„ისინი თავიანთ რელიგიურ სწავლებას მისდევენ“
მაიამიში (ფლორიდა, აშშ) მცხოვრებმა ერთმა ქალმა ადგილობრივი გაზეთის რედაქციას შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: „ათ დეკემბერს ბაზრობაზე ჩემს ვაჟს ჯიბიდან საფულე ამოაცალეს. შიგ იდო მისი მართვის უფლების მოწმობა, სოციალური უზრუნველყოფის ბარათი და ასე შემდეგ, აგრეთვე 260 დოლარი.
მან დანაკარგზე ადმინისტრატორს შეატყობინა და სახლში წამოვიდა. შებინდებისას მას დაურეკა ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ქალბატონმა, რომელსაც თარჯიმნობა ტელეფონისტმა გაუწია და უთხრა, რომ მისი საფულე იპოვა.
მან ჩემს ვაჟს თავისი მისამართი ჩააწერინა. . . და მისცა საფულე, რომელიც, 260 დოლართან ერთად, ხელუხლებელი იყო.
ქალბატონმა დაინახა, როგორ ამოაცალა ქურდმა ჩემს ვაჟს საფულე და იკივლა. ქურდმა დააგდო საფულე და გაიქცა. იმ დროისთვის ჩემი ვაჟი თვალს მოეფარა, ამიტომ ქალბატონმა საფულე სახლში წაიღო და დარეკა.
ის და მისი ოჯახი იეჰოვას მოწმეები არიან. ნათელია, რომ ისინი თავიანთ რელიგიურ სწავლებას მისდევენ“.
იეჰოვას მოწმეები პატიოსნებას იმისთვის არ ავლენენ, რომ ადამიანებმა შეაქონ (ეფესელთა 6:7). პირიქით, მათ გულწრფელად სურთ, დიდება მოუტანონ თავიანთ ზეციერ მამას — იეჰოვას (1 კორინთელთა 10:31). ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღძრავს მათ, გამოაცხადონ „კეთილი ცნობა“ ღვთის სამეფოზე (მათე 24:14, აქ). ღმერთი გვპირდება, რომ სამეფოს მეშვეობით დედამიწას მშვენიერ სამოთხედ გადააქცევს. მაშინ დედამიწა მხოლოდ ფიზიკური სიმშვენიერის კი არა, არამედ მაღალი ზნეობრივი ნორმების ადგილიც იქნება, სადაც პატიოსნება მარადიულად იარსებებს (ებრაელთა 13:18; 2 პეტრე 3:13).