ღმერთია პასუხისმგებელი ჩვენს პრობლემებზე?
როცა მერიონის უფროსმა ქალიშვილმა ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო, მერიონი ისე მოიქცა, როგორც ბევრი ჩვენგანი მოიქცეოდაa. მან ილოცა და ღმერთს სთხოვა დახმარება. „ასე უმწეოდ და მარტოდ თავი არასდროს მიგრძნია“, — ამბობს მერიონი. მოგვიანებით მისი ქალიშვილის მდგომარეობა გაუარესდა და მერიონს ეჭვები გაუჩნდა ღმერთთან დაკავშირებით. „რატომ მოხდა ასეთი რამ?“ — მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ეპოვა. მერიონს არ ესმოდა, როგორ შეეძლო მოსიყვარულე და მზრუნველ ღმერთს მისი მიტოვება.
მერიონის შემთხვევა გამონაკლისი როდია. მსოფლიოში მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი მათ გაჭირვების დროს მარტო ტოვებს. „დღემდე მოსვენებას არ მაძლევს იმაზე ფიქრი, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი რამ? — თქვა ლისამ მას შემდეგ, რაც მისი შვილიშვილი მოკლეს. — ღვთის რწმენა არ დამიკარგავს, მაგრამ ნამდვილად შემერყა“. მსგავსი რამ თქვა ერთმა დედამ, რომელსაც ტრაგიკულად დაეღუპა ჩვილი ბავშვი: „მომხდართან დაკავშირებით ღმერთმა არანაირად არ მანუგეშა. მას ჩემდამი არავითარი მზრუნველობა და თანაგრძნობა არ გამოუვლენია“. შემდეგ კი დასძინა: „ამას ღმერთს არასდროს ვაპატიებ“.
სხვებს ღმერთთან დაკავშირებით უარყოფითი გრძნობები იმის გამო ეუფლებათ, რასაც ირგვლივ ხედავენ. ზოგ ქვეყანაში ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილობს; ომის დროს სასოწარკვეთილებას ეძლევიან ლტოლვილები; უამრავ ბავშვს აობლებს შიდს-ი და მილიონობით ადამიანს ტანჯავს სხვადასხვა დაავადებები. მსგავსი უბედურებების გამო ბევრი ღმერთს უმოქმედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.
სინამდვილეში კი კაცობრიობის პრობლემებზე ღმერთი არაა პასუხისმგებელი. უფრო მეტიც, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, გვჯეროდეს, რომ ის მალე ნებისმიერი უბედურების კვალს წაშლის. მომდევნო სტატია დაგარწმუნებთ, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე.
[სქოლიოები]
a სახელები შეცვლილია.