იეჰოვა უხვად იძლევა მშვიდობასა და ჭეშმარიტებას
„მოვარჩენ მათ და გამოვუჩენ მათ უზომო მშვიდობასა და სიმტკიცეს [ჭეშმარიტებას, აქ]“ (იერემია 33:6).
1, 2. ა) მშვიდობასთან დაკავშირებით ძირითადად რომელი ფაქტებია ცნობილი ერების შესახებ? ბ) რომელი გაკვეთილი ჩაუტარა იეჰოვამ ისრაელს ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს, რომელიც მშვიდობასთან იყო დაკავშირებული?
მშვიდობა! რამდენად სანატრელი და რამდენად იშვიათია ის კაცობრიობის ისტორიაში! განსაკუთრებით XX საუკუნე არ არის მშვიდობის საუკუნე. პირიქით, მან იხილა ორი ყველაზე გამანადგურებელი ომი კაცობრიობის ისტორიაში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში მშვიდობის შესანარჩუნებლად დაარსდა ერთა ლიგა. ამ ორგანიზაციამ მარცხი განიცადა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმავე მიზნით დააარსეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. საკმარისია წავიკითხოთ ყოველდღიური გაზეთები, რომ დავინახოთ, თუ რა სრულ მარცხს განიცდის ეს ორგანიზაციაც.
2 ნუთუ უნდა გვიკვირდეს, რომ ადამიანთა ორგანიზაციებს არ შეუძლიათ მშვიდობის დამყარება? არავითარ შემთხვევაში. 2 500 წელზე მეტი ხნის წინ ღმერთის რჩეულმა ხალხმა, ისრაელმა, მიიღო გაკვეთილი, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა. ძველი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნეში ისრაელის მშვიდობას ემუქრებოდა მსოფლიო მპყრობელი ბაბილონი. მშვიდობის შესანარჩუნებლად ისრაელს ეგვიპტის იმედი ჰქონდა. მაგრამ ეგვიპტე დამარცხდა (იერემია 37:5–8; ეზეკიელი 17:11–15). ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს ბაბილონის ჯარებმა მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის კედლები და დაწვეს იეჰოვას ტაძარი. ამრიგად, ისრაელმა ისწავლა, რომ ადამიანთა ორგანიზაციებზე დანდობა — რთული უსარგებლო გზაა. მშვიდობით დატკბობის ნაცვლად, ერი იძულებით იქნა წაყვანილი ბაბილონის ტყვეობაში (მეორე ნეშტთა 36:17–21).
3. იერემიას მეშვეობით ნათქვამი იეჰოვას სიტყვების შესრულების თანახმად, რომელმა ისტორიულმა შემთხვევებმა ასწავლა ისრაელებს მეორე არსებითად მნიშვნელოვანი გაკვეთილი მშვიდობის შესახებ?
3 მაგრამ იერუსალიმის დაცემამდე იეჰოვამ ცხადყო, რომ არა ეგვიპტე, არამედ თვითონ მოუტანდა ისრაელს ნამდვილ მშვიდობას. იერემიას მეშვეობით მან იწინასწარმეტყველა: „მოვარჩენ მათ და გამოვუჩენ მათ უზომო მშვიდობასა და სიმტკიცეს [ჭეშმარიტებას, აქ]; დავაბრუნებ იუდას და ისრაელის წარტაცებულს და წინანდებურად ავაშენებ მათ“ (იერემია 33:6, 7). იეჰოვას აღთქმის შესრულება დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 539 წელს, როცა ბაბილონი დაპყრობილ იქნა და ისრაელ ტყვეებს თავისუფლების საშუალება მიეცა (მეორე ნეშტთა 36:22, 23). ძველი წელთაღრიცხვით 537 წლის დასასრულს ისრაელებისგან შემდგარმა ჯგუფმა 70 წლის განმავლობაში პირველად იზეიმა კარვობის დღესასწაული ისრაელის მიწაზე! დღესასწაულის შემდეგ შეუდგნენ იეჰოვას ტაძრის აღდგენას. რას გრძნობდნენ ისინი ყოველივე ამის გამო? ჩანაწერი გვატყობინებს: „მთელი ხალხი. . . მაღალი ხმით ყიჟინებდა უფლის ქება-დიდებას უფლის სახლის დაფუძნების გამო“ (პირველი ეზრა 3:11).
4. როგორ გაამხნევა იეჰოვამ ისრაელები ტაძრის ასაშენებლად და რა აღთქმა დადო მშვიდობასთან დაკავშირებით?
4 მაგრამ ამ ბედნიერი დასაწყისის შემდეგ მოწინააღმდეგეებმა გული აუცრუეს ისრაელებს და მათ შეწყვიტეს ტაძრის აშენება. რამდენიმე წლის შემდეგ იეჰოვამ აღძრა წინასწარმეტყველები ანგია და ზაქარია, გაემხნევებინათ ისრაელები აღდგენითი სამუშაოების დასასრულებლად. რამდენად ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო მათთვის ანგიას მოსმენა, რომელიც ასაშენებელი ტაძრის შესახებ ამბობდა: „პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, ამბობს ცაბაოთ უფალი. ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას“! (ანგია 2:9).
იეჰოვა ასრულებს თავის აღთქმებს
5. რა არის ყურადღების ღირსი „ზაქარიას“ მერვე თავთან დაკავშირებით?
5 ბიბლიის წიგნში „ზაქარია“ ჩვენ ვკითხულობთ მრავალი ინსპირირებული ხილვისა და წინასწარმეტყველების შესახებ, რომლებიც აძლიერებდნენ ღმერთის ხალხს ადრე, ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში. იგივე წინასწარმეტყველებები კვლავაც გვარწმუნებენ იეჰოვას მხარდაჭერაში. ისინი ყოველგვარ საფუძველს გვაძლევენ, ვირწმუნოთ, რომ იეჰოვა ჩვენს დღეებშიც მისცემს თავის ხალხს მშვიდობას. მაგალითად, წინასწარმეტყველი ზაქარია თავისი სახელით წოდებული წიგნის მერვე თავში ათჯერ გამოთქვამს სიტყვებს: „ასე ამბობს უფალი“. თითოეულ შემთხვევაში ეს გამოთქმა გვამცნობს ღმერთის ხალხის მშვიდობასთან დაკავშირებულ ღვთიურ გადაწყვეტილებას. ამ აღთქმებიდან რამდენიმე შესრულდა ადრე, ზაქარიას დღეებში. დღეს კი ყველა აღთქმა შესრულებულია ან სრულდება.
‘დიდი შურით აღვიძვრები სიონის გამო’
6, 7. რა მხრივ იყო იეჰოვა ‘შურითა და დიდი რისხვით აღძრული სიონის გამო’?
6 პირველად ეს გამოთქმა გვხვდება ზაქარიას 8:2-ში, სადაც ვკითხულობთ: ‘ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით აღვიძვრები მის [სიონის, აქ] მიმართ [გამო, აქ]’. იეჰოვას აღთქმა, რომ თავისი ხალხისადმი ძალიან მოშურნე იქნებოდა, ნიშნავდა, რომ ის იფხიზლებდა მათი მშვიდობის აღსადგენად. ისრაელის თავის მიწაზე დაბრუნება და ტაძრის აღდგენა ამ მოშურნეობის მტკიცება იყო.
7 მაგრამ რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, ვინც ეწინააღმდეგებოდა იეჰოვას ხალხს? ის დაატეხდა მათ ისეთივე ‘დიდ რისხვას’, რამდენადაც დიდი მოშურნეობა ჰქონდა თავისი ხალხისადმი. როცა ერთგული იუდეველები თაყვანს სცემდნენ ტაძარში, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მათ ჰქონდათ საშუალება, დაფიქრებულიყვნენ ხვედრზე, რომელიც ერთ დროს ძლიერ, ხოლო ახლა დაცემულ ბაბილონს ეწია. ასევე, მათ შეეძლოთ ეფიქრათ იმ მტრების სრულ მარცხზე, რომლებიც ხელის შეშლას ცდილობდნენ ტაძრის აღდგენაში (პირველი ეზრა 4:1–6; 6:3). და მათ შეეძლოთ იეჰოვას მადლიერები ყოფილიყვნენ, რომ შეასრულა თავისი აღთქმა. მისმა მოშურნეობამ მათ გამარჯვება მოუტანა!
„ჭეშმარიტების ქალაქი“
8. წინა დროისგან განსხვავებით, როგორ გახდა ზაქარიას დროინდელი იერუსალიმი ჭეშმარიტების ქალაქი?
8 მეორედ ზაქარია წერს: „ასე ამბობს უფალი“. რას ამბობს იეჰოვა ამ შემთხვევაში? „დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის [ჭეშმარიტების, აქ] ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას — მთაწმიდა“ (ზაქარია 8:3). ძველი წელთაღრიცხვით 607 წლამდე იერუსალიმი აშკარად არ იყო ჭეშმარიტების ქალაქი. მისი მღვდლები და წინასწარმეტყველები გარყვნილები იყვნენ, ხოლო მისი ხალხი — ორგული (იერემია 6:13; 27:29–34; 13:23–27). ახლა კი ღმერთის ხალხი აღდგენით სამუშაოებს ასრულებდა ტაძარში და ამით აჩვენებდა წმინდა თაყვანისმცემლობისადმი თავის ერთგულებას. იეჰოვას სული კვლავ დამკვიდრდა იერუსალიმში. წმინდა თაყვანისმცემლობის ჭეშმარიტებები კვლავ ისმოდა მასში, ამიტომ შეიძლებოდა, იერუსალიმი ‘ჭეშმარიტების ქალაქად’ წოდებულიყო. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მისი ძალიან მაღალი ადგილსამყოფელი ‘იეჰოვას მთად’ წოდებულიყო.
9. როგორ შესანიშნავად შეიცვალა ‘ღვთის ისრაელის’ მდგომარეობა 1919 წელს?
9 თუმცა ძველი დროის ისრაელისთვის გამოცხადებული ეს ორი გადაწყვეტილება მრავლისმეტყველი იყო, მათ ჩვენთვისაც მრავალი მნიშვნელობა აქვთ, როცა XX საუკუნე დასასრულს უახლოვდება. ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდნილი ძველი დროის ისრაელის მსგავსად, დაახლოებით 80 წლის წინ, პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, რამდენიმე ათასი ცხებული, რომლებიც მაშინ ‘ღვთის ისრაელს’ წარმოადგენდნენ, ჩავარდა სულიერ ტყვეობაში (გალატელთა 6:16). წინასწარმეტყველური სიტყვებით ისინი ქუჩაში დაყრილ გვამებად იყვნენ აღწერილი. მიუხედავად ამისა, მათ გულწრფელი სურვილი ჰქონდათ, თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). ამიტომ 1919 წელს სულიერად მკვდარი მდგომარეობიდან მათი გამოღვიძებით იეჰოვამ ისინი ტყვეობიდან დააბრუნა (გამოცხადება 11:7–13). ასე რომ, იეჰოვამ მქუხარე ხმით უპასუხა დიახ ესაიას წინასწარმეტყველურ კითხვაზე: „თუ შობილა მიწა [ქვეყანა, აქ] ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად“? (ესაია 66:8). ათას ცხრაას ცხრამეტ წელს იეჰოვას ხალხი კვლავ არსებობდა, როგორც სულიერი ერი საკუთარ „ქვეყანაში“, ანუ სულიერ მამულში დედამიწაზე.
10. რომელი კურთხევებით სარგებლობენ ცხებული ქრისტიანები თავიანთ „ქვეყანაში“ 1919 წლიდან?
10 ამ ქვეყანაში უსაფრთხოებაში მყოფი ცხებული ქრისტიანები მსახურობდნენ იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში. ისინი დანიშნული იყვნენ ‘ერთგულ და გონიერ მონად’, რომელმაც მიიღო იესოს მიწიერ საკუთრებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა — უპირატესობა, რომლითაც კვლავაც სარგებლობენ, როცა XX საუკუნე დასასრულს უახლოვდება (მათე 24:45–47). მათ კარგად ისწავლეს, რომ იეჰოვა ‘თავად მშვიდობის ღმერთია’ (1 თესალონიკელთა 5:23).
11. რით აჩვენეს ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებმა, რომ ღმერთის ხალხის მტრები არიან?
11 მაგრამ რა შეიძლება ითქვას ღვთის ისრაელის მტრების შესახებ? თავისი ხალხისადმი იეჰოვას მოშურნეობა არის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართული რისხვის თანატოლი. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ, რათა ბოლო მოეღოთ ქრისტიანების ამ მცირე ჯგუფისთვის, რომლებიც ჭეშმარიტებას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ისინი დამარცხდნენ. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს მსახურები გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ საკითხში: კონფლიქტის ორივე მხარე აიძულებდა მთავრობებს, ჩაეხშოთ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. მრავალ ქვეყანაში რელიგიური წინამძღოლები დღესაც კი აღძრავენ მთავრობებს, შეზღუდონ ან აღკვეთონ იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული სამქადაგებლო საქმიანობა.
12, 13. როგორ გამოიხატება იეჰოვას რისხვა ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ?
12 ყოველივე ეს შეუმჩნეველი არ იყო იეჰოვასთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქრისტიანული სამყარო დიდი ბაბილონის დანარჩენ ნაწილთან ერთად დაეცა (გამოცხადება 14:8). ქრისტიანული სამყაროს დაცემის რეალურობა საქვეყნოდ ცნობილი გახდა, როცა 1922 წლიდან მას დაატყდა სიმბოლური სასჯელები, რომლებიც საჯაროდ ააშკარავებდნენ მის სულიერად მკვდარ მდგომარეობას და აფრთხილებდნენ მის მომავალ განადგურებაზე (გამოცხადება 8:7–9:21). იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სასჯელები გრძელდება, 1995 წლის 23 აპრილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო წაკითხული მოხსენება „ახლოსაა ცრუ რელიგიის აღსასრული“, რომელსაც მოჰყვა განსაკუთრებული გამოცემის, „ცნობა სამეფოს შესახებ“, ასობით მილიონი ეგზემპლარის გავრცელება.
13 დღეს ქრისტიანული სამყარო საცოდავ მდგომარეობაშია. მისი წევრები მთელი XX საუკუნის განმავლობაში კლავენ ერთმანეთს თავისივე მღვდლებისა და მსახურების მიერ კურთხეულ სასტიკ ომებში. ზოგიერთ ქვეყანაში მისი ზეგავლენა ფაქტიურად ნულს უდრის. დიდი ბაბილონის დანარჩენ ნაწილთან ერთად ის წინასწარ არის განკუთვნილი გასანადგურებლად (გამოცხადება 18:21).
მშვიდობა იეჰოვას ხალხისთვის
14. რომელი წინასწარმეტყველური სიტყვიერი სურათი ისახება მშვიდობის პირობებში მცხოვრები ადამიანების შესახებ?
14 ამის საპირისპიროდ, ამ 1996 წელს იეჰოვას ხალხი ტკბება უხვი მშვიდობით თავიანთ აღდგენილ ქვეყანაში, როგორც ამას იეჰოვას მესამე გადაწყვეტილება აღწერს: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველას არგანი ეჭირება ხელში დღეთა სიმრავლის გამო. ქალაქის მოედნები სავსე იქნება ბიჭებით და გოგონებით, ითამაშებენ მის მოედნებზე“ (ზაქარია 8:4, 5).
15. როგორი მშვიდობით ტკბებიან იეჰოვას მსახურები ერთა შორის ომების მიუხედავად?
15 ეს აღმაფრთოვანებელი სიტყვიერი სურათი აღწერს შესანიშნავ მოვლენას, რომელიც ომებით გაპარტახებულ ქვეყნიერებაში მიმდინარეობს — მშვიდობიან პირობებს, რომლებშიც ადამიანები ცხოვრებენ. დაწყებული 1919 წლიდან სრულდება ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები: „მშვიდობა, მშვიდობა შორებელთ და ახლობელთ! ამბობს უფალი, და განვკურნავ მას. [მაგრამ]. . . არ არის მშვიდობა, ამბობს ჩემი ღმერთი, ბოროტეულთათვის“ (ესაია 57:19–21). რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ხალხი არ არის ქვეყნიერების ნაწილი, ისინი ვერ არიდებენ თავს ეროვნული არეულობის გავლენას (იოანე 17:15, 16). ზოგიერთ ქვეყანაში ისინი უკიდურეს სირთულეებს იტანენ და მათგან ზოგიერთი მოკლეს კიდეც. მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს აქვთ მშვიდობა ორი ძირითადი გაგებით. პირველი: მათ აქვთ „მშვიდობა. . . ღმერთთან [თავიანთი] უფლის იესო ქრისტეს მიერ“ (რომაელთა 5:1). მეორე: მათ აქვთ მშვიდობა ერთმანეთთან. ისინი ავითარებენ ‘მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეს’, რომელიც „პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი“ (იაკობი 3:17; გალატელთა 5:22–24). გარდა ამისა, მათ იმედი აქვთ, რომ სიტყვის სრული მნიშვნელობით დატკბებიან მშვიდობით, როცა „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11).
16, 17. ა) როგორ აძლიერებენ იეჰოვას ორგანიზაციას „ბერიკაცები და დედაბრები“ და ასევე ‘ბიჭები და გოგონები’? ბ) რა ცხადყოფს იეჰოვას ხალხის მშვიდობას?
16 იეჰოვას ხალხში დღემდე არიან „ბერიკაცები და დედაბრები“, ცხებულები, რომლებსაც ახსოვთ იეჰოვას ორგანიზაციის ადრინდელი გამარჯვებები. მათი ერთგულება და სიმტკიცე დიდად დაფასებულია. ოცდაათიანი წლების ცხარე დღეებში და მეორე მსოფლიო ომისა და რიცხობრივი ზრდის ამაღელვებელი წლების განმავლობაში უფრო ახალგაზრდა ცხებულები საკუთარ თავზე იღებდნენ ხელმძღვანელობას. შემდეგ, განსაკუთრებით 1935 წლიდან, გამოჩნდა ‘სხვა ცხვრებისგან’ შემდგარი „უამრავი ხალხი“ (იოანე 10:16; გამოცხადება 7:9). რადგან ცხებული ქრისტიანები ხანში შედიოდნენ და რიცხობრივად მცირდებოდნენ, სხვა ცხვრებმა დაიწყეს სამქადაგებლო მსახურება, რომელიც მთელი დედამიწის მასშტაბით გააფართოეს. ბოლო წლებში ღმერთის ხალხის ქვეყანა აივსო სხვა ცხვრებით. წარმოიდგინე, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა 338 491 პიროვნება! სულიერი გაგებით ასეთი ახალმოსულები ნამდვილად ძალიან ახალგაზრდები არიან. მათი სიმხნევე და ენთუზიაზმი დიდად ფასდება, როცა ავსებენ მათ რიგებს, რომლებიც უგალობენ მადლიერებით აღსავსე ქება-დიდებას „ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!“ (გამოცხადება 7:10).
17 დღეს ‘ქალაქის მოედნები სავსეა ბიჭებითა და გოგონებით’, მოწმეებით, რომლებსაც ახალგაზრდული მხნეობა აქვთ. ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი სამსახურებრივი წლის ანგარიშები მიღებული იყო 232 ქვეყნიდან და კუნძულიდან. მაგრამ მასში არ მოიხსენიება, რომ სხვადასხვა ერის წარმომადგენელ ცხებულებსა და სხვა ცხვრებს შორის ხდება მეტოქეობა, ტომობრივი სიძულვილი და შური. სიყვარულში გაერთიანებულები ყველა ერთად იზრდება სულიერად. მსოფლიო სცენაზე იეჰოვას მოწმეების მსოფლიო ძმობა ნამდვილად განსაკუთრებულია (კოლასელთა 3:14; 1 პეტრე 2:17).
ძალიან რთულია იეჰოვასთვის?
18, 19. ათას ცხრაას ცხრამეტი წლიდან დაწყებული როგორ ასრულებს იეჰოვა იმას, რაც ადამიანთა თვალსაზრისით, შესაძლოა, ძალიან რთულია?
18 ადრე, 1918 წელს, როცა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი მხოლოდ სულიერ ტყვეობაში მყოფი რამდენიმე ათასი გულაცრუებული პიროვნებისგან შედგებოდა, არავის შეეძლო წინასწარ გამოეცნო, თუ როგორ წარიმართებოდა მოვლენები. მაგრამ იეჰოვამ იცოდა, როგორც ამას მისი მეოთხე წინასწარმეტყველური გადაწყვეტილება ადასტურებს: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს შეუძლებელია [ძალიან რთულია, აქ] ხალხის ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელია? ამბობს ცაბაოთ უფალი“ (ზაქარია 8:6).
19 ათას ცხრაას ცხრამეტ წელს იეჰოვას სულმა გამოაცოცხლა თავისი ხალხი სამსახურისთვის, რომლის შესრულებაც წინ ჰქონდათ. მაგრამ იეჰოვას თაყვანისმცემელთა მცირე ორგანიზაციაში მტკიცედ ყოფნა რწმენას მოითხოვდა. ისინი ძალიან ცოტანი იყვნენ და მრავალი საკითხი გაურკვეველი იყო. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ თანდათან გააძლიერა ისინი როგორც ორგანიზაცია და აღჭურვა, რათა შეესრულებინათ კეთილი ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებული ქრისტიანული მსახურება და მოწაფეებად გაეხადათ ადამიანები (ესაია 60:17, 19; მათე 24:14; 28:19, 20). თანდათანობით ის დაეხმარა ისეთი მნიშვნელოვანი საკამათო საკითხების გარჩევაში, როგორიცაა ნეიტრალიტეტი და უზენაესი ხელისუფლება. ნუთუ ძალიან რთული იყო იეჰოვასთვის, შეესრულებინა თავისი ნება მოწმეებისგან შემდგარი მცირე ჯგუფის საშუალებით? პასუხი აშკარაა — არა! ეს მტკიცდება ამ ჟურნალის 20–23 გვერდებზე, რომლებზეც მოყვანილია იეჰოვას მოწმეების 1995 სამსახურებრივი წლის მოღვაწეობის ცხრილი.
„მე მათი ღმერთი ვიქნები“
20. ღმერთის ხალხის რამდენად ფართო შეკრება იყო ნაწინასწარმეტყველები?
20 შემდეგ მეხუთე გადაწყვეტილება ნათელყოფს იეჰოვას დღევანდელი მოწმეების ბედნიერ მდგომარეობას: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე დავიხსნი ჩემს ერს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის დასავლეთის ქვეყნიდან; მივიყვან მათ და დავასადგურებ შუაგულ იერუსალიმში; ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები რწმენაში და სიმართლეში“ (ზაქარია 8:7, 8).
21. რა საშუალებით შენარჩუნდა და გაფართოვდა იეჰოვას ხალხის უხვი მშვიდობა?
21 ჩვენ 1996 წელს უყოყმანოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეთილი ცნობა ექადაგა მთელ მსოფლიოში, ‘აღმოსავლეთის ქვეყნიდან მზის დასავლეთის ქვეყნამდე’. ადამიანები ყველა ერიდან ხდებიან მოწაფეებად და ხედავენ იეჰოვას აღთქმის შესრულებას: „შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა“ (ესაია 54:13). ჩვენ გვაქვს მშვიდობა, რადგან განსწავლულები ვართ იეჰოვას მიერ. ამ მიზნით ლიტერატურა გამოიცემა 300-ზე მეტ ენაზე. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში დაემატა კიდევ 21 ენა. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ გამოიცემა ერთდროულად 111 ენაზე, ხოლო ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ 54 ენაზე. ეროვნული და საერთაშორისო კონგრესები საჯაროდ ამტკიცებენ ღმერთის ხალხის მშვიდობას. ყოველკვირეული შეხვედრები გვაერთიანებს და გვაძლევს საჭირო გამხნევებას, რათა შევინარჩუნოთ სიმტკიცე (ებრაელთა 10:23–25). დიახ, იეჰოვა ასწავლის თავის ხალხს „რწმენაში და სიმართლეში“. ის აძლევს თავის ხალხს მშვიდობას. რამდენად კურთხეული ვართ, რომ ვსარგებლობთ ამ უხვი მშვიდობით!
შეგიძლია თუ არა, ახსნა?
◻ როგორ აღიძრა იეჰოვა ‘შურითა და დიდი რისხვით’ თავისი ხალხის გამო ჩვენს დროში?
◻ როგორ ტკბება იეჰოვას ხალხი მშვიდობით ომებით გაპარტახებულ ქვეყნებშიც კი?
◻ რა გაგებით არის ‘ქალაქის მოედნები სავსე ბიჭებითა და გოგონებით’?
◻ რომელი საშუალებები იყო გათვალისწინებული, რათა იეჰოვას ესწავლებინა თავისი ხალხისთვის?
[ცხრილი 20-23 გვერდებზე]
იეჰოვას მოწმეების 1995 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიში
[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]
[სურათი 24, 25-ე გვერდებზე]
ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში ერთგულმა იუდეველებმა, რომლებიც ტაძრის აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ, ისწავლეს, რომ მშვიდობის სარწმუნო წყარო იყო მხოლოდ იეჰოვა.