როგორ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები?
რამდენიმე წლის განმავლობაში მახლობლად მდებარე სკოლაში სიარულის შემდეგ ვერნერმაa სწავლა სან-პაულუს (ბრაზილია) სასწავლებელში განაგრძო, სადაც დაახლოებით 3 000 ახალგაზრდა სწავლობდა. თავიდან მან შენიშნა, რომ იქაური მოსწავლეები ნარკოტიკებს ყიდდნენ და იყენებდნენ. რადგან ტანდაბალი იყო, მალე ის უფროსი მოსწავლეების მხრიდან დამცირებისა და სახიფათო გამასხარავების მსხვერპლი გახდა.
ვერნერის დას, ევასაც, ჰქონდა გარკვეული სირთულეები. რადგან სურდა, თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაეკეთებინა, ის ისე ინტენსიურად მეცადინეობდა, რომ გამოიფიტა და აზროვნება დაერღვა. ვერნერსა და ევას, ისევე როგორც ყველა მოზარდს, ფიზიკური და ემოციური დაცვა სჭირდებოდათ. რა დახმარება სჭირდებათ თქვენს შვილებს? როგორ შეგიძლიათ მოამზადოთ ისინი ცხოვრებისთვის? მოკლედ რომ ვთქვათ, როგორ მომავალს ისურვებდით შვილებისთვის?
მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა საკმარისი არ არის
ერთი წუთით დაფიქრდით იმ სირთულეებზე, რომლებსაც დღეს მშობლები შვილების დაცვისას აწყდებიან. ოჯახური ცხოვრების გაუარესებისა და სიღარიბის გამო მრავალ ქვეყანაში იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, იზრდება. მშობლები შვილებზე არ ზრუნავენ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი ექსპლუატაციის ობიექტები ხდებიან. მრავალ ახალგაზრდას ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებაც ღუპავს. მაგალითად, როდესაც ბრაზილიაში ვინმე ნარკომანი ხდება, მის ოჯახში სიმშვიდე ფეხს ვეღარ იკიდებს. ემოციური დაძაბულობის გარდა მშობლებს მძიმე შრომაც უწევთ, რათა ჰქონდეთ ფული, როდესაც ულმობელი ნარკოტიკებით მოვაჭრე მოადგება მათ კარს და ნარკოტიკების საფასურის გადახდას მოითხოვს.
მაგრამ ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, მრავალი მშობელი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა შვილები უზრუნველყოს არა მარტო საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით, არამედ დაიცვას ისინი ძალადობისგან, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისა და სხვა პრობლემებისგან. ეს კეთილშობილური მიზნებია, მაგრამ საკმარისია? რა შეიძლება ითქვას ემოციურ სფეროზე ზრუნვასა და სულიერი ზიანისგან დაცვაზე? მრავალს ესმის, რომ კარგი მშობელი ის არის, ვინც ზრუნავს ამ სირთულეებზე, რომლებშიც შვილის მიერ მეგობრებისა და გართობის არჩევაც შედის. მაგრამ როგორ შეძლებენ მშობლები, რომ არც ზედმეტად გაუწიონ კონტროლი ყველაფერში შვილებს და არც ძალიან ნებაზე მიუშვან? ამ კითხვებზე პასუხის პოვნის მიზნით, გიწვევთ მომდევნო სტატიის განსახილველად.
[სქოლიოები]
a სტატიაში გამოყენებული სახელები შეცვლილია.