მშობლებო, როგორ მაგალითს აძლევთ შვილებს?
„მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. იარეთ სიყვარულში“ (ეფესელთა 5:1, 2).
1. როგორი მითითებები მისცა იეჰოვამ ადამიანთა პირველ წყვილს?
ოჯახს იეჰოვამ ჩაუყარა საფუძველი. ამიტომ თითოეული ოჯახი არსებობას ღმერთს უნდა უმადლოდეს, ვინაიდან ის არის პირველი ოჯახის დამფუძნებელი და პირველი წყვილისთვის შთამომავლობის დატოვების უნარის მიმცემი (ეფესელთა 3:14, 15). მან ძირითადი მითითებები მისცა ადამსა და ევას თავიანთ დავალებებთან დაკავშირებით და, ამასთანავე, შესაძლებლობაც მისცა, პირადად აერჩიათ, როგორ შეესრულებინათ ისინი (დაბადება 1:28–30; 2:15–22). მას შემდეგ კი, რაც პირველმა წყვილმა შესცოდა, სიტუაციები, რომლებსაც ოჯახები უნდა გამკლავებოდნენ, გართულდა. მაგრამ იეჰოვამ კვლავაც სიყვარულით უზრუნველყო თავისი მსახურები მითითებებით, რომლებიც მათ ასეთ სიტუაციებთან გამკლავებაში დაეხმარებოდა.
2. ა) რა საშუალება გამოიყენა იეჰოვამ წერილობითი დარიგების სიტყვიერი დარიგებით განსამტკიცებლად? ბ) რა კითხვა უნდა დაუსვან მშობლებმა საკუთარ თავს?
2 იმასთან დაკავშირებით, რას უნდა ვაკეთებდეთ და რას არა, იეჰოვამ, დიდებულმა მასწავლებელმა, მხოლოდ წერილობითი მითითებები როდი მოგვცა. ძველ დროში წერილობით დარიგებებთან ერთად ის მღვდლების, წინასწარმეტყველებისა და ოჯახის უფროსების მეშვეობით ისრაელებს სიტყვიერ დარიგებებსაც აძლევდა. დღეს ვის იყენებს ღმერთი მსგავსი სიტყვიერი დარიგებების მისაცემად? ქრისტიან უხუცესებსა და მშობლებს. თუ მშობელი ხართ, შეგაქვთ თქვენი წვლილი შვილების დარიგებაში, რომ მათ იეჰოვას გზებით იარონ? (იგავნი 6:20–23).
3. რის სწავლა შეუძლიათ ოჯახის უფროსებს ეფექტურად სწავლებასთან დაკავშირებით?
3 როგორ დარიგებას უნდა იძლეოდნენ მშობლები ოჯახში? ამის მაგალითს იეჰოვა იძლევა. ის ნათლად ამბობს, რა არის კარგი და რა — ცუდი და არაერთხელ იმეორებს ნათქვამს (გამოსვლა 20:4, 5; მეორე რჯული 4:23, 24; 5:8, 9; 6:14, 15; იესო ნავეს ძე 24:19, 20). ის სვამს კითხვებს, რომლებიც ადამიანს დაფიქრებისკენ აღძრავს (იობი 38:4, 8, 31). თვალსაჩინო და ცხოვრებისეული მაგალითების მეშვეობით მოქმედებს ჩვენს გრძნობებზე და აყალიბებს ჩვენს გულებს (დაბადება 15:5; დანიელი 3:1–23, 91–96). მშობლებო, როდესაც შვილებს ასწავლით, ცდილობთ მიბაძოთ ამ მაგალითს?
4. რას ვსწავლობთ დასჯასთან დაკავშირებით იეჰოვასგან და რატომ არის დასჯა აუცილებელი?
4 იეჰოვა თვალს არ ხუჭავს არასწორ მოქმედებაზე, მაგრამ, ამასთანავე, არასრულყოფილების გავლენასაც ითვალისწინებს. ასე რომ, დასჯამდე არასრულყოფილ ადამიანებს შეაგონებს და არაერთხელ აფრთხილებს (დაბადება 19:15, 16; იერემია 7:23–26). დასჯის შემთხვევაში ის ზომიერების ფარგლებს არ აჭარბებს (ფსალმუნი 102:10, 11; ესაია 28:26–29). თუ შვილებს ასე ვექცევით, ეს ცხადყოფს, რომ ვიცნობთ იეჰოვას, რაც ბავშვებსაც გაუადვილებს მის გაცნობას (იერემია 22:16; 1 იოანე 4:8).
5. რის სწავლა შეუძლიათ მშობლებს იეჰოვასგან მოსმენასთან დაკავშირებით?
5 ისიც შესანიშნავია, რომ იეჰოვა, როგორც მოსიყვარულე ზეციერი მამა, გვისმენს. ის უბრალოდ ბრძანებებს კი არ გამოსცემს, არამედ აღგვძრავს გული გადავუშალოთ მას (ფსალმუნი 61:9). თუ ჩვენი აზრები მაინცდამაინც სწორი არ არის, ღმერთი ზეციდან გრუხუნით კი არ გვკიცხავს, არამედ მოთმინებით გვასწავლის. ამიტომ ნამდვილად მართებულია მოციქულ პავლეს რჩევა: „მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესელთა 4:31—5:1). რა შესანიშნავ მაგალითს აძლევს იეჰოვა მშობლებს შვილების დარიგების საკითხში! მისი მაგალითი ჩვენს გულებამდე აღწევს და მისი გზებით სიარულის სურვილს გვიჩენს.
პირადი მაგალითის ძალა
6. როგორ მოქმედებს შვილებზე მშობლების თვალსაზრისი და მაგალითი?
6 სიტყვიერ დარიგებასთან ერთად, ახალგაზრდებზე დიდ გავლენას ახდენს პირადი მაგალითი. მიუხედავად იმისა, მშობლებს მოსწონთ თუ არა, შვილები ბაძავენ მათ მაგალითს. მშობელს შეიძლება ესიამოვნოს — ზოგჯერ კი თავზარი დასცეს — შვილებისგან ისეთი რამის მოსმენა, რასაც თვითონ ამბობს. როცა მშობლების მოქმედება და თვალსაზრისი სულიერი საკითხებისადმი ღრმა პატივისცემას ირეკლავს, ეს დადებითად მოქმედებს შვილებზე (იგავნი 20:7).
7. როგორი მაგალითი დაუტოვა იფთახმა თავის ქალიშვილს და რა შედეგი გამოიღო ამან?
7 მშობლების მაგალითის ძალა კარგად არის ნაჩვენები ბიბლიაში. იფთახიც, რომლის მეთაურობითაც იეჰოვამ ისრაელიანებს ყამონიანებზე გამარჯვება მოაპოვებინა, მამა იყო. ყამონიანთა მეფისთვის გაცემული მისი პასუხიდან ჩანს, რომ იფთახს არაერთხელ ექნებოდა წაკითხული ისტორია ისრაელთან იეჰოვას დამოკიდებულების შესახებ. მას არ გასჭირვებია იმ ისტორიიდან გარკვეული შემთხვევების მოყოლა და იეჰოვასადმი მტკიცე რწმენის გამოვლენა. ეჭვგარეშეა, მამის მაგალითი დაეხმარა იფთახის ქალიშვილს ისეთი რწმენისა და თავგანწირვის სულის განვითარებაში, რომ მთელი ცხოვრება იეჰოვას მსახურებისთვის მიეძღვნა და გაუთხოვრად დარჩენილიყო (მსაჯულნი 11:14–27, 34–40; შეადარეთ იესო ნავეს ძე 1:8).
8. ა) რა შესანიშნავი პოზიცია გამოავლინეს სამუელის მშობლებმა? ბ) რა სარგებლობა მოუტანა ამან სამუელს?
8 სამუელი პატარაობისას სამაგალითო ბავშვი იყო, შემდეგ კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის ერთგული წინასწარმეტყველი. გსურთ, რომ თქვენი შვილებიც ასეთები იყვნენ? მაშინ დაუკვირდით სამუელის მშობლების, ელკანასა და ხანას, მაგალითს. მიუხედავად იმისა, რომ იდეალური ოჯახური პირობები არ ჰქონდათ, ღვთის თაყვანსაცემად ისინი რეგულარულად ადიოდნენ სილოამში, სადაც წმინდა კარავი მდებარეობდა (პირველი მეფეთა 1:3–8, 21). შენიშნეთ, როგორი ღრმა გრძნობები იყო ჩადებული ხანას ლოცვაში (პირველი მეფეთა 1:9–13). ყურადღება მიაქციეთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა ორივე ღვთისთვის მიცემული ნებისმიერი აღთქმის შესრულებას (პირველი მეფეთა 1:22–28). ეჭვგარეშეა, მათი შესანიშნავი მაგალითი დაეხმარა სამუელს, გამოემუშავებინა თვისებები, რომელთა წყალობითაც ღვთის მოსაწონად ცხოვრობდა, მაშინაც კი, როდესაც მის გარშემო მცხოვრები იეჰოვას ეგრეთ წოდებული მსახურები ღვთის გზებისადმი არავითარ პატივისცემას არ ავლენდნენ. გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვამ სამუელს წინასწარმეტყველის პასუხისმგებლობა ანდო (პირველი მეფეთა 2:11, 12; 3:1–21).
9. ა) ოჯახში არსებულმა რა ატმოსფერომ იქონია ტიმოთეზე დადებითი გავლენა? ბ) როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდა ტიმოთე?
9 ისურვებდით, თქვენი ვაჟი ტიმოთეს მსგავსი ყოფილიყო, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, მოციქულ პავლეს თანამგზავრი გახდა? მამამისი ურწმუნო იყო, მაგრამ დედამ და ბებიამ მას სულიერი საკითხების დაფასების შესანიშნავი მაგალითი უჩვენეს. უეჭველია, ყოველივე ამან ტიმოთეს ქრისტიანულ ცხოვრებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარა. ბიბლია გვამცნობს, რომ დედამის ევნიკესა და ბებია ლოისს ‘წრფელი რწმენა’ ჰქონდათ. ისინი მოჩვენებითი ქრისტიანები კი არ იყვნენ, არამედ თავიანთი მრწამსის შესაბამისად ცხოვრობდნენ და ახალგაზრდა ტიმოთესაც ამასვე ასწავლიდნენ. ტიმოთემ დაამტკიცა, რომ ნდობას იმსახურებდა და ნამდვილად ზრუნავდა სხვების კეთილდღეობაზე (2 ტიმოთე 1:5; ფილიპელთა 2:20–22).
10. ა) რის ან ვის გავლენას შეიძლება დაექვემდებარონ ჩვენი შვილები ოჯახის გარეთ? ბ) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როდესაც ეს გავლენა მათს ლაპარაკსა და აზროვნებაში ირეკლება?
10 ბავშვებზე მხოლოდ ოჯახური ატმოსფერო არ ახდენს გავლენას. ისინი სხვა ბავშვებთან ერთად დადიან სკოლაში; მასწავლებლებიც, თავის მხრივ, ახდენენ მოსწავლეების აზროვნების ფორმირებას; არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ სხვებიც იცავდნენ ოჯახსა თუ საზოგადოებაში ფესვგადგმულ ადათ-წესებს; გარდა ამისა, გავლენას ახდენენ სპორტის ვარსკვლავები, რომელთა მიღწევებს საყოველთაოდ განადიდებენ, და ოფიციალური პირები, რომელთა მოქმედებებსაც ყოველთვის გადმოსცემენ ახალ ამბებში. მილიონობით ბავშვი კი ომის საშინელებას იტანს. რა გასაკვირია, რომ ჩვენი შვილების ლაპარაკსა და აზროვნებაში ასეთმა გავლენამ იჩინოს თავი? როგორ ვრეაგირებთ ასეთ შემთხვევებში? გადაჭრის პრობლემას უხეში გაკიცხვა ან მკაცრი ლექციის ჩატარება? შვილების საქციელზე ნაჩქარევად რეაგირების ნაცვლად, განა უკეთესი არ იქნებოდა საკუთარი თავისთვის დაგვესვა კითხვა: „როგორ მოგვექცეოდა იეჰოვა მსგავს სიტუაციაში?“ (შეადარეთ რომაელთა 2:4).
11. რა გავლენა შეიძლება იქონიოს მშობლების შეცდომებმა შვილების აზროვნებაზე?
11 რა თქმა უნდა, არასრულყოფილი მშობლები ნებისმიერ სიტუაციაში საუკეთესოდ ვერ იმოქმედებენ. ისინი შეცდებიან. ხომ არ დააკარგვინებს ეს შვილებს მათდამი პატივისცემას? შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლები ბოროტად იყენებენ თავიანთ უფლებებს და ამ შეცდომების არად ჩაგდებას ცდილობენ. მაგრამ შედეგი შეიძლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს, თუ მშობლები თავმდაბლები არიან და გულწრფელად აღიარებენ თავიანთ შეცდომებს. ასე მოქმედებით ისინი შესანიშნავ მაგალითს აძლევენ შვილებს, რომლებისთვისაც აუცილებელია, იმავეს გაკეთება ისწავლონ (იაკობი 4:6).
რას ასწავლის ჩვენი მაგალითი
12, 13. ა) რა სჭირდებათ ბავშვებს, რომ ისწავლონ სიყვარულის გამოვლენა, და როგორ შეიძლება ამის ჩანერგვა ყველაზე ეფექტურად? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებმა სიყვარული იგრძნონ?
12 არსებობს მრავალი ღირებული გაკვეთილი, რომლებიც ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა სიტყვიერი დარიგება კარგ მაგალითთან არის შერწყმული. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
13 უანგარო სიყვარულის გამოვლენა. მაგალითით განმტკიცებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი სიყვარულის გამოვლენაა. „ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად [ღმერთმა] შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19). იეჰოვაა სიყვარულის წყარო და ყველაზე დიდებული მაგალითი. პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული „აგაპე“ ბიბლიაში 100-ზე მეტჯერ გვხვდება. ეს თვისება ჭეშმარიტ ქრისტიანებს სხვებისგან განასხვავებს (იოანე 13:35). ასეთი სიყვარული უნდა გამოვავლინოთ ღვთის, იესო ქრისტესა და ერთმანეთის მიმართ და ისეთი ადამიანების მიმართაც კი, რომლებიც შეიძლება გვაღიზიანებს (მათე 5:44, 45; 1 იოანე 5:3). ასეთი სიყვარულით ჯერ ჩვენი გულები უნდა იყოს აღსავსე და თვითონ უნდა ვავლენდეთ მას, და მხოლოდ მაშინ შევძლებთ შვილებისთვის მის ეფექტურად ჩანერგვას. საქმეები სიტყვებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ. ოჯახში ბავშვებმა აუცილებლად უნდა დაინახონ და იგრძნონ სიყვარული და სხვა მსგავსი გრძნობები, მაგალითად სითბოს გამოვლენა. თუ ბავშვის მიმართ ამ გრძნობებს არ გამოავლენენ, ის ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად სუსტი გაიზრდება. ბავშვები იმასაც უნდა ხედავდნენ, როგორ ავლენენ მშობლები სიყვარულსა და თბილ გრძნობებს ოჯახის გარეთ, თანაქრისტიანების მიმართ (რომაელთა 12:10; 1 პეტრე 3:8).
14. ა) როგორ შეიძლება ასწავლოთ შვილებს კმაყოფილების მომგვრელი ნაყოფიერი შრომა? ბ) როგორ შეიძლება ამის გაკეთება თქვენს ოჯახში?
14 მუშაობის სწავლა. შრომა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ადამიანს პირადი ღირსების გრძნობა რომ ჰქონდეს, საჭიროა ხარისხიანად მუშაობა იცოდეს (ეკლესიასტე 2:24; 2 თესალონიკელთა 3:10). თუ ბავშვს რაღაცას დაავალებთ, მაგრამ კარგად არ აუხსნით, როგორ უნდა გააკეთოს ეს საქმე, შემდეგ კი მისი ცუდად შესრულებისთვის დატუქსავთ, საეჭვოა, რომ ასე მოპყრობით მას საქმის ხარისხიანად კეთება ასწავლოთ. მაგრამ თუ ბავშვები მშობლების გვერდით მუშაობენ და ისე სწავლობენ, ამასთანავე, მშობლებისგან ქებასაც ისმენენ, მეტი მონდომებით ეცდებიან საქმის კეთებას, რაც თავის მხრივ, კმაყოფილების მომგვრელია. ხოლო თუ მშობლები პარალელურად ხსნიან, რასაც აკეთებენ, შვილები საქმის კეთებასთან ერთად სირთულეების გადალახვას, საქმის ბოლომდე მიყვანას, განსჯასა და გადაწყვეტილების მიღებასაც ისწავლიან. საქმის კეთებისას მშობელი ბავშვს უნდა დაეხმაროს იმის გაგებაში, რომ იეჰოვაც მუშაობს და მის მიერ გაკეთებული საქმეები შესანიშნავია და რომ იესო ბაძავს მამას (დაბადება 1:31; იგავნი 8:27–31; იოანე 5:17). თუ ოჯახი სოფლის მეურნეობას მისდევს ან სხვა რამე საქმიანობას ეწევა, შეიძლება რამდენიმე წევრმა ერთად იმუშაოს. დედამ შესაძლებელია ბიჭს ან გოგოს საჭმლის გაკეთება და ჭამის შემდეგ დალაგება-დასუფთავება ასწავლოს. მამამ, რომელიც სახლის გარეთ მუშაობს, შეიძლება დაგეგმოს, რომ საოჯახო საქმეები შვილებთან ერთად გააკეთოს. რამდენად სასარგებლოა, როდესაც მშობლები არა, უბრალოდ, რამის გაკეთებას ავალებენ შვილებს, არამედ ცხოვრებისთვის ამზადებენ მათ.
15. როგორ შეიძლება რწმენის გაკვეთილების მიცემა? მოიყვანეთ მაგალითი.
15 რწმენის გამოვლენა გასაჭირში. რწმენაც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. თუ ოჯახური შესწავლების დროს რწმენაზე საუბრობთ, ბავშვებს ეცოდინებათ, რა არის ის. მათ შეიძლება ისიც ესმოდეთ, რა იწვევს მათ გულებში რწმენის გაღრმავებას. მაგრამ, როდესაც ხედავენ, რომ მშობლები, დიდი განსაცდელების მიუხედავად, მტკიცე რწმენას ინარჩუნებენ, მათი მაგალითი შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეთ. ერთ პანამელ ქალს, რომელიც ბიბლიას სწავლობდა, ქმარი დაემუქრა, რომ, თუ იეჰოვასთვის მსახურებას არ შეწყვეტდა, სახლიდან გააძევებდა. მუქარის მიუხედავად, ამ ქალს ოთხ შვილთან ერთად არ შეუწყვეტია 16 კილომეტრის ფეხით, ხოლო შემდეგ 30 კილომეტრის ავტობუსით გავლა, რათა უახლოეს სამეფო დარბაზში მისულიყვნენ. ამ მაგალითის შემყურე მისი ოციოდე ნათესავისთვის ჭეშმარიტების გზით სიარული ძალზე ძვირფასი გახდა.
ბიბლიის ყოველდღიური კითხვის მაგალითის მიცემა
16. რატომ გვირჩევენ მთელი ოჯახით ბიბლიის ყოველდღიურ კითხვას?
16 უძვირფასესი ჩვევა, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ოჯახმა გამოიმუშავოს — ჩვევა, რომელიც სარგებლობას მოუტანს მშობლებს და მისაბაძ მაგალითს მისცემს შვილებს — არის ბიბლიის რეგულარული კითხვა. ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ, რათა ყოველდღიურად იკითხოთ ბიბლია. უმთავრესი ის კი არ არის, რამდენს წაიკითხავთ, არამედ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ კითხულობთ და აკეთებთ თუ არა ამას რეგულარულად. ბავშვებისთვის ბიბლიის კითხვას შეიძლება დაერთოს აუდიოკასეტების „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ მოსმენაც (თუ ის თქვენს ენაზე არსებობს). ღვთის სიტყვის ყოველდღიური კითხვა დაგვეხმარება, ყოველთვის თვალწინ გვედგას ღვთის აზრები. თუ ოჯახის წევრები არა მხოლოდ ცალ-ცალკე კითხულობენ ბიბლიას, არამედ ერთადაც, ეს მთელ ოჯახს იეჰოვას გზებით სიარულში დაეხმარება. სწორედ ამისკენ მოუწოდებდა გასულ წელს ჩატარებულ კონგრესზე, „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“, წარმოდგენილი დრამა „ოჯახებო, ყოველდღიურად იკითხეთ ბიბლია!“ (ფსალმუნი 1:1–3).
17. როგორ უწყობს ხელს ოჯახთან ერთად ბიბლიის კითხვა და ძირითადი ბიბლიური მუხლების დამახსოვრება ეფესელთა 6:4-ში მოცემული რჩევის გამოყენებას?
17 ბიბლიის მთელი ოჯახით კითხვა თანხმობაშია მოციქულ პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით ეფესელებისთვის მიწერილ სიტყვებთან: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). რას ნიშნავს ეს? აქ გამოყენებული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „დარიგება“, სიტყვასიტყვით „აზრების ჩადებას“ ნიშნავს; ასე რომ, ქრისტიან მამებს მოუწოდებენ, შვილებს იეჰოვა ღმერთის აზროვნება ჩაუდონ, ანუ ღვთის აზრებში წვდომა ასწავლონ. ამის მიღწევაში მშობლებს დაეხმარება ბავშვებისთვის ძირითადი ბიბლიური მუხლების დამახსოვრებისკენ წახალისება. მიზანი კი ის არის, რომ ბავშვები იეჰოვას თვალსაზრისით ხელმძღვანელობდნენ, რათა მათს სურვილებსა და საქციელში თანდათანობით ღვთის ნორმები აირეკლოს და ეს არ იყოს დამოკიდებული მშობლების მათთან ერთად ყოფნა-არყოფნაზე. მსგავსი აზროვნების საფუძველს ბიბლია წარმოადგენს (მეორე რჯული 6:6, 7).
18. ბიბლიის ყოველდღიური კითხვისას რა შეიძლება დაგვჭირდეს: ა) მის ნათლად გასაგებად? ბ) მისი რჩევიდან სარგებლობის მისაღებად? გ) იეჰოვას განზრახვის შესახებ ცნობაზე გამოსახმაურებლად? დ) ხალხის აზროვნებისა და მოქმედების შესახებ მასში მოცემული ცნობებიდან სარგებლობის მისაღებად?
18 რა თქმა უნდა, თუ გვინდა, რომ ბიბლიამ ჩვენს ცხოვრებაზე იმოქმედოს, უნდა გვესმოდეს, რას ამბობს ის. ამ მიზნის მისაღწევად მრავალს გარკვეული მონაკვეთების რამდენჯერმე წაკითხვა უწევს. ზოგიერთი გამოთქმის უკეთესად გასაგებად შეიძლება სიტყვების ლექსიკონებში ან ბიბლიურ ცნობარში (Insight on the Scriptures) მოძებნა დაგვჭირდეს. თუ მუხლში რჩევა ან მითითებაა მოცემული, გამოყავით დრო იმისთვის, რომ ოჯახთან ერთად ისაუბროთ დღევანდელი მდგომარეობების შესახებ, რომელშიც ნამდვილად საჭიროა ამ რჩევის თუ მითითების გამოყენება. შემდეგ შეიძლება იკითხოთ: „რა სარგებლობას მოგვიტანს ამ რჩევის მიყოლა?“ (ესაია 48:17, 18) თუ მუხლში იეჰოვას განზრახვის შესახებ არის ლაპარაკი, დასვით კითხვა: „როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ცხოვრებაზე?“ შეიძლება ისეთ მონაკვეთს კითხულობთ, სადაც ხალხის აზროვნებაზე ან გარკვეულ მოქმედებაზეა მოთხრობილი. რა სირთულეებთან მოუწიათ ამ ადამიანებს შეჭიდება? როგორ გაუმკლავდნენ მათ? როგორ შეგვიძლია მათი მაგალითიდან სარგებლობის მიღება? ყოველთვის უნდა გამოყოთ დრო, რომ ისაუბროთ, რას ვსწავლობთ ამ ცნობიდან დღეს ჩვენ (რომაელთა 15:4; 1 კორინთელთა 10:11).
19. რას მივცემთ შვილებს, თუ ღვთის მიმბაძველები ვიქნებით?
19 რა შესანიშნავი შესაძლებლობაა, ჩავიბეჭდოთ ღვთის აზრები ჩვენს გულსა და გონებაში! ამგვარად ჩვენ ნამდვილად ‘მივბაძავთ ღმერთს’ (ეფესელთა 5:1). და ამით შვილებს ნამდვილად მისაბაძ მაგალითს მივცემთ.
გახსოვთ თუ არა?
◻ რა სარგებლობა მოაქვს იეჰოვას მაგალითს მშობლებისთვის?
◻ რატომ უნდა იყოს შვილების დარიგება მშობლების კარგ მაგალითთან შერწყმული?
◻ ყველაზე კარგად რას სწავლობენ შვილები მშობლების მაგალითიდან?
◻ როგორ შეგვიძლია ოჯახთან ერთად ბიბლიის კითხვიდან სრული სარგებლობის მიღება?
[სურათები 10 გვერდზე]
მრავალი ყოველდღიურად კითხულობს ბიბლიას ოჯახთან ერთად.