როგორ დაეხმარა ვაჟი მამას
ჯეიმზი, 30-ს გადაცილებული ინგლისელი მამაკაცი, გონებრივად განუვითარებელი იყო და მსუბუქი ფორმის აუტიზმიც (აზრის ავადმყოფური კონცენტრაცია საკუთარ თავზე; ავადმყოფი მოწყვეტილია გარემოს, ცხოვრობს მის მიერ შექმნილ არარეალურ სამყაროში) ჰქონდა. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში დედასა და უფროს დასთან ერთად იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს ესწრებოდა. მამამისს კი მათი რწმენისადმი დიდი ინტერესი არასოდეს გამოუვლენია. ერთ საღამოს, მას შემდეგ, რაც კრების შეხვედრაზე იმის ინსცენირება გააკეთეს, თუ როგორ უნდა დაეპატიჟებინათ სხვები ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე, ჯეიმზი სასწრაფოდ შევიდა თავის საწოლ ოთახში. აღელვებული დედა უკან მიჰყვა და დაინახა, რომ შვილი გაშმაგებით ეძებდა რაღაცას „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ძველ ნომრებში. მან შეარჩია ერთი ნომერი, რომლის ბოლო გვერდზე გახსენების საღამოზე მიწვევა იყო დაბეჭდილი და მამასთან გაიქცა. ჯეიმზმა ჯერ სურათზე მიუთითა მამას, შემდეგ კი უთხრა: „შენ!“. დედ-მამამ გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს, როდესაც მიხვდნენ, რომ ჯეიმზი მამას გახსენების საღამოზე იწვევდა. მამა შვილს დაჰპირდა, იქნებ წამოვიდეო.
უფლის გახსენების საღამოზე წასვლამდე ჯეიმზმა მამის გარდერობიდან შარვალი გამოიტანა, მამას მიუტანა და ჟესტებით ანიშნა, ჩაიცვიო. მამამ კი უპასუხა, რომ შეხვედრაზე წასვლას არ აპირებდა. ასე რომ, ჯეიმზი და დედამისი სამეფო დარბაზში მარტონი წავიდნენ.
მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჯეიმზს სულ უფრო და უფრო უქრებოდა იმის სურვილი, რომ გამზადებულიყო და დედასთან ერთად კრების შეხვედრაზე წასულიყო, ნაცვლად ამისა სახლში, მამასთან, დარჩენას არჩევდა. ერთხელაც, ერთ კვირა დილით, ჯეიმზმა კვლავაც უარი თქვა კრებაზე წასასვლელად მომზადებაზე. დედის გასაოცრად, ჯეიმზის მამა შვილს მიუბრუნდა და უთხრა: „შვილო, დღეს მე რომ წავიდე კრებაზე, შენც წამოხვალ?“. ჯეიმზს სახე გაუბრწყინდა. მამას მკლავები შემოჰხვია და უთხრა: „კი“, და სამივენი ერთად წავიდნენ სამეფო დარბაზში.
იმ დღიდან მოყოლებული, ჯეიმზის მამა კვირაობით კრებას არასოდეს აცდენდა; მალე უთხრეს, რომ, თუ სულიერად წინსვლა სურდა, კრების სხვა შეხვედრებსაც უნდა დასწრებოდა (ებრაელთა 10:24, 25). ის ასეც მოიქცა და ორი თვის შემდეგ ბიბლიის რეგულარულად შესწავლაც დაიწყო. სულიერად სწრაფად წაიწია წინ, მალევე მოახდინა ცხოვრებაში აუცილებელი ცვლილებები და არც ისე დიდი ხნის შემდეგ სამეფოს შესახებ ქადაგებაში მონაწილეობაც დაიწყო. შესწავლის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ კი გადაწყვიტა, საკუთარი სიცოცხლე იეჰოვასთვის მიეძღვნა და ამის ნიშნად წყალში მოინათლა. დღეს ის თავის კრებაში თანაშემწედ მსახურობს და ახლა ოჯახი გაერთიანებულად ემსახურება იეჰოვას.