გული მადლიერებით მევსება
მოგვითხრო ჯონ ვინმა
რამდენჯერ მითქვამს უარი იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე წასვლაზე! ხან კუჭის ტკივილს მოვიმიზეზებდი, ხან — თავის, ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ კრებაზე არ წავსულიყავი. მაგრამ დედაჩემის სიმტკიცე ყოველთვის სწრაფად აქარწყლებდა მსგავს ტკივილებს და, ჩვეულებრივ, მასთან ერთად სამეფო დარბაზისკენ 3 კილომეტრს გავდიოდი, გზაში კი ვუსმენდი, თუ როგორ ესაუბრებოდა დედა ღვთის სიტყვის შესახებ უფროს თანამგზავრს.
ამან ძვირფასი რამ მასწავლა: იმაში, რაც ღვთის თვალში სწორია, მშობლები ყოველთვის მტკიცენი უნდა იყვნენ და ეს სიყვარულით აკეთონ (იგავნი 29:15, 17). მათ არასოდეს უნდა დაავიწყდეთ ღვთიური მითითება: „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრაელთა 10:25). როცა ჩემი ცხოვრების განვლილ გზას ვიხსენებ, დიდად მადლიერი ვარ, რომ დედაჩემი ჩემთვის საუკეთესოს მაკეთებინებდა.
მადლიერი ვარ შესანიშნავი მაგალითებისთვის
თუმცა მამაჩემი ურწმუნო იყო, ის არ უშლიდა დედაჩემს ბიბლიის მკვლევარი (როგორც მაშინ იყვნენ ცნობილი იეჰოვას მოწმეები) ყოფილიყო. 1913 წელს ის წავიდა მოხსენების მოსასმენად სათაურით: „საფლავს მიღმა“, რომელიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველმა პრეზიდენტმა ჩარლზ ტ. რასელმა წარმოთქვა. მაგრამ მას დააგვიანდა და ყველა ადგილი დაკავებული აღმოჩნდა. ამიტომ სხვა დაგვიანებულებთან ერთად დედა სცენის გვერდით, მოძღვარ რასელთან ახლოს, მიიწვიეს დასაჯდომად. მოხსენებამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მეორე დღეს ეს მოხსენება ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა; მან შეინახა გაზეთის ერთი ეგზემპლარი და ხშირ-ხშირად კითხულობდა.
შეხვედრის შემდეგ დედამ იქ პატარა ქაღალდზე დაწერილი თავისი სახელი და მისამართი დატოვა, რის შედეგადაც მალე ბიბლიის მკვლევარს დაუკავშირდა. გარკვეული დროის შემდეგ დედამ ჩვენს მშობლიურ ქალაქ გლოსტერში (ინგლისი) კარდაკარ ბიბლიური ტრაქტატების გავრცელება დაიწყო. პატარაობიდანვე მე და ჩემი ორი და დედასთან ერთად ვღებულობდით მონაწილეობას სამქადაგებლო მსახურებაში.
ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარის, ჰარი ფრანსისის, გლოსტერში საცხოვრებლად გადმოსვლას დედა სიხარულით შეხვდა. მალე მან ჩემს მიმართ პირადი ინტერესი გამოავლინა და მისმა გამხნევებამ მოგვიანებით პიონერული მსახურების (როგორც სრული დროით მსახურებას უწოდებენ) დაწყებაში დიდად შემიწყო ხელი. ძმა ფრანსისის მაგალითმა მასწავლა მნიშვნელოვანი რამ: უფროსები ყოველთვის უნდა ეძებდნენ ახალგაზრდების გამხნევების საშუალებებს.
როცა დედაჩემი ბიბლიის მკვლევარი გახდა, სხვა გლოსტერელებიც შეუერთდნენ მას. მაგრამ კრებაში ზოგ უხუცესს დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე და კლასის — ასე ეწოდებოდა მაშინ კრებას — წევრებმა პიროვნებების მიმდევრობა დაიწყეს. ერთხელ შეხვედრაზე დედას კრების ზოგიერთი წევრი მუჯლუგუნის კვრით აქეზებდა, რომ გარკვეული უხუცესებისთვის ხელის აწევით მიეცა ხმა. მაგრამ დედამ იცოდა, რომ ეს უხუცესები ჯეროვან მაგალითს არ იძლეოდნენ, ამიტომ არ შეშინებია და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. იმ დროისთვის, XX საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, მრავალმა მიატოვა კრება და ჭეშმარიტების გზით სიარული (2 პეტრე 2:2). მაგრამ დედას არასოდეს გადაუხვევია ორგანიზაციისთვის ერთგულებით მხარდაჭერის გზიდან და ამით შესანიშნავი მაგალითი დამიტოვა.
როგორ ვუჭერდი მხარს ჭეშმარიტებას
გარკვეული დროის შემდეგ, 1939 წლის ივნისში, 18 წლის ასაკში მდინარე სევერნში მოვინათლე. იმ წელს რუპორიან აპარატებზე მომსახურედ დამნიშნეს. მაშინ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გრამოფონებით გადავცემდით ცნობას „რელიგია მახე და თაღლითობაა“. იმ დროს მთელი ყურადღება ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობასა და ცრუმოძღვრების მხილებაზე იყო გადატანილი.
ერთხელ წინ მივუძღოდი ხალხის ჯგუფს, რომელსაც მიჰქონდა ტრანსპარანტი, რომლის ერთ მხარეს ეწერა: „რელიგია მახე და თაღლითობაა“, ხოლო მეორე მხარეს — „ემსახურე ღმერთსა და მეფე ქრისტეს“. იქვე მოგვყვებოდა პონი, რომლის ზურგზეც გადაფენილი საჯარო ლექციის რეკლამა ორივე გვერდზე ეშვებოდა. რამხელა სანახაობა უნდა ყოფილიყო ეს ძალიან რელიგიური ქალაქისთვის, გლოსტერისთვის!
ოჯახში ფინანსური პრობლემების მიუხედავად დედა პიონერული მსახურებისკენ მიბიძგებდა. ამგვარად, 1939 წლის სექტემბერში, II მსოფლიო ომის დასაწყისში, ჩემი პირველი პიონერული დანიშნულების ადგილზე ლემინგტონში, უორიქშირის პატარა ქალაქში, ჩავედი. ქალაქში რამდენიმე ყოფილი მღვდელი ცხოვრობდა.
კარდაკარ ქადაგებისას ვიყენებდით მსუბუქ ფონოგრაფს და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტის ჯოზეფ ფ. რუტერფორდის ლექციებს ვუკრავდით. მეორე მხრივ, გრამოფონი (რომელსაც უფრო ფართო აუდიტორიისთვის ვიყენებდით) უფრო მძიმე იყო და მას საბავშვო ეტლით დავატარებდით. ზოგჯერ ცრუ რელიგიის მამხილებელი ცნობით განრისხებული მღვდლები თავიანთი სახლებიდან გვყრიდნენ. მაგრამ გულს არ ვიტეხდით. იეჰოვამ აკურთხა ჩვენი საქმიანობა და დღეს ლემინგტონის კრებაში ასზე მეტი მოწმეა.
ათას ცხრაას ორმოცდაერთ წელს, როცა II მსოფლიო ომი მძვინვარებდა, უელსში გადავედი, სადაც ქალაქ ჰეივერფორდვესტში, კარმართენშირსა და რექსემში პიონერად ვმსახურობდი. როგორც სრული დროით მსახური, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ხალხი არ აფასებდა ჩვენს ნეიტრალურ პოზიციას. ამგვარად, მე და ჩემს ამხანაგს „მეხუთე კოლონის“ (ფაშისტური აგენტურის) ჯაშუშობაში გვადანაშაულებდნენ. ერთხელ, ღამით, პოლიციამ ჩვენს ტრეილერს ალყა შემოარტყა. ჩემმა ამხანაგმა, რომელიც ის-ის იყო სამუშაოდან დაბრუნდა, სადაც ის ნახშირს ხვეტდა, მოსულების დასანახად გარეთ გაყო თავი. სახე მურიანი ჰქონდა, რის გამოც პოლიციელებმა ის თავდასხმისთვის გამზადებულ კომანდოდ მიიჩნიეს. საჭირო გახდა ახსნა-განმარტება.
დანიშნულების ადგილზე დიდი კურთხევები მივიღეთ. ერთხელ, როცა კარმართენშირში ვიყავი, თავისი სტუმრობით გაგვამხნევა ლონდონის ფილიალიდან ჩამოსულმა ძმამ ჯონ ბარმა (ამჟამად ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა). იმ დროისთვის მხოლოდ ორი მაუწყებელი იყო კარმართენშირში, დღეს კი იქ ასზე მეტი მაუწყებელია. დღეს რექსემში სამი კრებაა, ხოლო ახლახან წილად მხვდა ბედნიერება, დავსწრებოდი ჰეივერფორდვესტში შესანიშნავი სამეფო დარბაზის მიძღვნას (1 კორინთელთა 3:6).
მადლიერი ვარ ჩემი მსახურებისთვის
სუონზში, სამხრეთ უელსში, ყოფნისას ჩემი ამხანაგი დონ რენდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან არ იყო თავისუფალი. ამიტომ განმარტების მიუხედავად, რომ სინდისი არ გაუშვებს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი თანაქრისტიანების წინააღმდეგ საომრად, ის დააპატიმრეს (ესაია 2:2–4; იოანე 13:34, 35). მისი გამხნევებისა და აგრეთვე ირგვლივ მყოფი ხალხისთვის დამოწმების მიზნით გრამოფონი ციხესთან მივიტანე და ბიბლიური ლექცია ჩავრთე.
მაგრამ მახლობლად მცხოვრებ ქალებს არ მოეწონათ ეს; მათ ჩამოატარეს ქუდი და ფული მოაგროვეს, რათა ჯარისკაცებისთვის ჩემი და ჩემი თანმხლების ცემის საფასურად მიეცათ. რაც შეიძლებოდა სწრაფად მოვკურცხლეთ იქიდან, ხოლო მე ენერგიულად მივაგორებდი საბავშვო ეტლსაც, რომელშიც გრამოფონი იდო და თავის შეფარებას სამეფო დარბაზში ვაპირებდით. სამწუხაროდ, კარები ჩაკეტილი დაგვხვდა! სასტიკი ცემისგან მხოლოდ პოლიციელთა დროულად ჩარევამ გვიხსნა.
ეს ამბავი, როგორც ჩანს, სწრაფად გახმაურდა. გარკვეული დროის შემდეგ სუონზის მახლობლად მდებარე სოფელში ქადაგებისას ერთმა კაცმა მოწონებით მითხრა: „ქრისტიანობას თქვენ იცავთ იმ ახალგაზრდა სუონზელი მამაკაცის მსგავსად, რომელიც გაბედულად ქადაგებდა თავისი მრწამსის შესახებ და, რომელსაც, თავდაცვის მიზნით, გაქცევა მოუწია“. რამდენად დიდი იყო მისი გაოცება, როცა გაიგო, რომ ის ახალგაზრდა მამაკაცი მე ვიყავი!
ომის წლებში პიონერობა ადვილი არ იყო. მატერიალური კეთილდღეობის მხრივ ბევრი რამ გვაკლდა, მაგრამ, რაც გვქონდა, იმაზეც მადლობლები ვიყავით და ვხარობდით. რეგულარულად ვღებულობდით სულიერ საზრდოს და ავადმყოფობის მიზეზის გარდა არასოდეს ვაცდენდით შეხვედრებს. მე ვიყიდე ძველი ველოსიპედი და დავატარებდით დიდ კალათებს, რომლებშიც ფონოგრაფი და ბიბლიური ლიტერატურა გვეწყო. ზოგჯერ ველოსიპედით დღეში 80 კილომეტრს გავდიოდი. პიონერად დაახლოებით შვიდი წელი ვიმსახურე და დიდი სიამოვნებით ვიხსენებ იმ დღეებს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1946 წელს, ბეთელში (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეთა მმართველობით ცენტრებს სხვადასხვა ქვეყნებში) მიმიწვიეს. ჩვენი ბეთელი მაშინ კრეივენ ტერასას 34-ში „ლონდონ ტაბერნეიკლის“ მახლობლად მდებარეობდა. აქ ურთიერთობა მქონდა უფროს ადამიანებთან, ისეთებთან როგორიც იყო, მაგალითად, ალისა ჰარტი, რომლის მამაც, როგორც ამბობენ, პირველი მოწმე იყო ინგლისში.
ერთგული ცხოვრების თანამგზავრის პოვნა
ათას ცხრაას ორმოცდათექვსმეტ წელს დავტოვე ბეთელი ეტისთან, პიონერ დასთან, დაქორწინების მიზნით, რომელიც ჰოლანდიიდან ლონდონში მცხოვრები დის მოსანახულებლად ჩამოსვლისას გავიცანი. ომის დამთავრების პერიოდში ეტი სამხრეთ ჰოლანდიაში ქალაქ ტილბურგის კომერციულ კოლეჯში ბეჭდვასა და სტენოგრაფიას ასწავლიდა. ერთხელ ერთ-ერთმა მასწავლებელმა ეტის ველოსიპედით გაცილება შესთავაზა, რათა დარწმუნებულიყო, რომ შინ მშვიდობით მივიდა. ის კათოლიკე იყო. როცა სახლში მივიდნენ საუბარი გაიმართა ეტის პროტესტანტ მშობლებთან. ისინი ნელ-ნელა დამეგობრდნენ და მასწავლებელი მათი სახლის ხშირი სტუმარი გახდა.
ომის დამთავრებიდან მალე ეს მასწავლებელი ეტის სახლში ხმაურით შეიჭრა:
— ჭეშმარიტება ვიპოვე! — წამოიძახა მან.
— როგორც მახსოვს, შენ თქვი, რომ კათოლიციზმში უკვე იპოვე ჭეშმარიტება, — უპასუხა ეტის მამამ.
— არა! — აღელვებით წარმოთქვა მან. — იეჰოვას მოწმეებს აქვთ ჭეშმარიტება!
ის საღამო და მომდევნო სხვა მრავალიც ინტენსიურ ბიბლიურ საუბრებში გავიდა. ამის შემდეგ მალე ეტი პიონერი გახდა. მსახურებისას ისიც სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა, რომელიც ჰოლანდიაში რომის კათოლიკური ეკლესიის მხრიდან წამოვიდა. მღვდლებისგან შეგულიანებული ბავშვები ეტის კარდაკარ მსახურებისას ხელს უშლიდნენ. ხოლო ერთხელ მას ველოსიპედიც კი დაუმტვრიეს. მან ველოსიპედი ერთ შემკეთებელს მიუტანა, რომელმაც ადრე მისგან ტრაქტატი აიღო.
— შეხედე, რა ქნეს ბავშვებმა, — უთხრა მან ცრემლნარევი ხმით.
— გული არ გაიტეხო, — თბილად უპასუხა მამაკაცმა, — შენ შესანიშნავ საქმეს ასრულებ. მე უფასოდ შეგიკეთებ ველოსიპედს. ის ასეც მოიქცა.
ეტი ხედავდა, რომ სანამ ის ადამიანებთან ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა, მღვდლებს ნაკლებად აინტერესებდათ თავიანთი მრევლი. შემდეგ კი მღვდლები და მონაზვნები ძირს უთხრიდნენ ხალხის რწმენას როგორც ბიბლიის, ისე იეჰოვას მიმართ. მიუხედავად ამისა, მას ბიბლიის მრავალი ნაყოფიერი შესწავლა ჰქონდა.
მადლიერი ვარ ჩვენი ერთად ცხოვრებისთვის
დაქორწინების შემდეგ მე და ეტის ინგლისში მიმოსვლითი მსახურება დაგვევალა და ხუთიოდე წლის განმავლობაში ჩვენი მონახულებებით სულიერად განვამტკიცებდით კრებებს. შემდეგ მივიღე მიწვევა, დავსწრებოდი სკოლა გალაადის 36-ე კლასს, რომელიც იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში ბრუკლინში (ნიუ-იორკი) ტარდებოდა. ათთვიანი კურსი, რომელიც 1961 წლის ნოემბერში დავასრულე, ძირითადად გამიზნული იყო იეჰოვას მოწმეთა ფილიალებში ხელმძღვანელობის გასაწევად მამაკაცების მოსამზადებლად. ჩემი არყოფნის განმავლობაში ეტი ლონდონის (ინგლისი) ბეთელში მსახურობდა. როცა სწავლის კურსი დავასრულე, ორივე იქ დაგვნიშნეს სამსახურებლად.
მომდევნო 16 წლის განმავლობაში სამსახურებრივ განყოფილებაში ვმსახურობდი და კრებების მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საქმეებს ვხელმძღვანელობდი. შემდეგ, 1978 წელს, ბეთელის ზედამხედველის პრაის ჰიუზის გარდაცვალების შემდეგ, მის ადგილზე დამნიშნეს. მრავალი წლის მსახურების განმავლობაში ბეთელის მზარდი ოჯახის წევრების (ამჟამად ბეთელში 260-ზე მეტი წევრია) კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა ჯილდოს მომტანი დანიშნულებაა.
ათას ცხრაას სამოცდათერთმეტ წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩემი ძვირფასი დედა. მე და ეტი დაკრძალვაზე გლოსტერში ჩავედით, სადაც ძმებმა შესანიშნავად აღწერეს ზეციერი იმედი, რომელიც დედას ჰქონდა (ფილიპელთა 3:14). დიდი მადლობელი ვარ ჩემი დების, დორისა და გრეისის, რომლებიც სიყვარულით ზრუნავდნენ მოხუცებულ დედაზე და ამგვარად მე და ეტის შესაძლებლობა მოგვცეს გაგვეგრძელებინა სრული დროით მსახურება.
მე და ეტი ხშირად ვფიქრობთ მშობლებზე და იმ სიყვარულსა და სიმტკიცეზე, რომლითაც ისინი ჩვენი აღზრდის დროს ხელმძღვანელობდნენ. ჩვენ უსაზღვროდ დავალებულები ვართ მათგან! განსაკუთრებით დედაჩემმა დაგვიტოვა მე და ჩემს დებს შესანიშნავი მაგალითი; განავითარა ჩვენში იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი მადლიერება.
მართლაც, გული მადლიერებით გვევსება, ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვასადმი, მსახურებაში კიდევ ერთი ახალი დღის მოლოდინში. რა შესანიშნავი, მოსიყვარულე ღმერთია ის! ფსალმუნმომღერალმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა ჩვენი გრძნობები: „აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმუნი 144:1, 2).
[სურათი 26 გვერდზე]
მე და ჩემი მეუღლე ეტი.