ქმარი და უხუცესი — პასუხისმგებლობების გაწონასწორება
‘[ზედამხედველი] უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი’ (1 ტიმოთე 3:2).
1, 2. რატომ არის არაბიბლიური დაუქორწინებლობა, რომელიც მღვდლებს მოეთხოვება?
პირველ საუკუნეში ერთგულ ქრისტიანებს აინტერესებდათ სხვადასხვა პასუხისმგებლობათა გაწონასწორების საკითხი. როცა მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ქრისტიანი, რომელიც დაუქორწინებლად რჩება, „უკეთესად იქცევა“, ნუთუ გულისხმობდა, რომ ასეთი მამაკაცი უფრო შესაფერისი იქნებოდა ქრისტიანულ კრებაში ზედამხედველად მსახურებისთვის? სინამდვილეში, ნუთუ უხუცესად ყოფნისთვის მან დაუქორწინებლობის მოთხოვნა დაადგინა? (1 კორინთელთა 7:38). დაუქორწინებლობა მოეთხოვება კათოლიკურ სამღვდელოებას. მაგრამ ნუთუ მღვდლების დაუქორწინებლობა ბიბლიურია? მართლმადიდებლური ეკლესია მღვდლებს, რომლებიც მრევლს ემსახურებიან, ნებას რთავს, იყვნენ ცოლიანები, ეპისკოპოსებს — კი არა. არის თუ არა ეს თანხმობაში ბიბლიასთან?
2 ქრისტიანული კრების საძირკვლის წევრებად მყოფი ქრისტეს 12 მოციქულიდან უმრავლესობა ცოლიანი იყო (მათე 8:14, 15; ეფესელთა 2:20). პავლემ დაწერა: „განა არა გვაქვს უფლება, მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ [პეტრემ]?“ (1 კორინთელთა 9:5). კათოლიკური ენციკლოპედია აღიარებს იმის ალბათობას, რომ „დაუქორწინებლობის კანონს აქვს საეკლესიო წარმოშობა“ და რომ „ახალი აღთქმის მსახურებს არ მოეთხოვებოდათ დაუქორწინებლობა“ (New Catholic Encyclopedia). იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან ბიბლიურ ნიმუშს და არა საეკლესიო კანონს (1 ტიმოთე 4:1–3).
უხუცესობა და ქორწინება ერთმანეთის შეთავსებადია
3. რომელი ბიბლიური ფაქტები ცხადყოფს, რომ ქრისტიან ზედამხედველებად შეიძლება იყვნენ ცოლიანი მამაკაცები?
3 იმის ნაცვლად, რომ ზედამხედველებად დანიშნული მამაკაცებისგან მოეთხოვა დაუქორწინებლობა, პავლემ მისწერა ტიტეს: «იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები [ბერძნულად, „პრე·სბიʹტე·როს“], როგორც მე დაგავალე: თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი. ვინაიდან ეპისკოპოსი [ბერძნულად, „ე·პიʹსკო·პოს“, რომლისგანაც მოდის სიტყვა „ეპისკოპოსი“] უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის განმგებელი» (ტიტე 1:5–7).
4. ა) საიდან ვიცით, რომ ქრისტიან ზედამხედველებს არ მოეთხოვებათ დაქორწინება? ბ) რა უპირატესობა აქვს დაუქორწინებელ ძმას, რომელიც უხუცესია?
4 სხვა მხრივ, დაქორწინება არ წარმოადგენს მოთხოვნას უხუცესად გახდომისთვის. იესო დაუქორწინებელი დარჩა (ეფესელთა 1:22). პავლე, პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების გამოჩენილი ზედამხედველი, იმ დროს დაუქორწინებელი იყო (1 კორინთელთა 7:7–9). დღეს მრავალი უცოლო ქრისტიანი მსახურობს უხუცესად. დაუქორწინებლობა მათ, შესაძლოა, უფრო მეტ დროს აძლევს, რათა, როგორც ზედამხედველებმა, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები.
‘ცოლიანი მამაკაცი გაყოფილია’
5. რომელი ბიბლიური ფაქტები უნდა აღიარონ ცოლიანმა ძმებმა?
5 როდესაც ქრისტიანი მამაკაცი ქორწინდება, მან უნდა შეიგნოს, რომ საკუთარ თავზე იღებს ახალ პასუხისმგებლობებს, რომლებიც მისგან მოითხოვს დროსა და ყურადღებას. ბიბლია აცხადებს: „უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; ხოლო ცოლიანი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს [და ის გაყოფილია, აქ]“ (1 კორინთელთა 7:32–34). გაყოფილი, რა გაგებით?
6, 7. ა) რომელია ის ერთ-ერთი მხარე, რაშიც ცოლიანი მამაკაცი ‘გაყოფილია’? ბ) რა რჩევას აძლევს პავლე დაქორწინებულ ქრისტიანებს? გ) როგორ შეუძლია ამას ზეგავლენა მოახდინოს მამაკაცის გადაწყვეტილებაზე, დათანხმდეს გარკვეულ სამუშაოზე?
6 უპირველესად, ცოლიანი მამაკაცი თმობს თავის ძალაუფლებას საკუთარ სხეულზე. პავლემ ეს სავსებით ნათელი გახადა: „ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ ცოლი“ (1 კორინთელთა 7:4). ზოგიერთი პიროვნება, რომელიც დაქორწინებას აპირებს, შესაძლოა, ფიქრობს, რომ ეს მოწოდება ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან სექსუალური ურთიერთობები მის ქორწინებაში მთავარ ადგილს არ დაიკავებს. ბიბლია კი მოითხოვს ქორწინებამდე სიწმინდის დაცვას, მაგრამ ქრისტიანმა, სინამდვილეში, არ იცის თავისი მომავალი მეუღლის სექსუალური მოთხოვნილებები.
7 პავლემ აჩვენა, რომ იმ წყვილმაც კი, რომელიც ‘სულიერზე ფიქრობს’, უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის სექსუალური მოთხოვნილებები. ის ურჩევდა კორინთელ ქრისტიანებს: „ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს. ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით“ (რომაელთა 8:5; 1 კორინთელთა 7:3, 5). სამწუხაროდ, როცა ამ რჩევას არ მიჰყვნენ, მრუშობას ჰქონდა ადგილი. რადგან ეს ასეა, დაქორწინებულმა ქრისტიანმა ყურადღებით უნდა აწონ-დაწონოს ყველა საკითხი, სანამ თანხმობას იტყვის სამუშაოზე, რომელიც ძალიან დიდი ხნით დააშორებდა მას ცოლისგან. მას მეტად აღარ აქვს მოქმედების ისეთი თავისუფლება, როგორიც დაუქორწინებლობის პერიოდში ჰქონდა.
8, 9. ა) რა იგულისხმა პავლემ, როცა თქვა, რომ დაქორწინებული ქრისტიანები ‘წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავენ’? ბ) რომელი საზრუნავის შესრულებას უნდა ცდილობდნენ დაქორწინებული ქრისტიანები?
8 რა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ცოლიანი ქრისტიანები, უხუცესების ჩათვლით, ‘წუთისოფლის [„კოʹსმოს“] საქმეებზე ზრუნავენ’? (1 კორინთელთა 7:33). სავსებით ნათელია, რომ პავლე არ ლაპარაკობდა წუთისოფლის ცუდ საქმეებზე, რომლებსაც ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა გაექცეს (2 პეტრე 1:4; 2:18–20; 1 იოანე 2:15–17). ღვთის სიტყვა გვარიგებს, რომ «უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური [„კო·სმი·კოსʹ“] გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით» (ტიტე 2:12).
9 მაშასადამე, დაქორწინებული ქრისტიანი „წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს“, ანუ სამართლიანად არის დაკავებული ამქვეყნიური საქმეებით, რომლებიც ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრების ნაწილია. ამაში შედის საცხოვრებელი ადგილის საკითხები, კვება, ტანსაცმელი, დასვენება — თუ არ ჩავთვლით სხვა უთვალავ საზრუნავს, როცა ოჯახში ბავშვებია. მაგრამ უშვილო წყვილს წარმატებული ქორწინება რომ ჰქონდეს, ქმარიც და ცოლიც უნდა ცდილობდნენ ერთმანეთს ‘აამონ’. განსაკუთრებით, ეს ქრისტიან უხუცესებს უნდა აინტერესებდეთ იმ დროს, როცა აწონასწორებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს.
არა მარტო კარგი უხუცესები, არამედ კარგი ქმრებიც
10. ქრისტიანი რომ უხუცესობის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს, რას უნდა ხედავდნენ მისი ძმები და გარეშე პირები?
10 მართალია, უხუცესებს არ მოეთხოვებათ დაქორწინება, მაგრამ თუ ქრისტიანი ცოლიანია, სანამ მას უხუცესად დანიშვნისთვის წარადგენენ, მან აუცილებლად უნდა დაამტკიცოს, რომ ცდილობს იყოს კარგი, მოსიყვარულე ქმარი ოჯახის უფროსის როლის სათანადოდ შესრულებისას (ეფესელთა 5:23–25, 28–31). პავლე წერდა: „თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე ნდომია. ხოლო ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი“ (1 ტიმოთე 3:1, 2). ყველანაირად უნდა ჩანდეს, რომ უხუცესი მაქსიმუმს აკეთებს, რათა იყოს კარგი მეუღლე, მიუხედავად იმისა, მისი ცოლი თანამორწმუნეა თუ არა. სინამდვილეში, გარეშე პირებმაც, რომლებიც კრების წევრები არ არიან, უნდა შეამჩნიონ, რომ ის ზრუნავს თავის ცოლზე და სხვა მოვალეობებზეც. პავლემ დაუმატა: „ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა სირცხვილსა და ეშმაკის მახეში არ გაებას“ (1 ტიმოთე 3:7).
11. რა იგულისხმება ფრაზაში „ერთი ცოლის ქმარი“ და ამიტომ რა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ უხუცესებმა?
11 რასაკვირველია, ფრაზა „ერთი ცოლის ქმარი“ გამორიცხავს მრავალცოლიანობას და, ამავე დროს, გულისხმობს მეუღლისადმი ერთგულებას (ებრაელთა 13:4). განსაკუთრებით უხუცესებს ესაჭიროებათ იყვნენ ძალიან ყურადღებიანნი, როცა კრებაში დახმარებას უწევენ დებს. უხუცესი უნდა მოერიდოს მარტომ მიაკითხოს დას, რომელსაც ესაჭიროება რჩევა და ნუგეშისცემა. კარგია, როცა უხუცესს ახლავს სხვა უხუცესი, სამსახურებრივი თანაშემწე ან მეუღლე, თუ საქმე მხოლოდ გასამხნევებელ მონახულებას ეხება (1 ტიმოთე 5:1, 2).
12. რომელი მოთხოვნების შესრულებას უნდა ცდილობდნენ უხუცესებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების ცოლები?
12 სხვათა შორის, როცა პავლემ ჩამოთვალა მოთხოვნები უხუცესებისა და სამსახურებრივი თანაშემწეებისთვის, მან იმ პიროვნებების ცოლებისთვისაც ჩაწერა რჩევა, რომლებიც ასეთი უპირატესობებისთვის არიან წარდგენილი. მან დაწერა: „ასევე მათი ცოლებიც უნდა იყვნენ პატიოსნები, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი“ (1 ტიმოთე 3:11). ქრისტიან ქმარს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს იმაში, რომ დაეხმაროს ცოლს, შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნას.
ბიბლიური მოვალეობა ცოლის მიმართ
13, 14. ცოლი თანამორწმუნეც რომ არ იყოს, რატომ უნდა დარჩეს უხუცესი მასთან და იყოს კარგი მეუღლე?
13 რა თქმა უნდა, რჩევაში, რომელიც მიეცა უხუცესებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების ცოლებს, იგულისხმება, რომ ეს ცოლები თვითონ არიან მიძღვნილი ქრისტიანები. საერთოდ, ეს ასეც არის, ვინაიდან ქრისტიანებს მოეთხოვებათ დაქორწინება მხოლოდ უფალში (1 კორინთელთა 7:39). მაგრამ რა შეიძლება ითქვას ძმაზე, რომელიც უკვე დაქორწინებული იყო ურწმუნოზე, როცა სიცოცხლე მიუძღვნა იეჰოვას, ან რომლის ცოლიც გავიდა ჭეშმარიტებიდან, თუმცა ამაში ძმას არ მიუძღვის ბრალი?
14 ეს ხელს არ შეუშლის მას უხუცესობაში. თუმცა ეს არც იმის გამმართლებელია, რომ ქმარი გაშორდეს ცოლს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ იზიარებს მის რწმენას. პავლემ ურჩია: „თუ შეერთებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ“ (1 კორინთელთა 7:27). შემდეგ მან განაცხადა: „თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს. მაგრამ თუ ურწმუნოს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგვიწოდა ღმერთმა. ვინაიდან, რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?“ (1 კორინთელთა 7:12, 15, 16). მისი ცოლი მოწმეც რომ არ იყოს, უხუცესი კარგი ქმარი უნდა იყოს.
15. რა რჩევას აძლევს მოციქული პეტრე ქრისტიან ქმრებს და რა შეიძლება ამას მოჰყვეს შედეგად, თუ აღმოჩნდება, რომ უხუცესი დაუდევარი ქმარია?
15 ქრისტიანმა უხუცესმა უნდა შეიგნოს, რომ მისი ცოლი საჭიროებს სიყვარულით აღსავსე ყურადღებას, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ არა. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ“ (1 პეტრე 3:7). ქმარი, რომელიც შეგნებულად არ ზრუნავს ცოლის მოთხოვნილებებზე, საფრთხეში აგდებს თავის ურთიერთობას იეჰოვასთან; ამას შეუძლია დააბრკოლოს მიახლოება იეჰოვასთან, რომელიც თითქოს ‘ღრუბლით იბურება, რათა აირიდოს მისი ლოცვები’ (გოდება იერემიასი 3:44). ეს კი იმას გამოიწვევს, რომ აღარ ივარგებს იმსახუროს ქრისტიანულ ზედამხედველად.
16. რომელი ძირითადი აზრი გამოკვეთა პავლემ და რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ამაზე უხუცესებს?
16 როგორც აღნიშნული იყო, პავლეს მსჯელობის მთავარი არსი ის არის, რომ როცა მამაკაცი ქორწინდება, ის თმობს თავისუფლების გარკვეულ ნაწილს, რომელიც ჰქონდა როგორც დაუქორწინებელს, რაც მას საშუალებას აძლევდა ‘განუწყვეტლივ ემსახურა უფლისთვის, დაუბრკოლებლივ’ (1 კორინთელთა 7:35). ცნობები ცხადყოფს, რომ ზოგიერთ ცოლიან უხუცესს ყოველთვის არ ჰქონდა გაწონასწორებული მსჯელობა, პავლეს ინსპირირებულ სიტყვებთან დაკავშირებით. იმ სურვილით, რომ შეასრულონ ყველაფერი, რაც, მათი აზრით, კარგმა უხუცესებმა უნდა აკეთონ, მათ შეიძლება უგულებელყონ თავიანთი, როგორც ქმრების, მოვალეობები. ზოგიერთებისთვის ძნელია კრებაში პასუხისმგებლობის დათმობა მაშინაც კი, როცა საკუთარ თავზე მის აღებას აშკარად სულიერი ზიანი მოაქვს ცოლისთვის. ისინი შეხარიან უპირატესობებს, რომლებიც ქორწინებას მოაქვს, მაგრამ მზად არიან ისინი ქორწინებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების შესასრულებლად?
17. რა დაემართა ზოგიერთ ცოლს და როგორ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება?
17 რა თქმა უნდა, საქებარია, როცა უხუცესს ასეთი გულმოდგინება აქვს. მაგრამ გაწონასწორებულია თუ არა ქრისტიანი, თუ კრებაში თავისი მოვალეობების შესრულებისას უგულებელყოფს ბიბლიურ პასუხისმგებლობებს საკუთარი ცოლის მიმართ? იმ დროს, როცა სურს დახმარება აღმოუჩინოს კრების წევრებს, გაწონასწორებული უხუცესი მეუღლის სულიერობაზეც იზრუნებს. ზოგიერთი უხუცესის ცოლი სულიერად მოსუსტდა, ზოგიერთმა კი სულიერი ‘მსხვრევა’ განიცადა (1 ტიმოთე 1:19). თუმცა ცოლი თვითონ არის პასუხისმგებელი, რომ საკუთარი თავის გადარჩენაზე იზრუნოს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სულიერი პრობლემის თავიდან აცილება, უხუცესს რომ ‘ეკვება და მოევლო’ თავისი ცოლისთვის, როგორც ‘უფალს ეკლესიისთვის’ (ეფესელთა 5:28, 29). ამაში რომ იყვნენ დარწმუნებული, უხუცესები უნდა ‘გაუფრთხილდნენ საკუთარ თავსაც და თავიანთ სამწყსოსაც’ (საქმეები 20:28). თუ ისინი ცოლიანები არიან, ამ სამწყსოში მათი ცოლებიც შედიან.
„ხორციელი გაჭირვება“
18. რომელია ‘გაჭირვების’ ზოგი მხარე, რომლებსაც განიცდიან დაქორწინებული ქრისტიანები და როგორ შეიძლება ამან ზეგავლენა მოახდინოს უხუცესის საქმეებზე?
18 მოციქულმა აგრეთვე დაწერა: „თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი გაჭირვება ექნებათ და მე არ მეთმობით“ (1 კორინთელთა 7:28). პავლეს სურდა ეხსნა ის ადამიანები, რომლებიც შეძლებდნენ მისი მაგალითის მიყოლას დაუქორწინებლობის საკითხში, იმ მრავალი საზრუნავისგან, რომლებიც აუცილებლად მოჰყვება ქორწინებას. თვით უშვილო წყვილისთვის ასეთ საზრუნავში შეიძლება შედიოდეს ჯანმრთელობის პრობლემები ან ფინანსური სიძნელეები, ასევე ბიბლიური ვალდებულებები რომელიმე მეუღლის ხანდაზმული მშობლების მიმართ (1 ტიმოთე 5:4, 8). უხუცესი სანიმუშოდ უნდა შეხვდეს ამ პასუხისმგებლობებს და ამან შეიძლება ზოგჯერ გავლენა იქონიოს მისი, როგორც ქრისტიანული ზედამხედველის, მოღვაწეობაზე. საბედნიეროდ, მრავალი უხუცესი შესანიშნავად უმკლავდება პასუხისმგებლობებს ოჯახშიც და კრებაშიც.
19. რა იგულისხმა პავლემ, როცა თქვა: „ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი“?
19 პავლემ დაუმატა: „ამას გეტყვით ძმანო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი“ (1 კორინთელთა 7:29). რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რაც პავლემ უკვე დაწერა ამ თავში კორინთელების მიმართ, ნათელია: ის არ გულისხმობდა, რომ დაქორწინებულმა ქრისტიანებმა როგორღაც უნდა უგულებელყონ თავიანთი ცოლები (1 კორინთელთა 7:2, 3, 33). თუ რას გულისხმობდა, მან აჩვენა, როცა დაწერა: ‘წუთისოფლით მოსარგებლენი იყვნენ როგორც არამოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია წუთისოფლის სახე’ (1 კორინთელთა 7:31). პავლეს ან იოანეს დღეებთან შედარებით, დღეს წუთისოფელი უფრო მეტად „გადადის“ (1 იოანე 2:15–17). მაშასადამე, დაქორწინებული ქრისტიანები, რომლებიც გრძნობენ იმის საჭიროებას, რომ ქრისტეს მიყოლისას გარკვეული მსხვერპლი გაიღონ, ვეღარ იქნებიან დაკავებული მხოლოდ იმ სიხარულითა და უპირატესობებით, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას მოჰყვება (1 კორინთელთა 7:5).
თავგანწირული ცოლები
20, 21. ა) რომელი მსხვერპლის გასაღებად არის მზად მრავალი ქრისტიანი ცოლი? ბ) რის უფლება აქვს ცოლს, რომ მოელოდეს ქმრისგან, რომელიც შეიძლება უხუცესიც არის?
20 როგორც უხუცესები სწირავენ მრავალს, რათა სარგებელი მოუტანონ სხვებს, ასევე მრავალი უხუცესის ცოლი ცდილობს ოჯახური პასუხისმგებლობები სამეფოს მნიშვნელოვან ინტერესებთან გააწონასწოროს. ათასობით ქრისტიან ქალს უხარია თანამშრომლობა გაუწიოს ქმრებს, რათა მათ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, როგორც ზედამხედველებმა. ამის გამო იეჰოვას უყვარს ისინი და აკურთხებს მათ მიერ გამოვლენილ შესანიშნავ სულისკვეთებას (ფილიმონი 25). მიუხედავად ამისა, პავლეს გაწონასწორებული რჩევა ცხადყოფს, რომ ზედამხედველების ცოლებს უფლება აქვთ, ზომიერად მოითხოვონ თავიანთი ქმრებისგან დრო და ყურადღება. ეს ბიბლიური ვალდებულებაა, რომ ცოლიანმა უხუცესებმა საკმარისი დრო დაუთმონ თავიანთ ცოლებს, რათა ამგვარად გააწონასწორონ თავიანთი, როგორც ქმრებისა და ზედამხედველების, პასუხისმგებლობები.
21 მაგრამ რა ვთქვათ, თუ ქრისტიანი უხუცესი არა მარტო ქმარია, არამედ მამაც? როგორც ამას მომდევნო სტატიაში დავინახავთ, ეს სხვა პასუხისმგებლობებსაც უმატებს მას და ზედამხედველობის გასაწევად გზას უხსნის კიდევ ერთ სფეროში.
გამეორებისთვის
◻ რომელი ბიბლიური ფაქტები ცხადყოფს, რომ ქრისტიანი ზედამხედველი შეიძლება ცოლიანი იყოს?
◻ როცა უხუცესი ქორწინდება, რა უნდა ჰქონდეს შეგნებული?
◻ რა გაგებით ზრუნავს ცოლიანი ქრისტიანი „წუთისოფლის საქმეებზე“?
◻ როგორ ავლენს მრავალი ზედამხედველის ცოლი თავგანწირვის შესანიშნავ სულისკვეთებას?
[სურათი 15 გვერდზე]
თეოკრატიული საქმეებითაც რომ იყოს დაკავებული, უხუცესმა სიყვარულით აღსავსე ყურადღება უნდა გამოავლინოს ცოლის მიმართ.