სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკენი სიყვარულმა გააერთიანა
ხსნა, გათავისუფლება და გადარჩენა — ამ სიტყვებით გამოხატულია ყველა დროში მცხოვრები ადამიანების უდიდესი სურვილი, რომ თავიანთი ტვირთისა და საწუხარისგან გათავისუფლდნენ. როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებს? მოვიპოვებთ ოდესმე ხსნას? თუ მოვიპოვებთ, როგორ?
სწორედ ეს იყო 2006 წელს იეჰოვას მოწმეთა სამდღიანი საოლქო კონგრესების პროგრამის მთავარი თემა. კონგრესის დევიზი იყო „ხსნა ახლოსაა!“
აქედან ცხრა კონგრესს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ათასობით დელეგატი დაესწრო. ეს კონგრესები 2006 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარდა პრაღაში (ჩეხეთი), ბრატისლავაში (სლოვაკეთი), კატოვიცესა და პოზნანში (პოლონეთი)a; ასევე გერმანიის ხუთ ქალაქში: დორტმუნდში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, ლაიფციგში და მიუნხენში. მთლიანობაში ამ კონგრესებზე დამსწრეთა რიცხვმა 313 000-ს გადააჭარბა.
როგორი ატმოსფერო სუფევდა ამ კონგრესებზე? რა გამოხმაურება მოჰყვა მათ საინფორმაციო საშუალებებში? და რას გრძნობდნენ კონგრესზე დამსწრენი?
კონგრესისთვის მზადება
სტუმრებსაც და ადგილობრივ მოწმეებსაც ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიწყებოდა ეს ღირსშესანიშნავი სულიერი ღონისძიება. დელეგატების უზრუნველყოფა შესაფერისი საცხოვრებლით დიდ შრომას მოითხოვდა. პოლონელმა მოწმეებმა აღმოსავლეთ ევროპიდან კატოვიცეში კონგრესზე დასასწრებად ჩამოსული დაახლოებით 13 000 სტუმარი მიიღეს. ამ კონგრესზე დელეგატები ჩამოვიდნენ ბელორუსიიდან, ესტონეთიდან, თურქმენეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და შეერთებული შტატებიდან.
ბევრმა დელეგატმა კონგრესზე გასამგზავრებლად რამდენიმე თვით ადრე დაიწყო მზადება. ტატიანამ, რომელიც კამჩატკის ნახევარკუნძულზე (რუსეთი) სრული დროით მსახურობს, ერთი წლით ადრე დაიწყო მგზავრობისთვის ფულის შეგროვება. კონგრესზე დასასწრებად მას დაახლოებით 10 500 კილომეტრი უნდა გაევლო. თავდაპირველად, მან ხუთი საათი იფრინა თვითმფრინავით, შემდეგ დაახლოებით სამი დღე იმგზავრა მატარებლით და ბოლოს 30 საათი მოანდომა კატოვიცეში ავტობუსით ჩასვლას.
ათასობით მოხალისე მონაწილეობდა სტადიონებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების საკონგრესოდ მომზადებაში (კანონი 23:14). მაგალითად, ლაიფციგში ადგილობრივმა მოწმეებმა საგულდაგულოდ დაასუფთავეს სტადიონი და ხელმძღვანელობას დაჰპირდნენ, რომ კონგრესის შემდეგაც დაალაგებდნენ. შედეგად, სტადიონის ხელმძღვანელობამ გააუქმა ხელშეკრულებაში პუნქტი, რომელიც დასუფთავების ხარჯების დაფარვას ეხებოდა და საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა.
ხალხის მოწვევა კონგრესზე
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებები იწვევდნენ ხალხს, რომ დასწრებოდნენ კონგრესს „ხსნა ახლოსაა!“. სპეციალური კონგრესის დამსწრენი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ ამ კამპანიაში და კონგრესის წინა საღამომდე იწვევდნენ ხალხს. გამოიღო ნაყოფი მათმა ენთუზიაზმმა?
პოლონელი მოწმე, სახელად ბოგდანი, შეხვდა ხანდაზმულ კაცს, რომელსაც კონგრესზე დასწრება სურდა, მაგრამ თქვა, რომ თავისი მცირე პენსია გზის ფულად არ ეყოფოდა, რადგან კატოვიცემდე 120 კილომეტრი იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კრების მიერ დაქირავებულ ავტობუსში ერთი თავისუფალი ადგილი იყო. ბოგდანი ამბობს: „ჩვენ ვუთხარით ამ კაცს, რომ დათქმულ ადგილას თუ დილის ექვსის ნახევარზე მოვიდოდა, შეეძლო უფასოდ ემგზავრა ჩვენი ავტობუსით“. კაცი დასთანხმდა და კონგრესს დაესწრო. მოგვიანებით მან ძმებს მისწერა: „კონგრესის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უკეთესი ადამიანი გავხდე“.
პრაღაში ერთმა კაცმა, რომელიც იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც დიდი ბრიტანეთიდან ჩასული კონგრესის დელეგატები იყვნენ დაბინავებულები, ერთ საღამოს ძმებს უთხრა, რომ იმ დღეს თავადაც ესწრებოდა კონგრესს. რატომ დაესწრო ის კონგრესს? კაცმა თქვა, რომ არ შეეძლო კონგრესზე არ წასულიყო, რადგან ქუჩაში ათმა სხვადასხვა მოწმემ მისცა მოსაწვევი! კონგრესმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აღძრა, რომ ჭეშმარიტების შესახებ მეტი გაეგო (1 ტიმოთე 2:3, 4).
ნოყიერი სულიერი საზრდო
კონგრესის პროგრამაში განხილული იყო, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა. მოცემული იყო კონკრეტული რჩევები ბიბლიიდან.
ადამიანებმა, რომლებიც ასაკის, ცუდი ჯანმრთელობის, საყვარელი ადამიანის დაკარგვის ან სხვა პრობლემების გამო იტანჯებიან, ბიბლიიდან მიიღეს გამხნევება, რათა მომავალს იმედის თვალით უყურონ (ფსალმუნი 72:12—14). დაქორწინებულმა წყვილებმა და მშობლებმა ბიბლიიდან მიიღეს რჩევები, თუ როგორ გაიხარონ ბედნიერი ქორწინებით და როგორ აღზარდონ შვილები საუკეთესოდ (ეკლესიასტე 4:12; ეფესოელები 5:22, 25; კოლოსელები 3:21). ახალგაზრდა ქრისტიანებმაც, რომლებსაც სკოლაში თანატოლებისგან პრობლემები ექმნებათ, მაგრამ ამასთანავე კრებასა და ოჯახში ბიბლიიდან ბრძნულ რჩევებს ისმენენ, პრაქტიკული მითითებები მიიღეს, თუ როგორ გაუმკლავდნენ თანატოლების გავლენას და „ახალგაზრდულ სურვილებს“ (2 ტიმოთე 2:22).
ნამდვილი მსოფლიო საძმო
ქრისტიანულ შეხვედრებზე იეჰოვას მოწმეები ყოველთვის პრაქტიკულ რჩევებს იღებენ ბიბლიიდან (2 ტიმოთე 3:16). ეს სპეციალური კონგრესები კი განსაკუთრებით იმით გამოირჩეოდა, რომ დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულნი და სულიერი პროგრამა მრავალ ენაზე გადაიცემოდა. იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრები კონგრესის თითოეულ დღეს წარმოთქვამდნენ მოხსენებებს; ასევე პროგრამას საინტერესოს ხდიდა სხვა ქვეყნებიდან მიღებული ცნობები. ეს მოხსენებები და ცნობები ითარგმნა სხვადასხვა ენაზე, რომლებზეც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგატები ლაპარაკობდნენ.
კონგრესის დელეგატები დიდი სიხარულით ხვდებოდნენ უცხოეთიდან ჩამოსულ და-ძმებს. „ენების სიმრავლე სირთულეს არ წარმოადგენდა, — აღნიშნა ერთმა დელეგატმა. — პირიქით, ეს სიხარულს მატებდა ჩვენს შეხვედრას. სტუმრები სხვადასხვა ეროვნების იყვნენ, მაგრამ მათ ერთი რწმენა აერთიანებდათ“. მიუნხენში ჩატარებული კონგრესის დელეგატებმა შემდეგნაირად შეაფასეს კონგრესი: „სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკენი სიყვარულმა გაგვაერთიანა“. განსხვავებული წარმოშობისა და ენის მიუხედავად, კონგრესის დელეგატები ნამდვილი მეგობრების, სულიერი და-ძმების, გარემოცვაში იყვნენ (ზაქარია 8:23).
მადლიერების გრძნობით აღვსილნი
ცუდმა ამინდმა პოლონეთში ჩამოსული დელეგატების ამტანობა გამოსცადა. კონგრესის განმავლობაში თითქმის გადაუღებლად წვიმდა და საკმაოდ ციოდა, რადგან ტემპერატურა საშუალოდ 14 გრადუსი იყო. ერთმა ამერიკელმა ძმამ აღნიშნა: „არასდროს ვყოფილვარ კონგრესზე ასეთ ცუდ ამინდში და პროგრამიდან ბევრი ვერაფერი გავიგე. მაგრამ არაჩვეულებრივმა ატმოსფერომ, შესანიშნავმა განწყობამ და გულითადმა სტუმართმოყვარეობამ ყველაფერი გადაფარა. ეს დაუვიწყარი კონგრესი იყო!“
პოლონელი და-ძმებისთვის ეს კონგრესი კიდევ ერთი მიზეზის გამო იყო დაუვიწყარი — პოლონურ ენაზე გამოიცა „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, რითაც ცივ და წვიმიან ამინდში მათ მიერ გამოვლენილი მოთმინება დაჯილდოვდა. ასევე კონგრესებზე „ხსნა ახლოსაა!“ დიდი სიხარული გამოიწვია იმან, რომ გამოიცა წიგნი „იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით“.
ბევრ დამსწრეს სხვა მიზეზების გამოც დაამახსოვრდა ეს კონგრესი. კრისტინა, რომელიც ჩეხეთიდანაა, ემსახურებოდა უცხოეთიდან ჩამოსულ დელეგატთა ჯგუფს. ის იხსენებს: «გამომშვიდობებისას ერთმა დამ გვერდზე გამიყვანა, ჩამეხუტა და მითხრა: „შესანიშნავად ზრუნავდი ჩვენზე! ადგილებზე მოგქონდა ჩვენთვის სადილი და სასმელი წყალი. უღრმესი მადლობა თავგანწირული სიყვარულისთვის“». ეს და მადლობელი იყო იმის გამო, რომ უცხოელ სტუმრებს კონგრესზე სადილით გაუმასპინძლდნენ. „ეს იყო საქმე, რომლის კეთების გამოცდილებაც არ გვქონდა, — თქვა ერთმა ძმამ. — საჭირო იყო ყოველდღე დაახლოებით 6 500 ადამიანისთვის სადილის მიტანა. სასიამოვნო იყო, რომ ბევრი მოხალისე გვყავდა, მათ შორის ბავშვები“.
დამ, რომელიც უკრაინიდან ჩავიდა კატოვიცეში, თქვა: „შეგვძრა თანამორწმუნეების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა, მზრუნველობამ და გულუხვობამ. მადლიერების გამოსახატავად სიტყვები არ გვყოფნის“. პოლონეთის ფილიალმა მიიღო რვა წლის ანიკას წერილი ფინეთიდან. ის წერდა: „კონგრესმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. იეჰოვას ორგანიზაციაში ყოფნა მართლაც შესანიშნავია, რადგან მსოფლიოს ყველა კუთხეში გვყავს მეგობრები!“ (ფსალმუნი 133:1).
სხვების რეაქცია
კონგრესის დაწყებამდე ზოგ დელეგატს ექსკურსიაზე წასვლის შესაძლებლობა ჰქონდა. ბავარიაში მათ სამეფო დარბაზები დაათვალიერეს, სადაც ადგილობრივი მოწმეები სიხარულით ხვდებოდნენ. ერთი ჯგუფის ექსკურსიამძღოლზე, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ასეთმა ძმურმა სიყვარულმა. ერთი დელეგატი იხსენებს: „როცა ავტობუსით სასტუმროში დავბრუნდით, ჩვენმა ექსკურსიამძღოლმა თქვა, რომ სხვა ტურისტებისგან ძალიან განვსხვავდებოდით. ჩვენ სასიამოვნოდ ჩაცმულები ვიყავით და ყველანი ვთანამშრომლობდით ჯგუფზე პასუხისმგებლებთან. არავინ ბილწსიტყვაობდა და ყველაფერი მოწესრიგებულად ხდებოდა. ქალი გააოცა იმან, რომ უცხო ადამიანები ასე მალე დამეგობრდნენ“.
ძმამ, რომელიც პრაღის კონგრესზე საინფორმაციო ბიუროში მსახურობდა, თქვა: «კვირა დილით გვეწვია დაცვის პოლიციის ოფიცერი, რომელსაც კონგრესის მეთვალყურეობა ევალებოდა. მან აღნიშნა, რომ კონგრესზე სიმშვიდე სუფევდა და, ფაქტობრივად, საქმე არ ჰქონდა. მან ისიც თქვა, რომ სტადიონის გარშემო მცხოვრებ ხალხს აინტერესებდა, რა ხდებოდა სტადიონზე. როცა ის იეჰოვას მოწმეებს ახსენებდა, ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ; ეს ოფიცერი ეუბნებოდა მათ: „ხალხი ოდნავ მაინც რომ ბაძავდეს იეჰოვას მოწმეებს, პოლიცია საჭირო აღარ იქნებოდა“».
მრავალმა უკვე მოიპოვა ხსნა!
ღვთის სიტყვა, ბიბლია, სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს შორის მშვიდობასა და ერთიანობას უწყობს ხელს (რომაელები 14:19; ეფესოელები 4:22—24; ფილიპელები 4:7). ეს ცხადყო სპეციალურმა კონგრესმა „ხსნა ახლოსაა!“. იეჰოვას მოწმეებმა უკვე დააღწიეს თავი ქვეყნიერებაში არსებულ მრავალ პრობლემას. შეუწყნარებლობა, აგრესია, რასიზმი — მხოლოდ რამდენიმეა იმ ჩამონათვალიდან, რაც საზოგადოებას აწუხებს. ისინი თითქმის აღარ არსებობს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამ პრობლემებისგან მთელი ქვეყნიერების გათავისუფლებას ელიან.
მათ, ვინც დაესწრო ამ კონგრესს, პირადად დაინახეს ის ერთიანობა, რაც სხვადასხვა ეროვნების მოწმეებს შორის სუფევს. ეს ცხადი გახდა კონგრესის დამთავრების შემდეგ. ყველა ტაშს უკრავდა, ერთმანეთს გულში იხუტებდნენ და სურათებს იღებდნენ (1 კორინთელები 1:10; 1 პეტრე 2:17). იმაში დარწმუნებულნი, რომ ყველა პრობლემისგან ხსნა ახლოსაა, გახარებული დელეგატები სახლებში დაბრუნდნენ. მათ განუახლდათ სურვილი, რომ მტკიცედ ჩაეჭიდონ ღვთისგან ბოძებულ „სიცოცხლის სიტყვას“ (ფილიპელები 2:15, 16).
[სქოლიო]
a მოწვეული ძმების მოხსენებების ტრანსლაცია მიმდინარეობდა პოლონეთის ექვს და სლოვაკეთის ერთ კონგრესზე.
[ჩარჩო⁄სურათი 10 გვერდზე]
ერთსულოვნება ოცდაექვს ენაზე მოლაპარაკე ხალხს შორის
ცხრავე სპეციალურ კონგრესზე პროგრამა ადგილობრივ ენაზე მიმდინარეობდა. გერმანიაში ჩატარებულ კონგრესზე მოხსენებები სხვა თვრამეტ ენაზეც იყო წაკითხული. დორტმუნდში პროგრამა წარმოდგენილი იყო აგრეთვე არაბულ, ესპანურ, პორტუგალიურ, რუსულ და სპარსულ ენებზე; ფრანკფურტში — ინგლისურ, ფრანგულ და სერბულ/ხორვატულ ენებზე; ჰამბურგში — დანიურ, ტამილურ, შვედურ და ჰოლანდიურ ენებზე; ლაიფციგში — თურქულ, პოლონურ და ჩინურ ენებზე; მიუნხენში — ბერძნულ და იტალიურ ენებზე, ასევე გერმანული ჟესტების ენაზე. პრაღაში კონგრესის ყველა მოხსენება იყო ინგლისურ, რუსულ და ჩეხურ ენებზე. ბრატისლავაში პროგრამა მიმდინარეობდა ინგლისურ, სლოვაკურ და უნგრულ ენებზე, ასევე სლოვაკური ჟესტების ენაზე; კატოვიცეში — პოლონურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე, ასევე პოლონური ჟესტების ენაზე; პოზნანში კი — პოლონურ და ფინურ ენებზე.
სულ იყო ოცდაექვსი ენა! სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე დელეგატები სიყვარულმა გააერთიანა.
[სურათი 9 გვერდზე]
ხორვატი დელეგატები ბედნიერები არიან, რომ ფრანკფურტში ჩატარებულ კონგრესზე მიიღეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მშობლიურ ენაზე.