იეჰოვას სამწყსოზე მზრუნველი „ძღვენი ადამიანების სახით“
«ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა ადამიანს [„უბოძა ძღვენი ადამიანების სახით“, აქ]» (ეფესელთა 4:8).
1. რა გრძნობები გამოხატა ერთმა ქრისტიანმა დამ თავისი კრების უხუცესების მიმართ?
„გმადლობთ, რომ ამდენს ზრუნავთ ჩვენზე. თქვენი ღიმილი, სითბო და ინტერესი გულიდან გამომავალია. თქვენ ყოველთვის მზად ხართ, მოგვისმინოთ და ბიბლიიდან გამამხნევებელი სიტყვები გაგვიზიაროთ. ვლოცულობ, რომ ყოველთვის გაფასებდეთ“, — მისწერა ქრისტიანმა დამ თავისი კრების უხუცესებს. ნათელია, რომ მზრუნველი ქრისტიანი მწყემსების მიერ გამოვლენილი სიყვარული მის გულს შეეხო (1 პეტრე 5:2, 3).
2, 3. ა) ესაიას 32:1, 2-ის თანახმად, როგორ ზრუნავენ თანამგრძნობი უხუცესები იეჰოვას სამწყსოზე? ბ) როდის შეიძლება უხუცესი ძღვენი იყოს?
2 უხუცესები იეჰოვამ თავისი სამწყსოს მოსავლელად დააყენა (ლუკა 12:32; იოანე 10:16). მას უყვარს ის — იმდენად უყვარს, რომ იესოს ძვირფასი სისხლით გამოისყიდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას სიამოვნებს, როცა უხუცესები ინდობენ (ანუ სათუთად ეპყრობიან) მის სამწყსოს (საქმეები 20:28, 29). ყურადღება მიაქციეთ ამ უხუცესების, ანუ „მთავრების“, წინასწარმეტყველურ დახასიათებას: „თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“ (ესაია 32:1, 2). დიახ, მათ უნდა დაიცვან, გაამხნეონ და ანუგეშონ იეჰოვას სამწყსო. ამგვარად, უხუცესები, რომლებიც თანაგრძნობით მწყემსავენ ღვთის სამწყსოს, ცხოვრებაში ატარებენ იმას, რასაც ღმერთი მოელის მათგან.
3 ბიბლია ასეთ უხუცესებს მოიხსენიებს როგორც „ძღვენს ადამიანების სახით“ (ეფესელთა 4:8, აქ). როდესაც ძღვენზე ვფიქრობთ, წარმოგვიდგენია რაღაც, რასაც ვინმეს საჭიროებისთვის ან გასახარებლად აძლევენ. უხუცესი შეიძლება ძღვენი იყოს, თუ ყველანაირად ცდილობს საჭირო დახმარების აღმოჩენასა და სამწყსოს სიხარულში წვლილის შეტანას. როგორ შეუძლია მას ამის გაკეთება? პასუხი, რომელსაც ეფესელთა 4:7–16-ში ჩაწერილ პავლეს სიტყვებში ვპოულობთ, უფრო ნათლად გვიჩვენებს იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას თავის სამწყსოზე.
„ძღვენი ადამიანების სახით“ — საიდან?
4. რა გაგებით ‘ავიდა მაღლა’ იეჰოვა, რითაც ფსალმუნის 67:19-ში ჩაწერილი სიტყვები შესრულდა, და ვინ იყვნენ „ძღვენი ადამიანების სახით“?
4 გამოთქმის „ძღვენი ადამიანების სახით“ გამოყენებისას პავლე ციტირებდა მეფე დავითის სიტყვებს, რომელმაც იეჰოვას შესახებ თქვა: «შენ ახვედი მაღლა, დაატყვევე ტყვე, წამოიღე ნიჭები ადამიანისათვის [„ძღვენი ადამიანების სახით“, აქ]» (ფსალმუნი 67:19, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). მას შემდეგ, რაც ისრაელებმა რამდენიმე წელი დაჰყვეს აღთქმულ მიწაზე, იეჰოვა, გადატანითი მნიშვნელობით, „ავიდა“ სიონის მთაზე და იერუსალიმი დავითის სამეფოს, ისრაელის, დედაქალაქად აქცია. მაგრამ ვინ იყვნენ „ძღვენი ადამიანების სახით“? ესენი იყვნენ ქვეყნის დაპყრობისას დატყვევებული კაცები. მოგვიანებით ზოგი მათგანი ლევიანებს გადასცეს კარავში შესასრულებელ საქმეში დასახმარებლად (პირველი ეზრა 8:20).
5. ა) როგორ აღნიშნავს პავლე, რომ ფსალმუნის 67:19 ქრისტიანულ კრებაში სრულდება? ბ) რა გაგებით „ავიდა მაღლობზე“ იესო?
5 ეფესელებისთვის მიწერილ წერილში პავლე აღნიშნავს, რომ ფსალმუნმომღერლის სიტყვები უფრო მეტად ქრისტიანულ კრებაში სრულდება. ის პერიფრაზირებას უკეთებს ფსალმუნის 67:19-ს და წერს: «ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ. ამისათვის ამბობს: „ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა ადამიანს [„უბოძა ძღვენი ადამიანების სახით“, აქ]“ » (ეფესელთა 4:7, 8). აქ ამ ფსალმუნს პავლე იყენებს იესოსთან, როგორც ღვთის წარმომადგენელთან, დაკავშირებით. უმწიკვლო ცხოვრებით იესომ ‘სძლია წუთისოფელს’ (იოანე 16:33). მან სიკვდილსა და სატანაზეც გაიმარჯვა, რადგან ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა ის (საქმეები 2:24; ებრაელთა 2:14). ახ. წ. 33 წელს იესო ავიდა „ყველა ცაზე მაღლა“ — ყველა ზეციერ ქმნილებაზე მაღლა (ეფესელთა 4:9, 10; ფილიპელთა 2:9-11). როგორც დამპყრობმა, იესომ მტრისგან ‘ტყვეები’ წამოიყვანა. რა გაგებით?
6. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული როგორ დაიწყო ზეცად ამაღლებულმა იესომ სატანის სახლის გაძარცვა და რა უყო ‘ტყვეებს’?
6 დედამიწაზე ყოფნისას იმათი გათავისუფლებით, ვინც დემონების მონობაში იმყოფებოდა, იესომ აჩვენა, რომ სატანაზე ძლიერი იყო. ეს ისე იყო, თითქოს იესო შევიდა სატანის სახლში, გათოკა ის და გაიტაცა მისი ნივთები (მათე 12:22-29). მაშ, წარმოიდგინეთ, როგორ „გაძარცვას“ შეძლებდა მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა და მიეცა „მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“! (მათე 28:18). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული ზეცად ამაღლებულმა იესომ, როგორც ღვთის წარმომადგენელმა, სატანის სახლის გაძარცვა დაიწყო იმით, რომ ‘დაატყვევა ტყვეები’ — ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცოდვასა და სიკვდილს იყვნენ დამონებული და რომლებსაც სატანა მართავდა. ეს ‘ტყვეები’ სიამოვნებით გახდნენ „ქრისტეს მონები, რომლებიც სულით ასრულებენ ღვთის ნებას“ (ეფესელთა 6:6). ფაქტობრივად, იესომ გამოჰგლიჯა ისინი სატანას და, იეჰოვას ნების თანახმად, კრებას უბოძა როგორც „ძღვენი ადამიანების სახით“. წარმოიდგინეთ სატანის ამაოდ გააფთრება, როდესაც ისინი მის ცხვირწინ იქნენ გატაცებული.
7. ა) რა სახის მსახურებას ეწევა კრებაში „ძღვენი ადამიანების სახით“? ბ) რა შესაძლებლობას აძლევს იეჰოვა თითოეულ უხუცესს?
7 ვხედავთ დღეს კრებაში ასეთ „ძღვენს ადამიანების სახით“? რასაკვირველია! ჩვენ მას ვხედავთ უხუცესების სახით, რომლებიც მთელ მსოფლიოში, ღვთის ხალხის 87 000-ზე მეტ კრებაში, გულმოდგინედ შრომობენ „მახარებლებად. . . მწყემსებად და მოძღვრებად“ (ეფესელთა 4:11). სატანას ისე არაფერი გაახარებს, როგორც სამწყსოს მიმართ მათი ცუდი მოპყრობა. მაგრამ ღმერთს ქრისტეს მეშვეობით ამ მიზნით არ გადაუცია ისინი კრებისთვის. მან ეს კაცები კრების კეთილდღეობისთვის დააყენა და ისინი პასუხს აგებენ მის წინაშე მათთვის მინდობილ სამწყსოზე (ებრაელთა 13:17). თუ უხუცესად მსახურობთ, იეჰოვამ დიდებული შესაძლებლობა მოგცათ, აჩვენოთ, რომ ძღვენი ანუ კურთხევა ხართ ძმებისთვის. ამის გაკეთება ოთხი მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებით შეგიძლიათ.
როცა აუცილებელია ‘გამოსწორება’
8. რა მხრივ გვესაჭიროება ყველას დროდადრო სრულყოფა?
8 პირველი, „ძღვენი ადამიანების სახით“ იმისთვის არის ბოძებული, რომ ‘სრულყონ [„გამოასწორონ“, აქ] წმიდანი’, — ამბობს პავლე (ეფესელთა 4:12). ‘გამოსწორებად’ თარგმნილი ბერძნული სიტყვა რაიმეს „სწორ მდგომარეობაში“ მოყვანას ეხება. როგორც არასრულყოფილებს, დროდადრო ყველას გვესაჭიროება გამოსწორება — აზროვნების, განწყობილებისა თუ საქციელის „სწორ მდგომარეობაში“ მოყვანა ღვთის აზროვნებისა და ნების შესაბამისად. იეჰოვამ სიყვარულით უზრუნველგვყო „ძღვენით ადამიანების სახით“, რომ ისინი საჭირო სრულყოფაში დაგვეხმარონ. როგორ აკეთებენ ამას?
9. როგორ შეუძლია უხუცესს გამოასწოროს სამწყსოს წევრი, რომელიც შეცდა?
9 ზოგჯერ უხუცესის დახმარება შეიძლება დასჭირდეს სამწყსოს წევრს, რომელიც შეცდა, შესაძლებელია, ‘რაიმე შეცოდებაში ჩავარდა’. როგორ შეუძლია უხუცესს ამის გაკეთება? „გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით“, — ნათქვამია გალატელთა 6:1-ში. მაშასადამე, რჩევის მიცემისას უხუცესი უკმეხად არ უნდა ელაპარაკოს შემცოდველს. რჩევა გამამხნევებელი უნდა იყოს და არა ‘მუქარის’ გამომხატველი (2 კორინთელთა 10:9; შეადარეთ იობი 33:7). შემცოდველს შეიძლება ისედაც რცხვენია, ამიტომ მოსიყვარულე მწყემსი ერიდება მის დათრგუნვას. როდესაც რჩევა — თუნდაც პირდაპირი მხილება — სიყვარულიდან გამომდინარეობს და სიყვარულითვე ეძლევა შემცოდველს, ის უფრო გამოასწორებს მის აზროვნებასა თუ საქციელს და სულიერად აღადგენს (2 ტიმოთე 4:2).
10. რა შედის სხვების გამოსწორებაში?
10 როდესაც გამოსასწორებლად იეჰოვამ გვიბოძა „ძღვენი ადამიანების სახით“, მას განზრახული ჰქონდა, რომ უხუცესები მისი ხალხისთვის სულიერად გამომაცოცხლებლები და მისაბაძები ყოფილიყვნენ (1 კორინთელთა 16:17, 18; ფილიპელთა 3:17). გამოსწორებაში მხოლოდ არასწორ გზაზე დამდგართა გამოსწორება კი არ შედის, არამედ ერთგულთათვის დახმარების აღმოჩენაც, სწორ გზას რომ არ გადაუხვიონa. დღეს, როდესაც ამდენ გულის გამტეხ პრობლემას ვხვდებით, მსახურების გასაგრძელებლად ბევრს გამხნევება ესაჭიროება. ზოგს შეიძლება სიყვარულით აღსავსე დახმარება სჭირდებოდეს, რომ თავიანთი აზროვნება ღვთისას შეუსაბამონ. მაგალითად, ზოგი ერთგული ქრისტიანი ებრძვის გამოუსადეგრობის ან უღირსობის ღრმა გრძნობას. ასეთი «სულმოკლენი [„გულდამძიმებულები“, აქ]» შეიძლება ფიქრობდნენ, რომ იეჰოვას არ უყვარს ისინი და მისადმი მსახურებაში მათს მაქსიმალურ ძალისხმევასაც კი არ იწონებს (1 თესალონიკელთა 5:14). მაგრამ ასეთი აზროვნება არ შეესაბამება იმას, რასაც ღმერთი სინამდვილეში ფიქრობს თავის თაყვანისმცემლებზე.
11. რით შეუძლიათ უხუცესებს დაეხმარონ მათ, ვისაც ღირსების გრძნობა აქვს დაკარგული?
11 უხუცესებო, როგორ შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ ასეთებს? გულთბილად დაანახვეთ ბიბლიიდან, რომ იეჰოვა თითოეულ თავის მსახურზე ზრუნავს, და დაამშვიდეთ, რომ ეს ბიბლიური მუხლები პირადად მათ ეხება (ლუკა 12:6, 7, 24). დაეხმარეთ დაინახონ, რომ იეჰოვამ „მოიყვანა“ ისინი თავის სამსახურში, რაც ცხადყოფს, რომ მათში რაღაც ძვირფასი დაინახა (იოანე 6:44). დაარწმუნეთ, რომ მარტონი არ არიან — იეჰოვას მრავალ ერთგულ მსახურსაც მსგავსი გრძნობები აქვს. ერთხელ წინასწარმეტყველი ელია იმდენად გულდამძიმებული იყო, რომ სიკვდილს ნატრობდა (მესამე მეფეთა 19:1-4). პირველ საუკუნეში ზოგ ცხებულ ქრისტიანს საკუთარი გული ‘სდებდა მსჯავრს’ (1 იოანე 3:20). მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ბიბლიურ დროში მცხოვრები ერთგული ადამიანები ‘ჩვენი მსგავსები’ იყვნენ (იაკობი 5:17). სასოწარკვეთილებთან ერთად შეგიძლიათ აგრეთვე გამამხნევებელი სტატიების განხილვა ჟურნალებიდან „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თქვენი სიყვარულით აღსავსე მცდელობები — საკუთარი თავის რწმენა აღუდგინოთ ასეთებს — შეუმჩნეველი არ დარჩება ღვთისთვის, რომელმაც თქვენი თავი უბოძა ხალხს როგორც „ძღვენი ადამიანების სახით“ (ებრაელთა 6:10).
სამწყსოს ‘აღშენება’
12. რას ეხება გამოთქმა „ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“ და რა არის სამწყსოს აღშენების გასაღები?
12 მეორე, „ძღვენი ადამიანების სახით“ ბოძებულია „ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“ (ეფესელთა 4:12). აქ პავლე ხატოვანი ენით წერს. „აღშენება“ მშენებლობას გვაგონებს, ხოლო ქრისტეს სხეული ეხება ხალხს — ცხებული ქრისტიანული კრების წევრებს (1 კორინთელთა 12:27; ეფესელთა 5:23, 29, 30). უხუცესები უნდა დაეხმარონ ძმებს სულიერად გაძლიერებაში. მათი მიზანია სამწყსოს ‘აღშენება და არა დაქცევა’ (2 კორინთელთა 10:8). აღშენების გასაღები კი სიყვარულია, რადგან „სიყვარული . . . აშენებს“ (1 კორინთელთა 8:1).
13. რას ნიშნავს უთანაგრძნო და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უხუცესებმა თანაგრძნობა გამოავლინონ?
13 სიყვარულის ერთი მხარე, რომელიც უხუცესებს სამწყსოს აღშენებაში ეხმარება, თანაგრძნობაა. თანაუგრძნო ნიშნავს გაიზიარო სხვისი ფიქრები და გრძნობები და გაითვალისწინო მისი შეზღუდვები (1 პეტრე 3:8). რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უხუცესებმა თანაგრძნობა გამოავლინონ? უპირველესად იმიტომ, რომ იეჰოვა — ის, ვინც გვიბოძა „ძღვენი ადამიანების სახით“, — თანამგრძნობი ღმერთია. როდესაც მისი მსახურები იტანჯებიან ან რამე აწუხებთ, ის იმავეს გრძნობს (გამოსვლა 3:7; ესაია 63:9). მას ახსოვს მათი შეზღუდული შესაძლებლობები (ფსალმუნი 102:14). მაშ, როგორ შეუძლიათ უხუცესებს თანაგრძნობის გამოვლენა?
14. როგორ შეუძლიათ უხუცესებს თანაგრძნობის გამოვლენა?
14 როდესაც მათთან გულგატეხილი ადამიანი მიდის, უსმენენ და ითვალისწინებენ მის გრძნობებს. ისინი ცდილობენ გაიგონ, რა წარსული ჰქონდათ ძმებს, რა ახასიათებთ და რა მდგომარეობაში არიან. ამგვარად, როცა უხუცესები აღმშენებლურ ბიბლიურ დახმარებას სთავაზობენ, სამწყსოს უადვილდება მისი მიღება, რადგან ისეთი მწყემსებისგან მომდინარეობს, რომელთაც ნამდვილად ესმით მათი და ზრუნავენ მათზე (იგავნი 16:23). თანაგრძნობა უხუცესებს აგრეთვე აღძრავს, გაითვალისწინონ სხვების შეზღუდული შესაძლებლობები და მოსალოდნელი გრძნობები. მაგალითად, ზოგი კეთილსინდისიერი ქრისტიანი შეიძლება თავს დამნაშავედ თვლიდეს, რომ ღვთისადმი მსახურებაში მეტს ვერ აკეთებენ, შესაძლებელია, ასაკის ან ცუდი ჯანმრთელობის გამო. მეორე მხრივ, ზოგს შეიძლება წახალისება სჭირდებოდეს მსახურების გასაუმჯობესებლად (ებრაელთა 5:12; 6:1). თანაგრძნობა უხუცესებს აღძრავს, „საჭირო სიტყვები“ მოძებნონ აღსაშენებლად (ეკლესიასტე 12:10). როდესაც იეჰოვას სამწყსოს აღაშენებენ და ახალისებენ, ღვთისადმი სიყვარული აღძრავს მის წევრებს, მისადმი მსახურებაში აკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ.
ერთობის ხელშემწყობები
15. რას ნიშნავს გამოთქმა „რწმენის ერთიანობა“?
15 მესამე, „ძღვენი ადამიანების სახით“ ბოძებულია იმისთვის, რომ ‘ყველამ მივაღწიოთ რწმენის ერთიანობასა და ღვთის ძის შემეცნებას’ (ეფესელთა 4:13). გამოთქმა „რწმენის ერთიანობა“ ნიშნავს არა მხოლოდ ერთნაირი რწმენის მიყოლას, არამედ მორწმუნეების ერთობასაც. ამიტომ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ღმერთმა გვიბოძა „ძღვენი ადამიანების სახით“, — მათ ხელი უნდა შეუწყონ ერთობას მის ხალხს შორის. როგორ აკეთებენ ისინი ამას?
16. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უხუცესებმა ერთობა შეინარჩუნონ ურთიერთ შორის?
16 უპირველესად, ერთობა მათ ურთიერთ შორის უნდა შეინარჩუნონ. თუ მწყემსებს შორის განხეთქილებაა, სამწყსო მიუხედავი რჩება. ძვირფასი დრო, რომლის გამოყენებაც მის დასამწყემსად შეიძლებოდა, მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებულ გაჭიმულ შეხვედრებსა და კამათს ხმარდება (1 ტიმოთე 2:8). უხუცესები ავტომატურად ვერ შეთანხმდებიან ყველა განსახილველ საკითხზე, რადგან შეიძლება დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ერთობა არ გამორიცხავს შესაძლებლობას, გქონდეს განსხვავებული აზრი ან გამოთქვა კიდეც ის, თუ ეს გაწონასწორებულად მოხდება მიუკერძოებელი განხილვის დროს. უხუცესები ერთობას ინარჩუნებენ იმით, რომ ერთმანეთს პატივისცემით უსმენენ წინასწარ შექმნილი აზრის გარეშე. და, თუკი ბიბლიური პრინციპი არ ირღვევა, თითოეული მზად უნდა იყოს, დაეთანხმოს და მხარი დაუჭიროს უხუცესთა საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას. დამთმობი სული იმის მაჩვენებელია, რომ ისინი ხელმძღვანელობენ „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნით“, რომელიც არის „მშვიდობიანი, ლმობიერი“ (იაკობი 3:17, 18).
17. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დახმარების აღმოჩენა კრებაში ერთობის შესანარჩუნებლად?
17 უხუცესები აგრეთვე ფხიზლად არიან, რომ კრებაშიც შეუწყონ ხელი ერთობას. როდესაც უთანხმოების გამომწვევი მოქმედებები — როგორიც არის: ჭორაობა, არასწორი მოტივების მიწერა ან მეამბოხე სულის გამოვლენა — მშვიდობას ემუქრება, ისინი მზად არიან სასარგებლო რჩევის მისაცემად (ფილიპელთა 2:2, 3). მაგალითად, უხუცესები შეიძლება იცნობდნენ პირებს, რომლებიც მეტისმეტად კრიტიკულები არიან ან რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ცნობისმოყვარეობისკენ, რის გამოც სხვის საქმეში ერევიან (1 ტიმოთე 5:13; 1 პეტრე 4:15). უხუცესები ეცდებიან, დაეხმარონ ასეთებს და დაანახვონ, რომ ეს ეწინააღმდეგება ღვთის სწავლებას და რომ თითოეულმა ‘თავისი სატარებელი უნდა ატაროს’ (გალატელთა 6:5, 7; 1 თესალონიკელთა 4:9-12). საღვთო წერილის გამოყენებით უხუცესები აუხსნიან, რომ იეჰოვა ბევრ რამეს ჩვენს სინდისზე ტოვებს და რომ ასეთ საკითხებში არც ერთმა არ უნდა განვიკითხოთ სხვები (მათე 7:1, 2; იაკობი 4:10-12). ერთობაში მსახურებისთვის კრებაში ნდობისა და პატივისცემის სული უნდა სუფევდეს. საჭიროების შემთხვევაში ბიბლიური რჩევით „ძღვენი ადამიანების სახით“ გვეხმარება მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებაში (რომაელთა 14:19).
სამწყსოს დაცვა
18, 19. ა) ვისგან გვიცავს „ძღვენი ადამიანების სახით“? ბ) სხვა რა საფრთხისგან დაცვა ესაჭიროება სამწყსოს და როგორ მოქმედებენ უხუცესები მის დასაცავად?
18 მეოთხე, „ძღვენს ადამიანების სახით“ იეჰოვა გვაძლევს იმ გავლენისაგან დასაცავად, რომელსაც იწვევს „მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით“ (ეფესელთა 4:14). „ცბიერებად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვა, როგორც განმარტავენ, ნიშნავს „თაღლითობას კამათლების გაგორებისას“, ანუ „ოსტატობას კამათლების გაგორებაში“. არ გვაგონებს ეს განდგომილთა ოსტატურ მოქმედებას? ჭეშმარიტი ქრისტიანების რწმენიდან გადასაყვანად ისინი მოხერხებულად იყენებენ საღვთო წერილს ცბიერული არგუმენტების მოყვანით. უხუცესები ფხიზლად უნდა იყვნენ ასეთი „ულმობელი მგლების“ მიმართ (საქმეები 20:29, 30).
19 ეჰოვას სამწყსოს სხვა საფრთხეებისგან დაცვაც ესაჭიროება. წინათ მცხოვრები მწყემსი დავითი უშიშრად იცავდა მამამისის ცხვარს მტაცებლებისგან (პირველი მეფეთა 17:34-36). დღესაც შეიძლება თავი იჩინოს შემთხვევებმა, როცა მზრუნველმა ქრისტიანმა მწყემსებმა სიმამაცე უნდა გამოავლინონ, რომ დაიცვან იეჰოვას სამწყსოს წევრები — განსაკუთრებით მგრძნობიარე პირები — ნებისმიერისგან, ვინც შეიძლება ცუდად მოეპყროს მათ ან დაჩაგროს ისინი. უხუცესები არ დააყოვნებენ კრებიდან განზრახ შემცოდველების გარიცხვას, რომლებიც თაღლითობენ, იტყუებიან და ბოროტს განიზრახავენb (1 კორინთელთა 5:9-13; შეადარეთ ფსალმუნი 100:7).
20. რატომ შეგვიძლია თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ იმ მზრუნველობის წყალობით, რომელსაც ავლენს „ძღვენი ადამიანების სახით“?
20 როგორი მადლიერები ვართ „ძღვენისთვის ადამიანების სახით“! მათი სიყვარულით აღსავსე მზრუნველობის წყალობით შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი, რადგან ისინი ცდილობენ, ალერსიანად გამოგვასწორონ, სიყვარულით აღგვაშენონ, ხელი შეუწყონ ჩვენს ერთობას და უშიშრად დაგვიცვან. მაგრამ როგორ უნდა უყურებდეს „ძღვენი ადამიანების სახით“ თავის როლს კრებაში? და როგორ შეგვიძლია იმის გამოხატვა, რომ ვაფასებთ მათ? ეს საკითხები შემდეგ სტატიაში განიხილება.
[სქოლიოები]
a ბერძნულ სეპტუაგინტაში „გამოსწორებად“ თარგმნილი იგივე ზმნა გამოყენებულ იქნა ფსალმუნის 16:5-ში, რომლის თანახმადაც, დავითი ლოცულობდა, რომ მისი ნაბიჯები გამაგრებულიყო იეჰოვას გზებზე.
b მაგალითად, იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ 1979 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 31, 32 (ინგლ.), და სტატია „განვერიდოთ ბოროტებას“ 1997 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 26—29 (რუს.).
გახსოვთ?
◻ ვინ არიან „ძღვენი ადამიანების სახით“ და რისთვის უბოძა ისინი ღმერთმა კრებას ქრისტეს მეშვეობით?
◻ როგორ ასრულებენ უხუცესები თავიანთ პასუხისმგებლობას — გამოასწორონ სამწყსო?
◻ რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს თანამორწმუნეების აღსაშენებლად?
◻ როგორ შეუძლიათ უხუცესებს ხელი შეუწყონ კრების ერთობას?
[სურათი 10 გვერდზე]
თანაგრძნობა ეხმარება უხუცესებს გულგატეხილების გამხნევებაში.
[სურათი 10 გვერდზე]
უხუცესებს შორის ერთობა ხელს უწყობს კრების ერთობას.