„პოლონელი ძმები“ — რატომ დევნიდნენ მათ?
1638 წელს პოლონეთის პარლამენტმა საშინელი დარტყმა მიაყენა პატარა რელიგიურ ჯგუფს, რომელიც „პოლონელი ძმების“ სახელწოდებით იყო ცნობილი. განადგურებულ იქნა მათი ეკლესია და საბეჭდი დაზგა. დახურეს რაკოვის სკოლა, პროფესორები კი, რომლებიც იქ ასწავლიდნენ, გადაასახლეს.
ოცი წლის შემდეგ პარლამენტმა სხვა ნაბიჯიც გადადგა. მან ამ ჯგუფის ყველა წევრს, რომელთა რიცხვიც შეიძლება 10 000 ან უფრო მეტი ყოფილიყო, ქვეყნის დატოვება უბრძანა. რატომ შეიქმნა ასეთი კრიტიკული მდგომარეობა ქვეყანაში, რომელიც იმ დროს მთელ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე შემწყნარებელ ქვეყნად ითვლებოდა? რით დაიმსახურეს პოლონელმა ძმებმა ასეთი სასტიკი მოპყრობა?
ყოველივე მაშინ დაიწყო, როდესაც პოლონეთის კალვინისტურ ეკლესიაში სერიოზული განხეთქილება წარმოიშვა. კამათის ძირითადი მიზეზი სამების დოგმატი იყო. ამ ეკლესიაში ერთი მოწინავე მიმართულების წინამძღოლებმა უარყვეს ის, როგორც არაბიბლიური დოგმატი. ამან განარისხა ეკლესიის ხელმძღვანელობა და ზემოხსენებული მოწინავე მიმართულების გამოყოფა გამოიწვია.
კალვინისტებმა დისიდენტებს არიანელები (არიოზელები)a შეარქვეს, თვითონ ახალი ჯგუფის მიმდევრებმა კი არჩიეს, თავიანთი თავისთვის ქრისტიანები ან პოლონელი ძმები დაერქვათ. სერვეტის გავლენაში მყოფი იტალიელი მამაკაცის, ლელიუს სოცინის, დროიდან, რომლის ძმისწული, ფაუსტუს სოცინი, საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა და ამ მიმართულებაში ცნობილი პირი გახდა, ისინი აგრეთვე სოცინიანელებად არიან ცნობილი.
იმ დროს პოლონელი აზნაური იან სიენიენსკი ცდილობდა, ამ ახალი ეკლესიისთვის მიეცა, როგორც თვითონ უწოდებდა, „მშვიდი, განცალკევებული ადგილი“ დასაფუძნებლად. რადგანაც პოლონეთის მეფის წინაშე განსაკუთრებული მდგომარეობით სარგებლობდა, სიენიენსკიმ დააარსა ქალაქი რაკოვი, რომელიც მოგვიანებით პოლონეთში სოცინიანელობის ცენტრი გახდა. სიენიენსკიმ რაკოვის მოქალაქეებს გარკვეული უფლებები, მათ შორის თაყვანისცემის თავისუფლება, უბოძა.
ამ ახალმა ქალაქმა ხელოსნები, ექიმები, ფარმაცევტები, ქალაქელები და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები მიიზიდა. გარდა ამისა, იქ ჩავიდნენ მღვდლები პოლონეთიდან, ლიტვიდან, ტრანსილვანიიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდანაც კი. მაგრამ ყველა ახალჩამოსული როდი იზიარებდა სოცინიანელების მრწამსს; ამიტომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 1569—1572 წლებში, რაკოვი გაუთავებელი რელიგიური დისკუსიების ადგილად იქცა. რა შედეგი მოჰყვა ამას?
შინაომი
თვითონ სოცინიანელთა მიმართულებაც ორ ჯგუფად დაიყო: ერთს უფრო რადიკალური შეხედულებები ჰქონდა, მეორეს კი — შედარებით გაწონასწორებული. მაგრამ, მათ შორის არსებული სხვაობის მიუხედავად, მათი შეხედულებები მთლიანობაში გამორჩეული იყო. ისინი უარყოფდნენ სამებას, არ ნათლავდნენ პატარებს, ჩვეულებრივ, არ ატარებდნენ იარაღს და ხშირ შემთხვევაში არ მუშაობდნენ მუნიციპალურ დაწესებულებებშიb. გარდა ამისა, ისინი უარყოფდნენ ჯოჯოხეთის, როგორც სატანჯველი ადგილის, არსებობას. ყოველივე ამით ისინი უგულებელყოფდნენ ცნობილ რელიგიურ ტრადიციებს.
როგორც კალვინისტური, ისე კათოლიკური სამღვდელოება სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ ამ ჯგუფს, მაგრამ სოცინიანელები სარგებლობდნენ რელიგიური შემწყნარებლობით, რომელსაც მხარს უჭერდნენ ისეთი პოლონელი მეფეები, როგორებიც იყვნენ სიგიზმუნდ II ავგუსტი და სტეფან ბატორი, და თავიანთ იდეებს ასწავლიდნენ.
ბუდნის ძალზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი
ბიბლიის კალვინისტური თარგმანი, რომელსაც იმ დროს ფართოდ იყენებდნენ, ბევრი მკითხველის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. ის ორიგინალიდან კი არ იყო თარგმნილი, არამედ ლათინური „ვულგატიდან“ და მაშინდელი ფრანგული თარგმანიდან. „სილამაზემ აზრის უტყუარობა და სიზუსტე შეიწირა“, — ამბობს ერთი ავტორიტეტული პირი. მასში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ამიტომ სახელგანთქმულ სწავლულს, შიმონ ბუდნის, სთხოვეს ამ თარგმანის გასწორება. მან გადაწყვიტა, რომ ძველის გასწორებაზე ბევრად ადვილი მთლიანად ახალი თარგმანის გაკეთება იქნებოდა. დაახლოებით 1567 წელს ბუდნი ამ პროექტზე მუშაობას შეუდგა.
თარგმნისას ბუდნი ისე გულდასმით აანალიზებდა ყოველ სიტყვასა და მათ ფორმებს, რომ მსგავსი რამ პოლონეთში მანამდე არავის გაუკეთებია. სადაც ებრაულ ტექსტში სიძნელეებს აწყდებოდა, არშიაზე მოცემულ შენიშვნებში სიტყვასიტყვით თარგმანს უთითებდა; აუცილებლობის შემთხვევაში ახალ სიტყვებს ქმნიდა და მარტივი, თავისი დროის ყოველდღიური პოლონური ენის გამოყენებას ცდილობდა. მისი მიზანი იყო მკითხველისთვის ბიბლიის უტყუარი და ზუსტი თარგმანის წარდგენა.
ბუდნის მიერ შესრულებული მთლიანი ბიბლიის თარგმანი 1572 წელს გამოქვეყნდა. მაგრამ გამომცემლებმა ცვლილებები შეიტანეს მის მიერ თარგმნილ ბერძნულ წერილებში. მიუხედავად ამისა, ბუდნი შესწორებულ ტექსტზე მუშაობას შეუდგა და ორ წელიწადში დაასრულა. ბერძნული წერილების ბუდნის მიერ შესრულებული ბრწყინვალე თარგმანი აღემატებოდა მანამდე არსებულ პოლონურ თარგმანებს. გარდა ამისა, მან ბევრ ადგილზე აღადგინა ღვთის სახელი, იეჰოვა.
XVI საუკუნის დასასრულსა და XVII საუკუნის პირველ სამ ათწლეულში რაკოვი, ზემოხსენებული მიმართულების დედაქალაქი, რელიგიური და ინტელექტუალური ცენტრი გახდა. პოლონელი ძმების წინამძღოლები და მწერლები იქ აქვეყნებდნენ თავიანთ ტრაქტატებსა და ნაშრომებს.
ისინი მხარს უჭერდნენ განათლებას
პოლონელი ძმების საგამომცემლო საქმიანობამ ძალების მოკრება დაიწყო დაახლოებით 1600 წელს, როდესაც რაკოვში საბეჭდი დაზგა დადგეს. ამ დაზგაზე შესაძლებელი იყო როგორც პატარა ტრაქტატების, ისე დიდი წიგნების ბეჭდვა სხვადასხვა ენაზე. როგორც ბეჭდვითი საქმის ცენტრი, რაკოვი მალე ევროპაში შეუდარებელი ქალაქი გახდა. როგორც ვარაუდობენ, ამ დაზგაზე მომდევნო 40 წლის განმავლობაში 200 პუბლიკაცია დაიბეჭდა. ახლომდებარე ქაღალდის ფაბრიკა, რომელიც პოლონელ ძმებს ეკუთვნოდათ, მაღალხარისხოვან ქაღალდს აწვდიდა მათ ამ ლიტერატურისთვის.
მალე პოლონელმა ძმებმა დაინახეს თანამორწმუნეებისა და სხვებისთვის განათლების მიცემის აუცილებლობა. ამ მიზნით, 1602 წელს დაარსდა რაკოვის სკოლა. იქ სწავლობდნენ პოლონელი ძმების შვილები, აგრეთვე კათოლიკე და პროტესტანტი ბიჭები. თუმცა ეს სკოლა სასულიერო სემინარია იყო, მასში მარტო რელიგიას არ ასწავლიდნენ. სწავლების კურსში შედიოდა უცხო ენები, ეთიკა, ეკონომიკა, ისტორია, სამართალი, ლოგიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა, მედიცინა და ტანვარჯიში. სკოლას ჰქონდა დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც ადგილობრივი საბეჭდი დაზგის წყალობით უფრო და უფრო იზრდებოდა.
XVII საუკუნის დასაწყისში ისე ჩანდა, თითქოს პოლონელი ძმების წარმატებას არაფერი ემუქრებოდა. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა.
სამღვდელოება და სახელმწიფო წინააღმდეგობას უწევენ
ზბიგნიევ ოგონოვსკი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის მუშაკი, ამბობს: „XVII საუკუნის მესამე ათწლეულის ბოლოს პოლონეთში არიანელების სიტუაციამ სწრაფად იწყო გაუარესება“. ამის მიზეზი კათოლიკური სამღვდელოების სულ უფრო მეტად გააქტიურება იყო. სამღვდელოება იყენებდა ყველა შესაძლებელ საშუალებას, მათ შორის ცილისწამებას, რომ ეჭვის ქვეშ დაეყენებინა პოლონელი ძმების საქმიანობა. პოლონეთში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა უფრო გააადვილა შეტევა. პოლონეთის ახალი მეფე, სიგიზმუნდ III ვაზა, პოლონელ ძმებს ემტერებოდა. მისი მემკვიდრეებიც, განსაკუთრებით იოანე II ვაზა, მხარს უჭერდნენ კათოლიკური ეკლესიის მხრიდან პოლონელი ძმების საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობას.
სიტუაციამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც ხმა გავარდა, რაკოვის რამდენიმე სტუდენტმა შეგნებულად შეურაცხყო ჯვარიო. ეს შემთხვევა პოლონელი ძმების დედაქალაქის განადგურების საბაბი გახდა. რაკოვის სკოლის მფლობელი სკოლასა და საბეჭდ დაზგაზე ზრუნვისთვის საპარლამენტო სასამართლოს წინაშე „უზნეობის გავრცელებაში“ დაადანაშაულეს. პოლონელ ძმებს ბრალი დასდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში, აღვირახსნილობასა და უზნეობაში. პარლამენტმა გადაწყვიტა, დაეხურა რაკოვის სკოლა და გაენადგურებინა პოლონელი ძმების საბეჭდი დაზგა და ეკლესიის სხვა საკუთრება. თვითონ მორწმუნეებს ქალაქის დატოვება უბრძანეს. სკოლის პროფესორებს სიკვდილით დაემუქრნენ და ქვეყნიდან გააძევეს. ზოგი პოლონელი ძმა შედარებით უსაფრთხო ადგილებში, მაგალითად სილეზიასა და სლოვაკეთში, გადავიდა.
1658 წელს პარლამენტმა ბრძანება გასცა, რომ პოლონელ ძმებს გაეყიდათ თავიანთი ქონება და სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ გადასახლებულიყვნენ. მოგვიანებით ეს ვადა ორ წლამდე შეამცირეს. ამის შემდეგ მათი სარწმუნოების მიმდევარი ნებისმიერი ადამიანი სიკვდილით დაისჯებოდა.
ზოგი სოცინიანელი ნიდერლანდებში დასახლდა და იქ განაგრძო ბეჭდვითი საქმე. ტრანსილვანიაში მათი კრება XVIII საუკუნის დასაწყისამდე ფუნქციონირებდა; შეხვედრებზე, რომლებიც კვირაში სამჯერ ტარდებოდა, ისინი ფსალმუნებს მღეროდნენ, ქადაგებას ისმენდნენ და მათი მოძღვრების ასახსნელად შედგენილ კატეხიზისს კითხულობდნენ. კრების სიწმინდის დასაცავად ისინი თანამორწმუნეებს შენიშვნას აძლევდნენ, აფრთხილებდნენ და, აუცილებლობის შემთხვევაში, რიცხავდნენ კიდეც.
პოლონელი ძმები ღვთის სიტყვის მკვლევარები იყვნენ. მათ აღმოაჩინეს გარკვეული ძვირფასი ჭეშმარიტებები და უყოყმანოდ გაუზიარეს სხვებს. მაგრამ, საბოლოოდ, ისინი ევროპაში მიმოფანტეს, რის გამოც სულ უფრო უძნელდებოდათ ერთიანობის შენარჩუნება. დროთა განმავლობაში პოლონელმა ძმებმა შეწყვიტეს არსებობა.
[სქოლიოები]
a არიოზი (ახ. წ. 250—336 წწ.) ალექსანდრიელი მღვდელი იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ იესოს შემოქმედზე დაბალი მდგომარეობა უკავია. ნიკეის კრებამ ახ. წ. 325 წელს უარყო მისი თვალსაზრისი (იხილეთ 1989 წლის 22 ივნისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 27 [ინგლ.]).
b იხილეთ 1990 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 28, „სოცინიანელები — რატომ უარყოფდნენ ისინი სამებას?“ (რუს.).
[სურათი 23 გვერდზე]
ერთ–ერთი სოცინიანელის სახლი.
[სურათები 23 გვერდზე]
ზემოთ: რაკოვი დღეს; მარჯვნივ ჩანს მონასტერი, რომელიც 1650 წელს დაარსდა „არიანელობის“ ყოველგვარი კვალის აღმოსაფხვრელად; ქვემოთ: კათოლიკურმა სამღვდელოებამ ამ ადგილას აღმართა ჯვარი პოლონელ ძმებთან კონფლიქტის პროვოცირებისთვის.
[საავტორო უფლება 21 გვერდზე]
Title card of Biblia nieświeska by Szymon Budny, 1572.