ნუგეში უბედურების დროს
საუკუნეების მანძილზე მრავალ ფილოსოფოსსა და ღვთისმეტყველს აინტერესებდა, თუ რატომ უშვებს ღმერთი ამდენ უბედურებას. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ რადგან ღმერთი ყოვლისშემძლეა, საბოლოო ჯამში, ის არის ყველა უბედურებაზე პასუხისმგებელი. II საუკუნეში შექმნილი აპოკრიფული წიგნის „კლემენტის ეპისტოლეს“ მწერალი ამტკიცებდა, რომ ღმერთს ორივე ხელით უჭირავს მსოფლიო. „მარცხენა ხელით“, ანუ ეშმაკის მეშვეობით, ის ტანჯვასა და უბედურებას იწვევს, ხოლო „მარჯვენა ხელით“, ანუ იესოს მეშვეობით, კი შველის და აკურთხებს ადამიანებს.
სხვები კი, რომელთა თვალსაზრისით ღმერთი არ იწვევს უბედურებას, ვერ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ის უშვებს ბოროტებას. მათ არჩიეს, საერთოდ უარყონ მისი არსებობა. „ბოროტება მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, — წერდა მერი ბეიკერ ედი. — ცოდვას, ავადმყოფობასა და სიკვდილს რომ არაფრად ვაგდებდეთ, მაშინ ისინი გაქრებოდნენ“ (Science and Health With Key to the Scriptures).
ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით კი პირველი მსოფლიო ომით დაწყებული ჩვენს დღეებამდე, მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა მრავალი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ღმერთს უბედურების შეჩერების ძალა არ შესწევს. „ჩემი აზრით, ჰოლოკოსტის შემდეგ ღმერთს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ყოვლისშემძლეს“, — წერს ებრაელი მეცნიერი დეივიდ ვოლფ სილვერმანი. შემდეგ კი დასძენს: „გარკვეულწილად რომ ჩავწვდეთ ღვთის ბუნებას, მისი სიკეთე ბოროტების არსებობას უნდა შევუთავსოთ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მის ყოვლისშემძლეობას გამოვრიცხავთ“.
მაგრამ იმის მტკიცება, რომ გარკვეულწილად ღმერთია დამნაშავე უბედურებაში, რომ მას არ შეუძლია მისი შეჩერება, ან უბედურება უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია, ვერაფერი ნუგეშია დატანჯული ადამიანისთვის. და რაც მთავარია, ასეთი შეხედულებები სრულიად ეწინააღმდეგება ბიბლიაში მოცემული სამართლიანი, ძლიერი და მზრუნველი ღმერთის აღწერილობას (იობი 34:10, 12; იერემია 32:17; 1 იოანე 4:8). რას ამბობს ბიბლია უბედურების მიზეზებზე?
უბედურების დასაბამი
ღმერთს ადამიანები სატანჯველად არ შეუქმნია. პირიქით, პირველი ადამიანები, ადამი და ევა, სრულყოფილი სხეულითა და გონებით დაასაჩუქრა, საცხოვრებლად შესანიშნავი ბაღი შეუქმნა და საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო მისცა (დაბადება 1:27, 28, 31; 2:8). მაგრამ მათი ბედნიერება იმაზე იყო დამოკიდებული, აღიარებდნენ თუ არა ღვთის მმართველობას და მის უფლებას, დაედგინა, რა იყო სიკეთე და რა — ბოროტება. ღვთის ეს უფლება „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხით“ იყო წარმოდგენილი (დაბადება 2:17). ღვთისადმი მორჩილებას ადამი და ევა იმით დაამტკიცებდნენ, თუ დაემორჩილებოდნენ მის მითითებას და ხის ნაყოფს არ შეჭამდნენa.
სამწუხაროდ, ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს. სულიერმა ქმნილებამ, რომელსაც სატანა ეშმაკი ეწოდა, ევა იმაში დაარწმუნა, რომ ღვთისადმი მორჩილება მის ინტერესებში არ შედიოდა. თითქოსდა ღმერთი მას მეტად სასურველ რამეს უმალავდა, კერძოდ დამოუკიდებლობას და უფლებას თავად გადაეწყვიტა, რა იყო სიკეთე და რა — ბოროტება. სატანა არწმუნებდა ევას, რომ თუ ხის ნაყოფს შეჭამდა, ‘თვალი აეხილებოდა და იქნებოდა ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელი’ (დაბადება 3:1—6; გამოცხადება 12:9). ევა დამოუკიდებლობის მიღწევის სურვილით ცდუნდა და აკრძალული ხის ნაყოფი იგემა, მალე ადამმაც იგივე მოიმოქმედა.
ადამმა და ევამ იმავე დღეს იგრძნეს თავიანთი დაუმორჩილებლობის შედეგი. ღვთის მმართველობის უარყოფით მათ დაკარგეს მფარველობა და კურთხევები, რომლებიც ღვთისადმი მორჩილების დროს ჰქონდათ. ღმერთმა სამოთხიდან განდევნა ისინი, ადამს კი უთხრა: „წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო, ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე. შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული“ (დაბადება 3:17, 19). ადამსა და ევას ავადმყოფობა, ტკივილი, სიბერე და სიკვდილი ხვდათ წილად. ტანჯვა ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა (დაბადება 5:29).
წამოჭრილი საკითხის მოგვარება
ზოგს შეიძლება დაებადოს კითხვა: განა ღმერთს არ შეეძლო, უბრალოდ, ყურადღება არ მიექცია ადამისა და ევას ცოდვისთვის? არა, რადგან ამას შეეძლო მომავალში ზიანი მიეყენებინა ღვთის მმართველობისთვის და მისადმი ურჩობის ახალ შემთხვევებს ეჩინა თავი, რაც მეტ უბედურებას გამოიწვევდა (ეკლესიასტე 8:11). გარდა ამისა, ადამიანთა დაუმორჩილებლობაზე თვალის დახუჭვით ღმერთი მათი დანაშაულის თანამონაწილე გახდებოდა. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, მოსე, შეგვახსენებს: „სრულყოფილია მისი საქმე, რადგან სამართლიანია ყოველი მისი გზა. სარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა. მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4). თავისი პრინციპების ერთგული რომ ყოფილიყო, ღმერთმა დაუშვა ადამისა და ევას ტანჯვა, რაც მათივე დაუმორჩილებლობის შედეგი იყო.
რატომ მაშინვე არ გაანადგურა ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი და სატანა, რომელიც მთავარი წამქეზებელი იყო? უდავოა, მას შეეძლო ამის გაკეთება. ადამი და ევა ვეღარ წარმოშობდნენ შთამომავლობას, რომელსაც მემკვიდრეობით ტანჯვა და სიკვდილი ხვდებოდა წილად. მაგრამ თუ ღმერთი ამგვარად გამოავლენდა ძალას, ამით ვერ დამტკიცდებოდა, რომ ის სამართლიანად მმართველობს თავის მოაზროვნე ქმნილებებზე. გარდა ამისა, ადამი და ევა უშვილძიროდ რომ მომკვდარიყვნენ, ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ღმერთმა ვერ შეძლო თავისი განზრახვის შესრულება და დედამიწის დასახლება მათი სრულყოფილი შთამომავლებით (დაბადება 1:28). „ღმერთი კაცი როდია... რომ გადათქვას. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ აღასრულოს?“ (რიცხვნი 23:19).
სრულყოფილი სიბრძნიდან გამომდინარე, იეჰოვა ღმერთმა გადაწყვიტა, გარკვეული ხნის განმავლობაში თავისი ქმნილებებისთვის დამოუკიდებლად ყოფნის ნება მიეცა. ამგვარად, მათ საკმარისი დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ ღვთისაგან დამოუკიდებლობის შედეგები დაენახათ. ისტორიამ თვალნათლივ აჩვენა, რომ კაცობრიობას ღვთის ხელმძღვანელობა ესაჭიროება, ხოლო ღვთის მმართველობა კი გაცილებით აღემატება ადამიანთა თუ სატანის მმართველობას. ამავე დროს, ღმერთმა იმაზეც იზრუნა, რომ დედამიწასთან დაკავშირებული მისი თავდაპირველი განზრახვა შესრულებულიყო. მან დადო აღთქმა, რომ მოვიდოდა „თესლი“, ანუ „შთამომავალი“, რომელიც ‘თავს გაუჭეჭყავდა’ სატანას და ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრიდა მისი დაუმორჩილებლობის სავალალო შედეგებს (დაბადება 3:15).
ეს აღთქმული თესლი იესო ქრისტე იყო. 1 იოანეს 3:8-ში ვკითხულობთ: „გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი“. ამისათვის კი თავისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად და ადამის შთამომავლების ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლების საფასურად გადაიხადა (იოანე 1:29; 1 ტიმოთე 2:5, 6). ისინი, ვინც ნამდვილ რწმენას ავლენს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ, უბედურებისგან სამუდამოდ დაიხსნიან თავს (იოანე 3:16; გამოცხადება 7:17). მაგრამ როდის მოხდება ეს?
უბედურების დასასრული
ღვთის მმართველობის უარყოფამ ენით აუწერელი ტანჯვა გამოიწვია. ამიტომ გონივრული იყო, რომ ღმერთს განსაკუთრებული სახით გამოევლინა თავისი ძალაუფლება, რათა ბოლო მოეღო ადამიანთა ტანჯვა-წამებისთვის და დედამიწასთან დაკავშირებით თავისი თავდაპირველი განზრახვა განეხორციელებინა. იესო სწორედ ამაზე საუბრობდა, როდესაც თავის მიმდევრებს ლოცვა ასწავლა: «მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... მოვიდეს სუფევა შენი [„მოვიდეს შენი სამეფო“, აქ], და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა» (მათე 6:9, 10).
დრო, რომელიც ღმერთმა ადამიანებს დამოუკიდებლად მმართველობისთვის მისცა, იწურება. ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, 1914 წელს ზეცაში დამყარდა მისი სამეფო, სადაც მეფე იესო ქრისტეაb. მალე ეს სამეფო „შემუსრავს და დააქცევს“ ადამიანთა ყველა მთავრობას (დანიელი 2:44).
დედამიწაზე თავისი ხანმოკლე მსახურების დროს, იესომ წინასწარ დაგვანახვა ის კურთხევები, რომლებსაც ღვთის მმართველობა მოუტანს კაცობრიობას. როგორც სახარებებიდან ვიგებთ, იესო თანაგრძნობას ავლენდა საზოგადოების ღარიბი და დაჩაგრული წევრების მიმართ. ის ავადმყოფებს კურნავდა, მშივრებს აპურებდა და მკვდრებს აღადგენდა. მას ბუნების ძალებიც კი ემორჩილებოდნენ (მათე 11:5; მარკოზი 4:37—39; ლუკა 9:11—16). წარმოიდგინეთ, რამდენ რამეს გააკეთებს იესო, როდესაც თავის გამომსყიდველურ მსხვერპლს მორჩილი ადამიანების სასარგებლოდ გამოიყენებს! ბიბლია აღგვითქვამს, რომ ქრისტეს მმართველობის დროს, ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი [კაცობრიობის] თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4).
ნუგეში უბედურების დროს
რა გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენი მოსიყვარულე და ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე და მალე შვებას მოჰგვრის კაცობრიობას! ჩვეულებრივ, მძიმე ავადმყოფი ხალისით სთანხმდება ისეთ მკურნალობაზე, რომელიც მოარჩენს, თუნდაც ეს დიდ ტკივილთან იყოს დაკავშირებული. მსგავსადვე, ძალებს გვმატებს იმის ცოდნა, რომ მარადიული კურთხევების ფონზე, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას მოუტანს, დღევანდელი სირთულეები დროებითია.
წინა სტატიაში მოხსენიებული რიკარდო ერთ-ერთი მათგანია, ვინც ბიბლიური დაპირებებით იყო ნუგეშცემული. „ცოლის სიკვდილის შემდეგ, განმარტოების სურვილი გამიჩნდა, — იხსენებს ის. — მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამით ცოლს ვერ დავიბრუნებდი და უარეს ემოციურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი“. ამიტომ რიკარდომ კვლავ აქტიურად განაგრძო ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და სხვებისთვის ბიბლიური ცნობის გაზიარება. „როდესაც ვხედავ, რომ იეჰოვა სიყვარულით მიდგას მხარში და ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებშიც კი ლოცვებზე მპასუხობს, მასთან სიახლოვეს ვგრძნობ, — ამბობს რიკარდო. — იმის ცოდნამ, რომ ღმერთს ვუყვარვარ, ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი განსაცდელის გადატანა შემაძლებინა“. შემდეგ კი დასძენს: „დღემდე ძალიან მენატრება ჩემი ცოლი, მაგრამ მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ რაც უნდა დაუშვას იეჰოვამ, გამოუსწორებელ ზიანს ვერაფერი მოგვაყენებს“.
ნატრობთ რიკარდოსა და სხვა მილიონობით ადამიანის მსგავსად იმ დროის დადგომას, როდესაც კაცობრიობის ამჟამინდელი უბედურება „აღარ გაიხსენება... და ფიქრადაც არავის მოუვა“? (ესაია 65:17, სსგ). ეჭვი ნუ შეგეპარებათ იმაში, რომ თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ღვთის სამეფოს კურთხევები, თუ მიჰყვებით ბიბლიურ რჩევას: „ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუწოდეთ მას, სანამ ახლოა იგი“ (ესაია 55:6).
ამისთვის კი ღვთის სიტყვის კითხვა და გულმოდგინე შესწავლა უმნიშვნელოვანეს საქმედ გაიხადეთ ცხოვრებაში. გაიცანით ღმერთი და მის მიერ წარმოგზავნილი, იესო ქრისტე. მთელი მონდომებით ეცადეთ, იცხოვროთ ღვთის ნორმების თანახმად და ამგვარად ცხადყვეთ, რომ მისი უზენაესი ხელისუფლების მორჩილება გსურთ. ეს კი, მიუხედავად დღევანდელი განსაცდელებისა, მეტ სიხარულს მოგიტანთ. მომავალში კი ისეთ დედამიწაზე ცხოვრებით გაიხარებთ, სადაც უბედურება აღარ იქნება (იოანე 17:3).
[სქოლიოები]
a „იერუსალიმის ბიბლიაში“ დაბადების 2:17-ის სქოლიოში ნათქვამია, რომ „კეთილისა და ბოროტის შეცნობით“ წარმოდგენილი იყო „სიკეთისა და ბოროტების განსაზღვრის და ამის თანახმად მოქმედების უფლება. ეს იყო სრული მორალური დამოუკიდებლობის მოთხოვნა, რითაც ადამიანი უარყოფდა, რომ ის ქმნილება იყო“. სქოლიო დასძენს: „პირველი ცოდვა ღვთის უზენაეს ხელისუფლებაზე თავდასხმას ნიშნავდა“.
b 1914 წელთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველების უფრო დეტალური განხილვა იხილეთ წიგნის „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ მე-10 და მე-11 თავებში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო 6, 7 გვერდებზე]
როგორ გავუმკლავდეთ უბედურებით მიყენებულ ტკივილს?
„თქვენი ყველა საზრუნავი მას [ღმერთს] მიანდეთ“ (1 პეტრე 5:7). როდესაც უბედურება გვატყდება თავს ან ვხედავთ, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანი იტანჯება, ჩვეულებრივ, საგონებელში ვცვივდებით, რისხვისა და უმწეობის გრძნობა გვეუფლება. მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი (გამოსვლა 3:7; ესაია 63:9). ძველ დროში მცხოვრები ერთგული მორწმუნე მამაკაცების მსგავსად, შეგვიძლია გული გადავუშალოთ მას და ვესაუბროთ ჩვენი ეჭვებისა და შეშფოთების შესახებ (გამოსვლა 5:22; იობი 10:1—3; იერემია 14:19; აბაკუმი 1:13). მან შეიძლება სასწაულებრივად არ ჩამოგვაშოროს განსაცდელები, მაგრამ გვიპასუხებს გულწრფელ ლოცვებზე და მათთან გამკლავების სიბრძნესა და ძალას მოგვცემს (იაკობი 1:5, 6).
„ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ დაგმართვოდეთ“ (1 პეტრე 4:12). აქ პეტრე დევნაზე საუბრობდა, მაგრამ მისი სიტყვები შეიძლება იმ ტანჯვა-წამებასაც მივუსადაგოთ, რომელსაც მორწმუნე განიცდის. ბევრი სიდუხჭირის, ავადმყოფობისა და საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო იტანჯება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11, სსგ). ამჟამად ყოველივე ეს ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამის გაანალიზება კი ტანჯვასთან და უბედურებასთან გამკლავებაში დაგვეხმარება (1 პეტრე 5:9). მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, გახსოვდეთ, რომ „უფლის თვალები მიპყრობილია წმიდებისაკენ და მისი ყურები — მათი ღაღადისაკენ“, რაც განსაკუთრებით მანუგეშებელია (ფსალმუნი 33:16; იგავები 15:3; 1 პეტრე 3:12).
„იხარეთ იმედში“ (რომაელთა 12:12). ნაცვლად იმისა, რომ წარსულ ბედნიერებას მივტიროდეთ, ვიფიქროთ ღვთის აღთქმაზე, რომ ყველანაირ უბედურებას ბოლოს მოუღებს (ეკლესიასტე 7:10). ეს საფუძვლიანი იმედი მუზარადივით დაიფარავს ჩვენს გონებას. იმედი ასუსტებს იმ დარტყმებს, რომელსაც ცხოვრება გვაყენებს და ამგვარად ისინი მომაკვდინებელ ზიანს ვეღარ აყენებენ ჩვენს ფიზიკურ, ემოციურ თუ სულიერ ჯანმრთელობას (1 თესალონიკელთა 5:8).
[სურათი 5 გვერდზე]
ადამმა და ევამ ღვთის მმართველობა უარყვეს.
[სურათი 7 გვერდზე]
ღმერთი აღგვითქვამს მსოფლიოს, სადაც უბედურება აღარ იქნება.