ნდობა არასრულყოფილ ქვეყნიერებაში
„არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს“. როგორ ფიქრობ, შენც ასე იქცევი? მაშ, გამხნევდი, როცა გაიგებ, რომ მოციქულ პავლესაც იგივე პრობლემა ჰქონდა; მიუხედავად ამისა, ის არაჩვეულებრივად პატიოსანი ქრისტიანი იყო. განა ეს შეუთანხმებელი არ არის? რომაელი ქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში პავლე ამ პრობლემას განიხილავდა: „თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული“. რომელ ცოდვაზე მიუთითებდა პავლე და როგორ დაძლია ის, რათა პატიოსანი ადამიანი ყოფილიყო? (რომაელთა 7:19, 20).
მანამდე თავის წერილში პავლე წერდა: „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“. ‘ერთი ადამიანი’ ადამი იყო (რომაელთა 5:12, 14). პირველი ადამიანის, ადამის, ცოდვა ადამიანთა მოდგმის მიერ დამკვიდრებული არასრულყოფილების სათავე და ის მთავარი მიზეზია, რის გამოც პატიოსნების დაცვა მართლაც გამოცდას წარმოადგენს.
პავლეს თვალსაზრისი „პირველ ცოდვასთან“ დაკავშირებით, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, დღეს ფართოდ არაა მიღებული, რადგან საღვთისმეტყველო წრეებში ბიბლიის ცნობა შემოქმედების შესახებ უარყოფილ იქნა ევოლუციის თეორიების სასარგებლოდ. რომაელთა 5:12–14-თან დაკავშირებით ერთ-ერთი თანამედროვე განმარტების თანახმად „სწავლულებმა მთლიანად უკუაგდეს ეს მონაკვეთი“. და მაინც, ასი წლის წინ ბიბლიური კომენტარები არაერთხელ განმარტავდა, რომ „ცოდვის ჩადენით. . . ადამმა მთელ თავის შთამომავლობას მოსცხო ცოდვისა და მისი შედეგების ლაქა“a.
პატიოსნების დაკარგვის დასაბამი
დღეს ადამის, პირველი ადამიანის, არსებობის უარყოფასთან ერთად მრავალი ადამიანი სატანა ეშმაკზეც ხელს იქნევს როგორც მითოლოგიურ ფიქციაზეb. მაგრამ ისეთი გამოჩენილი ავტორიტეტი, როგორიც იესო ქრისტეა, გვეუბნება, რომ ეს პიროვნება „ჭეშმარიტებაში ვერ დადგა“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის სანდო არ იყო (იოანე 8:44). და სწორედ სატანამ წააქეზა ადამი და მისი ცოლი ევა, აჯანყებულიყვნენ იეჰოვას წინააღმდეგ და გამოცდის დროს დაერღვიათ პატიოსნება (დაბადება 3:1–19).
რადგან ადამისგან წარმოვიშვით, ჩვენ დავიმკვიდრეთ მიდრეკილება ცოდვისკენ. ბრძენი სოლომონი აცხადებდა: „არ იპოვება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). მიუხედავად ამისა, სანდო შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს. როგორ? ეს შესაძლებელია, რადგან პატიოსნების დაცვა ადამიანის სრულყოფილებაზე არაა დამოკიდებული.
პატიოსნების საფუძველი
ისრაელის მეფე დავითმა მრავალი შეცდომა დაუშვა, მათ შორის ბარშებაყთან მრუშობაც, რომლის შესახებ ჩანაწერიც სრულიად დასაბუთებულია (მეორე მეფეთა 11:1–27). დავითის უამრავმა შეცდომამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ საკმაოდ შორს იყო სრულყოფილებისგან. მაშ, რას ხედავდა იეჰოვა ამ მამაკაცში? დავითის ძეს, სოლომონს, იეჰოვამ უთხრა: ‘იარე ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა წმიდა [„პატიოსანი“, აქ] გულითა და სიმართლით’ (მესამე მეფეთა 9:4). დავითის უამრავი შეცდომის მიუხედავად, იეჰოვას ძირითადად ის მოსწონდა, რომ დავითი სანდო კაცი იყო. რატომ?
ამ კითხვაზე დავითმა გასცა პასუხი, როცა სოლომონს უთხრა: „ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა“ (პირველი ნეშტთა 28:9). დავითი უშვებდა შეცდომებს, მაგრამ ის თავმდაბალი იყო და სურდა, სწორად მოქცეულიყო. ის ყოველთვის იღებდა შენიშვნასა და შესწორებას — სინამდვილეში, ის ითხოვდა კიდეც მათ. „გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი“, — სთხოვდა ის (ფსალმუნი 25:2). და დავითი, უდავოა, განწმენდილი იყო. მაგრამ ბარშებაყთან ჩადენილი ცოდვით გამოწვეული სიძნელეები ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა. მიუხედავად ამისა, დავითს არასოდეს უცდია თავისი დანაშაულის გამართლება (მეორე მეფეთა 12:1–12). და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის არასოდეს უხვევდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან. სწორედ ამ მიზეზისა და დავითის ნამდვილი და გულწრფელი მონანიების საფუძველზე იეჰოვა მზად იყო, ცოდვებიც მიეტევებინა და პატიოსან ადამიანადაც მიეღო (იხილე აგრეთვე ფსალმუნი 50).
სანდოდ ყოფნა გამოცდის დროს
იესოს პატიოსნების დარღვევის მცდელობით სატანა ეშმაკი ცდიდა მას. ადამისგან განსხვავებით, რომლის, როგორც სრულყოფილი ადამიანის, მორჩილება უბრალოდ ღვთის კანონისადმი მორჩილებით იცდებოდა, იესოს პატიოსნება გასაჭირსა და ტანჯვაში უნდა შეენარჩუნებინა. გარდა ამისა, იესოზე იმის ცოდნა ახდენდა გავლენას, რომ მის პატიოსნებაზე ადამიანთა ოჯახის გამოსყიდვა იყო დამოკიდებული (ებრაელთა 5:8, 9).
სატანა, რომელმაც იესოს პატიოსნების დარღვევა გადაწყვიტა, ისეთ დროს მიუახლოვდა, როცა ის ყველაზე დასუსტებულ მდგომარეობაში იყო — უდაბნოში ფიქრსა და მარხვაში გატარებული 40 დღის შემდეგ. სატანამ სამჯერ გამოსცადა იესო — შესთავაზა, ქვები პურებად ექცია; ტაძრის ქიმიდან გადმოვარდნილიყო, დარწმუნებული, რომ ანგელოზები იხსნიდნენ, რითაც მისი მესიანობის დამამტკიცებელ სასწაულებრივ ნიშანს ცხადყოფდნენ; და სატანისადმი მხოლოდ ერთხელ ‘თაყვანისცემის’ ფასად ქვეყნიერების ყველა სამეფოზე მმართველობა მიეღო. მაგრამ იესომ თითოეული მცდელობა უკუაგდო და იეჰოვას წინაშე პატიოსნება შეინარჩუნა (მათე 4:1–11; ლუკა 4:1–13).
იობის პატიოსნება
იობის პოზიცია — განსაცდელში პატიოსნების შენარჩუნება — კარგადაა ცნობილი. საყურადღებოა, რომ იობს არ ესმოდა მასზე დატეხილი უბედურების მიზეზი. მან არ იცოდა, რომ სატანა ცრუ მოტივებს აწერდა, იმიზეზებდა, რომ ღვთისადმი მსახურებაში იობს ეგოისტური მიზეზები ჰქონდა და ამტკიცებდა, რომ საკუთარი ტყავის გადასარჩენად იობი მზადყოფნით გაყიდდა თავის პატიოსნებას. სატანის ბოროტების საჩვენებლად ღმერთმა დაუშვა, რომ იობი ძალიან მძიმე განსაცდელებში ჩავარდნილიყო (იობი 1:6–12; 2:1–8).
შემდეგ მოქმედების სცენაზე სამი ცრუ მეგობარი გამოჩნდა. მათ განზრახ დაამახინჯეს ღვთის ნორმები და განზრახვები. უკიდურესი გაჭირვების დროს იობი ცოლმაც კი არ გაამხნევა, რომელიც მსგავსადვე ვერ წვდებოდა საკითხს (იობი 2:9–13). მაგრამ იობი მტკიცედ იდგა. „სიკვდილამდე თუ გავწირო ჩემი უმწიკვლოება! ჩემს სიმართლეზე ვდგავარ მტკიცედ და არ მოვეშვები; არ დავუგმივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება!“ (იობი 27:5, 6).
ბიბლიაში მოხსენიებული მრავალი სხვა მამაკაცისა და ქალის პატიოსნების მაგალითებთან ერთად იობის წუნდაუდებელმა მაგალითმა დაამტკიცა, რომ სატანა მატყუარაა.
პატიოსნება და ქრისტიანული მსახურება
წარმოადგენს თუ არა პატიოსნება თვისებას, რომელსაც იეჰოვა მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის აფასებს? არა. პატიოსნებას პირადად ჩვენთვის, ადამიანებისთვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს. იესო ჩვენს სასარგებლოდ გვირჩევდა ‘გვყვარებოდა უფალი ღმერთი ჩვენი ყოვლითა გულითა ჩვენითა და ყოვლითა სულითა ჩვენითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა’. ეს მართლაც ‘პირველი და დიდი მცნებაა’, რომელიც მამაკაცების, ქალებისა თუ ბავშვებისგან პატიოსნების დაცვას მოითხოვს (მათე 22:36–38). რა შედის ამაში და რა ჯილდო მოაქვს ასე მოქმედებას?
პატიოსანი ადამიანი მხოლოდ მეგობრისთვის კი არ არის სანდო, არამედ ღვთისთვისაც, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ასეთი ადამიანის გულის სიწმინდე მის მოქმედებებში ვლინდება; მას არ ახასიათებს პირმოთნეობა. ის არ არის ქვეშქვეშა ან მოღალატე. მოციქულმა პავლემ ეს აზრი ამგვარად გამოთქვა: „უარვყავით სირცხვილის გამო დაფარულნი, არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის დამახინჯებით, არამედ ჭეშმარიტების გამოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს ღვთის წინაშე“ (2 კორინთელთა 4:2).
ყურადღება მიაქციე, რომ პავლე ქრისტიანული სამსახურისადმი დამოკიდებულებას მოიხსენიებს. როგორ მოემსახურება სხვებს ქრისტიანი მსახური, თუ სუფთა ხელები არა აქვს, თუ პატიოსანი ადამიანი არ არის? ირლანდიის ერთ-ერთი რელიგიური ორდენის სათავეში მდგომი და თანამდებობიდან სულ ახლახან გადაყენებული პირი ამ საკითხის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ერთ-ერთი გაზეთის თანახმად, მან აღიარა, რომ „პედოფილი მღვდლის მიერ ბავშვის გაუპატიურების შემთხვევის გაგებიდან დიდი ხნის მანძილზე უშვებდა ბავშვებთან ამ მღვდლის მუშაობას“ (The Independent). ცნობაში იხსნებოდა, რომ ბავშვებისადმი ასეთი მოპყრობა 24 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. მღვდელს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ დაფიქრდი ბავშვებისთვის მიყენებულ ტანჯვაზე, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში აუპატიურებდა, რადგანაც მისი ზედამხედველი ზნეობრივად უპატიოსნო იყო, რომ ზომები მიეღო!
პატიოსნების ჯილდო
იოანე მოციქული უშიშარი მამაკაცი იყო. იოანესა და მის ძმას, იაკობს, მგზნებარე ენთუზიაზმის საფუძველზე, იესომ ‘ქუხილის ძეები’ უწოდა (მარკოზი 3:17). უაღრესად პატიოსანი მამაკაცი, იოანე, პეტრესთან ერთად იუდეველ მმართველებს უხსნიდა, რომ ‘არ შეეძლო, არ ელაპარაკა’ იმაზე, რაც იხილა და მოისმინა იესოსთან ყოფნის განმავლობაში. აგრეთვე იოანე იყო მოციქულთაგან ერთ-ერთი, რომელმაც თქვა: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქმეები 4:19, 20; 5:27–32).
როგორც ჩანს, 100 წელს მიახლოებული იოანე „ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის“ კუნძულ პატმოსზე იყო გადასახლებული (გამოცხადება 1:9). ასეთ ასაკში მას შეიძლება ეფიქრა, რომ მისი მსახურება დასრულებული იყო. მაგრამ „გამოცხადების“ ამაღელვებელი ხილვის ჩაწერის მინდობა მხოლოდ ასეთი პატიოსანი მამაკაცისთვის შეიძლებოდა. და იოანემ ერთგულად შეასრულა ეს დავალება. რა დიდი უპირატესობა იყო ეს მისთვის! მას კიდევ უფრო მეტი უპირატესობა უნდა ჰქონოდა. მოგვიანებით, ალბათ, ეფესოს მახლობლად მან სახარება და სამი წერილი დაწერა. რა დიდებული უპირატესობებით დაგვირგვინდა ამ ერთგული და სანდო ადამიანის 70 წლიანი მსახურება!
პატიოსან, სანდო ადამიანად ყოფნა ღრმა კმაყოფილების მომგვრელია. ღვთის თვალში სანდო ადამიანად შერაცხვა მარადიული ჯილდოს მომტანია. დღეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისგან შემდგარი „უამრავი ხალხი“ ემზადება მშვიდობისა და ჰარმონიის ახალ ქვეყნიერებაში შესასვლელად, სადაც მარადიული ცხოვრების პერსპექტივა ექნებათ (გამოცხადება 7:9). ამ სისტემაში მრავალი განსაცდელისა და სიძნელის მიუხედავად, რომლებიც შეიძლება სატანამ მოგვაყენოს, აუცილებელია პატიოსნების დაცვა ზნეობრიობისა და თაყვანისმცემლობის ყველა მნიშვნელოვან საკითხში. გწამდეს, რომ იეჰოვას ძალით შენ წარმატებას მიაღწევ! (ფილიპელთა 4:13).
თავისი დროისა და მომავლის შესახებ საუბრით ფსალმუნმომღერალი დავითი თითოეულ ჩვენგანს გვარწმუნებს, როცა იეჰოვასადმი სამადლობელო ლოცვაში ამბობს: „და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წინაშე დამაყენებ სამარადისოდ. კურთხეულ არს უფალი. . . ამინ, ამინ!“ (ფსალმუნი 40:13, 14).
[სქოლიოები]
a კომენტარი წიგნიდან „ჩვენი უფლისა და მხსნელი იესო ქრისტეს ახალი აღთქმა; დაშვებული ვერსიის თანახმად, სხვადასხვა ავტორის მოკლე კომენტარებით“ (The New Testament of Our Lord and Saviour Jesus Christ, according to the Authorised Version, with a brief commentary by various authors).
b სიტყვა სატანა ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“. ეშმაკი — „ცილისმწამებელს“.
[სურათი 4 გვერდზე]
შეცდომების მიუხედავად დავითი სანდო აღმოჩნდა.
[სურათი 5 გვერდზე]
იესომ, როგორც სანდო ადამიანმა, ყველაზე შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.
[სურათები 7 გვერდზე]
სანდო ადამიანად ყოფნა ღრმა კმაყოფილების მომგვრელია.