როცა ყაჩაღები თავს გესხმიან
იკოიში, დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ მიუდგომელ დაბაში, მრავალბინიანი სახლები ციხე-სიმაგრეებად იქცა. მრავალს გარს არტყია მაღალი — სამმეტრიანი — კედლები წაწვეტებული თავებით, დაკბილული მინებით ან ხვეული ეკლიანი მავთულებით. მძიმე ჭიშკრებთან, რომლებიც აღჭურვილია ურდულებით, საკეტებით, ჯაჭვებითა და ბოქლომებით, მცველები დგანან. ფანჯრები გისოსებშია ჩასმული. რკინის კარები ყოფს საწოლ ოთახებს სხვა ოთახებისგან. ღამით ბუნაგებიდან დიდ ძაღლებს — გერმანულ ნაგაზებსა და როტვეილერებს — უშვებენ. ძლიერი შუქები ღამის წყვდიადს შლის და, როცა ყველაფერი რიგზეა, კომპიუტერული სამეთვალყურეო სისტემები მშვიდად გუგუნებს.
ყველას ესმის, რომ სახლების დაცვა აუცილებელია. გაზეთებში სტატიების სათაურები ირეკლავს ხალხის მოთქმას: „ყაჩაღები მოსახლეობას ძარცვავენ“, „ბავშვთა გამტაცებლები გამძვინვარდნენ“ და „პანიკა: [დასახლებაში] ქუჩის ბანდები შემოგვესივნენ“. ასეთი მდგომარეობა მრავალ ქვეყანაშია გაბატონებული. როგორც ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, ჩვენ ნამდვილად საზარელ ჟამს ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1).
მთელ მსოფლიოში იზრდება დამნაშავეობა, მათ შორის ყაჩაღობა. ხშირად მთავრობებს არ შეუძლიათ ან არ ეხალისებათ თავიანთი მოქალაქეების დაცვა. ზოგ ქვეყანაში პოლიცია, რომელსაც ყაჩაღები აჭარბებენ რიცხობრივად და იარაღით, სუსტადაა აღჭურვილი, რომ გამოძახებას გამოეხმაუროს. შემსწრეების უმრავლესობა თავს იკავებს დახმარების აღმოჩენისგან.
დამნაშავეობის მსხვერპლმა, რომელსაც არ შეუძლია დაენდოს არც პოლიციას და არც ხალხს, თვითონ უნდა დაიცვას თავი. განვითარებად ქვეყანაში მცხოვრებმა ქრისტიანმა უხუცესმა თქვა: „თუ განგაშს ატეხთ, ყაჩაღები დაგასახიჩრებენ ან მოგკლავენ. გარეშე დახმარების იმედი ნუ გექნებათ. თუ დაგეხმარებიან, კარგია, თუ არა და ნურც მოელით და ნურც მოუხმობთ, რადგან ამით უფრო მეტ პრობლემას დაიტეხთ თავზე“.
დაცვა და ღვთის სიტყვა
თუმცა ქრისტიანები წუთისოფლისანი არ არიან, ისინი ცხოვრობენ მასში (იოანე 17:11, 16). ასე რომ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის ისინიც სხვებივით იღებენ ზომებს გონივრულ ფარგლებში. მაგრამ იმათგან განსხვავებით, რომლებიც არ ემსახურებიან იეჰოვას, ღვთის ხალხი თავშესაფარს ქრისტიანულ პრინციპებში ეძებს.
ამის საპირისპიროდ, აფრიკის ზოგ ქვეყანაში გაძარცვისგან თავდაცვის მიზნით ადამიანები ჯადოქრობას მიმართავენ. ექიმბაში კლიენტს ჭრილს უკეთებს მაჯაზე, მკერდზე ან ზურგზე. ჭრილში ჯადოსნურ ნაყენს შეუზელს და წარმოთქვამს შელოცვას, რის შემდეგაც ჰგონიათ, რომ აღარ დაესხმებიან თავს ყაჩაღები. სხვები სახლებში ინახავენ თილისმებს ან მაგიურ ნაყენებს და სწამთ, რომ ასეთი „დაზღვევა“ ხელს შეუშლის ყაჩაღებს მათ გაძარცვაში.
მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს საერთო არაფერი აქვთ ჯადოქრობასთან. ბიბლია განსჯის სპირიტიზმის ყველა ფორმას და ეს სწორიც არის, რადგან ასეთ საქმეებს ადამიანები დემონებთან შეჰყავს კავშირში — იმათთან, რომლებიც ძალადობას აღვივებენ დედამიწაზე (დაბადება 6:2, 4, 11). ბიბლია გასაგებად ამბობს: „ნუ იჯადოქრებთ“ (ლევიანნი 19:26).
ზოგი იმ დონემდეა მისული, რომ თავდაცვის მიზნით იარაღს იძენს. მაგრამ ქრისტიანები სერიოზულად ეკიდებიან იესოს სიტყვებს: „ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52). ღვთის ხალხმა ‘მახვილები სახნისებად გამოჭედა, შუბისწვერები კი — ნამგლებად’; ისინი არ ყიდულობენ იარაღს ყაჩაღობისგან ან თავდასხმისგან თავდასაცავად (მიქა 4:3).
რა შეიძლება ითქვას შეიარაღებული მცველების დაქირავებაზე? თუმცა ეს პირადი გადაწყვეტილების საკითხია, უნდა გვახსოვდეს, რომ ამის გაკეთება ნიშნავს, სხვას დააჭერინო იარაღი. რას მოელის დამქირავებელი მცველებისგან, როცა ყაჩაღები ესხმიან თავს? ნუთუ არ ელის მათგან, რომ საჭიროების შემთხვევაში ესვრიან ქურდებს ოჯახისა და ქონების დაცვის მიზნით?
ქრისტიანების პოზიცია, რომელიც გამოიხატება ჯადოქრობისა და იარაღის, როგორც დამცავი საშუალებების, უარყოფაში, შეიძლება უგუნურებად ჩანდეს მათს თვალში, ვინც ღმერთს არ იცნობს. მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს: „უფლის მოიმედე. . . დაცული იქნება“ (იგავნი 29:25). იეჰოვა მთლიანობაში იცავს თავის ხალხს, თუმცა არ ერევა თითოეულ შემთხვევაში, რომ დაიფაროს თავისი მსახურები გაძარცვისგან. იობი უაღრესად ერთგული იყო, მაგრამ ღმერთმა დაუშვა, რომ ყაჩაღებს გაეტაცათ მისი საქონელი და დაეხოცათ მისი მსახურები (იობი 1:14, 15, 17). ღმერთმა აგრეთვე დაუშვა, რომ მოციქულ პავლეს ‘ყაჩაღებისგან განსაცდელი’ გადაეტანა (2 კორინთელთა 11:26). მიუხედავად ამისა, ღმერთი თავის მსახურებს იმ პრინციპებით ცხოვრებას ასწავლის, რომლებიც გაძარცვის რისკს ამცირებს. ის აგრეთვე აძლევს ცოდნას, რომელიც ეხმარება მათ ისეთი რეაქციით შეხვდნენ გაძარცვის მცდელობებს, რომელიც შეამცირებს ზიანის მიღების ალბათობას.
გაძარცვის საშიშროების შემცირება
დიდი ხნის წინათ ერთმა ბრძენკაცმა თქვა: „სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს“ (ეკლესიასტე 5:11). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ვისაც უამრავი ქონება აქვს, იმდენად ეშინია მისი დაკარგვისა, რომ ძილი უტყდება.
აქედან გამომდინარე, ერთი საშუალება — შეამცირო არა მხოლოდ წუხილი, არამედ გაძარცვის საშიშროებაც — არის, მოერიდოთ ძვირფასი ქონების დაგროვებას. ინსპირირებულმა მოციქულმა დაწერა: „ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის“ (1 იოანე 2:16). იგივე გულისწადილი, რომელიც ადამიანებს ძვირფასი ნივთების ყიდვისკენ აღძრავს, სხვებს მოპარვისკენ უბიძგებს. „სიამაყე ცხოვრებისა“ შეიძლება მოსაწვევი იყოს მათთვის, ვინც მძარცველობისკენაა მიდრეკილი.
გარდა იმისა, რომ არ მივიპყრობთ სხვების ყურადღებას, გაძარცვისგან დამცავ სხვა საშუალებას წარმოადგენს იმის ჩვენება, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხართ. თუ სხვების მიმართ ავლენთ სიყვარულს, ხართ პატიოსანი თქვენს საქმეებში და აქტიური ქრისტიანულ მსახურებაში, საზოგადოებაში კარგი, პატივცემული ადამიანის სახელს მოიხვეჭთ (გალატელთა 5:19–23). ასეთი ქრისტიანული რეპუტაცია იარაღზე უკეთ დაგიცავთ.
როცა ყაჩაღები თავს გესხმიან
რა უნდა გააკეთოთ, თუ მძარცველები შემოგეჭრნენ სახლში და თქვენც შინ დახვდით? გახსოვდეთ, რომ სიცოცხლე ქონებას გირჩევნიათ. ქრისტე იესომ თქვა: „წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. ვინც მოისურვებს. . . შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას“ (მათე 5:39, 40).
ეს ბრძნული რჩევაა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ვალდებულები არ არიან, ბოროტმოქმედებს ანგარიში ჩააბარონ ქონების შესახებ, ყაჩაღები უფრო ბოროტდებიან, თუ წინააღმდეგობას, ურჩობასა და სიცრუეს გრძნობენ. მრავალი მათგანი, „რომელთაც გრძნობა დაკარგეს“, უფრო ადვილად ხდება აგრესიული და შეუბრალებელი (ეფესელთა 4:19).
სამუელი ცხოვრობს მრავალბინიან სახლში. მძარცველებმა ბლოკირება გაუკეთეს შენობას და ყველა ბინის ძარცვა-გლეჯა დაიწყეს. სამუელს მოესმა სროლა, კარის შემტვრევის ხმა და ხალხის ყვირილი, ტირილი და მოთქმა. გაქცევა შეუძლებელი იყო. სამუელმა უთხრა თავის ცოლსა და სამ შვილს, დამდგარიყვნენ მუხლებზე, ხელები აეწიათ, თვალები დაეხუჭათ და დალოდებოდნენ. როცა მძარცველები შეუცვივდნენ, სამუელმა მათ თავდახრილმა მიმართა, რადგან იცოდა, რომ, თუ სახეებში შეხედავდა, ისინი იფიქრებდნენ, რომ მერე ამოიცნობდა ყველას. „შემოდით, — თქვა მან. — წაიღეთ, რაც გინდათ. ყველაფერი წაიღეთ. ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ და წინააღმდეგობას არ გაგიწევთ“. მძარცველები გაოგნდნენ. დაახლოებით ერთ საათში 12-მა შეიარაღებულმა მამაკაცმა მოიყარა თავი. თუმცა წაიღეს ოქროულობა, ფული და ელექტრონული მოწყობილობები, ისინი არ სცემეს და არც მაჩეტეებით დაჩეხეს, როგორც ეს სხვებს გაუკეთეს იმ შენობაში. სამუელის ოჯახი იეჰოვას უმადლოდა ცოცხლად დარჩენას.
ეს იმის კარგი მაგალითია, რომ, როცა საქმე ფულსა და მატერიალურ ქონებას ეხება, გაძარცვის მსხვერპლი, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევს, ამცირებს ზიანის მიღების შესაძლებლობასa.
ზოგჯერ ქრისტიანის ქადაგება შეიძლება დამცველი იყოს ზიანისგან. როცა მძარცველები ადეის სახლში შეეჭრნენ, მან უთხრა: „ვიცი, რომ გიჭირთ და ამიტომაც ეწევით ამ საქმეს. ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, გვწამს, რომ დადგება დღე, როცა ყველას ექნება საკმარისი საჭმელი თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. ღვთის სამეფოს მმართველობის ქვეშევრდომობით ყველა მშვიდობით იცხოვრებს და ბედნიერი იქნება“. ამან ყაჩაღების აგრესიულობა დააცხრო. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „ბოდიშს გიხდით, სახლში რომ შემოგეჭერით, მაგრამ უნდა გაგვიგო — მშივრები ვართ“. მათ გაძარცვეს ადეი, მაგრამ ხელი არ ახლეს არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს.
სიმშვიდის შენარჩუნება
სახიფათო ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება იოლი არ არის, განსაკუთრებით, როცა მსხვერპლის დამორჩილების მიზნით ყაჩაღები დაშინებას მიმართავენ. ლოცვა დაგვეხმარება. იეჰოვა გაიგებს დახმარებისთვის ჩვენს ღაღადს, თუნდაც მოკლესა და გულში წარმოთქმულს. ბიბლია გვარწმუნებს: „უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები — მათი ლოცვისაკენ“ (ფსალმუნი 33:16). იეჰოვა გვისმენს და მოგვცემს სიბრძნეს, რომ მშვიდად გავუმკლავდეთ ნებისმიერ სიტუაციას (იაკობი 1:5).
ლოცვის გარდა, სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ წინასწარ იმის მოფიქრება, თუ რას გააკეთებთ და რას არ გააკეთებთ იმ დროს, როცა გძარცვავენ. რა თქმა უნდა, წინასწარ ძნელია იცოდეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მაგრამ, მაინც, გონივრულია გახსოვდეთ პრინციპები, ისევე როგორც გონივრულია უსაფრთხოების ზომების მიღება იმ შემთხვევისთვის, როცა ხანძარგაჩენილ შენობაში ხართ. წინდახედულობა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ ჩავარდეთ პანიკაში და თავიდან აიცილოთ ზიანი.
ღვთის თვალსაზრისი ყაჩაღობაზე ნათელია: „მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძალადობა და უკეთურება“ (ესაია 61:8). იეჰოვამ შთააგონა თავის წინასწარმეტყველ ეზეკიელს, მძარცველობა სერიოზულ ცოდვებს შორის მოეხსენებინა (ეზეკიელი 18:18). ამავე დროს, ბიბლიის იგივე წიგნი ცხადყოფს, რომ ღმერთი გულმოწყალედ აპატიებს ადამიანს, რომელიც მოინანიებს და უკან დააბრუნებს ნაძარცვს (ეზეკიელი 33:14–16).
დამნაშავეობით გაჟღენთილ წუთისოფელში ცხოვრების მიუხედავად, ქრისტიანებს ახარებს ღვთის სამეფოს მმართველობის ქვეშევრდომობით ცხოვრების იმედი, როცა აღარ იქნება ყაჩაღობა. იმ დროის შესახებ ბიბლია გვპირდება: „[ღვთის ხალხი] თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი; რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“ (მიქა 4:4).
[სქოლიო]
a რასაკვირველია, მორჩილებას თავისი ფარგლები აქვს. იეჰოვას მოწმეები არ ემორჩილებიან არანაირ შემთხვევაში, როცა ღვთის კანონი ირღვევა. მაგალითად, ქრისტიანი ნებით არ დაემორჩილება გაუპატიურების შემთხვევაში.