გონივრული ხელმძღვანელობა დაქორწინებული წყვილებისთვის
„ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს, ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები“ (ეფესოელები 5:22, 25).
1. როგორია ქორწინებაზე სწორი თვალსაზრისი?
იესომ თქვა, რომ ქორწინება ღვთის მიერ არის დაფუძნებული და შეუღლებისას მამაკაცი და ქალი „ერთ ხორცად“ იქცევა (მათე 19:5, 6). ორი განსხვავებული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი სწავლობს, საერთო ინტერესები განივითაროს და ერთი და იმავე მიზნებისკენ ისწრაფვოს. ქორწინება მუდმივი კავშირია და არა დროებითი შეთანხმება, რომელიც შეიძლება ადვილად დაირღვეს. ბევრ ქვეყანაში რთული არ არის მეუღლესთან ოფიციალურად გაყრა, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით ქორწინება წმინდა კავშირია. წყვილი მხოლოდ მაშინ ეყრება ერთმანეთს, როდესაც ამისთვის სერიოზული მიზეზი არსებობს (მათე 19:9).
2. ა) რა დამხმარე საშუალებები არსებობს დაქორწინებულთათვის? ბ) რატომ უნდა ვეცადოთ ყველანაირად, რომ ჩვენი ქორწინება ბედნიერი იყოს?
2 ერთი კონსულტანტი, რომელიც ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით რჩევებს იძლევა, ამბობს: „ბედნიერი ქორწინება ცვლილებების გაუთავებელ პროცესს მოიცავს, რადგან წყვილი ბევრ სიახლეს ხვდება და ცხოვრების თითოეულ ეტაპზე წამოჭრილ პრობლემებთან გასამკლავებლად ხელმისაწვდომ დამხმარე საშუალებებს მიმართავს“. ქრისტიანი მეუღლეებისთვის ასეთი დამხმარე საშუალებაა გონივრული რჩევების მიღება ბიბლიიდან, თანაქრისტიანების მხარდაჭერა და ლოცვის მეშვეობით იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა. ბედნიერი წყვილი იტანს სიძნელეებს, რასაც წლების განმავლობაში სიხარული და კმაყოფილება მოაქვს მათთვის. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს განადიდებს ქორწინების დამფუძნებელს, იეჰოვა ღმერთს (დაბადება 2:18, 21—24; 1 კორინთელები 10:31; ეფესოელები 3:15; 1 თესალონიკელები 5:17).
მიჰბაძეთ იესოს და მის კრებას
3. ა) რას ურჩევს პავლე ქრისტიან წყვილებს? ბ) რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ქრისტემ?
3 ორი ათასი წლის წინათ მოციქულმა პავლემ ქრისტიან წყვილებს გონივრული რჩევა მისცა: „როგორც კრება ემორჩილება ქრისტეს, ისე დაემორჩილონ ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესოელები 5:24, 25). რა კარგი შედარებაა! ქრისტიანი ცოლები, რომლებიც თავმდაბლურად ემორჩილებიან ქმრებს, ჰბაძავენ კრებას, რომელიც აღიარებს და მიჰყვება მეთაურობის პრინციპს. მორწმუნე ქმრები, რომლებიც ლხინსა თუ ჭირში სიყვარულს ავლენენ ცოლების მიმართ, ცხადყოფენ, რომ მიჰყვებიან ქრისტეს მაგალითს, რომელსაც უყვარს კრება და ზრუნავს მასზე.
4. როგორ შეუძლიათ ქმრებს მიჰყვნენ იესოს მაგალითს?
4 ცოლის თავი ქმარია, მაგრამ ქმარსაც ჰყავს თავი, იესო ქრისტე (1 კორინთელები 11:3). აქედან გამომდინარე, როგორც ქრისტე ზრუნავს კრებაზე, ასევე ქმრები სიყვარულით ზრუნავენ თავიანთ ოჯახებზე; ამაში შედის მათი ფიზიკური, სულიერი და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მაშინაც კი, თუ ეს მსხვერპლის გაღებას მოითხოვს. ქმრები ოჯახის კეთილდღეობას საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებენ. იესომ თქვა: „ამიტომ, ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ამ პრინციპის გამოყენება განსაკუთრებით ოჯახშია გონივრული. პავლემ ეს შემდეგი სიტყვებით დაგვანახვა: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები . . . არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფესოელები 5:28, 29). ქმარმა ისევე უნდა იზრუნოს ცოლზე, როგორც საკუთარ თავზე ზრუნავს.
5. როგორ შეუძლიათ ცოლებს მიჰბაძონ ქრისტიანულ კრებას?
5 ღვთისმოშიში ცოლებისთვის ქრისტიანული კრება მისაბაძი მაგალითია. როდესაც იესო დედამიწაზე მსახურობდა, მისმა მიმდევრებმა სიხარულით მიატოვეს თავიანთი საქმეები და მას გაჰყვნენ. ისინი იესოს მისი სიკვდილის შემდეგაც ემორჩილებოდნენ. თითქმის 2000 წელზე მეტია, რაც ჭეშმარიტი ქრისტიანული კრება იესოს ემორჩილება და ნებისმიერ საკითხში მის ხელმძღვანელობას მიჰყვება. მსგავსადვე, ქრისტიანი ცოლები უპატივცემულოდ არ ეპყრობიან ქმრებს და საღვთო წერილში ქორწინებასთან დაკავშირებით მოცემულ მეთაურობის პრინციპს უმნიშვნელოდ არ მიიჩნევენ. ისინი ემორჩილებიან და მხარში უდგანან ქმრებს, თანამშრომლობენ მათთან და ასეთი სახით ამხნევებენ. თუ ორივე — ქმარიც და ცოლიც — ასე მოიქცევა და ამას სიყვარულით გააკეთებს, ისინი ბედნიერები იქნებიან და ერთმანეთთან ურთიერთობა სიხარულს მოუტანთ.
განაგრძეთ მათთან ცხოვრება
6. რა რჩევა მისცა პეტრემ ქმრებს და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
6 პეტრე მოციქულმაც მისცა რჩევა დაქორწინებულებს. მისი სიტყვები განსაკუთრებით ქმრებისთვის არის საყურადღებო: „ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ, რადგან თქვენც მათთან ერთად ხართ სიცოცხლის დაუმსახურებელი საჩუქრის თანამემკვიდრეები“ (1 პეტრე 3:7). ამ მუხლიდან ჩანს, თუ რამდენად დასაფიქრებელია პეტრეს რჩევა. თუ ქმრები ცოლებს უპატივცემულოდ მოეპყრობიან, ეს იეჰოვასთან ურთიერთობაზე იმოქმედებს; მათი ლოცვები დაბრკოლდება.
7. როგორ უნდა სცენ ქმრებმა პატივი ცოლებს?
7 როგორ შეუძლიათ ქმრებს, სათანადო პატივი სცენ ცოლებს? ისინი სიყვარულითა და პატივისცემით უნდა მოეპყრონ მათ. ცოლებისადმი ასეთი თავაზიანი მოპყრობა ბევრისთვის უცხოა. ერთი ბერძენი სწავლული ამბობს: „რომის იმპერიაში გამომავალი კანონის თანახმად, ქალის უფლებები შეზღუდული იყო. ის იმავე უფლებებით სარგებლობდა, რითაც ბავშვები. . . . ქალი მთლიანად ქმრის განკარგულებაში იყო და მას ისე ეპყრობოდა, როგორც მოისურვებდა“. როგორ ეწინააღმდეგება ეს ქრისტიანულ სწავლებებს! ქრისტიანი ქმრები პატივს სცემენ თავიანთ ცოლებს. ისინი ცოლებთან ურთიერთობისას ქრისტიანული პრინციპებით ხელმძღვანელობენ და არა პირადი ახირებით. უფრო მეტიც, ქმარი „შეძენილი ცოდნის თანახმად“ ითვალისწინებს იმას, რომ ცოლი „სუსტი ჭურჭელია“.
„სუსტი ჭურჭელი“ — რა მხრივ?
8, 9. რა მხრივ არიან ქალები მამაკაცების თანასწორნი?
8 როდესაც პეტრემ ქალები „სუსტ ჭურჭელს“ შეადარა, ის არ გულისხმობდა, რომ ქალები სულიერად ან ინტელექტუალურად მამაკაცებზე სუსტები არიან. კრებაში ქრისტიან მამაკაცებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობები და ოჯახშიც მათ ემორჩილებიან ცოლები (1 კორინთელები 14:35; 1 ტიმოთე 2:12). თუმცა, როგორც მამაკაცებისგან, ისე ქალებისგან მოითხოვება რწმენისა და მოთმინების გამოვლენა და მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვა. როგორც პეტრემ თქვა, ორივე — ქმარიც და ცოლიც — „სიცოცხლის დაუმსახურებელი საჩუქრის თანამემკვიდრეები“ არიან. როდესაც საქმე გადარჩენას ეხება, ისინი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ (გალატელები 3:28). პეტრემ პირველ საუკუნეში მცხოვრებ სულით ცხებულებს მისწერა, რომ ქრისტიან ქმრებსა და მათ ცოლებს, როგორც „ქრისტეს თანამემკვიდრეებს“, ერთნაირი ზეციერი იმედი ექნებოდათ (რომაელები 8:17). ღვთის სამეფოში როგორც მამაკაცები, ისე ქალები მღვდლებად და მეფეებად იმსახურებდნენ (გამოცხადება 5:10).
9 სულით ცხებულ ქრისტიან ცოლებს სულით ცხებულ ქმრებთან შედარებით დაბალი მდგომარეობა არ უკავიათ. იგივე შეიძლება ითქვას მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებზეც. მამაკაცებიც და ქალებიც, რომლებიც „უამრავ ხალხს“ მიეკუთვნებიან, ირეცხავენ თავიანთ სამოსელს და ათეთრებენ კრავის სისხლით. ისინი „დღე და ღამ“ ხოტბას ასხამენ იეჰოვას მთელ მსოფლიოში (გამოცხადება 7:9, 10, 14, 15). მამაკაცებიც და ქალებიც სიხარულით ელიან „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“, როცა გაიხარებენ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ (რომაელები 8:21; 1 ტიმოთე 6:19). იმისგან დამოუკიდებლად, სულით ცხებულია თუ „სხვა ცხვარი“, ყველა ქრისტიანი იეჰოვას ემსახურება, როგორც „ერთი სამწყსო“, და მათ „ერთი მწყემსი“ ჰყავთ (იოანე 10:16). ეს ნამდვილად საფუძვლიანი მიზეზია ქრისტიანი ქმრებისა და ცოლებისთვის, რომ ერთმანეთს საკადრისი პატივი სცენ!
10. რა გაგებით არის ქალი „სუსტი ჭურჭელი“?
10 მაშ რა გაგებით არის ქალი „სუსტი ჭურჭელი“? როგორც ჩანს, პეტრეს იმის თქმა სურდა, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით ფიზიკურად სუსტები არიან. გარდა ამისა, თუმცა ქალები ბავშვების გაჩენის დიდებული ძღვენით არიან დაჯილდოებულნი, არასრულყოფილების გამო მშობიარობა აუარესებს მათ ჯანმრთელობას. ორსულობის პერიოდში ქალები, ძირითადად, თავს შეუძლოდ გრძნობენ. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვას საჭიროებენ ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს. როდესაც ქმარს ესმის, რომ ცოლი ემოციურ მხარდაჭერას საჭიროებს და პატივს სცემს მას, ეს ხელს უწყობს ოჯახის ბედნიერებას.
რელიგიურად დაყოფილი ოჯახები
11. რა მხრივ შეიძლება განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მქონე ცოლ-ქმარი ბედნიერი იყოს?
11 რისი თქმა შეიძლება, თუ წყვილს განსხვავებული რელიგიური შეხედულებები აქვს და ეს იმით არის განპირობებული, რომ ერთ-ერთმა მათგანმა დაქორწინების შემდეგ მიიღო ჭეშმარიტება? შესაძლებელია ასეთი ოჯახი ბედნიერი იყოს? ბევრი შემთხვევა ცხადყოფს, რომ შესაძლებელია. სხვადასხვა რელიგიური შეხედულებების მქონე წყვილსაც კი შეიძლება მტკიცე ოჯახი ჰქონდეს და ბედნიერები იყვნენ. ამასთანავე, მათი ქორწინება ძვირფასია იეჰოვას თვალში, რადგან ისინი „ერთი ხორცი“ არიან. ამგვარად, ქრისტიანებს ურჩევენ, დარჩნენ ურწმუნო მეუღლესთან, თუ ეს უკანასკნელი თანახმაა. თუ მათ შვილები ჰყავთ, ქრისტიანი მშობელი თავისი ერთგულებით კარგ მაგალითს აძლევს ბავშვებს (1 კორინთელები 7:12—14).
12, 13. პეტრეს რჩევის თანახმად, როგორ შეუძლიათ ქრისტიან ცოლებს ურწმუნო ქმრების დახმარება?
12 პეტრემ რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში მცხოვრებ ქრისტიან ქალებს კეთილი რჩევა მისცა. მისი სიტყვები შეიძლება სასარგებლო იყოს იმავე მდგომარეობაში მყოფი ქრისტიანი ქმრებისთვისაც. პეტრემ დაწერა: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტრე 3:1, 2).
13 კარგია, თუ ცოლი ტაქტიანად უხსნის ქმარს თავისი მრწამსის შესახებ. მაგრამ, თუ ქმარს ამის გაგონებაც კი არ უნდა? ეს მისი გადასაწყვეტია. და მაინც, სიტუაცია უიმედო არ არის, რადგან ქრისტიანული საქციელი ძლიერი დამოწმებაა. ბევრი ქმარი, რომლებიც ჭეშმარიტებისადმი ინტერესს არ ავლენდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც ცოლებს, მათი კარგი საქციელის შედეგად, ‘მარადიული სიცოცხლისთვის განეწყო’ (საქმეები 13:48). მაშინაც კი, თუ ქმარი არ იღებს ჭეშმარიტებას, ცოლის კარგმა საქციელმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს მასზე, რაც განამტკიცებს მათ ოჯახურ კვანძებს. ერთმა მამაკაცმა, რომლის ცოლიც იეჰოვას მოწმეა, აღიარა, რომ ვერასდროს შეძლებდა ღვთის მაღალი მორალური ნორმების თანახმად ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავს „მომხიბვლელი ცოლის ბედნიერი ქმარი“ უწოდა და ერთ-ერთ საგაზეთო წერილში გულწრფელად შეაქო მეუღლე და მისი თანამორწმუნეები.
14. როგორ შეუძლიათ ქრისტიან ქმრებს ურწმუნო ცოლების შეძენა?
14 მსგავსადვე, ქრისტიანი ქმრები, რომლებიც პეტრეს რჩევას ითვალისწინებენ, თავიანთი კარგი საქციელით ცოლებს იძენენ. ურწმუნო ცოლები ხედავენ, რომ ქმრები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ოჯახს, აღარ ხარჯავენ ფულს სიგარეტში, სასმელსა თუ აზარტულ თამაშებში, და აღარც უწმაწურ სიტყვებს ხმარობენ. ზოგი ცოლი ქრისტიანული კრების წევრებსაც ეცნობა. მათზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მოსიყვარულე ქრისტიანული საძმო და მათი საქციელი. ეს კი ურწმუნო ცოლებს იეჰოვასკენ იზიდავს (იოანე 13:34, 35).
„შინაგანი ადამიანი“
15, 16. რომელი თვისებების გამოვლენით შეუძლია ქრისტიან ცოლს ურწმუნო ქმრის შეძენა?
15 როგორი საქციელით შეიძლება ქმრის შეძენა? ქრისტიანისთვის შესაფერისი საქციელით. პეტრე ამბობს: „თქვენი სილამაზე ნუ იქნება გარეგნობაში: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა თუ ჩაცმულობაში, არამედ იყოს შინაგან ადამიანში, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით. ღვთის მოიმედე წმინდა ქალები წინათაც ასე იმკობდნენ თავს, როცა ქმრებს ემორჩილებოდნენ, როგორც სარა ემორჩილებოდა აბრაამს და ბატონს უწოდებდა. თუკი კარგს აკეთებთ და არ უშინდებით იმას, რაც საშიშია, თქვენც სარას შვილები ხართ“ (1 პეტრე 3:3—6).
16 პეტრე ქრისტიან ქალებს ურჩევს, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭონ გარეგნობას. ნაცვლად ამისა, ქმარმა უნდა დაინახოს, თუ როგორ მოქმედებს ბიბლიური სწავლებები ცოლის შინაგან პიროვნებაზე. ცოლმა უნდა დაანახოს ქმარს, რომ ის ახალი პიროვნებით იმოსება. შესაძლოა ქმარმა დიდი განსხვავება დაინახოს, როგორი იყო ცოლი ჭეშმარიტებამდე და როგორია — ახლა (ეფესოელები 4:22—24). ის უეჭველად შეამჩნევს, რომ ცოლი „სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ იმოსება, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის. ასეთი თვისებები არა მხოლოდ ქმრისთვის არის მოსაწონი, არამედ „ღვთის თვალშიც ძალიან ძვირფასია“ (კოლოსელები 3:12).
17. რა მხრივ არის სარა კარგი მაგალითი ქრისტიანი ცოლებისთვის?
17 სარა შესანიშნავი მაგალითია ქრისტიანი ცოლებისთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც ურწმუნო ქმარი ჰყავს. უდავოა, სარა აბრაამს ოჯახის მეთაურად მიიჩნევდა. მან თავის გულშიც კი „ბატონი“ უწოდა აბრაამს (დაბადება 18:12). რასაკვირველია, ამით სარას ღირსება არ შელახულა. ის სულიერად ძლიერი იყო და იეჰოვასადმი მტკიცე რწმენა ჰქონდა. სარა ‘მოწმეთა დიდ ღრუბელში’ შედის, რომლის რწმენაც აღგვძრავს, „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრაელები 11:11; 12:1). ქრისტიანი ცოლების ღირსება არ შეილახება, თუ სარას მიჰბაძავენ.
18. რა პრინციპი უნდა გამოიყენონ ქრისტიანებმა რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში?
18 რელიგიურად დაყოფილი ოჯახის მეთაურად მაინც ქმარი ითვლება. თუ ის ქრისტიანია, პატივისცემით ეკიდება ცოლის რწმენას, თუმცა კომპრომისზე არ მიდის თავის რწმენასთან დაკავშირებით. თუ ოჯახში ცოლია ქრისტიანი, არც ის მიდის დათმობაზე, როცა საქმე მის რწმენას ეხება (საქმეები 5:29); თუმცა, არ უგულებელყოფს ქმარს, როგორც ოჯახის თავს. ის პატივს სცემს ქმრის მდგომარეობას და რჩება „ქმრის კანონის“ ქვეშ (რომაელები 7:2).
ბიბლიური ხელმძღვანელობის მიყოლა გონივრულია
19. რამ შეიძლება შეასუსტოს ოჯახური კვანძები და როგორ შეიძლება ამის თავიდან არიდება?
19 დღეს ბევრმა რამემ შეიძლება შეასუსტოს ოჯახური კვანძები. ზოგი ქმარი სათანადოდ ვერ ასრულებს თავის პასუხისმგებლობას. ზოგი ქალი კი არ ემორჩილება ქმარს, როგორც ოჯახის თავს. არის ისეთი ოჯახები, სადაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. რაც შეეხებათ ქრისტიანებს, არასრულყოფილების, ეკონიმიკური გაჭირვების, ქვეყნიერებაში გამეფებული აღვირახსნილობისა და ზნეობრივი ფასეულობების გაუფასურების გამო, მათი ერთგულება შეიძლება გამოიცადოს. მიუხედავად ამისა, ქრისტიანები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ბიბლიურ პრინციპებს იცავენ, იეჰოვასგან კურთხევებს იღებენ. მაშინაც კი, თუ ერთ-ერთი მეუღლე იცავს ბიბლიურ პრინციპებს, ოჯახში უკეთესი მდგომარეობაა. უფრო მეტიც, იეჰოვა იწონებს და მხარს უჭერს თავის მსახურებს, რომლებიც რთულ სიტუაციებშიც კი მეუღლეების ერთგულები რჩებიან. ის არ ივიწყებს მათ ერთგულებას (ფსალმუნები 17:26; ებრაელები 6:10; 1 პეტრე 3:12).
20. რა რჩევა მისცა მოციქულმა პეტრემ ქრისტიანებს?
20 მას შემდეგ, რაც მოციქულმა პეტრემ რჩევა მისცა დაქორწინებულ წყვილებს, ასეთი გამამხნევებელი სიტყვები თქვა: „ბოლოს, ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი. ბოროტის გამკეთებელს ბოროტით არ გადაუხადოთ და მლანძღველს ლანძღვით არ უპასუხოთ, არამედ აკურთხეთ ისინი, რადგან იმისთვის ხართ მოწოდებულნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ“ (1 პეტრე 3:8, 9). ნამდვილად გონივრული რჩევაა ყველასთვის, განსაკუთრებით კი დაქორწინებულთათვის!
გახსოვთ თუ არა?
• როგორ ჰბაძავენ ქრისტიანი ქმრები იესოს?
• როგორ ჰბაძავენ ქრისტიანი ცოლები კრებას?
• როგორ უნდა სცენ პატივი ქმრებმა ცოლებს?
• როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ცოლი, თუ ქმარი არ იზიარებს მის რწმენას?
[სურათი 16 გვერდზე]
ქრისტიან ქმარს უყვარს თავისი ცოლი და ზრუნავს მასზე.
ქრისტიანი ცოლი აფასებს და პატივს სცემს ქმარს.
[სურათი 17 გვერდზე]
რომის კანონისგან განსხვავებით, ქრისტიანული სწავლება მოითხოვს, რომ ქმარმა პატივი სცეს ცოლს.
[სურათი 18 გვერდზე]
მამაკაცები და ქალები, რომლებიც „უამრავ ხალხს“ მიეკუთვნებიან, სამოთხეში მარადიულ სიცოცხლეს ელიან.
[სურათი 20 გვერდზე]
სარა აბრაამს თავის ბატონად მიიჩნევდა.