კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ — რა არის იგი?
გასულ წელს მთელი მსოფლიოს 235 ქვეყანაში 6 035 564-მა ადამიანმა, ახალგაზრდამ თუ ხანდაზმულმა, 1 171 270 425 საათი გაატარა მის შესახებ სხვებთან საუბარში. საუბრების გარდა, მათ ხალხს დაუტოვეს 700 მილიონზე მეტი პუბლიკაცია, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდა მასზე და განმარტავდა მის მნიშვნელობას. მათ გაავრცელეს ათასობით აუდიო- და ვიდეოკასეტა, რომლებშიც მასზე იყო საუბარი. რა არის ამ მესამე პირის ნაცვალსახელით გადმოცემული?
სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა. ნამდვილად, «ეს სახარება სასუფეველზე [„კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ“, აქ]» არასოდეს ყოფილა ადრე იმდენად ნაქადაგები, როგორც დღეს (მათე 24:14).
ადამიანები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ეწევიან სამქადაგებლო და საგანმანათლებლო საქმიანობას, მოხალისეები არიან. წუთისოფლის თვალსაზრისით, ისინი შეიძლება ამ დავალების შესასრულებლად შეუფერებლები ჩანდნენ. მაშ, რა აძლევს მათ გამბედაობას და როგორ აღწევენ წარმატებას? სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ძალა დიდ როლს ასრულებს, რადგან ეს არის ცნობა კაცობრიობის მომავალი კურთხევების შესახებ. ადამიანებს კი სწყურიათ ეს კურთხევები — ბედნიერება, ეკონომიკური სირთულეებისგან თავის დაღწევა, კარგი მთავრობა, მშვიდობა და უსაფრთხოება, და ყველაზე სანუკვარი რამ, რომელსაც უმეტესობა აუხდენელ ოცნებად მიიჩნევს — მარადიულად ცხოვრება! ეს, მართლაც რომ, კეთილი ცნობაა ყველასთვის, ვინც ცხოვრების აზრს ეძებს. დიახ, ყველა ეს კურთხევა და უფრო მეტიც შეიძლება თქვენც მიიღოთ, თუ დადებითად გამოეხმაურებით კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ.
რა არის სამეფო?
მაშ, რა არის სამეფო, რომლის ცნობასაც კეთილ ცნობას უწოდებენ? ეს არის სამეფო, რის შესახებაც მილიონებს ასწავლიან ლოცვას; ამ ლოცვის ტექსტი კი ბევრისთვის ნაცნობია: «მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა» (მათე 6:9, 10).
ეს არის სამეფო, რომლის შესახებაც 25 საუკუნის წინათ ლაპარაკობდა ებრაელი წინასწარმეტყველი დანიელი: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
ამგვარად, კეთილი ცნობა არის ცნობა ღვთის სამეფოს ანუ მთავრობის შესახებ, რომელიც მოსპობს ყოველგვარ ბოროტებას და დედამიწის მშვიდობიანი მმართველი იქნება. ის განახორციელებს კაცობრიობისა და დედამიწის მიმართ შემოქმედის თავდაპირველ განზრახვას (დაბადება 1:28).
«მოახლოებულია ცათა სასუფეველი [„ზეციერი სამეფო“, აქ ]»
დაახლოებით 2 000 წლის წინათ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის საჯაროდ ქადაგება პირველად ღვთისადმი მიძღვნილმა მამაკაცმა დაიწყო, რომლის გარეგნობა და ქცევა თვალში საცემი იყო. ეს მამაკაცი, იოანე ნათლისმცემელი, იუდეველი მღვდლის ზაქარიასა და მისი ცოლის ელისაბედის შვილი გახლდათ. იოანეს აქლემის ბეწვის სამოსი ემოსა და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა, რითაც წინასწარმეტყველ ელიას ჰგავდა; ეს წინასწარმეტყველი კი მისი პირველსახე იყო, მაგრამ მრავალი ადამიანის ყურადღებას მაინც იოანეს ცნობა იპყრობდა. «მოინანიეთ, — აცხადებდა ის, — ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი [„ზეციერი სამეფო“, აქ]» (მათე 3:1—6).
იოანეს მსმენელები იუდეველები იყვნენ, რომლებიც თავიანთი მტკიცებით, ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, თაყვანისმცემლებს წარმოადგენდნენ. როგორც ერმა, მათ დაახლოებით 1500 წლის წინათ მოსეს მეშვეობით რჯულის კავშირი დადეს. იერუსალიმში ჯერაც წამომართული იყო დიდებული ტაძარი, სადაც რჯულის თანახმად შესაწირავებს სწირავდნენ. იუდეველები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი თაყვანისმცემლობა ღვთის თვალში სწორი იყო.
მაგრამ იოანეს მოსმენის შედეგად ზოგი მიხვდა, რომ მათი რელიგია ის არ იყო, როგორადაც წარმოედგინათ. ბერძნულმა კულტურამ და ფილოსოფიამ იუდეველთა რელიგიურ მოძღვრებაზე გავლენა იქონია. რჯული, რომელიც მათ მოსეს მეშვეობით ღვთისგან მიიღეს, ადამიანების მიერ შეთხზული მრავალი მრწამსისა და ტრადიციის შერევით წაიბილწა და თითქმის გაუქმდა (მათე 15:6). თავისი გულქვა და უმოწყალო რელიგიური წინამძღოლების მიერ შეცდომაში შეყვანილი ხალხის უმეტესობა ღმერთს მისაღები სახით აღარ სცემდა თაყვანს (იაკობი 1:27). აუცილებელი იყო, ღვთისა და რჯულის კავშირის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები მოენანიებინათ.
იმ დროს მრავალი იუდეველი მოელოდა აღთქმული მესიის, ანუ ქრისტეს, გამოჩენას და ზოგი იოანეზე ფიქრობდა: „ქრისტე ხომ არ არისო“. მაგრამ იოანე ყველას ეუბნებოდა, რომ არ იყო მესია და ხალხს მიუთითებდა იმ ადამიანზე, ვისზეც თქვა: „[მისი] სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ“ (ლუკა 3:15, 16). თავისი მოწაფეების წინაშე იესოს წარდგენისას კი განაცხადა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“ (იოანე 1:29).
ეს ნამდვილად კეთილი ცნობა იყო, რადგან იოანე, ფაქტობრივად, ყველა ადამიანს უჩვენებდა სიცოცხლისა და ბედნიერებისკენ მიმავალ გზას — იესოს, რომელიც ‘წუთისოფლის ცოდვას იღებდა’. როგორც ადამისა და ევას შთამომავლები, ყველა ადამიანი ცოდვისა და სიკვდილის ტირანიის ქვეშ იბადება. რომაელთა 5:19 განმარტავს: „როგორც ერთი კაცის [ადამის] ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის [იესოს] მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“. იესოს მსხვერპლშესაწირი კრავივით უნდა ‘აეღო ცოდვა’ და კაცობრიობისთვის მათი სავალალო მდგომარეობის სრულიად საპირისპირო პირობები უნდა მოეტანა. „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, — ამბობს ბიბლია, — „ხოლო ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23).
იესომ, როგორც სრულყოფილმა მამაკაცმა, მართლაც რომ, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულმა ადამიანმა, კეთილი ცნობის ქადაგება წამოიწყო. ბიბლიური ცნობა მარკოზის 1:14, 15-ში გვეუბნება: «მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, იესო მოვიდა გალილეას და ღვთის სახარებას ქადაგებდა. ამბობდა: «აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ]. მოინანიეთ და იწამეთ სახარება [„კეთილი ცნობა“, აქ]».
ისინი, ვინც გამოეხმაურა იესოს ცნობას და კეთილი ცნობისადმი რწმენა გამოავლინა, დიდად იქნენ კურთხეული. იოანეს 1:12 ამბობს: „ვინც კი მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა“. ღვთის შვილებად ანუ ძეებად გახდომა მარადიული სიცოცხლის ჯილდოს მიღების საშუალებას იძლეოდა (1 იოანე 2:25).
მაგრამ სამეფოს კურთხევების მიღების პატივი მხოლოდ პირველ საუკუნეში მცხოვრებთ როდი ხვდათ წილად. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, დღეს მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება და სწავლება. ასე რომ, სამეფოს კურთხევების მიღება ჯერ კიდევ შეიძლება. რა უნდა გააკეთოთ პირადად თქვენ ასეთი კურთხევების მისაღებად? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგცემთ.