დრო და მარადიულობა — სინამდვილეში რა ვიცით მათ შესახებ?
„როგორც ჩანს, კაცობრიობისთვის დრო ყველაზე ჩაუწვდომელი რამეა“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში. დიახ, დროის უბრალო სიტყვებით განმარტება თითქმის შეუძლებელია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დრო „გადის“, „მიდის“, „მიქრის“, ისიც კი, რომ „დროის დინებას“ მივყვებით. მაგრამ, სინამდვილეში, არ ვიცით, რის შესახებ ვლაპარაკობთ.
დროს განსაზღვრავენ როგორც „მონაკვეთს ორ მოვლენას შორის“. მაგრამ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დრო მოვლენებზე არ არის დამოკიდებული; ის მაინც მიდის, მიუხედავად იმისა, რამე ხდება თუ არა. ერთი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ დრო, სინამდვილეში, კი არ არსებობს, არამედ, უბრალოდ, რაღაც წარმოსახვითია. ნუთუ შეიძლება, რომ ის, რაზეც ამდენი რამ არის დამოკიდებული, მხოლოდ პირადი წარმოდგენის ნაყოფი იყოს?
ბიბლიის თვალსაზრისი დროსთან დაკავშირებით
ბიბლია არ განმარტავს დროს, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ადამიანი ბოლომდე ვერ ჩაწვდება ამ განმარტებას. ის უსასრულო სივრცეს ჰგავს, რომლის გაგებაც ასეთივე ძნელია ჩვენთვის. როგორც ჩანს, დრო ერთ-ერთი ისეთი რამეა, რომლის სრულად აღქმაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია, რადგან მარტო ის არის „უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმუნი 89:2).
თუმცა ბიბლია არ განმარტავს დროს, აღნიშნავს, რომ ის ნამდვილად არსებობს. უპირველესად, ბიბლია გვამცნობს, რომ „მნათობები“ — მზე, მთვარე და ვარსკვლავები — ღმერთმა შექმნა „დროჟამის აღმნიშვნელად — დღეებისა და წელიწადებისა“. ბიბლიაში ჩაწერილი ბევრი შემთხვევა დროის მსვლელობასთან არის მჭიდრო კავშირში (დაბადება 1:14; 5:3-32; 7:11, 12; 11:10-32; გამოსვლა 12:40, 41). დროის შესახებ ბიბლია აგრეთვე ამბობს, რომ ის ბრძნულად უნდა გამოვიყენოთ, რათა ღმერთმა გვაკურთხოს და მარადიული სიცოცხლის იმედი მოგვცეს (ეფესელთა 5:15, 16).
მარადიული სიცოცხლე — ლოგიკურია?
რადგანაც იმის გაგების მცდელობა, თუ, სინამდვილეში, რა არის დრო, უშედეგო აღმოჩნდა, მრავალი ადამიანისთვის საუკუნო სიცოცხლის ანუ მარადიულად ცხოვრების ცნება საგონებელში ჩამგდებია. ამის ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ცხოვრებაში დროს ყოველთვის დაბადების, გაზრდის, დაბერებისა და სიკვდილის ციკლს ვუკავშირებთ. ფაქტობრივად, დროის დინებას თვით დაბერების პროცესთან ვაიგიავებთ. ბევრისთვის სხვაგვარად ფიქრი თვით დროის ცნების დარღვევა იქნებოდა. „რატომ უნდა იყოს ადამიანი გამონაკლისი იმაში, რასაც ყველა სხვა ცოცხალი არსება ექვემდებარება?“ — შეიძლება იკითხონ მათ.
ასეთი მსჯელობისას ხშირად მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ ადამიანი მრავალმხრივ გამოირჩევა დანარჩენი არსებებისგან. მაგალითად, ადამიანისგან განსხვავებით, ცხოველებს არა აქვთ აზროვნების უნარი. ნებისმიერი სხვა მტკიცების მიუხედავად, მათ არ შესწევთ უნარი, ინსტინქტის საზღვრებს გასცდნენ. მათ არც მხატვრული ნიჭი აქვთ და არც იმის უნარი, რომ სიყვარული და მადლიერება გამოავლინონ, ადამიანს კი აქვს. თუკი ადამიანს ამდენი აღმატებული თვისება და უნარი მიეცა, რაც ცხოვრებას აზრიანს ხდის, რატომ უნდა იყოს შეუძლებელი, რომ სიცოცხლესთან დაკავშირებითაც მეტი მისცემოდა?
მეორე მხრივ, ნუთუ საკვირველი არ არის, რომ ხეები, რომლებსაც არა აქვს ფიქრის უნარი, ზოგ შემთხვევაში ათასობით წელს ცოცხლობს, მაშინ როცა გონიერ ადამიანს საშუალოდ მხოლოდ 70—80 წელი შეუძლია იცოცხლოს? ნუთუ პარადოქსი არ არის, რომ კუს, რომელსაც არანაირი შემოქმედებითი და მხატვრული ნიჭი არ გააჩნია, შეუძლია 200 წელზე მეტი იცოცხლოს, როცა ადამიანი, რომელიც უხვად არის დაჯილდოებული ამ მხრივ, ამ დროის ნახევარსაც კი ვერ ცოცხლობს?
თუმცა ადამიანისთვის შეუძლებელია დროისა და მარადიულობის სრულად აღქმა, მარადიული სიცოცხლის შესახებ დანაპირები ბიბლიაში მაინც ნათლად არის მოცემული. მასში გამოთქმა „საუკუნო [მარადიული] სიცოცხლე“ თითქმის 40-ჯერ არის მოხსენიებული. მაგრამ, თუ ღვთის განზრახვაა, რომ ადამიანმა მარადიულად იცოცხლოს, რატომ აქამდე არ განხორციელდა ეს? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.