გამხნევდით — ხსნა ახლოვდება
«შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ დაგიფარო [„გიხსნა“, აქ]» (იერემია 1:19).
1, 2. რატომ საჭიროებს ხსნას ადამიანთა ოჯახი?
ხსნა! რა მანუგეშებელი სიტყვაა! გიხსნან ნიშნავს გადაგარჩინონ, გაგათავისუფლონ არახელსაყრელი, უბედური მდგომარეობიდან. ეს ბევრად უფრო საუკეთესო, სასიხარულო მდგომარეობაში გადასვლას მოიცავს.
2 რა ძლიერ საჭიროებს ადამიანთა ოჯახი ასეთ ხსნას ამ დროში! ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანები დაჩაგრულები და გულგატეხილები არიან რთული — ეკონომიკური, სოციალური, ფიზიკური, გონებრივი და ემოციური — პრობლემების გამო. დიდი უმრავლესობა უკმაყოფილო და გულაცრუებულია მსოფლიო მდგომარეობით და უარს არ იტყოდა უკეთესობისკენ მის შეცვლაზე (ესაია 60:2; მათე 9:36).
‘ძნელი გასამკლავებელი საზარელი ჟამი’
3, 4. რატომ არის ხსნა უფრო საჭირო ახლა?
3 რადგან XX საუკუნემ ნებისმიერ სხვა საუკუნეზე მეტი ტანჯვა იხილა, ადრინდელზე მეტად ახლა არსებობს ხსნის უფრო დიდი საჭიროება. დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ამ ციფრს ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ემატება. არასაკმარისი კვებითა თუ სიღარიბით გამოწვეული სხვა მიზეზების გამო წელიწადში დაახლოებით 13 მილიონი — დღეში 35 000-ზე მეტი — ბავშვი კვდება! და სხვადასხვა დაავადებისგან მილიონობით უფროსი ასაკის ადამიანი ნაადრევად კვდება (ლუკა 21:11; გამოცხადება 6:8).
4 გამოუთქმელ ტანჯვას ომები და სამოქალაქო უწესრიგობა იწვევს. წიგნში „სიკვდილი მთავრობისგან“ (Death by Government) ნათქვამია, რომ ომებში, ეთნიკურ და რელიგიურ კონფლიქტებსა თუ მთავრობების მიერ საკუთარივე მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებში, „ამ საუკუნეში დაიღუპა 203 მილიონზე მეტი ადამიანი“. ის აგრძელებს: „ვარაუდობენ, რომ მკვდრების რიცხვი შეიძლება 360 მილიონს შეადგენდეს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ჩვენს მოდგმას თანამედროვე შავი ჭირი ანადგურებს. სინამდვილეში ასეც არის, მაგრამ მას, ბაქტერიოლოგიური ჭირის ნაცვლად, ძალაუფლების ჭირი სპობს“. მწერალმა რიჩარდ ჰარვუდმა შენიშნა: „ჩვენს საუკუნესთან შედარებით წინა საუკუნეების ბარბაროსული ომები ფერმკრთალი ჩანს“ (მათე 24:6, 7; გამოცხადება 6:4).
5, 6. რა ხდის ჩვენს დროს ასე შემაშფოთებელს?
5 ბოლო წლების შემაშფოთებელი პირობების საშინელ დამატებას წარმოადგენს ძალმომრეობითი დამნაშავეობის, უზნეობისა და ოჯახების ნგრევის უსაშველო ზრდა. შეერთებული შტატების განათლების ყოფილმა მდივანმა უილიამ ბენეტმა შენიშნა, რომ 30 წელიწადში აშშ-ს მოსახლეობის 41 პროცენტიან ზრდასთან ერთად მოძალადეობრივი დამნაშავეობა გაიზარდა 560 პროცენტით, უკანონო შობადობა — 400-ით, განქორწინება — 300-ით და მოზარდებში თვითმკვლელობის რიცხვი — 200 პროცენტით. პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ დიულიო უმცროსი აფრთხილებდა ადამიანებს ახალგაზრდა „სუპერ-მტაცებლების“ მზარდ რიცხვზე, რომლებიც „კლავენ, თავს ესხმიან, აუპატიურებენ, ძარცვავენ, ბინებს ტეხავენ და სერიოზულ საერთო უწესრიგობას ქმნიან. რომლებსაც არც პატიმრობის დაღი და ტკივილები აშინებთ, არც სინდისი ქენჯნის“. ამ ქვეყანაში 15-დან 19 წლამდე ახალგაზრდებს შორის მკვლელობა დღეს სიკვდილის მიზეზებში მეორე ადგილს იკავებს. ხოლო ოთხ წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილს უფრო ცუდი მოპყრობა იწვევს, ვიდრე დაავადებები.
6 ასეთი ბოროტმოქმედება და ძალადობა ერთი ქვეყნით არ შემოიფარგლება. ქვეყნების უმეტესობა მსგავს ტენდენციებზე იტყობინება. ასეთ მდგომარეობაში თავისი წვლილი ნარკოტიკების უკანონო გამოყენების უშველებელ ზვირთს შეაქვს, რომელიც ხრწნის მილიონობით ადამიანის ცხოვრებას. ავსტრალიური გაზეთი ამბობდა: „საერთაშორისო მასშტაბით ნარკოტიკებით ვაჭრობა იარაღით ვაჭრობის შემდეგ მსოფლიოს მეორე ყველაზე შემოსავლიან ბიზნესად იქცა“ (Sydney Morning Herald). კიდევ ერთი ფაქტორი ძალადობა და უზნეობაა, რომლითაც დღეს ტელევიზიაა გაჟღენთილი. მრავალ ქვეყანაში 18 წლის ასაკამდე მოზარდს ტელევიზიის საშუალებით ათი ათასობით ძალმომრეობითი და ურიცხვი უზნეო სცენა აქვს ნანახი. ეს საკმაოდ გამხრწნელი გავლენაა, რადგან ჩვენს პიროვნებას ის აყალიბებს, რითაც რეგულარულად გონებას ვკვებავთ (რომაელთა 12:2; ეფესელთა 5:3, 4).
7. როგორ იწინასწარმეტყველა ბიბლიამ დღევანდელი ცუდი პირობები?
7 ბიბლიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა ჩვენს საუკუნეში მოვლენების ეს შემაძრწუნებელი ტენდენცია. ამ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ იქნებოდა გლობალური ომები, ეპიდემიები, შიმშილობა და მზარდი უკანონობა (მათე 24:7–12; ლუკა 21:10, 11). ხოლო მეორე ტიმოთეს 3:1–5-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაზე დაფიქრება, თითქოს, ყოველდღიური ახალი ამბების მოსმენა იყოს. ჩვენს ეპოქას ის ‘უკანასკნელ დღეებს’ უწოდებს და აღწერს ადამიანებს, როგორც ‘თავმოყვარეებსა და ფულის მოყვარულებს, მშობლების ურჩებსა და მოღალატეებს, მოძულეებს, შეუკავებლებს, სასტიკებს, გაბღენძილებსა და ღმერთზე მეტად უფრო სიამეთა მოყვარულებს’. სწორედ ასეთია ქვეყნიერება დღეს. უილიამ ბენეტის სიტყვების თანახმად: „ცივილიზაციის გახრწნილობის. . . უბრალოდ, ძალიან ბევრი ნიშანი არსებობს“. ამის თაობაზე ისიც კი ითქვა, რომ პირველ მსოფლიო ომთან ერთად ცივილიზაციასაც ბოლო მოეღო.
8. რატომ მოახდინა ღმერთმა წარღვნა ნოეს დროს და როგორ უკავშირდება ეს ჩვენს პერიოდს?
8 ახლა მდგომარეობა ნოეს წარღვნამდელ პერიოდზეც კი უფრო უარესია, როცა «აივსო ქვეყანა უსამართლობით [„ძალადობით“, აქ]». მაშინ საერთოდ ადამიანებმა უარყვეს ცუდი მოქმედებების მონანიება. ამიტომ ღმერთმა თქვა: «აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით [„ძალადობით“, აქ]; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი». წარღვნამ წალეკა ის მოძალადე ქვეყნიერება (დაბადება 6:11, 13; 7:17–24).
არ არსებობს ხსნა ადამიანების მიერ
9, 10. რატომ არ უნდა ვამყარებდეთ ხსნის იმედს ადამიანებზე?
9 შეიძლება თუ არა, რომ ადამიანთა მცდელობებმა გვიხსნას ამ ცუდი პირობებიდან? ღვთის სიტყვა გვპასუხობს: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამ[იანი]ს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“. „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (ფსალმუნი 145:3; იერემია 10:23). ამ ჭეშმარიტებებს ისტორიის ათასობით წელი ადასტურებს. ადამიანებმა გამოსცადეს ყველა შესაძლებელი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემა, მაგრამ პირობები უარესდება. შველა ადამიანთაგან რომ ყოფილიყო ეს დღემდე ნათლად გამოჩნდებოდა. მაგრამ, ამის საპირისპიროდ, სინამდვილე ის არის, რომ ‘კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ’ (ეკლესიასტე 8:9; იგავნი 29:2; იერემია 17:5, 6).
10 რამდენიმე წლის წინ, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა: „გლობალური ტენდენციის ნებისმიერი მიუკერძოებელი ანალიზის გარდაუვალი დასკვნა ის არის, რომ საზოგადოებრივი არევ-დარევა, პოლიტიკური მღელვარება, ეკონომიკური კრიზისები და საერთაშორისო უთანხმოება, ალბათ, კიდევ უფრო გაფართოვდება“. მან დაამატა: „კაცობრიობას გლობალური ანარქია ემუქრება“. მსოფლიო პირობების ასეთი შეფასება დღეს უფრო დასაბუთებულია. მზარდი ძალადობის ეპოქაზე კომენტარის გაკეთებით ნიუ-ჰეივენის (კონექტიკუტის შტატი, აშშ) გაზეთმა, სარედაქციო სტატიაში აღიარა: „როგორც ჩანს, ჩვენ ისე შორს შევტოპეთ, რომ ვეღარ შევჩერდებით“ (New Haven Register). არა, ამ ქვეყნიერების გაუარესება არ შეჩერდება, რადგან ‘უკანასკნელი დღეების’ შესახებ წინასწარმეტყველებაში აგრეთვე ნათქვამია: „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან“ (2 ტიმოთე 3:13).
11. რატომ ვერ შეაბრუნებს ადამიანთა მცდელობები პირობების გაუარესებას?
11 ადამიანები ვერ შეაბრუნებენ ამ ტენდენციას, რადგან სატანა არის ‘ამ წუთისოფლის ღმერთი’ (2 კორინთელთა 4:4). დიახ, «მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [„ბოროტის ძალაუფლებაში“, აქ] ძევს» (1 იოანე 5:19; იხილე აგრეთვე იოანე 14:30). ჩვენი პერიოდის შესახებ ბიბლია სავსებით სწორად აღნიშნავს: „ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). სატანამ იცის, რომ მისი მმართველობა და ქვეყნიერება დასასრულს მიუახლოვდა, და ამიტომ ის ‘მბრდღვინავი ლომივით ეძებს, ვინ ჩაყლაპოს’ (1 პეტრე 5:8).
ხსნა ახლოსაა — ვისთვის?
12. ვისთვის ახლოვდება ხსნა?
12 დედამიწაზე პირობების უფრო და უფრო გართულება იმის მკვეთრი ნიშანია, რომ უდიდესი ცვლილება — ნამდვილად დიდებული ხსნა — ძალიან ახლოსაა! ვისთვის? ხსნა ახლოვდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყურადღებას აქცევენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და სათანადოდ მოქმედებენ. პირველი იოანეს 2:17 ცხადყოფს, რის შესრულებაა აუცილებელი: „გადადის წუთისოფელი [სატანის სისტემა] და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (იხილე აგრეთვე 2 პეტრე 3:10–13).
13, 14. როგორ გაამახვილა იესომ ყურადღება სიფხიზლის შენარჩუნების აუცილებლობაზე?
13 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ დღევანდელი გახრწნილი საზოგადოება მალე განადგურებული უნდა იქნეს ისეთი გაჭირვების დროს, „როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24:21). სწორედ ამიტომ აფრთხილებდა ის ადამიანებს: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად. ვინაიდან ის, როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა“ (ლუკა 21:34–36).
14 ის, ვინც ‘ფრთხილობს’ და ‘ფხიზლობს’, გამოიკვლევს და შეასრულებს ღვთის ნებას (იგავნი 2:1–5; რომაელთა 12:2). ასეთი ადამიანები ‘თავს დააღწევენ’ განადგურებას, რომელიც მალე სატანის ქვეყნიერებას დაატყდება. და ისინი სავსებით დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ დახსნილნი იქნებიან (ფსალმუნი 33:16; იგავნი 10:28–30).
მთავარი მხსნელი
15, 16. ვინ არის მთავარი მხსნელი და რატომ ვართ დარწმუნებულები, რომ მისი გადაწყვეტილებები სამართლიანი იქნება?
15 ღვთის მსახურების სახსნელად სატანა და მთელი მისი მსოფლიო სისტემა ჩამოცილებული უნდა იქნეს. ეს კი ხსნისთვის ადამიანებზე ბევრად უფრო ძლიერ წყაროს მოითხოვს. ეს წყარო იეჰოვა ღმერთია, უზენაესი მმართველი, მოწიწების აღმძვრელი სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედი. ის არის მთავარი მხსნელი: „მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!“ (ესაია 43:11; იგავნი 18:10).
16 იეჰოვა ფლობს უკიდურესად დიდ ძალას, სიბრძნეს, სამართლიანობასა და სიყვარულს (ფსალმუნი 146:5; იგავნი 2:6; ესაია 61:8; 1 იოანე 4:8). ამიტომ, შეგვიძლია დარწმუნებით გვწამდეს, რომ განაჩენების შესრულებისას ის სამართლიანად იმოქმედებს. აბრაამმა თქვა: „არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს“ (დაბადება 18:24–33). პავლემ ხმამაღლა წარმოთქვა: „ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც“! (რომაელთა 9:14). იოანემ დაწერა: „დიახ, უფალო ღმერთო ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი განკითხვანი“ (გამოცხადება 16:7).
17. როგორ გამოხატავდნენ იეჰოვას აღთქმებზე მინდობას წარსულში მცხოვრები მსახურები?
17 როცა იეჰოვა ხსნას პირდება, ის აუცილებლად შეასრულებს თავის სიტყვას. იესო ნავეს ძემ თქვა: „არ გაცუდებულა არცერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც კი. . . უთქვამს უფალს“ (იესო ნავეს ძე 21:43). სოლომონმა განაცხადა: „ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, . . [უფალმა] რომ ბრძანა“ (მესამე მეფეთა 8:56). პავლე მოციქულმა შენიშნა, რომ აბრაამი „არ დაეჭვებულა. . . ურწმუნოებით. . . და გულდაჯერებული იყო, რომ ის [ღმერთი], შესრულებასაც შეძლებდა“. მსგავსად, სარამაც „სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი [ღმერთი]“ (რომაელთა 4:20, 21; ებრაელთა 11:11).
18. რატომ შეუძლიათ იეჰოვას დღევანდელ მსახურებს დარწმუნებული იყვნენ, რომ დახსნილები იქნებიან?
18 ადამიანებისგან განსხვავებით, იეჰოვა აბსოლუტურად სანდო და თავისი სიტყვის ერთგული პიროვნებაა. „დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება“ (ესაია 14:24). ამიტომ, როცა ბიბლია ამბობს, „იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად“, სავსებით შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ეს მოხდება (2 პეტრე 2:9). ძლიერი მტრების მხრიდან განადგურებით დაშინების შემთხვევაშიც კი, იეჰოვას მოწმეები მხნედ არიან, რადგან იციან საქმისადმი ღვთის დამოკიდებულება, რომელსაც ერთ-ერთი მისი წინასწარმეტყველისთვის ნათქვამი აღთქმა ირეკლავს: „შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ დაგიფარო“ (იერემია 1:19; ფსალმუნი 32:18, 19; ტიტე 1:2).
ხსნა წარსულში
19. როგორ იხსნა იეჰოვამ ლოტი და რით ჰგავს ეს შემთხვევა ჩვენს დროს?
19 ჩვენთვის შეიძლება ძალიან გამამხნევებელი იყოს იეჰოვას ადრინდელი გადამრჩენი მოქმედებების გახსენება. მაგალითად, ლოტი „დაჩაგრული“ იყო სოდომისა და გომორის ბოროტების გამო. მაგრამ იეჰოვამ ყურადღება მიაქცია ამ ქალაქების წინააღმდეგ ‘სამდურავს’. თავის დროზე მან მაცნეები გაგზავნა, რათა დაერწმუნებინათ ლოტი და მისი ოჯახი, დაუყოვნებლივ მოშორებოდნენ იმ ტერიტორიას. რა მოჰყვა ამას? იეჰოვამ „მართალი ლოტი. . . იხსნა“, ხოლო ‘სოდომისა და გომორის ქალაქები ფერფლად აქცია’ (2 პეტრე 2:6–8; დაბადება 18:20, 21). დღესაც ასეა, იეჰოვა ყურადღებას აქცევს ქვეყნიერების აშკარა ბოროტებასთან დაკავშირებულ სამდურავს. როცა მისი დღევანდელი მაცნეები დამოწმების გადაუდებელ საქმიანობას იმ ზომით შეასრულებენ, რა ზომითაც თვითონ სურს, ის გამოვა ამ ქვეყნიერების წინააღმდეგ და ისევე იხსნის თავის მსახურებს, როგორც ლოტი იხსნა (მათე 24:14).
20. აღწერე იეჰოვას მიერ ეგვიპტიდან ძველი დროის ისრაელის ხსნა.
20 ღვთის ხალხის მილიონობით წარმომადგენელი ძველი ეგვიპტის მონობაში იყო. მათ შესახებ იეჰოვამ თქვა: „მომესმა. . . გამწარებულთა ღაღადი. . . გავიგე [მათი] გასაჭირი. ჩამოვედი, რომ ვიხსნა [ისინი]“ (გამოსვლა 3:7, 8). მაგრამ ღვთის ხალხის გაშვების შემდეგ ფარაონმა გადაიფიქრა და თავისი მძლავრი ჯარით დაედევნა მათ. მეწამული ზღვის ნაპირთან ისრაელები, თითქოს, მახეში იყვნენ მოქცეულნი. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, მოსემ თქვა: ‘ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ დღეს შეგეწევათ უფალი’ (გამოსვლა 14:8–14). იეჰოვამ გაჰყო მეწამული ზღვა და ისრაელები გაიქცნენ. ფარაონის ჯარები დაედევნენ, მაგრამ იეჰოვამ ისე გამოიყენა ძალა, რომ „ზღვამ დაფარა ისინი; ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში“. მოგვიანებით იეჰოვასადმი სიმღერაში მოსე ხარობდა: „ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი?“ (გამოსვლა 15:4–12, 19).
21. როგორ დაიცვა იეჰოვამ თავისი ხალხი ყამონელებისგან, მოაბელებისა და სეყირის მთიელებისგან?
21 სხვა შემთხვევაში იეჰოვას ხალხს განადგურებით ემუქრებოდნენ მტრულად განწყობილი ერები: ყამონელები, მოაბელები და სეყირის მთიელები (ედომელები). იეჰოვამ განაცხადა: „ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი [მტრული] ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს. . . თქვენ არ იბრძოლებთ. . . დადექით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას“. მტრების რიგებში დაბნეულობის შეტანით, რის შედეგადაც მათ ერთმანეთი დახოცეს, იეჰოვამ იხსნა თავისი ხალხი (მეორე ნეშტთა 20:15–23).
22. რა სასწაულით იხსნა იეჰოვამ ისრაელი ასურელებისგან?
22 როცა მსოფლიო მპყრობელი ასურეთი იერუსალიმის წინააღმდეგ გამოვიდა, მეფე სანხერიბმა გესლიანად დასცინა იეჰოვას და ქალაქის კედელზე მყოფ ხალხს უთხრა: «რომელ ღმერთს უხსნია ამ [ჩემს მიერ დაპყრობილი] ქვეყნების ღმერთთა შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა [„იეჰოვამ“, აქ] იხსნას ჩემი ხელიდან იერუსალიმი?“ ღვთის მსახურებს მან უთხრა: „ნუ გაიმედებთ ხიზკიაჰუ უფლით [„იეჰოვათი“, აქ], გვიხსნის უფალი [„იეჰოვაო“, აქ]“. მოგვიანებით ხიზკიაჰუ მხურვალედ ლოცულობდა ღვთისადმი ხსნისთვის, ‘რათა გაეგო ქვეყნიერების ყველა სამეფოს, რომ ის იყო უფალი, ერთადერთი ღმერთი’. იეჰოვამ მუსრი გაავლო 185 000 ასურელ ჯარისკაცს და იხსნა თავისი მსახურები. შემდეგში, ცრუ ღვთისადმი თაყვანისცემის დროს სანხერიბი საკუთარმა ვაჟიშვილებმა მოკლეს (ესაია თავები 36 და 37).
23. რომელი კითხვები მოითხოვს პასუხს დღევანდელ ხსნასთან დაკავშირებით?
23 ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავმხნევდეთ, როცა ვხედავთ, თუ რა სასწაულებრივად იხსნიდა იეჰოვა თავის ხალხს წარსულში. რას ვიტყოდით დღევანდელი დღის შესახებ? რა სახიფათო მდგომარეობაში ჩავარდებიან მალე მისი ერთგული მსახურები, რომლიდანაც სასწაულებრივი ხსნა დასჭირდებათ? რატომ აყოვნებს დღემდე მათ დახსნას? როგორ შესრულდება იესოს სიტყვები: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“? (ლუკა 21:28). და როგორ იხსნის ღმერთი თავის მსახურებს, რომლებიც უკვე მოკვდნენ? მომდევნო სტატია განიხილავს ამ საკითხებს.
კითხვები გამეორებისთვის
◻ რატომ არსებობს ხსნის დიდი საჭიროება?
◻ რატომ არ უნდა ვამყარებდეთ ხსნის იმედს ადამიანებზე?
◻ ვისთვის მოახლოვდა ხსნა?
◻ რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვიხსნის?
◻ წარსულის ხსნის რომელი მაგალითები გვამხნევებს?
[სურათი 10 გვერდზე]
იეჰოვასადმი სრულიად მინდობილ ადამიანებს შორის იყო აბრაამი.