში კი — სიამაყე. მაგრამ მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს, რომ თავიანთი წარმატებები შეაფასონ არა ერთმანეთთან მეტოქეობით, არამედ ღმერთის სიტყვაში ჩაწერილ მაგალითებზე მსჯელობით. ბიბლია ამბობს: „ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი“. ამის მაგივრად, „ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით“ (გალატელთა 5:26; 6:4). მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანი მშობლები ბიბლიის რეგულარული შესწავლის საშუალებით დაეხმარონ თავიანთ შვილებს ღმერთის სიტყვაში ჩაწერილი კარგი და ცუდი მაგალითების განხილვაში (2 ტიმოთე 3:15).
მოშურნეობაზე ბატონობის მაგალითები
11 ძალაუფლებას მოწყურებული ამქვეყნიური ხელმძღვანელებისგან განსხვავებით, „მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე“ (რიცხვნი 12:3). როდესაც მოსეს გაუძნელდა მარტო ეხელმძღვანელა ისრაელებისთვის, იეჰოვა ღმერთმა თავისი სულიწმიდა აამოქმედა 70 სხვა ებრაელზე და უფლებამოსილებით აღჭურვა ისინი დახმარებოდნენ მოსეს. როდესაც ამ ადამიანებიდან ორმა დაიწყო წინასწარმეტყველება, იესო ნავეს ძემ გადაწყვიტა, რომ ამით უმართებულოდ შემცირდა მოსეს ხელმძღვანელობა. იესოს უნდოდა ამ მამაკაცების შეკავება, მაგრამ მოსემ თავმდაბლურად დაარწმუნა: „ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ. ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!“ (რიცხვნი 11:29). დიახ, მოსე ბედნიერი იყო, როდესაც სხვები ღებულობდნენ მსახურებაში უპირატესობას. მას მოშურნეობით არ სურდა თავისთვის დიდება.
12 შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ უპირატესობს სიყვარული შესაძლებელ უმართებულო მოშურნეობის გრძნობაზე, მოგვცა იონათანმა, ისრაელის მეფის საულის ძემ. იონათანი სამეფო ხაზით მამის ტახტის მემკვიდრე იყო, მაგრამ იეჰოვამ შემდეგ მეფედ დავითი ამოირჩია, იესეს ძე. იონათანის ადგილზე დავითისადმი მრავალი აღივსებოდა შურით და მეტოქედ ჩათვლიდა მას. მაგრამ ასეთი გრძნობებისგან იონათანი დავითისადმი სიყვარულმა დაიცვა. როდესაც გაიგო იონათანის სიკვდილის შესახებ, დავითს შეეძლო ეთქვა: „ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი“ (მეორე მეფეთა 1:26).
ყველაზე გამოჩენილი მაგალითები
13 იეჰოვა ღმერთი არის იმ პიროვნების ყველაზე გამოჩენილი მაგალითი, რომელიც ბატონობს თვით მართებულ მოშურნეობაზეც კი. ის სრულყოფილად იმორჩილებს ასეთ გრძნობებს. ღვთიური მოშურნეობის ნებისმიერი გამოვლენა ყოველთვის ჰარმონიაშია ღმერთის სიყვარულთან, სამართლიანობასა და სიბრძნესთან (ესაია 42:13, 14).
14 მოშურნეობაზე ბატონობის მეორე შესანიშნავი მაგალითი არის ღმერთის საყვარელი ძე, იესო ქრისტე. „თუმცა ღვთის ხატება იყო,“ იესო „მიტაცებად არ თვლიდა [მტაცებლობით არ ფიქრობდა, აქ] ღვთის თანასწორად ყოფნას“ (ფილიპელთა 2:6). როგორ მკვეთრად განსხვავდება ეს პატივმოყვარე ანგელოზის ქცევისგან, რომელიც გახდა სატანა ეშმაკი! ‘ბაბილონის მეფის’ მსგავსად, სატანამ მოშურნეობით მოინდომა ‘გატოლებოდა უზენაესს’, და საკუთარი თავი მეტოქე ღმერთად წამოაყენა, იეჰოვას საწინააღმდეგოდ (ესაია 14:4, 14; 2 კორინთელთა 4:4). სატანა კიდეც ცდილობდა, აეძულებინა იესო, დამხობილიყო და მისთვის ‘თაყვანი ეცა’ (მათე 4:9). მაგრამ ვერაფერმა ვერ გადაიყვანა იესო იეჰოვას უზენაესობისადმი თავმდაბლური მორჩილების გზიდან. სატანისაგან განსხვავებით, იესომ „დაიმცირა თავისი თავი, მონობის ხატი შეიმოსა და კაცის მსგავსად იქცა. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე“. იესომ მხარი დაუჭირა მამის მმართველობის სამართლიანობას და სავსებით უარყო ეშმაკის მიერ აღებული სიამაყისა და მოშურნეობის კურსი. ამ ერთგულებისთვის „აღამაღლა იგი ღმერთმა, და მისცა მას სახელი უზენაეს ყოველი სახელისა, რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისანი, ქვეყნისანი და ქვესკნელისანი, და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი სადიდებლად ღმრთისა და მამის“ (ფილიპელთა 2:7–11, სსგ).
ბატონობა შენს მოშურნეობაზე
15 ღმერთისგან და ქრისტესგან განსხავებით ქრისტიანები არასრულყოფილები არიან. რადგან ცოდვილები არიან, ზოგჯერ, შესაძლოა, იმოქმედონ მოშურნეობის გრძნობით აღძრულებმა. იმის მაგივრად, რომ ნება დავრთოთ მოშურნეობის გრძნობას აღგვძრას, გავაკრიტიკოთ თანამორწმუნე რამე უმნიშვნელო შეცდომისთვის ან სავარაუდო ცოდვისთვის, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ ასეთ ინსპირირებულ სიტყვებზე: „ნუ იქნები ზედმეტად მართალი ან მეტისმეტად ნუ დაბრძენდები — რად გინდა, რომ შეძრწუნდე?“ (ეკლესიასტე 7:16).
16 მოშურნეობის შესახებ 1911 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“ აფრთხილებდა: „თუმცა გვმართებს ვიყოთ ძალიან მოშურნეები და თავგამოდებულები უფლის საქმეში, ძლიერ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ არ ‘ვერევით სხვის საქმეში’. აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, არის თუ არა ეს საქმე ისეთი, რომ მართებულია განიხილონ უხუცესებმა და არის თუ არა ჩვენი მოვალეობა, რომ განვუცხადოთ მათ ამის შესახებ. ჩვენ ყველა ძალიან მოშურნენი უნდა ვიყოთ უფლის საქმეში, მაგრამ ძალიან უნდა ვფრთხილობდეთ, რომ ეს მწვავე მოშურნეობა არ აღმოჩნდეს. . . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა ვიყოთ ძალიან დარწმუნებული, რომ ეს არ არის შური პიროვნების მიმართ, არამედ მოშურნეობის გრძნობა ამ პიროვნებისთვის, მისი ინტერესებისა და კეთილდღეობისთვის“ (1 პეტრე 4:15).
17 როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, თავი ავარიდოთ სიამაყის, შურისა და ეჭვიანობის გრძნობებს? ამ საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია, ნება დავრთოთ სულიწმიდას თავისუფლად მოახდინოს ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. მაგალითად, ჩვენ გვესაჭიროება ვილოცოთ ღმერთის სულიწმიდის შესახებ და ვთხოვოთ დახმარება ღმერთის სულის შესანიშნავი ნაყოფების გამოვლენისთვის (ლუკა 11:13). ჩვენთვის აუცილებელია, დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს, რომლებიც იწყება ლოცვით და რომლებზეც დავანებულია ღმერთის სული და კურთხევა. უფრო მეტიც, ჩვენთვის აუცილებელია ბიბლიის შესწავლა, რომელიც ღმერთის მიერ არის ინსპირირებული (2 ტიმოთე 3:16). საჭიროა მონაწილეობა მივიღოთ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაში, რომელიც იეჰოვას სულიწმიდით ხორციელდება (საქმეები 1:8). კიდევ ერთი საშუალება, ვიმყოფებოდეთ ღმერთის სულიწმიდის სასიკეთო გავლენაში, არის ის, რომ ვეხმარებით თანამორმწუნეებს, რომლებიც გულდამძიმებული არიან რაღაც არასასიამოვნო შემთხვევების გამო (ესაია 57:15; 1 იოანე 3:15–17). ყველა ამ ქრისტიანული მოვალეობის გულმოდგინებით შესრულება დაგვიცავს მოშურნეობის ცოდვილი საქმეებისგან, რადგან ღმერთის სიტყვა ამბობს: „მოიქეცით სულიერად და არ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს“ (გალატელთა 5:16).
18 ღმერთის სულის ნაყოფებს შორის პირველი არის სიყვარული (გალატელთა 5:22, 23). სიყვარულის გამოვლენა დაგვეხმარება ახლა გავაკონტროლოთ ცოდვილი მიდრეკილებები. რა შეგვიძლია ვთქვათ მომავალზე? იეჰოვას მილიონობით მსახური იმედოვნებს იცხოვროს მომავალ მიწიერ სამოთხეში, სადაც მათ შეუძლიათ მიაღწიონ სრულყოფილებას. ახალ ქვეყნიერებაში სიყვარული იქნება გაბატონებული და არავინ დანებდება მოშურნეობის უმართებულო გამოვლენას, იმიტომ რომ „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:21).
საკითხები მსჯელობისთვის
◻ როგორი თვალსაჩინო მაგალითი გამოიყენა პავლემ, რათა დახმარებოდა მოშურნეობისადმი წინააღმდეგობის გაწევაში?
◻ როგორ შეუძლია მოშურნეობას მშვიდობა დაარღვიოს კრებაში?
◻ როგორ შეუძლიათ მშობლებს, ასწავლონ შვილებს მოშურნეობასთან გამკლავება?
◻ როგორ შეგვიძლია თავი ავარიდოთ მოშურნეობით გამოწვეულ ცოდვილ მოქმედებებს?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რა უთხრა იესომ თავის მოწაფეებს სიყვარულის შესახებ? ბ) შეიძლება თუ არა, სიყვარულისა და მოშურნეობის ერთდროულად გამოვლენა და რატომ პასუხობ ასე?
3. როგორ განვითარდა მოშურნეობა კორინთელ ქრისტიანთა შორის?
4. როგორი თვალსაჩინო მაგალითი გამოიყენა პავლემ, რათა დახმარებოდა თავის ძმებს, სწორი თვალსაზრისი ჰქონოდათ ერთმანეთზე და რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან?
5. რას გვიჩვენებს იაკობის 4:5 და როგორ ადასტურებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას საღვთო წერილი?
6. როგორ შეუძლიათ უხუცესებს კონტროლი გაუწიონ შურისკენ მიდრეკილებას?
7. როგორი პრობლემა შეიძლება განვითარდეს ზოგჯერ, როდესაც ქრისტიანი იღებს თეოკრატიულ დანიშვნას?
8. როგორ ცოდვილ მოქმედებამდე შეუძლია მიიყვანოს შურს?
9. როგორ შეუძლია დაქორწინებულ წყვილს კონტროლი გაუწიოს მოშურნეობას?
10. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ თავიანთ შვილებს მოშურნეობის გამკლავებაში?
11. მოშურნეობაზე ბატონობის როგორი შესანიშნავი მაგალითი მოგვცა მოსემ?
12. რამ მისცა იონათანს შესაძლებლობა თავი აერიდებინა მოშურნეობისთვის?
13. ვინ არის მოშურნეობის გრძნობაზე ბატონობის ყველაზე შესანიშნავი მაგალითი და რატომ?
14. სატანისგან განსხვავებით, როგორი მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
15. რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ავლაგმოთ მოშურნეობის გრძნობები?
16. როგორი შესანიშნავი რჩევა იყო მოცემული ამ ჟურნალის ერთ-ერთ ძველ გამოცემაში მოშურნეობის შესახებ?
17. როგორ შეგვიძლია თავი ავარიდოთ მოშურნეობით გამოწვეულ ცოდვილ მოქმედებებს?
18. რატომ არ მოგვიწევს მუდმივი ბრძოლა უმართებულო მოშურნეობასთან?