ღმერთი ნამდვილად ზრუნავს თქვენზე
სრულიად ბუნებრივია, რომ მძიმე მდგომარეობაში ყოფნისას დახმარებისთვის ღმერთს მივმართოთ. ის ხომ „დიდია . . . და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია“ (ფსალმუნები 146:5). მასზე უკეთ ვერავინ დაგვეხმარება პრობლემების მოგვარებაში. გარდა ამისა, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ‘გული გადმოვღვაროთ’ მის წინაშე (ფსალმუნები 61:9). მაშ, რატომ ეუფლება ბევრს ისეთი გრძნობა, რომ ღმერთი მათ ლოცვებს არ პასუხობს? ნიშნავს ეს იმას, რომ ის არ ზრუნავს ადამიანებზე?
გულგრილობაში ღვთის დადანაშაულების ნაცვლად, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა. როცა მშობლებს თქვენი მორიგი სურვილი არ შეუსრულებიათ, დაგიდანაშაულებიათ ისინი იმაში, რომ არ უყვარდით? ბევრი სწორედ ასე იქცევა ბავშვობაში. როცა გაიზარდეთ, დაინახეთ, რომ სიყვარული ბევრნაირად ვლინდება და ბავშვის ყოველი მოთხოვნის დაკმაყოფილება სიყვარულის გამოვლენა სულაც არ არის.
მსგავსად ამისა, იეჰოვა თუ ლოცვებს ყოველთვის ჩვენი ნება-სურვილისამებრ არ პასუხობს, ეს ჩვენს უგულებელყოფას არ ნიშნავს. სინამდვილეში, ღმერთი ჩვენდამი მზრუნველობას მრავალი სახით ავლენს.
„მისით ვცოცხლობთ“
უპირველესად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ღვთის ნებით „ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“ (საქმეები 17:28, აქ). ღმერთმა სიცოცხლე გვაჩუქა, რაც იმას ცხადყოფს, რომ ის ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე!
გარდა ამისა, იეჰოვა ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოფს იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ის ‘აღმოაცენებს ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას — ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან’ (ფსალმუნები 103:14). ჩვენი შემოქმედი იმაზე მეტსაც გვაძლევს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. ის გულუხვად გვაძლევს ‘წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებს გულებს’ (საქმეები 14:17).
მიუხედავად ამისა, ბევრს ებადება კითხვა: „თუ ღმერთს ასე ვუყვარვართ, რატომღა უშვებს ჩვენს ტანჯვას?“ იცით, როგორია ამ კითხვაზე პასუხი?
ღმერთია დამნაშავე?
ბევრ პრობლემას ადამიანები თვითონვე უქმნიან საკუთარ თავს. მაგალითად, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს იმის კეთებას, რაც რისკთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ადამიანები ჩაფლულნი არიან სექსუალურ უზნეობაში, ბოროტად იყენებენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს, ეწევიან სიგარეტს, ებმებიან სპორტის სახიფათო სახეობებში, სწრაფად მართავენ მანქანას და ასე შემდეგ. მათ ასეთ მოქმედებას თუ უბედურება მოჰყვება, ვინ იქნება დამნაშავე? ღმერთი თუ თვითონ ის, ვინც არაგონივრულად იქცევა? ღვთის სიტყვაში დაწერილია: „ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:7).
გარდა ამისა, ადამიანებს ხშირად ერთმანეთისთვისაც მოაქვთ ზიანი. თუ რომელიმე ქვეყანა ომს აცხადებს, ცხადია, ღმერთი არ არის დამნაშავე იმ უბედურებაში, რომელიც ომს მოჰყვება. როცა ვინმეს ბოროტმოქმედი ესხმის თავს, ღმერთი უნდა დავადანაშაულოთ, თუ დამნაშავის მსხვერპლი დაზარალდა ან დაიღუპა? ცხადია, არა! როცა დიქტატორი ჩაგრავს, აწამებს და ხოცავს თავის ქვეშევრდომებს, ღმერთია ამაზე პასუხისმგებელი? ასეთ შემთხვევებში ღვთის დადანაშაულება ნამდვილად არაგონივრულია (ეკლესიასტე 8:9).
რა შეიძლება ითქვას იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი სიღატაკეში ცხოვრობს და შიმშილობს? ღმერთია დამნაშავე? არა. ჩვენს პლანეტაზე იმაზე მეტი საკვებია, ვიდრე თითოეული ადამიანის გამოსაკვებად არის საჭირო (ფსალმუნები 9:23, 24; 144:16). შიმშილობა და სიღარიბე იმით არის გამოწვეული, რომ არათანაბრად ნაწილდება ის, რასაც ღმერთი გულუხვად გვაძლევს. ამ პრობლემის გადაჭრას კი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ანგარება უშლის ხელს.
მთავარი მიზეზი
ვინ არის დამნაშავე, როცა ვინმე ავად ხდება ან სიბერის გამო იღუპება? გაგაკვირვებთ იმის გაგება, რომ ღმერთს არც ასეთ შემთხვევებში მიუძღვის ბრალი? მას იმისათვის არ შეუქმნია ადამიანი, რომ დაბერებულიყო და მომკვდარიყო.
როცა იეჰოვამ ადამიანთა პირველი წყვილი, ადამი და ევა, ედემის ბაღში დაასახლა, მათ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედიც მისცა. ღმერთს სურდა, რომ დედამიწაზე ეცხოვრათ ადამიანებს, რომლებიც ამ შესაძლებლობას დააფასებდნენ. ამიტომაც მარადიული სიცოცხლის იმედთან დაკავშირებით მან ერთი მოთხოვნა დააწესა. ადამი და ევა მანამდე შეძლებდნენ სამოთხეში ცხოვრებას, ვიდრე მოსიყვარულე შემოქმედს დაემორჩილებოდნენ (დაბადება 2:17; 3:2, 3, 17—23).
სამწუხაროდ, ადამმა და ევამ მორჩილება არ გამოავლინეს. ევამ სატანა ეშმაკს მოუსმინა. სატანამ მოატყუა ის და, ფაქტობრივად, უთხრა, რომ ღმერთი რაღაც კარგს უმალავდა. ევამ ღვთისგან დამოუკიდებლობა არჩია და მოისურვა, ‘ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელი’ გამხდარიყო. ადამიც მასავით განუდგა ღმერთს (დაბადება 3:5, 6).
ასეთი ცოდვის ჩადენით ადამმა და ევამ ცხადყვეს, რომ მარადიულ ცხოვრებას არ იმსახურებდნენ. ისინი ვერ გაექცნენ ცოდვის საშინელ შედეგებს. თანდათანობით სიცოცხლისუნარიანობა დაკარგეს და საბოლოოდ დაიხოცნენ (დაბადება 5:5). პირველი წყვილის დაუმორჩილებლობას უფრო სერიოზული შედეგებიც მოჰყვა. მათი ცოდვის გამო ადამიანები დღემდე ვიტანჯებით. პავლე მოციქულმა დაწერა: „ერთი ადამიანის [ადამის] მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). დიახ, ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის შედეგად, ცოდვა და სიკვდილი დამღუპველ დაავადებასავით მოედო მთელ კაცობრიობას.
ღვთის მზრუნველობის უდიდესი მტკიცება
ნიშნავს ეს იმას, რომ ღვთის ქმნილება — ადამიანი — ერთხელ და სამუდამოდ დაიღუპა? არა, და სწორედ აქ ვხედავთ უდიდეს მტკიცებას, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე. ღმერთმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო იმისათვის, რომ კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან გამოესყიდა. გამოსასყიდი იესოს სრულყოფილი სიცოცხლე იყო, რომელიც მან ჩვენთვის საკუთარი ნებით შესწირა (რომაელთა 3:24). ამიტომაც იოანე მოციქულმა დაწერა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). სიყვარულის ასეთი გამოვლენის წყალობით კვლავაც მოგვეცა მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა. პავლე მოციქულმა რომაელებს მისწერა: „ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ“ (რომაელთა 5:18).
შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღვთის მიერ დადგენილ დროს დედამიწაზე არავითარი ტანჯვა და სიკვდილი აღარ იარსებებს. იმ დროს შესრულდება ის, რაც „გამოცხადებაშია“ ნაწინასწარმეტყველები: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4). შეიძლება თქვათ: „იმ დროს მე ვერ მოვესწრები“. სინამდვილეში კი გაქვთ ამის შესაძლებლობა და იმ შემთხვევაშიც, თუ მანამდე დაიღუპებით, ღმერთს თქვენი მკვდრეთით აღდგენა შეუძლია (იოანე 5:28, 29). მას ასეთი მომავალი აქვს კაცობრიობისთვის განზრახული და ყველაფერი სწორედ მისი ნებისამებრ მოხდება. მაშ, რამდენად არ შეესაბამება ჭეშმარიტებას ის აზრი, რომ ღმერთი არ ზრუნავს ადამიანებზე!
„მიუახლოვდით ღმერთს“
მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთს ადამიანთა ტანჯვის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა აქვს განზრახული. მაგრამ რა შეიძლება ითქვას დღევანდელობაზე? რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ საყვარელი ადამიანი გვეღუპება ან ბავშვი გვიავადდება? ჯერ არ დამდგარა დრო, როცა ღმერთმა ავადმყოფობა და სიკვდილი უნდა მოსპოს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იმ დრომდე ლოდინი მოგვიწევს. მაგრამ ღმერთი დახმარების გარეშე არ დაგვტოვებს. მოწაფე იაკობმა დაწერა: „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8). დიახ, ჩვენი შემოქმედი გვთავაზობს, ახლო ურთიერთობა დავამყაროთ მასთან. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის — ურთულეს მდგომარეობაშიც კი — ვიგრძნობთ მის მხარდაჭერას.
როგორ შეგვიძლია ღმერთთან დაახლოება? მსგავსი კითხვა დასვა მეფე დავითმა ათასწლეულების წინ: „უფალო! . . . ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?“ (ფსალმუნები 14:1). დავითმა თვითონვე უპასუხა თავის შეკითხვას: „ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია, და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში, ვინც არავის გაჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს“ (ფსალმუნები 15:2, 3). სხვაგვარად რომ ვთქვათ, იეჰოვასთვის მოსაწონი ადამიანები იმ გზით დადიან, რომელიც ადამმა და ევამ მიატოვეს. იეჰოვა უახლოვდება მათ, ვინც მის ნებას ასრულებს (მეორე რჯული 6:24, 25; 1 იოანე 5:3).
როგორ შეგვიძლია ღვთის ნების შესრულება? ამისათვის საჭიროა გავიგოთ, თუ რა არის ‘კეთილი და სათნო ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის’ და შემდეგ შესაბამისად მოვიქცეთ (1 ტიმოთე 2:3). ეს ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, საფუძვლიანი ცოდნის მიღებასაც გულისხმობს (იოანე 17:3; 2 ტიმოთე 3:16, 17). ამაში ბიბლიის კითხვაზე მეტი მოიაზრება. საჭიროა მივბაძოთ ბერეაში მცხოვრებ პირველი საუკუნის ებრაელებს, რომლებმაც პავლეს ქადაგება მოისმინეს. მათ შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11).
ბიბლიის გულმოდგინედ შესწავლა ღვთისადმი რწმენას გვიძლიერებს და ღმერთთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში გვეხმარება (ებრაელთა 11:6). გარდა ამისა, ბიბლიის შესწავლის დახმარებით ვხედავთ, თუ როგორ ეპყრობა იეჰოვა კაცობრიობას, რასაც არა მხოლოდ ხანმოკლე სარგებლობა მოაქვს ადამიანებისთვის, არამედ მარადიული კურთხევებიც — სწორად განწყობილთათვის.
აი რას ამბობენ ქრისტიანები, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ ღმერთთან. „ძალიან მიყვარს იეჰოვა და ბევრი რამისთვის ვარ მისი მადლიერი, — ამბობს 16 წლის დანიელა. — მან მაკურთხა მოსიყვარულე მშობლებით, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ღმერთი და რომლებმაც მისი სიტყვა მასწავლეს“. ურუგვაიში მცხოვრები ერთი ქრისტიანი წერს: „გული მადლიერებით მაქვს სავსე და მინდა, მადლობა გადავუხადო იეჰოვას დაუმსახურებელი სიკეთისთვის და მეგობრობისთვის“. ღმერთი პატარებსაც კი უახლოვდება. შვიდი წლის გაბრიელა ამბობს: „ღმერთი ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს! მე ჩემი ბიბლია მაქვს და მიყვარს, როცა ღმერთზე და მის შვილზე ვსწავლობ“.
დღეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სულითა და გულით იზიარებს ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება“ (ფსალმუნები 72:28). ეს მათ ამჟამინდელ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება და დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების საფუძვლიან იმედს აძლევს (1 ტიმოთე 4:8). განა არ უნდა დაისახოთ მიზნად ‘ღმერთთან დაახლოება’? ბიბლია გვარწმუნებს, რომ ‘ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან’ (საქმეები 17:27). და ის ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე!
[სურათები 5 გვერდზე]
ჩვენდამი იეჰოვას მზრუნველობა ბევრ რამეში ჩანს.
[სურათი 7 გვერდზე]
ბავშვებსაც კი შეუძლიათ ღმერთთან დაახლოება.
[სურათები 7 გვერდზე]
დღეს იეჰოვა სირთულეების ატანაში გვეხმარება, თავის დროზე კი ის ავადმყოფობასა და სიკვდილს მოსპობს.