ბიოგრაფია
შეუპოვრობას სიხარული მოაქვს
მოგვითხრო მარიო როშა დე სუზამ
„ალბათ, ბატონი როშა ოპერაციას ვერ გადაიტანს“. ექიმის უიმედო სიტყვების შემდეგ დაახლოებით 20 წელი გავიდა. მე დღემდე ცოცხალი ვარ და სრული დროით ვემსახურები იეჰოვას. რა დამეხმარა მთელი ამ წლების მანძილზე სირთულეების გადალახვაში?
ბავშვობა ბრაზილიის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, ბაიას შტატში მდებარე სოფელ სანტუ–ესტევაუში გავატარე. როდესაც შვიდი წლის გავხდი, მამას ფერმის საქმეში ვეხმარებოდი. ყოველდღე, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, მამა ახალ სამუშაოს მაძლევდა. დროდადრო, როცა მამა ქალაქ სალვადორში საქმეებზე მიდიოდა, ფერმის მოვლას მე მავალებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახლი არ იყო კეთილმოწყობილი, არ გვქონდა არც ელექტროენერგია და არც წყალგაყვანილობა, ეს სულაც არ გვიშლიდა ხელს, ბედნიერები ვყოფილიყავით. მიყვარდა ფრანის აფრენა და ხის მანქანებით თამაში, რომლებსაც მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებდით. ასევე ვუკრავდი კლარნეტზე რელიგიური რიტუალების დროს და ვმღეროდი საეკლესიო გუნდში. სწორედ ეკლესიაში აღმოვაჩინე წიგნი „წმინდა ისტორია“, რომელმაც ბიბლიის მიმართ ინტერესი აღმიძრა.
20 წლის ვიყავი, როცა 1932 წელს ბრაზილიის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი გვალვა დაიწყო, რომელმაც დიდხანს გასტანა. ამის გამო საქონელი დაიხოცა და მოსავალი განადგურდა. ამიტომ სალვადორში გადავედი საცხოვრებლად, სადაც ტრამვაის მძღოლად დავიწყე მუშაობა. მოგვიანებით იქ სახლი ვიქირავე და ოჯახი ჩემთან გადმოვიყვანე. 1944 წელს მამა დამეღუპა. დედაზე, რვა დასა და სამ ძმაზე ზრუნვა მე დამევალა.
ვიწყებ ქადაგებას
სალვადორში ჩასვლისთანავე ბიბლია შევიძინე. რამდენიმე წელი ბაპტისტების ეკლესიაში დავდიოდი. იქ დავუმეგობრდი დურვალს, რომელიც ასევე ტრამვაის მძღოლი იყო. მე და დურვალი საათობით ვსაუბრობდით ბიბლიურ საკითხებზე. ერთხელ მან მომცა ბუკლეტი სახელწოდებით „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“a. თუმცა სულის უკვდავების მჯეროდა, იმდენად დავინტერესდი ამ პუბლიკაციით, რომ გადავწყვიტე, მასში მოყვანილი მუხლები ბიბლიასთან შემედარებინა. ძალიან გამიკვირდა, როცა ბიბლიაში წავიკითხე, რომ სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება (ეზეკიელი 18:4).
როდესაც დურვალმა დაინახა, რომ დავინტერესდი, იეჰოვას მოწმე, სრული დროით მსახური ანტონიო ანდრადე შემახვედრა. მესამე მონახულების შემდეგ ანტონიომ შემომთავაზა, მასთან ერთად მსახურებაში წავსულიყავი და სხვებისთვის ბიბლიური ცნობა გამეზიარებინა. პირველ ორ კართან თავად გააკეთა შეთავაზება, შემდეგ კი მითხრა: „ახლა შენი ჯერია“. ძალიან ვღელავდი. ჩემდა გასაოცრად, ერთმა ოჯახმა დიდი ინტერესით მომისმინა და ორი წიგნი გამომართვა. ამან ძალიან გამახარა. დღესაც მსგავსი გრძნობა მეუფლება, როცა ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ადამიანებს ვხვდები.
1943 წლის 19 აპრილს, ზუსტად იმ დღეს, როცა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღინიშნა, ქალაქ სალვადორთან ახლოს, ატლანტის ოკეანეში მოვინათლე. იმ დროს არც ისე ბევრი იყო გამოცდილი ქრისტიანი ძმა. ამიტომ იმ ჯგუფში დამნიშნეს, რომელიც ძმა ანდრადეს სახლში ატარებდა შეხვედრებს. მისი სახლი ერთ ვიწრო ქუჩაზე მდებარეობდა, რომელიც ქალაქ სალვადორის ზედა და ქვედა ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდა.
პირველი წინააღმდეგობა
მეორე მსოფლიო ომის დროს (1939—1945 წლები) ჩვენი საქმიანობა დიდი მოწონებით არ სარგებლობდა. მთავრობის ზოგი წარმომადგენელი ეჭვის თვალით გვიყურებდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ჯაშუშები ვიყავით, რადგან ჩვენი ლიტერატურა ამერიკიდან შემოდიოდა. ამიტომ დაპატიმრებები და დაკითხვები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. როდესაც მოწმეები მსახურებიდან სახლში არ ბრუნდებოდნენ, ვხვდებოდით, რომ დაპატიმრებულები იყვნენ. ჩვენ პოლიციის განყოფილებაში მივდიოდით, რომ როგორმე გაგვეთავისუფლებინა ისინი.
1943 წლის აგვისტოში სალვადორში გერმანელი მოწმე ადოლფ მესმერი ჩამოვიდა, რათა პირველი კონგრესის ორგანიზებაში დაგვხმარებოდა. მას შემდეგ, რაც მთავრობამ კონგრესის ჩატარების ნება დაგვრთო, განცხადება გავაკეთეთ ადგილობრივ პრესაში, რომ წაიკითხებოდა საჯარო მოხსენება „თავისუფლება ახალ ქვეყნიერებაში“. ასევე პლაკატები გამოვკიდეთ მაღაზიების ვიტრინებსა და ტრამვაის ფანჯრებზე. მაგრამ კონგრესის მეორე დღეს პოლიციელმა გვაცნობა, რომ კონგრესის ჩატარების უფლება ჩამოგვერთვა. როგორც გაირკვა, სალვადორის არქიეპისკოპოსმა გავლენა მოახდინა პოლიციის უფროსზე. მომდევნო წლის აპრილში, საბოლოოდ, მაინც მოგვცეს უფლება, განცხადება გაგვეკეთებინა საჯარო მოხსენების თაობაზე.
დასახული მიზნის მიღწევა
1946 წელს სან–პაულუში საერთაშორისო თეოკრატიულ კონგრესზე მიმიწვიეს. სალვადორში სატვირთო გემის კაპიტანმა მოწმეებს ნება მოგვცა, მისი გემით გვემგზავრა, მხოლოდ გემბანზე მოგვიწევდა დაძინება. მიუხედავად იმისა, რომ შტორმის დროს ზღვის ავადმყოფობა შეგვეყარა, ოთხი დღის შემდეგ მშვიდობით ჩავედით რიო–დე–ჟანეიროში. იქ ძმებმა თბილად მიგვიღეს და, სანამ მგზავრობას მატარებლით გავაგრძელებდით, თავიანთ სახლებში რამდენიმე დღით დარჩენა შემოგვთავაზეს. როცა ჩვენი მატარებელი სან–პაულუს ვაგზალზე შევიდა, მოწმეების პატარა ჯგუფი პლაკატებით შეგვეგება, რომლებზეც ეწერა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.
სალვადორში დაბრუნების შემდეგ ამერიკელ მისიონერს ჰარი ბლეკს დაველაპარაკე. მას ვუთხარი, რომ მსურდა, სრული დროით მსახურება დამეწყო. ჰარიმ შემახსენა, რომ ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მეკისრა და მირჩია, ცოტა ხანს მომეცადა. საბოლოოდ, 1952 წლის ივნისში, როცა ჩემი და–ძმები უკვე თვითონ ირჩენდნენ საკუთარ თავს, სრული დროით მსახურად დამნიშნეს ილეუსის პატარა კრებაში. ეს ქალაქი სალვადორის სამხრეთ სანაპიროდან 210 კილომეტრით არის დაშორებული.
დახმარების ხელი
მომდევნო წელს დამნიშნეს ბაიას შტატის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დიდ ქალაქში, ზეკიაში, სადაც არც ერთი მოწმე არ იყო. პირველი, ვისაც ქადაგებისას შევხვდი, იყო ადგილობრივი მღვდელი. მან მითხრა, რომ ქალაქი მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ამიკრძალა იქ ქადაგება. ამავე დროს გააფრთხილა მრევლი, რომ ქალაქში ჩემი სახით „ცრუწინასწარმეტყველი“ დადიოდა. მან თავის ხალხს დაავალა, რომ ჩემთვის ეთვალთვალათ. მიუხედავად ამისა, იმ დღეს 90–ზე მეტი ბიბლიური პუბლიკაცია გავავრცელე და ოთხ ადამიანთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა. ორი წლის შემდეგ ქალაქ ზეკიაში უკვე 36 მოწმე იყო და მათ საკუთარი სამეფო დარბაზი ჰქონდათ. დღეს კი იქ 8 კრებაა და დაახლოებით 700 მაუწყებელი.
პირველი თვეების განმავლობაში ქალაქის გარეუბანში ნაქირავებ პატარა ოთახში ვცხოვრობდი. მოგვიანებით გავიცანი მიგელ ვაზ დე ოლივეირა, ზეკიას ერთ–ერთი საუკეთესო სასტუმროს მესაკუთრე. მიგელი დამთანხმდა ბიბლიის შესწავლაზე და მთხოვა, მის სასტუმროში გადავსულიყავი საცხოვრებლად. მოგვიანებით მიგელი და მისი მეუღლე მოწმეები გახდნენ.
სასიამოვნო მოგონებებთან არის დაკავშირებული ის დროც, როცა ქალაქ ზეკიაში სკოლის მასწავლებელს ლუიზ კოტრინს ბიბლიას ვასწავლიდი. ლუიზმა პორტუგალიური ენისა და მათემატიკის გაუმჯობესებაში დახმარება შემომთავაზა. მე სიხარულით დავთანხმდი, რადგან მხოლოდ დაწყებითი განათლება მქონდა მიღებული. ყოველკვირა ბიბლიის შესწავლის შემდეგ ლუიზი გაკვეთილებს მიტარებდა. ამან იმ პასუხისმგებლობებისთვის მომამზადა, რაც ცოტა ხანში იეჰოვას ორგანიზაციაში დამეკისრა.
რთული ამოცანის წინაშე
1956 წელს მოწვევა მივიღე ფილიალიდან, რომელიც იმ დროს რიო–დე–ჟანეიროში მდებარეობდა. იქ სარაიონო ზედამხედველად, იეჰოვას მოწმეთა მიმომსვლელ მსახურად, უნდა მოვმზადებულიყავი. სწავლების კურსმა, რომელსაც 9 ძმა ვესწრებოდით, ერთ თვეზე მეტი გასტანა. სწავლების კურსის დასასრულს სან–პაულუში მივიღე დანიშნულება, რის გამოც შიშის გრძნობა დამეუფლა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „მე, შავკანიანმა, იტალიელებს შორის უნდა ვიმსახურო? ნეტავ როგორ მიმიღებენ ისინი?“b
პირველად სანტუ–ამარუს ოლქში მოვინახულე კრება. გამამხნევა იმის დანახვამ, რომ სამეფო დარბაზი სავსე იყო თანამორწმუნეებითა და დაინტერესებულებით. პირველივე შაბათ–კვირას კრების ყველა, ოთხმოცდაჩვიდმეტივე, წევრი გავიდა მსახურებაში, რამაც დამარწმუნა, რომ შიშის მიზეზი არ მქონდა. „ისინი მართლაც ჩემი ძმები არიან“, — ვეუბნებოდი საკუთარ თავს. ძვირფასი და–ძმების მიერ გამოვლენილმა სითბომ გაბედულება შემმატა. ეს დამეხმარა, სირთულეების მიუხედავად, შეუპოვრად გამეგრძელებინა სარაიონო მსახურება.
სხვადასხვა ცხოველის გარემოცვაში
იმ პერიოდში სარაიონო ზედამხედველები დიდი სირთულეების წინაშე ვიდექით. სოფლებში კრებები და პატარა ჯგუფები რომ მოგვენახულებინა, დიდი მანძილის გავლა გვიწევდა. იმ ტერიტორიებზე ტრანსპორტით მგზავრობა ვიწრო გზების გამო შეუძლებელი იყო.
სარაიონო ზედამხედველს გადაადგილება რომ გაადვილებოდა, ზოგ რაიონში სახედარი და ცხენი იყიდეს. ორშაბათობით შევკაზმავდი ხოლმე ცხენს ან ვირს, ავკიდებდი ჩემს ბარგს და გავუდგებოდი 12 საათის სავალ გზას კრების მოსანახულებლად. ქალაქ სანტა ფე–დუ–სულში მოწმეებს ერთი სახედარი ჰყავდათ, სახელად დორადუ. ის თავისუფლად აგნებდა სოფლებში იმ ადგილებს, სადაც ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფები იყო. დორადუ დადგებოდა ჭიშკართან და მოთმინებით მელოდა, როდის გავუღებდი კარებს. ასე დავდიოდით დორადუ და მე სხვადასხვა ჯგუფის მოსანახულებლად.
დამატებით სირთულეს ის ქმნიდა, რომ საკომუნიკაციო საშუალებები არ არსებობდა. მაგალითად, პატარა ჯგუფები რომ მომენახულებინა, რომლებიც მატუ–გროსუს შტატში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ, ჯერ ნავით მდინარე არაგუაია უნდა გადამეკვეთა, შემდეგ კი სახედრით 25 კილომეტრი ტყით უნდა გამევლო. ერთხელ წერილით ვაცნობე ერთ ჯგუფს, რომ მათ მონახულებას ვაპირებდი. მათ წერილი ვერ მიიღეს და, როცა ჩავედი, არავინ დამხვდა. საღამო ხანი იყო; პატარა ბარის მეპატრონეს ვთხოვე, ჩემი ბარგისთვის მიეხედა, თავად კი პორტფელით ხელში ფეხით გავუდექი გზას.
მალე დაღამდა. სიბნელეში ხან რას ვედებოდი, ხან რას. მოულოდნელად ჭიანჭველაჭამიის ფრუტუნის ხმა შემომესმა. გაგონილი მქონდა, რომ ჭიანჭველაჭამიას შეუძლია ადამიანი მოკლას. ამიტომ, როგორც კი ბუჩქებში რაღაცის ხმას გავიგებდი, პორტფელს წინ ავიფარებდი ხოლმე და ფრთხილი ნაბიჯებით ვაგრძელებდი გზას. ასე რამდენიმე საათი ვიარე და პატარა ნაკადულს მივადექი. ჩემდა საუბედუროდ, სიბნელეში ეკლიანი ღობე ვერ შევამჩნიე, რომელიც ნაკადულის მეორე მხარეს იყო. და როცა ნაკადულს გადავახტი, ეკლიან ღობეზე მთელი სხეული დავისერე.
როგორც იქნა ფერმას მივაღწიე; გზად მყეფარი ძაღლები შემეგებნენ. იქ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ღამით ცხვრებს იპარავდნენ. ამიტომ, როგორც კი კარი გააღეს, მაშინვე ვუთხარი, ვინც ვიყავი. წარმომიდგენია, რა საცოდავი სანახავი ვიქნებოდი დაფლეთილ და დასისხლიანებულ ტანსაცმელში! ძმებს ძალიან გაუხარდათ, ცოცხალი რომ დამინახეს.
სიძნელეების მიუხედავად, იმ პერიოდში მსახურებამ დიდი სიხარული მომიტანა. სახედრით თუ ფეხით დიდი მანძილის გავლა მიწევდა, შიგადაშიგ ხეების ჩრდილქვეშ ვისვენებდი და ჩიტების ჭიკჭიკით ვტკბებოდი. ასევე, არაერთხელ მინახავს მელიები, რომლებიც მიუვალ გზებზე ჩემ წინ გარბი-გამორბოდნენ. სიხარულს ისიც მგვრიდა, რომ მონახულებებით ადამიანებს ვეხმარებოდი. მრავალი მადლიერებას წერილებით გამოხატავდა, სხვები კონგრესებზე პირადად მიხდიდნენ მადლობას. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი იმ ადამიანების ნახვით, რომლებმაც გადალახეს სირთულეები და სულიერი წინსვლის გზას დაადგნენ!
საბოლოოდ დავქორწინდი
იმ წლებში სარაიონო მსახურებას ხშირად მარტო ვეწეოდი. ამან მასწავლა, მივნდობოდი იეჰოვას, როგორც ჩემს „კლდესა და სიმაგრეს“ (ფსალმუნები 17:3). დაუქორწინებლობა საშუალებას მაძლევდა, მთელი ჩემი ყურადღება სამეფოს საქმეზე გადამეტანა.
1978 წელს გავიცანი პიონერი და, ჯულია ტაკაჰაში. ის სან–პაულუს საავადმყოფოში მედდად მუშაობდა. მაგრამ სამუშაოს თავი დაანება, რათა იქ ემსახურა, სადაც სამეფოს მქადაგებლების მეტი საჭიროება იყო. ქრისტიანმა უხუცესებმა, რომლებიც მას იცნობდნენ, დაახასიათეს ის, როგორც კარგი თვისებების მქონე, გამოცდილი პიონერი. წარმოიდგინეთ, როგორ გააოცებდა ბევრს ის, როცა გაიგეს, რომ დიდი ხანი დაუქორწინებელი ვიყავი და, საბოლოოდ, დაქორწინება გადავწყვიტე. ერთ ჩემს მეგობარს იმდენად გაუჭირდა ამის დაჯერება, რომ დამპირდა, თუ ნამდვილად შევირთავდი ცოლს, 270-კილოგრამიან ხარს მაჩუქებდა. ჩვენი ქორწილის დღეს, 1978 წლის 1 ივლისს, ხარის ხორცისგან მწვადები შევწვით.
ცუდი ჯანმრთელობის მიუხედავად, სიმტკიცეს ვინარჩუნებ
ჯულია სარაიონო მსახურებაში შემომიერთდა და მომდევნო რვა წლის განმავლობაში ერთად ვინახულებდით ბრაზილიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ კრებებს. სწორედ მაშინ დამეწყო გულთან დაკავშირებული პრობლემები. მობინადრესთან საუბრისას ორჯერ წამივიდა გული. ჩემი მდგომარეობის გამო ჩვენ სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს ქალაქ ბირიგუიში (სან-პაულუს შტატი).
ამ დროს ბირიგუიში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა ექიმთან ქალაქ გოიანაში მანქანით წაყვანა შემომთავაზეს. ეს ქალაქი ბირიგუიდან 500 კილომეტრით იყო დაშორებული. როცა მდგომარეობა შედარებით გამიუმჯობესდა, ოპერაცია გამიკეთეს და კარდიოსტიმულატორი ჩამიდგეს. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დამატებით კიდევ ორი ოპერაცია გავიკეთე, აქტიურად განვაგრძობ მოწაფეების მომზადების საქმეს. სხვა მრავალი ერთგული ცოლის მსგავსად, ჯულიაც ყოველთვის მამხნევებს და ძალებს მმატებს.
ჯანმრთელობის გამო მსახურების შეზღუდვა მომიწია. დროდადრო გულგატეხილობა მეუფლება, მაგრამ მაინც ვახერხებ პიონერულ მსახურებას. ხშირად ვეუბნები ჩემს თავს: „იეჰოვა არ შეგვპირებია, რომ ამ სისტემაში ჩვენი ცხოვრება ია–ვარდებით იქნებოდა მოფენილი“. თუ პავლე მოციქულს და ძველ დროში მცხოვრებ სხვა ერთგულ ქრისტიანებს უწევდათ სირთულეების გადატანა, ჩვენ ხომ გამონაკლისები არ ვართ? (საქმეები 14:22).
ამას წინათ, შემთხვევით წავაწყდი ჩემს პირველ ბიბლიას, რომელიც 1930 წელს შევიძინე. შიდა ყდაზე მიწერილი მქონდა „350“ — ეს იყო 1943 წელს ბრაზილიაში მაუწყებელთა რიცხვი. ამ დროს დავიწყე ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება. დაუჯერებელია, რომ ბრაზილიაში ახლა 600 000–ზე მეტი მოწმეა. რა დიდი პატივია, რომ ამ ზრდაში მცირე წვლილი მეც მიმიძღვის. იეჰოვამ ნამდვილად მაკურთხა შეუპოვრობისთვის. ფსალმუნმომღერლის მსგავსად, შემიძლია ვთქვა: „დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან. ჩვენ გავმხიარულდით“ (ფსალმუნები 125:3).
[სქოლიოები]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ახლა აღარ გამოიცემა.
b 1870—1920 წლებში დაახლოებით ერთი მილიონი იტალიელი იმიგრანტი სან–პაულუში დასახლდა.
[სურათი 9 გვერდზე]
მოწმეები საჯარო მოხსენების მოსასმენად იწვევენ ხალხს კონგრესზე, რომელიც 1943 წელს პირველად გაიმართა ქალაქ სალვადორში.
[სურათი 10 გვერდზე]
მოწმეები სან-პაულუში საერთაშორისო თეოკრატიულ კონგრესზე დასასწრებად მიემართებიან (1946 წელი).
[სურათები 10, 11 გვერდებზე]
სარაიონო ზედამხედველად მსახურების დროს 50-იანი წლების დასასრულს.
[სურათი 12 გვერდზე]
ჩემს მეუღლესთან, ჯულიასთან, ერთად.