გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.
• რას ვიგებთ იესოს მაგალითიდან, რომელშიც მასპინძელი დაჟინებით ითხოვს დახმარებას? (ლუკა 11:5—10).
ეს მაგალითი ცხადყოფს, თუ როგორი განწყობა უნდა გვქონდეს ლოცვის დროს. ჩვენ დაჟინებით, ანუ განუწყვეტლივ, უნდა ვითხოვოთ დახმარება; ღმერთს განსაკუთრებით წმინდა სული უნდა ვთხოვოთ (ლუკა 11:11—13) (12/15, გვერდები 20—22).
• რას ვსწავლობთ ქვრივისა და მოსამართლის შესახებ იესოს იგავიდან? (ლუკა 18:1—8).
მასში გამახვილებულია ყურადღება ლოცვის აუცილებლობაზე. ამ მოსამართლისგან განსხვავებით იეჰოვა სამართლიანია და ჩვენი დახმარება სურს. ჩვენ ისეთივე რწმენა უნდა გვქონდეს, როგორიც იგავში მოხსენიებულ ქვრივს ჰქონდა (12/15, გვერდები 26—28).
• რატომ უთხრა პავლე მოციქულმა კორინთელ ქრისტიანებს, გაფართოებულიყვნენ? (2 კორინთელები 6:11—13).
როგორც ჩანს, კორინთში მცხოვრები ქრისტიანები არ აფასებდნენ თანამორწმუნეებს და გულგრილები იყვნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თანაქრისტიანები დავაფასოთ და ახალი მეგობრები შევიძინოთ (1/1, გვერდები 9—11).
• რა იგულისხმება გამოცხადების 7:3-ში მოხსენიებულ ბეჭდის დასმაში?
ქრისტიანს პირველად ესმება ბეჭედი, როცა ღმერთი მას წმინდა სულით სცხებს. მაგრამ გამოცხადების 7:3 მიუთითებს საბოლოო ბეჭდის დასმაზე, როცა ეს ცხებული ქრისტიანები ღვთისადმი ბოლომდე ერთგულებას დაამტკიცებენ (1/1, გვერდები 30, 31).
• რის სწავლა შეუძლიათ მშობლებს სამუელის შესახებ ბიბლიის მონათხრობიდან?
უპირველესად, მათ უნდა ასწავლონ შვილებს ღვთის სიტყვა, როგორც ეს სამუელის მშობლებმა გააკეთეს. ასევე მათ უნდა აღძრან შვილები, რომ იეჰოვას ემსახურონ (1/15, გვერდი 16).
• როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ სიხარულით ველოდებით იეჰოვას?
ჩვენ ‘ველით იეჰოვას დღეს’, როცა ის გაანადგურებს უღვთო ადამიანებს და შვებას მოგვიტანს (2 პეტრე 3:7, 12). იეჰოვას ძალიან უნდა, ბოლო მოუღოს ბოროტებას, მაგრამ ელოდება იმ დროს, როცა ქრისტიანების ხსნით მისი სახელი განდიდდება. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ იცის, როდის იმოქმედოს, ამასობაში კი მთელი გულით უნდა განვადიდოთ ის (ფსალმუნი 71:14, 15) (3/1, გვერდები 17, 18).
• რამდენი წმინდა ცხოველი შეიყვანა ნოემ კიდობანში — თითოეული წმინდა ცხოველიდან შვიდი თუ შვიდი წყვილი?
იეჰოვამ ნოეს უთხრა, რომ თითოეული წმინდა ცხოველიდან აეყვანა შვიდ-შვიდი (დაბადება 7:1, 2). ამ ადგილას დედანშიც „შვიდ-შვიდი“ წერია. თუმცა, როგორც სხვა მუხლებიც ცხადყოფს, ეს არ ნიშნავს შვიდ წყვილს. ნოემ, როგორც ჩანს, თითოეული წმინდა ცხოველიდან აიყვანა შვიდი ანუ სამი წყვილი და კიდევ ერთი, რომელსაც მსხვერპლად შესწირავდა (დაბადება 8:20) (3/15, გვერდი 31).
• როგორ უნდა „დაუკვირდნენ“ ქრისტიანები უხუცესების ანუ მათი რწმენის შედეგებს, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია?
მოციქული პავლე მოგვიწოდებს, „დავუკვირდეთ“, ანუ ყურადღებით დავაკვირდეთ უხუცესების ერთგული საქციელის შედეგებს და მივბაძოთ მათ რწმენას (ებრაელები 13:7). ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უხუცესები საუკეთესოდ ზრუნავენ როგორც სამეფოს, ისე ჩვენს ინტერესებზე (4/1, გვერდი 28).