„ღვთის ტაძარსა“ და კერპებს შორის კავშირი საბერძნეთში?
ზაფხულის ამ ძალიან ცხელ დღეს მზის სხივები პრიალა ქვებზე ეცემა. მაგრამ აუტანელი სიცხე, როგორც ჩანს, ვერ აცხრობს თავმოყრილ ღვთისმოშიშ ბერძენ მართლმადიდებელ პილიგრიმთა სულისკვეთებასა და ძლიერ გადაწყვეტილებას, რომლებიც ბორცვის მწვერვალზე არსებული სამლოცველოსკენ მიემართებიან.
შენ ხედავ ქვეყნის მეორე ბოლოდან წამოსულ ღონეგამოცლილ მოხუც ქალს, რომელიც მთელი ძალით ლამობს დაღლილი ფეხების გადადგმას. ცოტათი მაღლა მოწადინებული მამაკაცი ოფლად იღვრება, რადგანაც ყოველნაირად ცდილობს, მუჯლუგუნით გზა გაიკაფოს ხალხმრავლობაში. ახალგაზრდა გოგონა კი, რომელსაც ტკივილი და სასოწარკვეთილება აშკარად ეტყობა, დასისხლიანებულ მუხლებზე მიხოხავს. მიზანი? სახელგანთქმული „წმინდანის“ ხატამდე დროულად მიღწევა, მის წინაშე ლოცვა და, თუ შესაძლებელია, მისი შეხება და კოცნა.
მსგავსი სურათი არაერთხელ მეორდება ყველგან მსოფლიოს იმ ადგილებში, სადაც „წმინდანებისადმი“ დიდ მოწიწებას ავლენენ. როგორც ჩანს, ყველა ეს პილიგრიმი დარწმუნებულია, რომ ასეთნაირად ისინი ღვთის გზას მიჰყვებიან მასთან მისაახლოებლად და ამგვარად თავდადებასა და რწმენას ავლენენ. წიგნი „ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენა“ (Our Orthodox Christian Faith) აცხადებს: „ჩვენ პატივს ვცემთ [„წმინდანების“] ხსოვნას, მათ წმინდა პიროვნებებს კი დიდებასა და ღირსებას მივაწერთ. . . და ვთხოვთ მათ ღვთის წინაშე ლოცვას ჩვენთვის, მუდარასა და დახმარებას ჩვენი ცხოვრების მრავალ საჭიროებაში. . . სასწაულმოქმედ წმინდანებს მივმართავთ. . . ჩვენი სულიერი და ფიზიკური საჭიროებებისთვის“. ამასთანავე, რომის კათოლიკური საეკლესიო კრების დოგმატების თანახმად, „წმინდანებს“ უნდა მოუხმო, როგორც შუამავლებს ღმერთთან და ამიტომ „წმინდანთა“ რელიკვიებსაცა და ხატებსაც დიდი მოწიწებით უნდა მოეკიდო“.
ჭეშმარიტი ქრისტიანების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ღვთის თაყვანისცემა „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). ამ მიზეზით, მოდი განვიხილოთ რამდენიმე ფაქტი, თუ როგორ იქნა შემოღებული „წმინდანებისადმი“ დიდი მოწიწება, როგორც ქრისტიანული სამყაროს რელიგიურ ჩვეულებათა ნაწილი. ასეთი გამოკვლევა დიდი ნათლის მომფენი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ღმერთს მისთვის მისაღები გზით მიუახლოვდეს.
როგორ შემოიღეს „წმინდანები“
ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ‘წმიდებად’ ანუ „წმინდანებად“ განსაზღვრავს ყველა იმ ადრინდელ ქრისტიანს, ვინც ქრისტეს სისხლით განიწმინდა და ვინც გაწესებული იყო ღვთის მსახურებისთვის როგორც ქრისტეს მომავალი თანამემკვიდრე (საქმეები 9:32; 2 კორინთელთა 1:1; 13:12)a. მამაკაცები და ქალები, კრებაში გამოჩენილები და შეუმჩნევლები, — ყველა აღწერილია, როგორც ‘წმიდა’ აქ, დედამიწაზე, ცხოვრებისას. ბიბლიის მიხედვით წმინდანებად მათი აღიარება, აშკარაა, რომ მათი სიკვდილის შემდგომი პერიოდისთვის არ გადადებულა.
მაგრამ ახ. წ. მეორე საუკუნის შემდეგ, იმ დროს, როცა განდგომილი ქრისტიანობა ვითარდებოდა, მიდრეკილება იყო მცდელობისკენ, რომ ქრისტიანობა გაეხადათ პოპულარული რელიგია, რომელიც წარმართ ხალხს მიიზიდავდა და ადვილად მისაღები იქნებოდა მათთვის. ეს წარმართები პოლითეიზმს მიჰყვებოდნენ, ახალი რელიგია კი მონოთეისტური იყო. ასე რომ, კომპრომისი შესაძლებელი იქნებოდა „წმინდანების“ შემოღების მეშვეობით, რომლებიც უძველესი ღმერთების, ნახევარღმერთებისა და მითოლოგიური გმირების ადგილს დაიკავებდნენ. ამის კომენტირებისას წიგნი „საეკლესიო ისტორია“ (Ekklisiastiki Istoria“) აცხადებს: „წარმართობიდან ქრისტიანობაში მოქცეულებისთვის ადვილი იყო თავიანთი მიტოვებული გმირების ამოცნობა წამებულთა პიროვნებებში და მათი განდიდების დაწყება, რასაც წინათ ყოფილი გმირების მიმართ აკეთებდნენ. . . ასე თუ ისე, ძალიან ხშირად წმინდანების ასეთი განდიდება სუფთა კერპთაყვანისმცემლობამდე მიდიოდა“.
სხვა ცნობარი ხსნის, როგორ შემოიღეს „წმინდანები“ ქრისტიანულ სამყაროში: „ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანთა განდიდებაში ვპოულობთ წარმართული რელიგიის ძლიერი გავლენის აშკარა კვალს. თვისებები, რომლებიც [ხალხის] ქრისტიანობაში მოქცევამდე ოლიმპელ ღმერთებს ახასიათებდა, ახლა წმინდანებს მიეწერა. . . ახალი რელიგიის ადრეული წლებიდანვე ვხედავთ მისი მიმდევრების მიერ მზის ღმერთის (აპოლონ-ფებოსი) შეცვლას ელია წინასწარმეტყველით ამ ღვთაების ძველი ტაძრებისა თუ აკლდამების ნანგრევებზე ან მათ გვერდით ეკლესიების აშენებით, უმეტესწილად ბორცვებისა და მთების მწვერვალებზე, ყოველ ადგილზე, სადაც ძველი ბერძნები სხივოსან აპოლონ-ფებოსს განადიდებდნენ. . . ისინი ქალწულ ქალღმერთ ათენას თვით ქალწულ მარიამთანაც კი აიგიავებდნენ. ამგვარად, მოქცეულ კერპთაყვანისმცემელში შეივსო ათენას კერპის დანგრევით გამოწვეული სიცარიელე“ „ახალი ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (Neoteron Enkyklopaidikon Lexikon), ტომი I, გვერდები 270–271).
განიხილე, მაგალითად, ახ. წ. მეოთხე საუკუნის ბოლოს ათენში არსებული სიტუაცია. ამ ქალაქის მოსახლეობიდან უმეტესობა ჯერ კიდევ წარმართი იყო. მათი ერთ-ერთი უაღრესად წმინდა რიტუალი იყო ელევსინიების მისტერია, ორჯერადი მოვლენაb, რომელიც ეწყობოდა თებერვალში ქალაქ ელევსინში, ათენის ჩრდილო-დასავლეთით 23 კილომეტრის დაშორებით. ამ მისტერიაზე დასწრებისას წარმართი ათენელები უნდა გაჰყოლოდნენ „წმინდა გზას“ („ჰი·ე·რაʹ ჰო·დოსʹ“). მცდელობაში — უზრუნველეყოთ თაყვანისმცემლობის ალტერნატიული ადგილით — ქალაქის წინამძღოლები სავსებით მოხერხებულები აღმოჩნდნენ. იმავე გზაზე, ათენიდან დაახლოებით 10 კილომეტრზე, წარმართების მისაზიდად და მისტერიაზე დასწრებაში მათთვის ხელის შესაშლელად აშენდა მონასტერი დაფნი. მონასტრის ეკლესია აგებული იქნა ძველი ტაძრის საძირკველზე, რომელიც მიეძღვნა ბერძნულ ღვთაებას — აპოლონ დაფნიოსს, ანუ პითიოსს.
„წმინდანებისადმი“ მოწიწებასთან წარმართული ღვთაებების შესისხლხორცების ნიშნის პოვნა შესაძლებელია აგრეთვე კუნძულ კითერაზე (საბერძნეთი). კუნძულის ერთ-ერთ მთის მწვერვალზე არის ორი პატარა ბიზანტიური სამლოცველო — ერთი მათგანი მიუძღვნეს „წმინდა“ გიორგის, მეორე კი — ქალწულ მარიამს. გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს იყო მთის მწვერვალზე მდებარე მინოსური სალოცავის ადგილი, რომელიც თითქმის 3 500 წლის წინ გამოიყენებოდა თაყვანისცემისთვის. ახ. წ. მეექვსე თუ მეშვიდე საუკუნის განმავლობაში „ქრისტიანებმა“ თავიანთი სამლოცველო აუგეს „წმინდა“ გიორგის ზუსტად მთის მწვერვალზე მდებარე სალოცავის ადგილზე. ეს ნაბიჯი უაღრესად სიმბოლური იყო; მინოსური რელიგიის ეს დიდად განვითარებული ცენტრი ეგეოსის ზღვის საზღვაო გზებზე მბრძანებლობდა. იქ აშენდა ორი ეკლესია ღვთისმშობლისა და „წმინდა“ გიორგის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად; ამ უკანასკნელის დღესასწაულს ზეიმობდნენ იმავე დღეს, რომელ დღესაც „მეზღვაურის მფარველის“, „წმინდა“ ნიკოლასისას. ამ აღმოჩენის აღწერისას ერთ-ერთი გაზეთი ამბობდა: „დღეს [ბერძენი მართლმადიდებელი] მღვდელი ავა მთაზე, ისევე, როგორც უძველეს დროს მინოსური რელიგიის მღვდელი გააკეთებდა ამას“ რელიგიური სამსახურის გასაწევად!
იმის შეჯამებისას, თუ რა ზომის გავლენა იქონია წარმართულმა ბერძნულმა რელიგიამ განდგომილ ქრისტიანობაზე, ისტორიის მკვლევარი მიუთითებს: „ქრისტიანული რელიგიის წარმართული ფუძე ხშირად უცვლელი რჩება ფართოდ გავრცელებულ სარწმუნოებებში და ამგვარად ადასტურებს ტრადიციის ხანგრძლივ ბუნებას“.
‘იმის თაყვანისცემა, რაც ვიცით’
იესომ სამარიელ ქალს უთხრა: „ჩვენ. . . ვიცით, რას ვცემთ თაყვანს. . . ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:22, 23). ყურადღება მიაქციე, რომ ჭეშმარიტებით თაყვანისცემა აუცილებელია! მაშასადამე, შეუძლებელია მისაღებად სცე თაყვანი ღმერთს ჭეშმარიტებაზე ზუსტი შემეცნებისა და მისადმი ღრმა სიყვარულის გარეშე. ჭეშმარიტი ქრისტიანული რელიგია ჭეშმარიტებაზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა წარმართობიდან გადმოღებულ ტრადიციებსა და ჩვეულებებზე. ჩვენ ვიცით, რას გრძნობს იეჰოვა, როცა ხალხი არასწორი გზით ცდილობს მის თაყვანისცემას. პავლე მოციქული ძველ ბერძნულ ქალაქ კორინთში ქრისტიანებს სწერდა: „რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? . . რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?“ (2 კორინთელთა 6:15, 16). კერპებთან ღვთის ტაძრის შეთანხმების ნებისმიერი მცდელობა სისაძაგლეა მისთვის.
გარდა ამისა, საღვთო წერილი ძალიან ნათლად გამორიცხავს ლოცვით „წმინდანებისთვის“ მიმართვის ცნებას, რათა მათ შუამავლობა გასწიონ ღმერთთან. ლოცვის ნიმუშის მიცემისას იესო ასწავლიდა, რომ ლოცვები მხოლოდ მამისკენ უნდა იყოს მიმართული, ვინაიდან მან თავის მოწაფეებს მიუთითა: „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9). შემდეგ იესომ განაცხადა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“. პავლე მოციქულმა კი თქვა: „ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი — კაცი ქრისტე იესო“ (იოანე 14:6, 14; 1 ტიმოთე 2:5).
თუ ნამდვილად გვინდა, რომ ღმერთი ისმენდეს ჩვენს ლოცვებს, აუცილებელია, მივუახლოვდეთ მას ისე, როგორც მისი სიტყვა მიგვითითებს. იეჰოვასთან მიახლოების ერთადერთ გამართლებულ საშუალებაზე ყურადღების გამახვილებით პავლე აგრეთვე წერდა: „ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და, მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის“. „[მას] ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ“ (რომაელთა 8:34; ებრაელთა 7:25).
‘თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით’
განდგომილ ქრისტიანობას არც სულიერი სიმაგრე ჰქონდა და არც ღვთის სულიწმიდის მხარდაჭერა, რომ წაეხალისებინა წარმართები, მიეტოვებინათ თავიანთი ცრუ თაყვანისმცემლობა და მიჰყოლოდნენ იესო ქრისტეს სარწმუნო სწავლებებს. ახალმოქცეულების, ძალაუფლებისა და პოპულარობის ძიებით ის წარმართულ შეხედულებებსა და ჩვეულებებში ჩაეფლო. ამ მიზეზით მან ღვთისთვის და ქრისტესთვის მისაღები მტკიცე ქრისტიანები კი არ ჩამოაყალიბა, არამედ ყალბი მორწმუნეები, სამეფოსთვის შეუფერებელი „ღვარძლი“ (მათე 13:24–30).
როგორც არ უნდა იყოს, ამ აღსასრულის დროს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ასაღორძინებლად იეჰოვას ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. იეჰოვას ხალხი მსოფლიო მასშტაბით, მიუხედავად მათი კულტურული, სოციალური თუ რელიგიური წარმოშობისა, ცდილობს, საკუთარი ცხოვრება და შეხედულებები ბიბლიის ნორმებს დაუქვემდებაროს. თუ გსურს, უფრო მეტი გაიგო, როგორ სცე თაყვანი ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“, გთხოვთ, დაუკავშირდე იეჰოვას მოწმეებს იქ, სადაც ცხოვრობ. ისინი დიდად მოხარულები იქნებიან, რომ დაგეხმარონ ღვთისთვის წმინდა მსახურების გაწევაში, რომელიც გონივრულ საფუძველზე და მისი სიტყვის ზუსტ შემეცნებაზეა დაფუძნებული. პავლე წერდა: „შეგაგონებთ, ძმებო, ღმერთის მოწყალებებით, რომ უძღვნათ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღმერთისათვის სასურველ მსხვერპლად, — თქვენი გონივრული მსახურება. და ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალეთ თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“. კოლასელებს კი მან უთხრა: „იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღვთის შეცნობაში ზრდით“ (რომაელთა 12:1, 2, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი, 1990 წლის გამოცემა; კოლასელთა 1:9, 10).
[სქოლიოები]
a ბიბლიის ზოგი თარგმანი ბერძნულ სიტყვა „ჰაʹგი·ოს“–ს თარგმნის „წმიდებად“, სხვები კი — „წმინდანებად“.
b დიდი ელევსინიები ყოველწლიურად ეწყობოდა სექტემბერში ათენსა და ელევსინში.
[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]
პართენონის საეჭვო გამოყენება
„ქრისტიანმა“ იმპერატორმა თეოდოსიუს II ქალაქ ათენთან დაკავშირებული ბრძანებულებებით (ახ. წ. 438 წელი) გააუქმა წარმართული ადათები და მისტერია, დახურა წარმართული ტაძრები. მას შემდეგ შეიძლებოდა, რომ ისინი ქრისტიანულ ეკლესიებად გადაეკეთებინათ. ტაძრის წარმატებული გადაკეთებისთვის ერთადერთი მოთხოვნა იყო ჯვრის შეტანით მისი განწმენდა!
ერთ-ერთი პირველი ტაძარი, რომელიც გადაკეთებული იქნა, იყო პართენონი. უდიდესი რეკონსტრუქცია მოხდა, რათა პართენონი სათანადოდ ვარგისი გამხდარიყო „ქრისტიანულ“ ტაძრად სარგებლობისთვის. ახ. წ. 869 წლიდან ის ათენის საკათედრო ტაძრის როლს ასრულებდა. თავდაპირველად მას განადიდებდნენ, როგორც „წმინდა სიბრძნის“ ეკლესიას. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ფაქტის მიზანდასახული შეხსენება, რომ ტაძრის პირველი „მფლობელი“, ათენა, სიბრძნის ქალღმერთი იყო. მოგვიანებით ის „ათენელ ღვთისმშობელს“ მიეძღვნა. მართლმადიდებლობაში მოქცევიდან რვა საუკუნის შემდეგ ტაძარი ათენის წმ. მარიამის კათოლიკურ ეკლესიად გადაკეთდა. პართენონის ასეთი რელიგიური „ციკლის განმეორება“ გაგრძელდა, როცა მე-15 საუკუნეში თურქებმა ის მეჩეთად გადააკეთეს.
დღეს პართენონს, ბერძნული სიბრძნის ქალღმერთის, ათენა პართენოსის („ქალწული“) უძველეს დორიულ ტაძარს, ათასობით ტურისტი ნახულობს როგორც, უბრალოდ, ბერძნული არქიტექტურის შედევრს.
[სურათი 26 გვერდზე]
მონასტერი დაფნი — ძველი ათენელი წარმართებისთვის თაყვანისცემის ალტერნატიული ადგილი.