ხარ თუ არა ღვთის მეგობარი? რას აჩვენებს შენი ლოცვები
ყოფილხარ ოდესმე ორი ადამიანის საუბრის შემთხვევითი მოწმე? ეჭვგარეშეა, დიდი დრო არ დაგჭირდებოდა იმის გასაგებად, თუ რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან — ახლობლები არიან თუ უცხოები; უბრალოდ ნაცნობები თუ ახლო, ერთმანეთისადმი მიმნდობი მეგობრები. მსგავსი სახით, შეიძლება ლოცვებმა ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა აჩვენოს.
ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:27). მართლაც ღმერთი გვიწვევს, გავეცნოთ მას. ჩვენ შეგვიძლია მისი მეგობრებიც კი ვიყოთ (ფსალმუნი 33:9; იაკობი 2:23). შეგვიძლია დავტკბეთ მასთან ჭეშმარიტი ახლო ურთიერთობით! (ფსალმუნი 25:14, აქ [24:14]). ნათელია, რომ ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა არასრულყოფილი ადამიანის მფლობელობაში არსებულთა შორის ყველაზე ძვირფასია. იეჰოვაც აფასებს ჩვენს მეგობრობას. ეს ცხადია, ვინაიდან მასთან ჩვენი მეგობრობა დაფუძნებულია მისი მხოლოდშობილი ძისადმი რწმენაზე, რომელმაც ჩვენთვის გასწირა თავი (კოლასელთა 1:19, 20).
ამიტომ ჩვენი ლოცვები იეჰოვასადმი დიდ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას უნდა ირეკლავდეს. მაგრამ ოდესმე გიგრძვნია თუ არა, რომ შენი ლოცვები, თუმცა მოწიწებითაა წარმოთქმული, რაღაცნაირად ნამდვილ ღრმა გრძნობებს მოკლებულია? ეს უჩვეულო არ არის. არსებობს მდგომარეობის გამოსწორების საშუალება? ასაზრდოვე იეჰოვა ღმერთთან შენი მეგობრობა.
ლოცვისთვის დროის გამონახვა
პირველ ყოვლისა, მეგობრობის განვითარებისა და საზრდოობისთვის დროა საჭირო. შენ შესაძლოა ყოველდღიურად ესალმები და ესაუბრები კიდეც მრავალ ადამიანს: მეზობლებს, თანამშრომლებს, ავტობუსის მძღოლებს და მაღაზიის გამყიდველებს. მიუხედვად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შენი ნამდვილი მეგობრები არიან. მეგობრობა იზრდება მაშინ, როცა პიროვნებას ვრცლად უყვები რამეს, როცა უმნიშვნელო ზედაპირული საუბრიდან შინაგანი გრძნობებისა და აზრების გამომხატველ საუბარზე გადადიხარ.
მსგავსად ამისა, ლოცვა იეჰოვასთან დაახლოებაში გვეხმარება. მაგრამ ამას სათანადო დრო უნდა გამოეყოს; საჭიროა უფრო მეტი, ვიდრე სადილობისას მოკლე ლოცვაში მადლობის გადახდა. რაც უფრო მეტს ელაპარაკები იეჰოვას, მით უფრო მეტად ერკვევი შენს საკუთარ გრძნობებში, აღძვრებსა და მოქმედებებში. როცა ღვთის სული თავისი სიტყვის პრინციპებს აღადგენს პიროვნების გონებაში, იკვეთება რთული პრობლემების გადაჭრის გზები (ფსალმუნი 142:10; იოანე 14:26). გარდა ამისა, ლოცვისას იეჰოვა უფრო რეალური ხდება შენთვის და უფრო გრძნობ შენს მიმართ მისი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას.
ეს ასეა განსაკუთრებით მაშინ, როცა ლოცვაზე პასუხს ღებულობ. იეჰოვას ხომ შეუძლია „განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ“ (ეფესელთა 3:20). ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი შენთვის სასწაულებს მოახდენს. მაგრამ თავისი დაწერილი სიტყვით, ერთგული მონის კლასის პუბლიკაციებით ან მოსიყვარულე ძმებისა და დების ბაგეებით მას შეუძლია საჭირო რჩევისა და მითითების მოცემა. ან მან შესაძლოა ცდუნების გაძლების სიმტკიცე მოგცეს (მათე 24:45; 2 ტიმოთე 4:17). ყოველივე ეს ჩვენს გულებს ჩვენი ზეციერი მეგობრისადმი მადლიერებით ავსებს!
ამიტომ, პიროვნებამ ლოცვისთვის დრო უნდა გამოყოს. მართალია, დღევანდელი დაძაბულობის პირობებში ძნელია დროის გამონახვა. მაგრამ, როცა ვინმე ნამდვილად გიყვარს, ჩვეულებრივ, დროსაც პოულობ მისთვის. ყურადღება მიაქციე, როგორ გამოხატა თავისი გრძნობები ფსალმუნმომღერალმა: „როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო! ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას“ (ფსალმუნი 41:2, 3). გაქვს თუ არა შენც ღმერთთან საუბრის ასეთი წყურვილი? მაშინ გამოისყიდე დრო ამის გასაკეთებლად! (შეადარე ეფესელთა 5:16, აფ).
მაგალითად, შეგიძლია დილით ცოტა ადრე ადგე, რათა პირადი ლოცვისთვის დრო გქონდეს (ფსალმუნი 118:147). გქონია ზოგჯერ უძილო ღამეები? მაშინ ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ასეთი ტანჯვის საათებს შეგიძლია შეხედო როგორც ღვთისადმი შენი წუხილის გადაცემის საშუალებას (ფსალმუნი 62:7). ან შეიძლება ძნელი არ იყოს დღის განმავლობაში რამდენიმე მოკლე ლოცვისთვის დროის გამოყოფა. ფსალმუნმომღერალი ღმერთს ეუბნებოდა: „შენ მოგიხმობ ყოველდღე“ (ფსალმუნი 85:3).
ჩვენი ლოცვების შინაარსის გაუმჯობესება
ზოგჯერ შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ლოცვების ხანგრძლივობის გადიდება. შენ შეიძლება მიდრეკილება გქონდეს, რომ მოკლე ლოცვებში ზოგად საკითხებს შეეხო. მაგრამ, როცა ხანგრძლივ, ღრმა ლოცვას წარმოთქვამ უფრო ადვილად გამოხატავ შენს აზრებსა და შინაგან გრძნობებს. იესომ, სულ მცირე, ერთხელ მაინც, გაატარა მთელი ღამე ლოცვაში (ლუკა 6:12). ეჭვგარეშეა, თუ ერიდები ლოცვების ნაჩქარევად წარმოთქმას, ხედავ, რომ ისინი უფრო მეგობრული და შინაარსიანი ხდება.
ეს არ ნიშნავს, რომ, როცა ცოტა რამე გაქვს სათქმელი უთავბოლოდ მიედ-მოედო რამეს; არც იმას ნიშნავს, რომ უადგილო გამეორებებს მიმართო. იესო იძლეოდა გაფრთხილებას: „ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, როგორც წარმართები, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ“ (მათე 6:7, 8).
ლოცვა უფრო შინაარსიანია, როცა წინასწარ დაფიქრდები იმ საკითხებზე, რის თქმასაც აპირებ. სათქმელების სია უსასრულოა: მსახურებაში ჩვენი სიხარული, ჩვენი სისუსტეები და ნაკლოვანებები, იმედგაცრუებები, ეკონომიური საზრუნავები, სამუშაოზე ან სკოლაში სხვების გავლენა, ოჯახის კეთილდღეობა, ადგილობრივი კრების სულიერი მდგომარეობა — ყველაფერს ვერ ჩამოთვლი.
გაქვს თუ არა ლოცვისას აზრების დაფანტვის მიდრეკილება? მაშინ მეტი ძალისხმევა მოახმარე გონების კონცენტრირებას. ნებისმიერ შემთხვევაში იეჰოვა მზადყოფნით ‘აპყრობს ყურს ჩვენს ღაღადს’ (ფსალმუნი 16:1). ნუთუ მონდომებული არ უნდა ვიყოთ, გულწრფელი ძალისხმევა მოვახმაროთ ჩვენი საკუთარი ლოცვებისადმი ყურადღების მიქცევას? დიახ, ‘იფიქრე სულიერზე’ და მოერიდე უგულისყურობას (რომაელთა 8:5).
მნიშვნელოვანია აგრეთვე, თუ როგორ მივმართავთ იეჰოვას. თუმცა მისი სურვილია, მეგობრებად ვყავდეთ, არასდროს დაგვავიწყდეს, რომ სამყაროს უზენაესს ველაპარაკებით. წაიკითხე და იფიქრე მოკრძალების შთამნერგავ იმ სცენაზე, რომელიც გამოცხადების მე-4 და მე-5 თავებშია აღწერილი. იქ იოანემ იხილა იმ პიროვნების დიდებულება, ვისაც ჩვენ ლოცვით ვუახლოვდებით. რამხელა უპირატესობაა, გვქონდეს ‘ტახტზე მჯდომარესთან’ მიახლოების შესაძლებლობა და, ასევე მისვლის უფლება! ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი ენა ოდესმე მოკრძალებასა და ღირსებას მოკლებული იყოს. პირიქით, დიდი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ, რომ ‘ჩვენი პირის სიტყვანი და გულის ზრახვანი ღვთისათვის სასურველი’ გავხადოთ (ფსალმუნი 18:15).
მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მჭევრმეტყველებით იეჰოვაზე შთაბეჭდილებას ვერ მოვახდენთ. მას სიამოვნებს ჩვენი მოკრძალებით აღსავსე, გულწრფელი სიტყვები და მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მარტივად არის ის გადმოცემული (ფსალმუნი 61:9).
ნუგეში და გაგება საჭიროების შემთხვევაში
როცა დახმარება და ნუგეში გვჭირდება, ხშირად მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის ახლო მეგობარს მივმართავთ. არც ერთი მეგობარი არ არის ისე ხელმისაწვდომი, როგორც იეჰოვა. ის არის ჩვენი „შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად“ (ფსალმუნი 45:2). როგორც ‘ყოველი ნუგეშის ღმერთს’, მას ყველაზე უკეთესად ესმის ჩვენი მდგომარეობა (2 კორინთელთა 1:3, 4; ფსალმუნი 5:2; 30:8). ღმერთს ნამდვილად ებრალება გაჭირვებაში მყოფნი და ის თანაუგრძნობს მათ (ესაია 63:9; ლუკა 1:77, 78). როცა იეჰოვას გამგებ მეგობრად ვაღიარებთ, თავისუფლებას ვგრძნობთ, ველაპარაკოთ მას მგზნებარედ და მხურვალედ. აღძრულები ვართ გამოვხატოთ ჩვენი შინაგანი შიში და წუხილი. ამგვარად ჩვენ უშუალოდ განვიცდით, თუ როგორ ‘აამებს ჩვენს სულს მისი ნუგეში’ (ფსალმუნი 93:18, 19).
ზოგჯერ ჩვენი შეცდომების გამო იეჰოვასთან მიახლოების უღირსად ვთვლით თავს. მაგრამ, რას იზამდი, თუ შენი ახლო მეგობარი შენთან რაღაცაში შეცდებოდა, ხოლო შემდეგ პატიებას გთხოვდა? ნუთუ არ ანუგეშებდი და არ დაამშვიდებდი მას? მაშ, რატომ უნდა მოელოდე რამე ნაკლებს იეჰოვასგან? ის დიდსულოვნად პატიებს თავის მეგობრებს ადამიანური არასრულყოფილებიდან გამომდინარე ცოდვებს (ფსალმუნი 85:5; 102:3, 8–11). რადგან ეს ვიცით, არასდროს უნდა დავიხიოთ უკან, თავისუფლად ვაღიაროთ მის წინაშე შეცდომები; ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მის სიყვარულსა და გულმოწყალეობას (ფსალმუნი 50:19). თუ ჩვენი შეცოდებების გამო გულდამძიმებულები ვართ, შეგვიძლია ნუგეში ვპოვოთ 1-ლი იოანეს 3:19, 20-ში მოცემულ სიტყვებში: „ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიწყნარებთ გულს. ვინაიდან, თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის“.
იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობით რომ დავტკბეთ, აუცილებელი არ არის მაინცდამაინც გვიჭირდეს. იეჰოვა დაინტერესებულია ყველაფრით, რაც ჩვენს სულიერ და ემოციურ კეთილდღეობას ეხება. დიახ, არასდროს არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი გრძნობები, ფიქრები და საზრუნავები იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ ღირს მათი ლოცვაში მოხსენიება (ფილიპელთა 4:6). ნუთუ ახლო მეგობართან შენი ცხოვრების მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობ? არ უზიარებ მას შედარებით მცირე საზრუნავებსაც? მსგავსად ამისა, შეგიძლია თავისუფლად ესაუბრო იეჰოვას შენი ცხოვრების ნებისმიერი სფეროს შესახებ და იცოდე, რომ ‘ის ზრუნავს შენზე’ (1 პეტრე 5:7).
რასაკვირველია, მეგობრობა დიდხანს არ გაგრძელდება, თუ შენ ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზე ისაუბრებ. მსგავსად ამისა, ჩვენი ლოცვებიც მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული. ჩვენც უნდა გამოვავლინოთ იეჰოვასა და მისი ინტერესებისადმი სიყვარული და მზრუნველობა (მათე 6:9, 10). ლოცვა მხოლოდ იმის შესაძლებლობა როდია, რომ ღვთისგან დახმარება ვითხოვოთ, არამედ მისი საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა დიდი მადლობა გადავუხადოთ ღმერთს და განვადიდოთ ის (ფსალმუნი 33:2; 94:2). ამ საკითხში პირადი შესწავლის საშუალებით ‘შემეცნების მიღება’ დაგვეხმარება, რადგან ამის საშუალებით უკეთესად გავეცნობით იეჰოვასა და მის გზებს (იოანე 17:3, აქ). შეიძლება შენთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს ფსალმუნების წიგნის კითხვა და იმის გათვალისწინება, თუ როგორ გამოხატავდნენ საკუთარ გრძნობებს იეჰოვას წინაშე სხვა ერთგული მსახურები.
იეჰოვასთან მეგობრობა, რა თქმა უნდა, ძვირფასი ძღვენია. მოდი ლოცვებში უფრო თბილი, გულწრფელი და პირადი გრძნობების გამოვლენით ვაჩვენოთ, რომ ამისთვის მადლიერები ვართ. შედეგად დავტკბებით იმ ბედნიერებით, რომელიც ფსალმუნმომღერალმა შემდეგ სიტყვებში გამოხატა: „ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ“ (ფსალმუნი 64:5).
[სურათები 28 გვერდზე]
დღის განმავლობაში ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შესაძლებლობა მოგვეცემა, შეგვიძლია ვილოცოთ ღვთის მიმართ.