სიმართლის ძიება დაგვიცავს
„უპირველესად ეძებეთ . . . [ღვთის] სიმართლე“ (მათე 6:33).
1, 2. რა გადაწყვეტილება მიიღო ახალგაზრდა ქრისტიანმა ქალმა და რატომ?
აზიაში ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი ქალი მდივნად მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებაში. ის კეთილსინდისიერად ასრულებდა სამუშაოს — თავის დროზე მიდიოდა სამსახურში და დროს უქმად არ ხარჯავდა. ის დროებით მიიღეს ამ სამუშაოზე და დატოვებდნენ თუ არა, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დაწესებულების უფროსმა შესთავაზა, რომ, თუ მისი საყვარელი გახდებოდა, მუდმივად დატოვებდა და მაღალ თანამდებობაზეც გადაიყვანდა. ქალმა კატეგორიული უარი უთხრა, რაც სამუშაოს დაკარგვას ნიშნავდა.
2 არაგონივრულად მოიქცა ეს ქრისტიანი ქალი? რა თქმა უნდა, არა. იგი ზუსტად მიჰყვებოდა იესოს სიტყვებს: „უპირველესად ეძებეთ . . . [ღვთის] სიმართლე“ (მათე 6:33). მისთვის სამართლიანი პრინციპების დაცვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უზნეობის ჩადენის ფასად სამუშაოზე დაწინაურება (1 კორინთელები 6:18).
სიმართლის გამოვლენა მნიშვნელოვანია
3. რას ნიშნავს სიმართლე?
3 „სიმართლე“ გულისხმობს ზნეობრივ სიწმინდესა და პატიოსნებას. ბიბლიაში „სიმართლედ“ ნათარგმნ ბერძნულ და ებრაულ სიტყვებს „სისწორისა“ და „წესიერების“ მნიშვნელობა აქვს. ამაში არ იგულისხმება ის, რომ ადამიანი თავის მიერ დადგენილი ნორმების საფუძველზე იყოს საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული (ლუკა 16:15). მართალი ადამიანი იეჰოვას ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, რადგან ეს „ღვთის სიმართლეა“ (რომაელები 1:17; 3:21).
4. რატომ არის ქრისტიანისთვის სიმართლის გამოვლენა მნიშვნელოვანი?
4 რატომ არის სიმართლის გამოვლენა მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ „მართალ ღმერთს“, იეჰოვას, მოსწონს, როცა მისი ხალხი სიმართლეს ავლენს (ფსალმუნები 4:2, აქ; იგავები 2:20—22; აბაკუმი 1:13). მას, ვინც უსამართლოდ იქცევა, ახლო ურთიერთობა ვერ ექნება ღმერთთან (იგავები 15:8). ამიტომ მოუწოდებდა მოციქული პავლე ტიმოთეს, ‘გაქცეოდა ახალგაზრდულ სურვილებს’ და, სხვა მნიშვნელოვან თვისებებთან ერთად, ‘სიმართლისკენაც ესწრაფა’ (2 ტიმოთე 2:22). აგრეთვე, პავლემ „სიმართლის ჯავშანი“ სულიერ საჭურველში მოიხსენია (ეფესოელები 6:14).
5. როგორ შეუძლია არასრულყოფილ ადამიანს სიმართლის ძიება?
5 რა თქმა უნდა, ვერც ერთი ადამიანი ვერ იქნება აბსოლუტურად მართალი. ადამისგან მემკვიდრეობით არასრულყოფილება გადავიდა ყველაზე და დაბადებიდან ყველა უსამართლო და ცოდვილია. და მაინც, იესომ გვითხრა, რომ სიმართლე უნდა ვეძებოთ. როგორ არის ეს შესაძლებელი? იესომ სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო ჩვენს გამოსასყიდად; თუ რწმენას ვავლენთ ამ მსხვერპლისადმი, იეჰოვა მზად არის, გვაპატიოს ცოდვები (მათე 20:28; იოანე 3:16; რომაელები 5:8, 9, 12, 18). როდესაც ვეცნობით იეჰოვას სამართლიან ნორმებს და ყველანაირად ვცდილობთ მათ დაცვას — ამავე დროს ვლოცულობთ, რომ ღმერთი სისუსტეების დაძლევაში დაგვეხმაროს — იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვა იწონებს ჩვენს თაყვანისცემას (ფსალმუნები 1:6; რომაელები 7:19—25; გამოცხადება 7:9, 14). ამის ცოდნა ჩვენთვის ძალიან მანუგეშებელია.
სიმართლე უსამართლო ქვეყნიერებაში
6. რატომ წარმოადგენდა ქვეყნიერება საშიშროებას პირველი ქრისტიანებისთვის?
6 როდესაც იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ მისი მოწმეები იქნებოდნენ „დედამიწის კიდით კიდემდე“, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ ისინი რთულ სიტუაციებშიც აღმოჩნდებოდნენ (საქმეები 1:8). ყველა ის ტერიტორია, სადაც მათ უნდა დაემოწმებინათ, „ბოროტის [სატანის] ძალაუფლებაში“ იყო (1 იოანე 5:19). მთელი ქვეყნიერება სატანის სულით იყო გაჟღენთილი და ქრისტიანებს თავი უნდა დაეცვათ მისი საზიანო გავლენისგან (ეფესოელები 2:2). ქრისტიანებს ქვეყნიერება საფრთხეს უქმნიდა. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდნენ პატიოსნების შენარჩუნებას, თუ ღვთის სიმართლის ძიებას პირველ ადგილზე დააყენებდნენ. პირველი საუკუნის ქრისტიანთაგან უმეტესობა უმწიკვლო დარჩა, მხოლოდ რამდენიმემ დატოვა „სიმართლის გზა“ (იგავები 12:28, სსგ; 2 ტიმოთე 4:10).
7. რატომ უწევთ ქრისტიანებს საზიანო გავლენასთან წინააღმდეგობის გაწევა?
7 დღევანდელ ქვეყნიერებასაც შეუძლია ქრისტიანებისთვის საფრთხის შექმნა? რა თქმა უნდა. დღეს უფრო საშიშია ქვეყნიერება, ვიდრე პირველ საუკუნეში იყო. იმ დროისგან განსხვავებით, სატანა დედამიწაზეა გადმოგდებული და გააფთრებით ებრძვის ცხებულ ქრისტიანებს, „დანარჩენებს მისი [ქალის] შთამომავლებიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და მოწმობენ იესოს შესახებ“ (გამოცხადება 12:12, 17). სატანას მათზეც მიაქვს იერიში, რომლებიც „შთამომავლების“ მხარეს იკავებენ. ქრისტიანები ვერ დაემალებიან ქვეყნიერებას. მართალია ისინი ქვეყნიერების ნაწილი არ არიან, მაგრამ ქვეყნიერებაში ცხოვრობენ (იოანე 17:15, 16). ისინი ქადაგებენ ქვეყნიერებაში, რათა მოძებნონ სწორად განწყობილი ხალხი და ქრისტეს მოწაფეებად გახადონ (მათე 24:14; 28:19, 20). რადგან ქრისტიანებს არ შეუძლიათ, მთლიანად აარიდონ თავი ქვეყნიერებას, ისინი წინააღმდეგობას უწევენ მას. განვიხილოთ ოთხი საშუალება, რომლებსაც ქვეყნიერება იყენებს გავლენის მოსახდენად.
უზნეობის მახე
8. რატომ დაიწყეს ისრაელებმა მოაბელთა ღმერთების თაყვანისცემა?
8 უდაბნოში 40-წლიანი მოგზაურობის ბოლოს ბევრმა ისრაელმა სიმართლის გზიდან გადაუხვია. ისინი იმ მრავალი საქმის მოწმენი იყვნენ, რომლებიც იეჰოვამ მათ გასათავისუფლებლად მოიმოქმედა. მალე ისრაელები აღთქმულ ქვეყანაში უნდა შესულიყვნენ. მაგრამ ასეთ გადამწყვეტ მომენტში მათ მოაბელების ღმერთებს დაუწყეს მსახურება. რა იყო მიზეზი? ისინი „ხორცის სურვილს“ დაემორჩილნენ (1 იოანე 2:16). ბიბლიაში ნათქვამია: „იწყო ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან“ (რიცხვნი 25:1).
9, 10. ჩვენ გარშემო არსებული რა ვითარების გამო უნდა გვახსოვდეს, რომ ხორცის არასწორ სურვილებს გამხრწნელი გავლენის მოხდენა შეუძლია?
9 ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ხორცის სურვილს შეუძლია გახრწნას წინდაუხედავი ადამიანი. ისრაელების შემთხვევა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს უზნეობა ცხოვრების წესად იქცა (1 კორინთელები 10:6, 8). შეერთებული შტატების შესახებ ერთ-ერთ ჟურნალში ნათქვამია: „1970 წლამდე ამერიკის ყველა შტატში კანონის დარღვევად ითვლებოდა ხელმოწერის გარეშე მამაკაცისა და ქალის ერთად ცხოვრება. ახლა ეს მიღებულია. დაქორწინებული წყვილებიდან ნახევარზე მეტს ქორწინებამდე ჰქონდა ერთმანეთთან სქესობრივი კავშირი“. ქორწინების გარეშე ცხოვრება და მსგავსი უზნეობა მხოლოდ ამერიკაში არაა გავრცელებული; ასეთი რამ მთელ მსოფლიოშია მიღებული. სამწუხაროდ, ზოგი ქრისტიანიც აჰყვა ამ ტენდენციას და მათ კრებასთან ურთიერთობაც კი შეწყვიტეს (1 კორინთელები 5:11).
10 გარდა ამისა, უზნეობის პროპაგანდა ყველგან მიმდინარეობს. კინოფილმები და სატელევიზიო პროგრამები ხელს უწყობს ისეთი აზროვნების განვითარებას, რომ ახალგაზრდებისთვის ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი სრულიად მისაღებია. ჰომოსექსუალიზმსაც კი ნორმალურ შუქში წარმოგვიდგენენ. მრავალ გასართობ პროგრამაში აშკარადაა წარმოდგენილი სექსუალური სცენები. ინტერნეტი სავსეა პორნოგრაფიული საიტებით. მაგალითად, ერთი გაზეთის მიმომხილველი იტყობინებოდა, რომ ერთხელ მისი შვიდი წლის ბიჭი სკოლიდან დაბრუნდა და აღფრთოვანებით უთხრა მამას, რომ მისმა კლასელმა ინტერნეტში ისეთ საიტს მიაგნო, სადაც შიშველი ქალები გარყვნილებას სჩადიოდნენ. მამა, რა თქმა უნდა, შეძრწუნებული იყო. მაგრამ დაფიქრდით, რამდენი ბავშვი ნახულობს ასეთ საიტებს, ისე რომ მშობელს არაფერს ეუბნება! აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლების უმეტესობამ არ იცის იმ კომპიუტერული თამაშების შინაარსი, რომლებითაც მათი შვილები ერთობიან. ბევრი პოპულარული თამაშისთვის დამახასიათებელია უზნეობა, დემონიზმი და ძალადობა.
11. როგორ შეუძლია ოჯახს თავი დაიცვას უზნეო ქვეყნიერებისგან?
11 როგორ უნდა შეეწინააღმდეგოს ოჯახი ასეთ „გართობას“? უპირველესად სიმართლის ძიებითა და უზნეობის ნებისმიერი სახისგან თავის არიდებით (2 კორინთელები 6:14; ეფესოელები 5:3). მშობლები, რომლებიც სათანადოდ ადევნებენ თვალყურს შვილებს და იეჰოვას სიყვარულსა და სამართლიან კანონებს უნერგავენ, ეხმარებიან მათ, რომ დასძლიონ პორნოგრაფიის, პორნოგრაფიული კომპიუტერული თამაშების, უზნეო ფილმებისა და სხვა უწმინდური საქციელის ცდუნებები (მეორე რჯული 6:4—9)a.
სხვების ზეგავლენის საშიშროება
12. რა პრობლემა წამოიჭრა პირველ საუკუნეში?
12 ლისტრაში (მცირე აზია) ყოფნისას პავლემ ერთი კაცი სასწაულებრივად განკურნა. ბიბლიაში ნათქვამია: «ხალხმა კი, როცა დაინახა, რა გააკეთა პავლემ, ლიკაონიურ ენაზე წამოიძახა: „ღმერთებს ადამიანების სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულან!“ დაარქვეს ბარნაბას ზევსი, ხოლო პავლეს — ჰერმესი, რადგან საუბარი მას მიჰყავდა» (საქმეები 14:11, 12). მოგვიანებით, სწორედ ამ ხალხს უნდოდა პავლესა და ბარნაბას მოკვლა (საქმეები 14:19). ნათელია, რომ ისინი სხვების გავლენაში მოექცნენ. როგორც ჩანს, ზოგიერთებმა, რომლებიც ამ მხარეში ქრისტიანები გახდნენ, ბოლომდე მაინც არ მიატოვეს ცრუმორწმუნეობა. მოგვიანებით, პავლე კოლოსეში მცხოვრებ ქრისტიანებს „ანგელოზების თაყვანისმცემლობის“ წინააღმდეგ აფრთხილებდა (კოლოსელები 2:18).
13. რომელია ის ზოგიერთი წეს-ჩვეულება, რომელსაც უნდა მოერიდოს ქრისტიანი, და საიდან მიიღებს ამისთვის ძალებს?
13 დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები მსგავსადვე უნდა მოერიდონ პოპულარულ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ცრუ რელიგიიდან იღებს სათავეს და ქრისტიანულ პრინციპებს არღვევს. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში ადამიანის დაბადებასთან და სიკვდილთან დაკავშირებული ბევრი ჩვეულება სიცრუეზეა დაფუძნებული, რომ თითქოს უკვდავი სული გვაქვს (ეკლესიასტე 9:5, 10). არის ისეთი ქვეყნები, სადაც გავრცელებულია გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრებაb. ეს არის უმოწყალო, უსარგებლო ჩვეულება, რომელიც ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპს, რომ ქრისტიანი მშობლები სიყვარულით უნდა ზრუნავდნენ შვილებზე (მეორე რჯული 6:6, 7; ეფესოელები 6:4). როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს წინ აღუდგნენ ხალხის ზეგავლენას და მიატოვონ ასეთი წეს-ჩვეულებები? იეჰოვაზე სრულად მინდობით (ფსალმუნები 30:7). მართალი ღმერთი გააძლიერებს მათ, რომლებიც მთელი გულით ამბობენ: „ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ“ (ფსალმუნები 90:2; იგავები 29:25).
ნუ დაივიწყებთ იეჰოვას!
14. რა გაფრთხილება მისცა იეჰოვამ ისრაელებს აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ?
14 აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელები, რომ არ დაევიწყათ იგი. იეჰოვამ უთხრა მათ: „გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი ღმერთი . . . მისი მცნებები, მისი სამართალნი, და მისი წესები, რომელთაც მე დღეს გიბრძანებ. როცა ჭამთ და გაძღებით, და აიშენებთ მშვენიერ სახლებს და მათში იცხოვრებთ, და გამრავლდება თქვენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ვერცხლი და ოქრო გექნებათ ბევრი, და ყოველივე, რაც გაბადიათ გაგიმრავლდებათ, — არ გადიდგულდე და არ დაივიწყო, უფალი, შენი ღმერთი“ (მეორე რჯული 8:11—14).
15. როგორ დავრწმუნდეთ, რომ იეჰოვა არ გვავიწყდება?
15 შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს დღეს? შეიძლება, თუ არასწორად დავადგენთ პრიორიტეტებს. მაგრამ, თუ უპირველესად ღვთის სიმართლეს ვეძებთ, ჩვენს ცხოვრებაში წმინდა თაყვანისმცემლობა პირველ ადგილზე იდგება. როგორც მოციქული პავლე მოგვიწოდებდა, ‘გამოვისყიდით ხელსაყრელ დროს’ და ყოველთვის აქტიურები ვიქნებით მსახურებაში (კოლოსელები 4:5; 2 ტიმოთე 4:2). ჩვენთვის შეხვედრებზე დასწრება და სამქადაგებლო მსახურება თუ ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე დასვენება და სიამოვნება, მაშინ შეიძლება დაგვავიწყდეს იეჰოვა და ის მეორეხარისხოვანი გახდეს ჩვენთვის. პავლემ თქვა, რომ ბოლო დღეებში ადამიანები იქნებოდნენ „უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:4). ერთგული ქრისტიანები ყოველთვის ‘ამოწმებენ საკუთარ თავს’, რომ ასეთი აზროვნების გავლენის ქვეშ არ მოექცნენ (2 კორინთელები 13:5).
მოერიდეთ დამოუკიდებლობის სულს
16. როგორი სული გამოავლინა ევამ და პავლეს დროს მცხოვრებმა ზოგმა ქრისტიანმა?
16 ედემის ბაღში სატანამ ევას დამოუკიდებლობის ეგოისტური სურვილი აღუძრა და წარმატებასაც მიაღწია. ევას უნდოდა თვითონ გადაეწყვიტა, თუ რა იყო კარგი და რა — ცუდი (დაბადება 3:1—6). პირველ საუკუნეში კორინთის კრებაში ზოგს მსგავსი დამოუკიდებლობის სული ჰქონდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ პავლეზე მეტი იცოდნენ; პავლემ მათ „უაღმატებულესი“ მოციქულები უწოდა (2 კორინთელები 11:3—5; 1 ტიმოთე 6:3—5).
17. რა არის საჭირო, რომ დამოუკიდებლობის სული არ განგვივითარდეს?
17 დღევანდელ ქვეყნიერებაში ბევრია ‘თავნება და გაყოყოჩებული’. ზოგი ქრისტიანი მათი აზროვნების გავლენის ქვეშ მოექცა. ზოგიერთი ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეც კი გახდა (2 ტიმოთე 3:4; ფილიპელები 3:18). როცა საქმე ეხება წმინდა თაყვანისმცემლობას, აუცილებელია იეჰოვას მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის და ვითანამშრომლოთ „ერთგულ და გონიერ მონასთან“ და კრების უხუცესებთან. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომ სიმართლე ვეძებოთ. ეს დაგვიცავს იმისგან, რომ დამოუკიდებლობის სული არ განგვივითარდეს (მათე 24:45—47; ფსალმუნები 24:9, 10; ესაია 30:21). ცხებულებისგან შემდგარი კრება „სვეტი და ჭეშმარიტების საყრდენია“. მისი საშუალებით გვიცავს და გვხელმძღვანელობს იეჰოვა (1 ტიმოთე 3:15). ამის გათვითცნობიერება დაგვეხმარება, რომ ‘არაფერი გავაკეთოთ მეტოქეობით’ და თავმდაბლურად დავემორჩილოთ იეჰოვას სამართლიან პრინციპებს (ფილიპელები 2:2—4; იგავები 3:4—6).
მიჰბაძეთ იესოს
18. რაში უნდა მივბაძოთ იესოს?
18 ბიბლიური წინასწარმეტყველება იესოს შესახებ ამბობს: „შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება“ (ფსალმუნები 44:8; ებრაელები 1:9). რა შესანიშნავი განწყობაა! (1 კორინთელები 11:1). იესომ მხოლოდ კი არ იცოდა იეჰოვას სამართლიანი მოთხოვნები, არამედ უყვარდა ისინი. ასე რომ, უდაბნოში სატანის ცდუნების წინაშე დგომისას იესომ მტკიცედ უარყო „სიმართლის გზიდან“ გადახვევა (იგავები 8:20; მათე 4:3—11).
19, 20. რა სასარგებლო შედეგებს მოვიმკით სიმართლის ძიებით?
19 გასაგებია, რომ ხორცის სურვილები შეიძლება ძლიერი იყოს (რომაელები 7:19, 20). მაგრამ, თუ სიმართლე ძვირფასია ჩვენთვის, ეს ბოროტების წინააღმდეგ გაგვაძლიერებს (ფსალმუნები 118:165). როცა ცდუნების პირისპირ აღმოვჩნდებით, სიმართლის ძლიერი სიყვარული დაგვიცავს (იგავები 4:4—6). გახსოვდეთ, თუ ცდუნებას დავემორჩილებით, ეს სატანის გამარჯვება იქნება. განა გაცილებით უკეთესი არ არის, რომ წინ აღვუდგეთ მას და იეჰოვას მოვუტანოთ გამარჯვება? (იგავები 27:11; იაკობი 4:7, 8).
20 რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანები სიმართლეს ეძებენ, ისინი ივსებიან „სიმართლის ნაყოფით, რომელიც იესო ქრისტესგან არის, ღვთის სადიდებლად და საქებრად“ (ფილიპელები 1:10, 11). ისინი იმოსებიან „ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფესოელები 4:24). ისინი იეჰოვას ეკუთვნიან და საკუთარ სიამოვნებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, რომ მას ემსახურონ (რომაელები 14:8; 1 პეტრე 4:2). სწორედ ეს ახდენს გავლენას მათ ფიქრებსა და მოქმედებებზე. ამგვარად, ისინი გულს უხარებენ ზეციერ მამას! (იგავები 23:24).
[სქოლიოები]
a მშობლებისთვის შესანიშნავი რჩევები, თუ როგორ დაიცვან ოჯახი უზნეობის გავლენისგან, მოცემულია წიგნში „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
b ქალების სასქესო ორგანოების დასახიჩრებას ადრე ქალების წინადაცვეთას უწოდებდნენ.
შეგიძლიათ ახსნათ?
• რატომ უნდა ვეძებოთ სიმართლე?
• როგორ შეგვიძლია არასრულყოფილების მიუხედავად სიმართლე ვეძიოთ?
• რომელია ის ზოგიერთი საშიშროება, რომლებსაც ქრისტიანები უნდა მოერიდონ?
• როგორ დაგვიცავს სიმართლის ძიება?
[სურათი 26 გვერდზე]
იესოს მიმდევრებს ქვეყნიერება საფრთხეს უქმნიდა.
[სურათი 27 გვერდზე]
ბავშვები, რომლებიც იეჰოვას სიყვარულს სწავლობენ, ძლიერნი იქნებიან უზნეობის პირისპირ დგომისას.
[სურათი 28 გვერდზე]
აღთქმულ მიწაზე შესანიშნავ პირობებში მოხვედრის შემდეგ ზოგმა ისრაელმა დაივიწყა იეჰოვა.
[სურათი 29 გვერდზე]
იესოს მსგავსად ქრისტიანებსაც სძულთ უსამართლობა.