იმედის პოვნა უიმედო მსოფლიოში
„დღეს ცალკეულ ადამიანებს იმაზე მეტის გაკეთება შეუძლიათ საზოგადოების საკეთილდღეოდ და კაცობრიობის პრობლემების გადასაჭრელად, ვიდრე ოდესმე“, — განაცხადა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა შეხვედრაზე, რომელიც 2006 წლის მარტში ოტავაში (კანადა) შედგა. მისი აზრით, 2004 წელს მომხდარი ცუნამის შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები უფრო მეტად ეწევიან ქველმოქმედებას. მან ოპტიმიზმით დასძინა: „დღეს, როგორც არასდროს, ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ერთმანეთზეა დამოკიდებული“.
შეგვიძლია მოველოდეთ, რომ სტიქიური უბედურებები ადამიანებს უკეთესი მომავლის შექმნისკენ აღძრავს? იძლევა ნამდვილი მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლიან იმედს ის, რომ მსოფლიოში „ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ერთმანეთზეა დამოკიდებული“?
ნამდვილი იმედის წყარო
კაცობრიობის ისტორია, რომელიც უკვე ექვსი ათას წელზე მეტს ითვლის, ცხადყოფს, რომ ხშირად ადამიანებზე დაიმედებას მხოლოდ იმედგაცრუებამდე მიჰყავს ხალხი. ამიტომ წმინდა წერილები გვირჩევს: „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა“ (ფსალმუნი 146:3). მსოფლიოში არსებულ ორგანიზაციებზე, სიმდიდრესა და ქვეყნიერების იდეალებზე დაიმედებას იმედგაცრუებამდე მიჰყავს ადამიანი. რატომ? რადგან „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“ (1 იოანე 2:17).
მაგრამ საუკუნეებია, ღმერთი უტყუარი იმედია მართალი ადამიანებისთვის. ბიბლია ღმერთს „ისრაელის იმედს“ და „[ისრაელის] მამა-პაპის იმედს“ უწოდებს. მასში არაერთხელ არის ნათქვამი, რომ ღმერთზე დაიმედება და მისი ნდობა შეიძლება (იერემია 14:8; 17:13; 50:7). წმინდა წერილები მოგვიწოდებს: „იეჰოვაზე დაამყარე იმედი“ (ფსალმუნი 27:14).
იგავების 3:5, 6-ში ნათქვამია: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. არაერთი მიზეზი გვაქვს, სრულად მივენდოთ იეჰოვას დანაპირებს, რადგან იეჰოვა ღმერთი არ იცვლება, ის სანდოა და თავისი სიტყვის ერთგული (მალაქია 3:6; იაკობი 1:17). ღმერთს საუკეთესო სურს ჩვენთვის და თუ ყურად ვიღებთ მის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილს, ის დაგვეხმარება საზარელი დროის გადატანაში (ესაია 48:17, 18).
მას, ვინც მთელი გულით ემორჩილება ღვთის ხელმძღვანელობას, შეუძლია ენდოს შემდეგ დანაპირებს: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ესაია 41:10). მათ, ვისაც ნამდვილად უყვარს იეჰოვა ღმერთი, მხურვალე ლოცვა და ამ დანაპირებზე ფიქრი ანუგეშებს და ეხმარება, რომ რთულ სიტუაციებსა და მწუხარებას გაუმკლავდნენ.
მოვიყვანოთ ანდრეას მაგალითი, რომელიც იეჰოვას მოწმეა; მას ორი შვილი ჰყავს. ის ამბობს: „გაურკვევლობის დროს მხოლოდ ლოცვა და იეჰოვას დანაპირებზე ფიქრი მაძლევს ძალას. ბევრად მიადვილდება სიმტკიცის შენარჩუნება, როცა იეჰოვა ჩემი საყრდენია“.
გავიძლიეროთ იეჰოვასადმი ნდობა
ფსალმუნმომღერალმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვაზე იმედის დამყარება. მან თქვა: „დიდი მშვიდობა აქვთ შენი კანონის მოყვარულებს, არ არსებობს მათთვის დაბრკოლება“ (ფსალმუნი 119:165). ღვთის სიტყვის გულმოდგინედ შესწავლა დაგვეხმარება, რომ გონება და გული იმით ვკვებოთ, „რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია“. ეს დადებით გავლენას მოახდენს ჩვენს სულიერობაზე. თუ ამ ყოველივეს კეთილსინდისიერად მოვისმენთ, ვისწავლით, გავითავისებთ და ცხოვრებაში გამოვიყენებთ, ‘მშვიდობის ღმერთი ჩვენთან იქნება’ (ფილიპელები 4:8, 9).
ჯონი ათობით წელია, რაც იეჰოვას ემსახურება. ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს: „სანამ მომავალზე აზრს შევიცვლიდი, უნდა გამეცნობიერებინა, რომ სრულყოფილ და უხილავ ღმერთთან ურთიერთობის განსავითარებლად საჭირო იყო ჩემი შინაგანი პიროვნებისა და აზროვნების შეცვლა. ღმერთთან მეგობრობას შევძლებდი, თუ სულიერი ადამიანი გავხდებოდი. ამაში შედიოდა ღვთის აზრის გათვალისწინება და მისი აზროვნების მიბაძვა, რაც ბიბლიის კითხვითა და მასზე დაფიქრებით იყო შესაძლებელი“.
თუ ვსვამთ ბიბლიის მაცოცხლებელ ჭეშმარიტების წყლებს, მაშინ ვიღებთ იმ სანდო და გამონაცად საშუალებას, რომელიც აბათილებს მასმედიის მიერ გამუდმებით მოწოდებულ უარყოფით ინფორმაციას. ასევე ბიბლიის რჩევების გამოყენებას შეუძლია ჩვენი ოჯახური კვანძების გაძლიერება და წუხილის შემცირება. უფრო მეტიც, ღმერთი გვპირდება, რომ ის მზად არის, „თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9). ღმერთი ისე მოაგვარებს ყველაფერს, რომ შიშის მიზეზი არ გექნებათ.
ფინეასმა ომი გადაიტანა და ხოცვა-ჟლეტის მომსწრე გახდა. ის ყვება: „მე ვისწავლე იეჰოვაზე მინდობა, ჩემი სიცოცხლე მას ჩავაბარე. ბიბლიის პრინციპების გამოყენებით ბევრ პრობლემას თავი ავარიდე“. თუ ნამდვილად ვენდობით იეჰოვა ღმერთს, ის ნებისმიერი განსაცდელის გადატანაში დაგვეხმარება (ფსალმუნი 18:29). თუ ბავშვს მშობლებთან ახლო ურთიერთობა აქვს, ის ბოლომდე ენდობა მათ და უსაფრთხოდ გრძნობს თავს მაშინაც კი, როცა ავად არის ან რაღაცის ეშინია. ჩვენც მსგავსი გრძნობა დაგვეუფლება, თუ იეჰოვას მოწოდების თანახმად მოვიქცევით და შევეცდებით მივენდოთ მას (ფსალმუნი 37:34).
იმედის მტკიცე საფუძველი
იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს უთხრა: «ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“» (მათე 6:9, 10). ამ სამეფოში იგულისხმება ზეციერი მთავრობა, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას. მისი საშუალებით ღმერთი დაამტკიცებს, რომ ის დედამიწის სამართლიანი მმართველია (ფსალმუნი 2:7—12; დანიელი 7:13, 14).
დღეს ხალხი შიშში ცხოვრობს, რაც ცხადყოფს, რომ აუცილებელია ღვთის ჩარევა. საბედნიეროდ, ეს მალე მოხდება! ღმერთმა გაამეფა მესია, იესო ქრისტე, და ძალაუფლება უბოძა, რათა მან იეჰოვას უზენაესობა გაამართლოს და მისი სახელი განწმინდოს (მათე 28:18). მალე ეს სამეფო დედამიწაზეც დამყარდება და შიშისა და წუხილის ყოველგვარ მიზეზს აღმოფხვრის. ესაიას 9:6 გვარწმუნებს, რომ იესო სანდო მმართველია, რომელსაც შეუძლია შიშისგან გაგვათავისუფლოს. მაგალითად, მას ეწოდება „მარადიული მამა“, „საოცარი მრჩეველი“ და „მშვიდობის მთავარი“.
რამხელა სითბო ჩანს გამოთქმაში „მარადიული მამა“. იესოს აქვს ძალაც, ძალაუფლებაც და სურვილიც, რომ მორჩილმა ადამიანებმა მის მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე მარადიულად იცხოვრონ დედამიწაზე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები საბოლოოდ გათავისუფლდებიან ცოდვისა და არასრულყოფილებისგან, რაც ადამისგან გადაეცათ (მათე 20:28; რომაელები 5:12; 6:23). ქრისტე ასევე გამოიყენებს ღვთისგან ბოძებულ ძალაუფლებას მრავალი მიცვალებულის აღსადგენად (იოანე 11:25, 26).
დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ დაამტკიცა, რომ ის არის „საოცარი მრჩეველი“. ვინაიდან მან კარგად იცოდა ღვთის სიტყვა და შესანიშნავად იცნობდა ადამიანის ბუნებას, შეეძლო ადამიანების ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა. ზეცაში გამეფების შემდეგ იესო კვლავ „საოცარი მრჩეველია“ და შუამავლობს იეჰოვასა და ადამიანებს შორის. იესოს რჩევები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი, ყოველთვის ბრძნული და უზადოა. თუ ამის გვწამს, ეს გაურკვევლობისა და ავადმყოფური შიშისგან გაგვათავისუფლებს.
ესაიას 9:6 იესოს უწოდებს „მშვიდობის მთავარს“. ის თავის ძალას გამოიყენებს ყოველგვარი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური. იესო ამას გააკეთებს მშვიდობიანი მთავრობის, ზეციერი სამეფოს მეშვეობით (დანიელი 2:44).
ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე დაამყარებს მუდმივ მშვიდობას. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ამაში? ესაიას 11:9-ში მოცემულია პასუხი: „[სამეფოს ქვეშევრდომები] ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“. საბოლოოდ, დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს ექნება ღვთის შესახებ ზუსტი შემეცნება და ისინი დაემორჩილებიან მას. განუგეშებთ ეს იმედი? მაშინ ნუ გადადებთ იეჰოვას შესახებ ძვირფასი შემეცნების მიღებას.
თუ გამოიკვლევთ, რას გვეუბნება ბიბლია სინამდვილეში დღევანდელ მოვლენებსა და ნათელ მომავალზე, მიიღებთ ღვთის შესახებ რწმენის განმამტკიცებელ და სიცოცხლის მომცემ ცოდნას. მოგიწოდებთ, დაიწყოთ ბიბლიის უფასო შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან, რომლებიც თქვენ მახლობლად ცხოვრობენ. ეს დაგეხმარებათ, დაძლიოთ შიში და ნამდვილი მშვიდობა იპოვოთ ამ უიმედო მსოფლიოში.
[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]
რატომ გვინერგავს იმედს ღვთის სამეფო?
იესო ქრისტეს, ღვთის სამეფოს მეფეს, მიეცა უნარი და ძალაუფლება, რომ იმმართველოს ზეცაში და დედამიწაზე (მათე 28:18). ის აღადგენს დედამიწაზე ეკოლოგიურ ბალანსს და განკურნავს ავადმყოფებს. იესოს მიერ დედამიწაზე მოხდენილი ძლევამოსილი საქმეები მიანიშნებდა უფრო დიდ კურთხევებზე, რომლებსაც ადამიანები მისი მმართველობის დროს მიიღებდნენ, და ცხადყოფდა, რომ ის სრულყოფილი და სანდო მეფე იქნებოდა. ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან რომელი გიზიდავთ ყველაზე მეტად ამ მეფეში?
▪ უშუალო (მარკოზი 10:13—16).
▪ გონიერი და მიუკერძოებელი (მარკოზი 10:35—45).
▪ სანდო და მზრუნველი (მათე 4:5—7; ლუკა 6:19).
▪ სამართლიანი (ესაია 11:3—5; იოანე 5:30; 8:16).
▪ კეთილი, ყურადღებიანი და თავმდაბალი (იოანე 13:3—15).
[სურათი 4 გვერდზე]
ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი იეჰოვასადმი ნდობას გვიძლიერებს.