იერუსალიმი — ‘დიდი მეფის ქალაქი’
„არ დაიფიცოთ. . . იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი“ (მათე 5:34, 35).
1, 2. რამ შეიძლება ჩააგდოს ზოგი საგონებელში იერუსალიმთან დაკავშირებით?
იერუსალიმი — ეს სახელი სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებში ძლიერ გრძნობებს აღძრავს. ფაქტობრივად, ეს ძველი ქალაქი ყოველი ჩვენგანის ყურადღებას იპყრობს, რადგან ახალ ამბებში ის ხშირად მოიხსენიება. მაგრამ, სამწუხაროდ, მრავალი ცნობა ცხადყოფს, რომ იერუსალიმში ყოველთვის მშვიდობა არ სუფევს.
2 ამან ბიბლიის ზოგი მკითხველი შეიძლება საგონებელში ჩააგდოს. წარსულში იერუსალიმს შემოკლებული სახელი, სალიმი ერქვა, რაც ‘მშვიდობას’ ნიშნავს (დაბადება 14:18; ფსალმუნი 75:3; ებრაელთა 7:1, 2). ამიტომ, შეიძლება გაინტერესებდეთ: „რატომ არ არის მშვიდობა ამ სახელის მატარებელ ქალაქში უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე?“
3. სად შეგვიძლია იერუსალიმის შესახებ საიმედო ინფორმაციის პოვნა?
3 ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საჭიროა, გადავინაცვლოთ შორს, მის წარსულში და გავეცნოთ ძველ იერუსალიმს. მაგრამ ზოგი შეიძლება ფიქრობდეს: „სად გვაქვს დრო ისტორიის სასწავლად“. მაგრამ იერუსალიმის ისტორიის ზუსტი ცოდნა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. ამის მიზეზს ბიბლია შემდეგი სიტყვებით გვიხსნის: „ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). იერუსალიმის შესახებ ბიბლიური ცნობა გვანუგეშებს და იმედს ჩაგვისახავს, რომ მშვიდობა იქნება არა მარტო იმ ქალაქში, არამედ მთელ დედამიწაზე.
„საუფლო ტახტის“ ადგილი
4, 5. როგორ შეუწყო ხელი დავითმა იმ ფაქტს, რომ იერუსალიმს ძირითადი როლი შეესრულებინა ღვთის განზრახვაში?
4 ძვ. წ. XI საუკუნეში იერუსალიმი მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც მშვიდად და უსაფრთხოდ მცხოვრები ერის დედაქალაქი. იეჰოვა ღმერთმა იმ ძველი ერის, ისრაელის, მეფედ ახალგაზრდა დავითი სცხო. იერუსალიმში მმართველად დაჯდომით დავითმა და მისმა სამეფო შთამომავლობამ ‘უფლის სამეფოს ტახტი’ ანუ ‘საუფლო ტახტი’ დაიკავა (პირველი ნეშტთა 28:5; 29:23).
5 ღვთისმოშიშმა დავითმა — იუდას ტომელმა ებრაელმა — იერუსალიმი კერპთაყვანისმცემელი იებუსეველებისგან გაათავისუფლა. იმ დროს ქალაქში მხოლოდ მთას ეწოდებოდა სიონი, მაგრამ ამ მთის სახელი მოგვიანებით თვით იერუსალიმის სინონიმი გახდა. გარკვეული დროის შემდეგ დავითმა ღვთის მოწმობის კიდობანი ისრაელებს იერუსალიმში ჩაატანინა და კარავში დაასვენა. წლების წინ ამ წმინდა კიდობნის თავზე ღრუბლიდან ელაპარაკა ღმერთი წინასწარმეტყველ მოსეს (გამოსვლა 25:1, 21, 22; ლევიანნი 16:2; პირველი ნეშტთა 15:1–3). კიდობანი ღვთის თანდასწრებას ასიმბოლოებდა, რადგან სინამდვილეში იეჰოვა იყო ისრაელის მეფე. ამიტომ თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ იეჰოვა ღმერთი იყო იერუსალიმის მმართველი.
6. რა აღთქმა დადო იეჰოვამ დავითსა და იერუსალიმთან დაკავშირებით?
6 იეჰოვამ დავითს აღუთქვა, რომ მისი სამეფო ხაზის მმართველობა, რომელიც სიონით ანუ იერუსალიმით იყო წარმოდგენილი, არასოდეს დასრულდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ დავითის შთამომავალი, ღვთის ცხებული, — მესია ანუ ქრისტეa, — დაიმკვიდრებდა მარადიული მმართველობის უფლებას (ფსალმუნი 131:11–14; ლუკა 1:31–33). ბიბლია იმასაც გვიმხელს, რომ ‘საუფლო ტახტის’ მარადიული მემკვიდრე მხოლოდ იერუსალიმზე კი არ იმმართველებდა, არამედ ყველა ერზე (ფსალმუნი 2:6–8; დანიელი 7:13, 14).
7. როგორ წაწია წინ დავითმა წმინდა თაყვანისმცემლობა?
7 ცხებული მეფე დავითის ჩამოგდების მცდელობები კრახით დასრულდა. მტრულად განწყობილი ერები ძლეულ იქნენ და, ღვთის ნებით, აღთქმული ქვეყნის საზღვრები ძალიან გაფართოვდა. დავითმა თავისი მდგომარეობა წმინდა თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად გამოიყენა. მისი მრავალი ფსალმუნი ხოტბას ასხამს იეჰოვას, როგორც სიონის ნამდვილ მეფეს (მეორე მეფეთა 8:1–15; ფსალმუნი 9:2, 12; 23:1, 3, 7–10; 64:2, 3; 67:2, 25, 30; 109:1, 2; 121:1–4).
8, 9. როგორ გაფართოვდა იერუსალიმში წმინდა თაყვანისმცემლობა მეფე სოლომონის მმართველობის დროს?
8 დავითის ძის, სოლომონის, მეფობის დროს იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა უფრო გაფართოვდა. სოლომონმა იერუსალიმის ჩრდილოეთ საზღვარი განავრცო და მასში მორიას მთაც შევიდა (დღევანდელი კუბათ ალ-ზახრის ტერიტორია). მას წილად ხვდა პატივი, რომ ამ ამაღლებულ ადგილზე იეჰოვას განსადიდებლად დიდებული ტაძარი აეშენებინა. აღთქმის კიდობანი ტაძრის წმიდათა წმიდაში მოათავსეს (მესამე მეფეთა 6:1–38).
9 სანამ ისრაელები მთელი გულით უჭერდნენ მხარს იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობას, რომლის ცენტრიც იერუსალიმი იყო, მათ ქვეყანაში მშვიდობა სუფევდა. ამ მდგომარეობას შესანიშნავად აღწერს საღვთო წერილი: „ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი. . . ზავი ჰქონდა [სოლომონს] ყველა ქვეყნებთან ირგვლივ. უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავის ვენახის ძირას და თავისი ლეღვის ძირას“ (მესამე მეფეთა 4:20, 24, 25).
10, 11. როგორ ადასტურებს არქეოლოგიური გათხრები ბიბლიურ ცნობას სოლომონის მეფობის დროს იერუსალიმის მდგომარეობის შესახებ?
10 არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა ცნობა, რომ სოლომონის დროს მისი სამეფო ყვაოდა. თავის წიგნში პროფესორი იოჰანან აჰარონი აღნიშნავს: „სიმდიდრემ, რომელიც მეფის კარზე ყოველი მხრიდან მოედინებოდა და ვაჭრობის აყვავებამ. . . ქვეყნის ეკონომიკის ყოველმხრივი სწრაფი და მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოახდინა. . . ცვლილებები ეკონომიკის დარგში. . . შეინიშნება არა მარტო ფუფუნების საგნებში, არამედ განსაკუთრებით კერამიკულ ნაკეთობებში. . . მეთუნეობა და თიხის გამოწვის ხარისხი საოცრად გაუმჯობესდა“ (The Archaeology of the Land of Israel).
11 მსგავსი აზრი გამოთქვა ჯერი მ. ლენდიმ: „სოლომონის მეფობისას ისრაელებმა სამი ათწლეულის განმავლობაში ეკონომიურად უფრო მეტად წაიწიეს წინ, ვიდრე წინა ორასი წლის განმავლობაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოვაჩინეთ სოლომონის დროინდელი საოცარი კონსტრუქციის მქონე ნაგებობების, მასიურ კედლებიანი დიდი ქალაქების ნაშთები, სოკოებივით მომრავლებული უბნები კარგად ნაგები მდიდართა საცხოვრებელი სახლებით, თიხის ნაკეთობები, რომლებიც მეთუნეობის ტექნიკისა და წარმოების პროცესების მკვეთრ გაუმჯობესებაზე მიუთითებს. აღმოჩენილია ისეთი ნივთებიც, რომლებიც ამ ტერიტორიიდან საკმაოდ მოშორებით იყო დამზადებული, რაც საერთაშორისო ვაჭრობის აყვავების მაჩვენებელია“ (The House of David).
მშვიდობიდან აოხრებამდე
12, 13. როგორ დაიკარგა წმინდა თაყვანისმცემლობა იერუსალიმში?
12 ისრაელები ხშირად ლოცულობდნენ იერუსალიმისთვის, ქალაქისთვის, სადაც იეჰოვას საწმიდარი იმყოფებოდა. დავითი წერდა: „ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისთვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი. იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში. ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ!“ (ფსალმუნი 121:6–8). მიუხედავად იმისა, რომ ამ მშვიდობიან ქალაქში სოლომონმა ააგო დიდებული ტაძარი, ბოლოს მან მრავალი წარმართი ცოლი მოიყვანა. როცა ხანში შევიდა, ცოლებმა შეაცდინეს და იმდროინდელი ცრუ ღმერთებისადმი თაყვანისცემა დააწყებინეს. ამ განდგომილებამ მთელ ერზე გამხრწნელი გავლენა იქონია და ქალაქსა და მის მკვიდრთ ნამდვილი მშვიდობა დააკარგვინა (მესამე მეფეთა 11:1–8; 14:21–24).
13 სოლომონის ძეს, რობოამს, მეფობის დასაწყისში ათი შტო აუჯანყდა და ისრაელის ჩრდილოეთ სამეფო ჩამოყალიბდა. ვინაიდან ეს სამეფო კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა, ღმერთმა დაუშვა, რომ ის ასურელებს დაეპყროთ (მესამე მეფეთა 12:16–30). იუდას ორტომიანი სამხრეთის სამეფოსთვის იერუსალიმი კვლავ ცენტრი იყო. მაგრამ, დროთა განმავლობაში მათაც გადაუხვიეს წმინდა თაყვანისმცემლობიდან. ამიტომაც ღმერთმა დაუშვა, რომ ძვ. წ. 607 წელს ეს ურჩი ქალაქი ბაბილონელებს გაენადგურებინათ. 70 წელი იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში იტანჯებოდნენ. შემდეგ, ღვთის გულმოწყალების წყალობით, მათ იერუსალიმში დაბრუნებისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის ნება დაერთოთ (მეორე ნეშტთა 36:15–21).
14, 15. როგორ აღდგა ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იერუსალიმი, მაგრამ რა ცვლილება მოხდა?
14 აოხრებიდან 70 წლის შემდეგ დანგრეული შენობები ეკალბარდებით იქნებოდა დაფარული. ერთ დროს კარიბჭეებითა და კოშკებით გამაგრებული იერუსალიმის კედელი დანგრეული იყო. მიუხედავად ამისა, იუდეველები გამბედაობას იჩენდნენ. მათ ძველი ტაძრის ადგილზე სამსხვერპლო ააშენეს და იეჰოვას ყოველდღიურად სწირავდნენ მსხვერპლს.
15 ეს იყო აღთქმულის დასაწყისი, მაგრამ აღდგენილი იერუსალიმი აღარასოდეს იქნებოდა იმ სამეფოს დედაქალაქი, სადაც მეფე დავითის შთამომავლები ისხდებოდნენ ტახტზე. ნაცვლად ამისა, იუდეველებს ბაბილონის დამპყრობლების მიერ დანიშნული მმართველი უნდა ჰყოლოდათ და ხარკი უნდა ეხადათ თავიანთი სპარსი ბატონებისთვის (ნეემია 9:34–37). მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმი „გათელილი“ იყო, ის მაინც ერთადერთი ქალაქი იყო მთელ დედამიწაზე, რომელიც ღმერთს განსაკუთრებით მოსწონდა (ლუკა 21:24). როგორც წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი, ის აგრეთვე გამოხატავდა ღვთის უფლებას, მეფე დავითის შთამომავლის მეშვეობით დედამიწაზე თავისი უზენაესობა გამოევლინა.
ცრუ რელიგიის მიმდევარ მეზობელთა წინააღმდეგობა
16. რატომ შეწყვიტეს ბაბილონიდან დაბრუნებულმა იუდეველებმა იერუსალიმის აღდგენა?
16 მალე იუდეველები ტყვეობიდან დაბრუნდნენ და იერუსალიმში ახალი ტაძრის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. მაგრამ მეზობლად მცხოვრებმა ცრუ რელიგიის მიმდევრებმა ცილისმწამებლური წერილი გაუგზავნეს სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს, რომ იუდეველები შეთქმულებას აწყობდნენ. შედეგად, არტაქსერქსემ შეაჩერა იერუსალიმის მშენებლობა. იმ დროს რომ გეცხოვრათ, ალბათ, თქვენც დაგაინტერესებდათ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. იუდეველებმა შეწყვიტეს ტაძრის მშენებლობა და პირადი ქონების დაგროვებას მიჰყვეს ხელი (პირველი ეზრა 4:11–24; ანგია 1:2–6).
17, 18. როგორ აღადგინა იეჰოვამ იერუსალიმი?
17 მათი დაბრუნებიდან დაახლოებით 17 წლის შემდეგ ღმერთმა ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველები გამოიყენა თავისი ხალხის აზროვნების გამოსასწორებლად. იუდეველებმა მოინანიეს და ტაძრის აღდგენას შეუდგნენ. ამ დროისთვის სპარსეთში დარიოსი მეფობდა. მან განაახლა კიროსის ბრძანება იერუსალიმის ტაძრის აღდგენის შესახებ. დარიოსმა იუდეველების მეზობლები წერილით გააფრთხილა, ‘დახსნოდნენ იერუსალიმს’ და განკარგულება გასცა, სამეფო ხაზინიდან მატერიალური მხარდაჭერა აღმოეჩინათ იუდეველთათვის, რათა მშენებლობის დასრულება შესძლებოდათ (პირველი ეზრა 6:1–13).
18 იუდეველებმა ტაძრის აშენება დაბრუნებიდან 22 წელში დაასრულეს. ნათელია, ეს შემთხვევა დიდი სიხარულით უნდა აღნიშნულიყო. მაგრამ იერუსალიმისა და მისი კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი. „ნეემია ოლქის მთავრის და ეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დროს“ ქალაქს სათანადო ყურადღება მიექცა (ნეემია 12:26, 27). როგორც ჩანს, ძვ. წ. V საუკუნეში იერუსალიმი მთლიანად აღადგინეს და ის ძველი მსოფლიოს უმნიშნელოვანეს ქალაქად იქცა.
მესიის გამოჩენა
19. როგორ აღიარებდა მესია იერუსალიმის განსაკუთრებულ მდგომარეობას?
19 ახლა კი გადავინაცვლოთ რამდენიმე საუკუნით წინ, იმ დროში, როდესაც საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენა მოხდა — დაიბადა იესო ქრისტე. იეჰოვა ღმერთის ანგელოზმა ქალწულ მარიამს, იესოს დედას, უთხრა: „მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. . . და მის მეფობას არ ექნება დასასრული“ (ლუკა 1:32, 33). წლების შემდეგ იესომ საყოველთაოდ ცნობილი მთაზე ქადაგება წარმოთქვა. მან ხალხი გაამხნევა და მრავალ საკითხთან დაკავშირებით რჩევები მისცა. მაგალითად, ის მსმენელებს მოუწოდებდა, შეესრულებინათ ღვთისთვის მიცემული აღთქმები და სერიოზულად მოჰკიდებოდნენ ფიცის დადებას. იესომ თქვა: „გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’ მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი; არც ქვეყანა, რადგან მის ფერხთა კვარცხლბეკია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი“ (მათე 5:33–35). აღსანიშნავია, რომ იესო აღიარებდა იერუსალიმის იმ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში ეჭირა. დიახ, ის იყო „დიდი მეფის“, იეჰოვა ღმერთის ‘ქალაქი’.
20, 21. რა სამწუხარო ცვლილება მოხდა მრავალი იერუსალიმელის აზროვნებაში?
20 დედამიწაზე სიცოცხლის დასრულების პერიოდისთვის იესომ იერუსალიმის მკვიდრთ საკუთარი თავი ცხებულ მეფედ წარუდგინა. ამ აღმაფრთოვანებელ მოვლენას მრავალი სიხარულის შეძახილებით გამოეხმაურა: „კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი! კურთხეულ არს ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო!“ (მარკოზი 11:1–10; იოანე 12:12–15).
21 მაგრამ ამ მოვლენების შემდეგ ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ იგივე ხალხი იერუსალიმის რელიგიური წინამძღოლების წაქეზებით იესოს წინააღმდეგ გამოვიდა. იესომ გააფრთხილა ისინი, რომ იერუსალიმი და მთელი ერი დაკარგავდა ღვთის წინაშე პრივილეგიურ მდგომარეობას (მათე 21:23, 33–45; 22:1–7). მაგალითად, იესომ განაცხადა: „იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“ (მათე 23:37, 38). ახ. წ. 33 წელს პასექის დროს მოწინააღმდეგეებმა იესო იერუსალიმის კედლებს გარეთ უსამართლოდ სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ იეჰოვამ აღადგინა თავისი ცხებული ძე და, როგორც უკვდავი სულიერი არსება, ზეციერ სიონში განადიდა. ამ ღონისძიებიდან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია სარგებლობა მიიღოს (საქმეები 2:32–36).
22. რა მნიშვნელობით იწერებოდა მრავალი რამ იერუსალიმის შესახებ იესოს სიკვდილის შემდეგ?
22 მას შემდეგ სიონის ანუ იერუსალიმის შესახებ ისეთი წინასწარმეტყველებების უმეტესობის გაგება გახდა შესაძლებელი, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული, მაგალითად ზეციერი ღონისძიებების ან იესოს ცხებული მიმდევრების შესახებ (ფსალმუნი 2:6–8; 109:1–4; ესაია 2:2–4; 65:17, 18; ზაქარია 12:3; 14:12, 16, 17). იესოს სიკვდილის შემდეგ ‘იერუსალიმზე’ ანუ ‘სიონზე’ მრავალი რამ გადატანითი მნიშვნელობით იწერებოდა და პირდაპირი გაგებით ქალაქს ან რომელიმე ადგილს არ ეხებოდა (გალატელთა 4:26; ებრაელთა 12:22; 1 პეტრე 2:6; გამოცხადება 3:12; 14:1; 21:2, 10). როგორც იესო ქრისტესა და დანიელის წინასწარმეტყველებებში იყო ნათქვამი, ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარებმა გაანადგურეს იერუსალიმი, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ის უკვე აღარ იყო ‘დიდი მეფის ქალაქი’ (დანიელი 9:26; ლუკა 19:41–44). არც ბიბლიაშია ჩაწერილი და არც იესოს უწინასწარმეტყველებია, რომ მიწიერი იერუსალიმი მოგვიანებით აღიდგენდა ღვთის წინაშე იმ განსაკუთრებულ კეთილგანწყობას, რომლითაც ერთ დროს სარგებლობდა (გალატელთა 4:25; ებრაელთა 13:14).
მარადიული მშვიდობის წინასახე
23. რატომ უნდა გვაინტერესებდეს დღესაც იერუსალიმი?
23 მიწიერი იერუსალიმის ადრინდელი ისტორიის მიმოხილვისას შეუძლებელია უარყო, რომ ქალაქი მეფე სოლომონის მშვიდობიანი მმართველობის დროს თავის სახელს — „ორმაგი მშვიდობის სამკვიდრო [ანუ საფუძველი]“ — ამართლებდა. მაგრამ ის მხოლოდ წინასახე იყო იმ მომავალი მშვიდობისა და კეთილდღეობისა, რომლითაც მალე დატკბებიან ღვთის მოყვარულები, რომლებიც სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე იცხოვრებენ.
24. რა შეგვიძლია ვისწავლოთ სოლომონის მეფობის დროს არსებული მდგომარეობიდან?
24 სამოცდამეთერთმეტე ფსალმუნი სოლომონის მეფობის დროს არსებულ მდგომარეობას ირეკლავს. მაგრამ ეს შესანიშნავი სიმღერა იმ კურთხევების წინასწარმეტყველური აღწერაა, რომლებსაც მესიის, იესო ქრისტეს, ზეციერი მმართველობა მოუტანს კაცობრიობას. ქრისტეს შესახებ ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. . . იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში. იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე“ (ფსალმუნი 71:7, 8, 12–14, 16).
25. რატომ უნდა გვქონდეს იერუსალიმის შესახებ უფრო მეტის გაგების სურვილი?
25 რა მანუგეშებელი და იმედის მომცემი სიტყვებია ეს ღვთის მოყვარულთათვის, რომლებიც იერუსალიმსა თუ დედამიწის სხვა ნებისმიერ კუთხეში ცხოვრობენ! თქვენც შეგიძლიათ მათ შორის იყოთ, რომლებიც ღვთის მესიანური სამეფოს ქვეშევრდომობით მთელ დედამიწაზე გამეფებული მშვიდობით დატკბებიან. იერუსალიმის წარსულის შესახებ ცოდნა დაგვეხმარება, გავიგოთ ღვთის განზრახვა კაცობრიობის მიმართ. მომდევნო სტატიებში ყურადღება გამახვილდება მოვლენებზე, რომლებიც ბაბილონის ტყვეობიდან იუდეველთა გათავისუფლებიდან მეშვიდე და მერვე ათწლეულებში მოხდა. ეს ანუგეშებს ყველას, ვისაც სწყურია იეჰოვა ღმერთისადმი, დიდი მეფისადმი, მისაღები სახით თაყვანისცემა.
[სქოლიოები]
a სიტყვა „მესია“ (შემოსულია ებრაულიდან) და „ქრისტე“ (ბერძნულიდან) ნიშნავს „ცხებულს“.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
◻ როგორ გახდა იერუსალიმი ‘საუფლო ტახტი’?
◻ რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოლომონმა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წაწევაში?
◻ საიდან ვიცით, რომ იერუსალიმი მხოლოდ დროებით იყო იეჰოვას თაყვანისმცემლობის ცენტრი?
◻ რატომ ვართ დაინტერესებული, უფრო მეტი გავიგოთ იერუსალიმის შესახებ?
[სურათი 10 გვერდზე]
დავითის ქალაქი მთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა, მაგრამ სოლომონმა ის ჩრდილოეთით განავრცო და ტაძარი ააშენა.
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
[საავტორო უფლება 8 გვერდზე]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.