ნატრობ უფრო სრულად მსახურებას?
„იეჰოვაზე გაბრაზებული ვიყავი, — ამბობს ლორა. — ვლოცულობდი და ვლოცულობდი, რომ დაგვხმარებოდა ფინანსური პრობლემების გადაწყვეტაში, რათა პიონერობის გაგრძელება შემძლებოდა, — მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, მომიწია პიონერული მსახურების შეწყვეტა. აგრეთვე უნდა ვაღიარო, რომ მშურდა მათი, ვისაც პიონერად მსახურების გაგრძელება შეეძლო“.
დაუფიქრდი აგრეთვე მაიკლის, იეჰოვას მოწმეთა კრების სამსახურებრივი თანაშემწის, შემთხვევას. ის ზედამხედველობისკენ ილტვოდა (1 ტიმოთე 3:1, აქ). რადგანაც მისი ნატვრა რამდენიმე წლის მანძილზე არ შესრულდა, იმდენად გამწარდა, რომ მეტად აღარ სურდა, ამ უპირატესობისთვის მხედველობაში ჰყოლოდათ. „უბრალოდ, ვეღარ ავიტანდი გულგატეხილობით მოყენებულ ტკივილს“, — ამბობს ის.
განგიცდია მსგავსი რამ? მოგიწია საყვარელი თეოკრატიული უპირატესობის დატოვება? მაგალითად, მოგიწია პიონერად, სამეფოს სრული დროით მაუწყებლად, მსახურების შეწყვეტა? ან ნატრობ კრებაში სხვებისთვის მინდობილ გარკვეულ პასუხისმგებლობებს? შეიძლება ისეც იყოს, რომ ძალიან გინდა მსახურება ბეთელში ან მისიონერად, მაგრამ პირობები არ გაძლევს ამის საშუალებას.
„ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“, — გვამცნობს იგავნის წიგნი (იგავნი 13:12). განსაკუთრებით ეს შეიძლება ასე იყოს, როცა სხვები ღებულობენ სწორედ იმ უპირატესობებს, რომელთა იმედიც შენ გქონდა. აძლევს ღვთის სიტყვა გამჭრიახობას, ნუგეშსა და იმედს თითოეულს, ვინც ასეთ გულგატეხილობას განიცდის? დიახ. ფაქტობრივად, 83-ე ფსალმუნში გამოხატულია იეჰოვას მსახურის გრძნობები, რომელსაც იეჰოვასთვის მსახურებასთან დაკავშირებული მსგავსი აუხდენელი ნატვრა ჰქონდა.
ლევიანის მადლიერება
ოთხმოცდამესამე ფსალმუნი შეადგინეს კორახის ძეებმა, ლევიანებმა, რომლებიც იეჰოვას ტაძარში მსახურობდნენ და დიდად აფასებდნენ თავიანთ სამსახურებრივ უპირატესობებს. „რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა! — შესძახის ერთი მათგანი. — ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს“ (ფსალმუნი 83:2, 3).
ეს ლევიანი ისე ნატრობდა იეჰოვას ტაძარში მსახურებას, რომ იერუსალიმისკენ მიმავალი გზის ჩვეულებრივი ხედიც კი მიმზიდველად გამოიყურებოდა მისთვის. „გლოვის ველზე გამვლელნი, — ამბობს ის, — წყაროს აღმოაჩენენ“ (ფსალმუნი 83:7). დიახ, ყოველთვის გამომშრალი მიდამო წყაროიან მხარედ ეჩვენებოდა.
რამდენადაც ფსალმუნმომღერალი სამღვდელო ლევიანი არ იყო, ყოველ ექვს თვეში მხოლოდ ერთი კვირა შეეძლო ტაძარში მსახურება (პირველი ნეშტთა 24:1–19; მეორე ნეშტთა 23:8; ლუკა 1:5, 8, 9). თავის დანარჩენ დროს ის სახლში, ლევიანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ქალაქში, ატარებდა. ამიტომ ის მღეროდა: „ჩიტმაც კი ჰპოვა სახლი და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას ბარტყები თვისი შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!“ (ფსალმუნი 83:4). რამდენად ბედნიერი იქნებოდა ლევიანი, ჩიტების მსგავსი რომ ყოფილიყო, რომლებსაც უფრო მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდათ ტაძარში!
ლევიანი ადვილად შეიძლება გამწარებულიყო, რადგან არ შეეძლო ტაძარში უფრო ხშირად მსახურება. მაგრამ ის მოხარული იყო, ემსახურა ისე, როგორც შეეძლო, და, რასაკვირველია, ესმოდა, რომ იეჰოვასადმი გულწრფელი ერთგულება ასეთი ძალისხმევის ღირსია. რა დაეხმარა ამ ერთგულ ლევიანს, კმაყოფილი დარჩენილიყო თავისი სამსახურებრივი უპირატესობებით?
ისწავლე, იყო კმაყოფილი
„ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია, — ამბობს ლევიანი. — ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას“ (ფსალმუნი 83:11). მას ესმოდა, რომ იეჰოვას სახლში თუნდაც ერთი დღის გატარება ფასდაუდებელი უპირატესობაა. ლევიანს კი ბევრად მეტი დღე ჰქონდა ტაძარში მსახურებისთვის. თავის უპირატესობებთან დაკავშირებით მისმა კმაყოფილების გრძნობამ უბიძგა, სიხარულით ემღერა.
რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? ვიღებთ მხედველობაში ჩვენს კურთხევებს თუ მიდრეკილები ვართ, დავივიწყოთ ის, რაც უკვე გვაქვს იეჰოვასადმი მსახურებაში? იეჰოვა თავის ხალხს ერთგულებისთვის უპირატესობებსა და მოვალეობებს ფართო მასშტაბით აკისრებს. ეს მოიცავს ზედამხედველობის, მწყემსობის, მასწავლებლობის უფრო მძიმე პასუხისმგებლობებს და სრული დროით მსახურების სხვადასხვა მხარეებს. მაგრამ ყოველივე ამაში შედის იეჰოვას თაყვანისცემასთან დაკავშირებული სხვა ძვირფასი რამეებიც.
მაგალითად, დაუფიქრდი ქრისტიანულ მსახურებას. პავლე მოციქული კეთილი ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებულ ჩვენს უპირატესობას ‘თიხის ჭურჭლებში განძის’ ქონას ადარებს (2 კორინთელთა 4:7). უყურებ შენ ასეთ მსახურებას როგორც ფასდაუდებელ განძს? იესო ქრისტე, რომელიც სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეს უძღოდა წინ, ამგვარად უყურებდა მას, რითაც ნიმუში დაგვიტოვა (მათე 4:17). „რაკი. . . ასეთი მსახურება გვაქვს, არ ვცხრებით“, — თქვა პავლემ (2 კორინთელთა 4:1).
ქრისტიანული შეხვედრებიც წმინდა ღონისძიებაა, რომელსაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. შეხვედრებზე ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მითითებებს ვღებულობთ და საჭირო მეგობრულ ურთიერთობას შევხარით. შეხვედრებზე აგრეთვე შეგვიძლია რწმენისა და იმედის საჯაროდ გამოვლენა რეგულარული კომენტარებითა და პროგრამაში სხვაგვარი მონაწილეობით (ებრაელთა 10:23–25). ჩვენი შეხვედრები ნამდვილად დასაფასებელი ღონისძიებაა!
ადრე მოხსენიებული მაიკლი დიდად აფასებდა ამ კურთხევებს და ღრმა პატივისცემით ეკიდებოდა მათ. მაგრამ მისმა გულგატეხილობამ იმასთან დაკავშირებით, რომ უხუცესად მსახურება არ შეეძლო, ამ კურთხევებისადმი მისი პატივისცემა დროებით შეასუსტა. მათზე კვლავ კონცენტრირების მოხდენით მან შეძლო თავისი წონასწორობის დაბრუნება და იეჰოვასთვის მოთმინებით მსახურება.
იმის მაგიერ, რომ გარკვეული უპირატესობის უქონლობის გამო უკმაყოფილებას ვგრძნობდეთ, კარგია, თუ ვამოწმებთ რა კურთხევებს გვაძლევს იეჰოვა, როგორც ამას ფსალმუნმომღერალი აკეთებდაa. თუ ბევრს ვერ ვხედავთ, გვესაჭიროება, კვლავ გადავხედოთ და ვთხოვოთ იეჰოვას, რომ აგვიხილოს თვალები, რათა დავინახოთ ჩვენი უპირატესობები და ის, თუ რა კურთხევებს გვაძლევს და როგორ სარგებლობს ჩვენით თავისი განდიდებისთვის (იგავნი 10:22).
აგრეთვე მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ განსაკუთრებული უპირატესობებისთვის, როგორიცაა ზედამხედველის მოვალეობა, საჭიროა გარკვეული კვალიფიკაცია (1 ტიმოთე 3:1–7; ტიტე 1:5–9). მაშასადამე, გვესაჭიროება საკუთარი თავის შემოწმება და ყოველი გასაუმჯობესებელი მხარის ძებნა, შემდეგ კი — გასაუმჯობესებლად გულმოდგინედ ძალისხმევის მოხმარება (1 ტიმოთე 4:12–15).
გულს ნუ აიცრუებ
თუ მსახურების გარკვეულ უპირატესობას არ ვღებულობთ, საჭირო არაა, დავასკვნათ, რომ იეჰოვას ისინი უფრო მეტად უყვარს, ვისაც ასეთი უპირატესობა აქვს, ან რომ ის აკავებს ჩვენგან იმას, რაც კარგია. რასაკვირველია, შურით არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი უპირატესობებს დაუმსახურებლად ღებულობენ ფავორიტიზმით და არა თეოკრატიული დანიშვნით. ასეთმა ფიქრებმა შეიძლება გამოიწვიოს შური, შუღლი და სრული იმედგაცრუებაც კი (1 კორინთელთა 3:3; იაკობი 3:14–16).
დასაწყისში მოხსენიებულმა ლორამ არ დაკარგა იმედი. საბოლოოდ მან სძლია სიბრაზესა და შურს. ლორა მრავალგზის ევედრებოდა ღმერთს დასახმარებლად, რათა დაეძლია უარყოფითი რეაქცია, გამოწვეული იმით, რომ არ შეეძლო პიონერად მსახურება. დახმარებას ის კრების გამოცდილი მამაკაცებისგანაც ეძებდა და კვლავ დარწმუნდა ღვთის სიყვარულში. „იეჰოვამ სულის სიმშვიდე მომცა, — თქვა მან. — თუმცა ჩემს ქმარსა და მე ამჟამად არ შეგვიძლია პიონერობა, გულით ვატარებთ იმ დროს, როცა შეგვეძლო ის, და ჩვენი შემთხვევები ძალას გვმატებს. ჩვენ აგრეთვე მოზრდილ ვაჟს ვეხმარებით პიონერობაში“. კმაყოფილ ლორას ახლა შეუძლია ‘იხაროს მოხარულებთან’ მათ პიონერულ მსახურებაში (რომაელთა 12:15).
დაისახე მისაწვდომი მიზნები
არსებული სამსახურებრივი უპირატესობებით დაკმაყოფილება არ ნიშნავს შემდგომი თეოკრატიული მიზნების დასახვის შეწყვეტას. ზეციერ აღდგომაზე მსჯელობისას პავლე ლაპარაკობდა ‘იმისკენ ლტოლვაზე, რაც წინ არის’. მან აგრეთვე თქვა: „რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ“ (ფილიპელთა 3:13–16). თეოკრატიულ მიზნებს შეუძლია დაგვეხმაროს სწრაფვაში. მაგრამ სირთულე რეალური მიზნების დასახვაშია.
რეალური მიზნები გონივრული და მისაწვდომია (ფილიპელთა 4:5, აქ). ეს არ ნიშნავს, რომ მიზანი, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე გულმოდგინე შრომას მოითხოვს, არარეალურია. ასეთი შორეული მიზანი შეიძლება მიღწეულ იქნას თანდათანობით რამდენიმე შუალედი მიზნის ან ნაბიჯის დასახვით. ისინი შეიძლება მოგვემსახუროს საფეხურებად სულიერი წარმატებისთვის. თითოეული ნაბიჯის წარმატებულად გადადგმა ამ დროის მანძილზე გულგატეხილობის ნაცვლად კმაყოფილების გრძნობას მოგვცემს.
შესანიშნავი გაწონასწორებულობა
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია იმის შეგნება, რომ ჩვენი პირობებისა და შეზღუდვების გამო ზოგი უპირატესობა შეიძლება არ იყოს მისაწვდომი. მათი მიზნად დასახვა მხოლოდ გულგატეხილობასა და იმედგაცრუებას იწვევს. ასეთი მიზნები უნდა გადაიდოს დროებით მაინც. ეს ძნელი არ იქნება, თუ ღვთისმოსაწონ კმაყოფილებაზე ვლოცულობთ და იეჰოვას ნების შესრულებას მთავარ საზრუნავად ვიხდით. როცა უპირატესობებისკენ ვილტვით, მნიშვნელოვანია იეჰოვას დიდება — არა ჩვენი პირადი ღირსების აღიარება (ფსალმუნი 15:5, 6; მათე 6:33). ბიბლია მართებულად გვეუბნება: „შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები“ (იგავნი 16:3).
ოთხმოცდამესამე ფსალმუნის მხედველობაში მიღებით, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ფსალმუნმომღერალი სამსახურებრივი უპირატესობების მიმართ ასეთ განწყობილებას ავლენდა, და იეჰოვამ უხვად აკურთხა ის. გარდა ამისა, ეს ფსალმუნი დღემდე აგრძელებს იეჰოვას ხალხისთვის სარგებლობის მოტანას.
ლოცვაში იეჰოვაზე მინდობით შეგიძლია დამატებით უპირატესობებთან დაკავშირებული შენი ნატვრა იმ უპირატესობებით დაკმაყოფილებასთან გააწონასწორო, რომლებსაც ამჟამად ფლობ. არასოდეს დართო ნება მეტის გაკეთების ძლიერ სურვილს, წაგართვას მადლიერების გრძნობა იმაზე, რაც ახლა გაქვს, და იეჰოვასთვის მარადიულად მსახურების სიხარული. მიენდე იეჰოვას, რადგან ეს ბედნიერებას მოგიტანს, როგორც ლევიანის სიტყვებშია ნაჩვენები: „უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი“ (ფსალმუნი 83:13).
[სქოლიოები]
a გთხოვთ, იხილო 1988 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ (რუს.) სტატია „აფასებ იმას, რაც წმინდაა?“
[ჩარჩო 11 გვერდზე]
მიზნები, რომლებიც შეგვეძლო დაგვესახა
ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა (იესო ნავეს ძე 1:8; მათე 4:4)
ბიბლიაზე დაფუძნებული გაწაფვის საშუალებით გრძნობების სრულყოფა (ებრაელთა 5:14)
ღმერთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის განვითარება (ფსალმუნი 72:28)
სულის თითოეული ნაყოფის გამომუშავება (გალატელთა 5:22, 23)
ლოცვების გაუმჯობესება (ფილიპელთა 4:6, 7)
ქადაგებასა და სწავლებაში უფრო მეტი ეფექტურობის მიღწევა (1 ტიმოთე 4:15, 16)
ჟურნალების — „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — ყოველი ნომრის კითხვა და წაკითხულზე დაფიქრება (ფსალმუნი 48:4)
[სურათები 9 გვერდზე]
პირადი მიზნების დასახვისას ღვთის ნების შესრულება პირველ ადგილზე დააყენე.