„წმინდა მამების“ მემკვიდრეობა
ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის დასაწყისში ცრუ სწავლებებმა ქრისტიანული ჭეშმარიტების წყალი აამღვრია. ღვთის შთაგონებით ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ ზოგი ქრისტიანი ჭეშმარიტებას განუდგებოდა და ზღაპრებს დაიჯერებდა (2 ტიმოთე 4:3, 4). დაახლოებით ახ. წ. 98 წლისთვის ცოცხლად დარჩენილი უკანასკნელი მოციქული იოანე ქრისტიანებს აფრთხილებდა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თავიანთი ცრუ სწავლებებით შეეცდებოდნენ ერთგული ქრისტიანების შეცდომაში შეყვანას (1 იოანე 2:26; 4:1, 6).
მალე პირველი ღვთისმეტყველნი, ეგრეთ წოდებული, წმინდა მამები გამოჩნდნენ. როგორ შეხვდნენ ისინი რელიგიურ სიცრუეს? გაითვალისწინეს მათ იოანე მოციქულის გაფრთხილება?
ვინ იყვნენ ისინი?
„წმინდა მამები“ ეწოდათ მწერლებს, რომლებიც შესაძლოა იცნობდნენ იესოს რომელიმე მოციქულს ან განსწავლული იყვნენ უშუალოდ მოციქულთა მოწაფეებისგან. „წმინდა მამები“, ძირითადად, ცხოვრობდნენ ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულსა და მეორე საუკუნის პირველ ნახევარში.a მათ შორის იყვნენ კლემენტი რომაელი, იგნატი ანტიოქიელი, პაპიას ჰიერაპოლისელი და პოლიკარპე სმირნელი. ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ ჩვენთვის უცნობი მწერლები, რომელთა ნაშრომებსაც მიეკუთვნება „დიდაქე“, „ბარნაბას ეპისტოლე“, „პოლიკარპეს წამება“ და კლემენტის მეორე წერილი.
დღეს რთულია იმის თქმა, რამდენად ახლოს იყო „წმინდა მამების“ სწავლებები ქრისტეს სწავლებებთან. თუმცა უდავოა, რომ მათი მიზანი ქრისტიანობის დაცვა და მხარდაჭერა იყო. ისინი გმობდნენ კერპთაყვანისმცემლობასა და უზნეობას. მათ სწამდათ, რომ იესო ღვთის ძე იყო. ისინი იმასაც აღიარებდნენ, რომ ის ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა. მაგრამ მათ ვერ შეძლეს, წინ აღდგომოდნენ განდგომილების ტალღას. პირიქით, ზოგიერთმა მათგანმა თავისი წვლილიც შეიტანა ჭეშმარიტების დამახინჯებაში.
„მსუბუქი“ ტალღები
მაშინდელ „ქრისტიანთა“ შეხედულებები ნელ-ნელა სცილდებოდა ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლებებს. მაგალითად, გახსენების საღამოსთან, იგივე უფლის სერობასთან დაკავშირებით „დიდაქეს“ ავტორი ირწმუნებოდა, რომ ღვინო პურზე ადრე უნდა ჩამოეტარებინათ მაშინ როცა, იესომ ეს პირიქით გააკეთა (მათე 26:26, 27). ის იმასაც ამტკიცებდა, რომ თუ ნათლობისას საკმარისი წყალი არ იქნებოდა სხეულის სრულად დასაფარად, წყლის თავზე მისხურებაც საკმარისი იყო (მარკოზი 1:9, 10; საქმეები 8:36, 38). იგივე ნაშრომი ქრისტიანებს ავალდებულებდა, კვირაში ორჯერ ემარხულათ და დღეში სამჯერ „მამაო ჩვენო“ წარმოეთქვათ (მათე 6:5—13; ლუკა 18:12).
იგნატიმ წამოაყენა იდეა ქრისტიანული კრების რეორგანიზაციის შესახებ. მისი აზრით, კრებას ერთი ეპისკოპოსი უნდა ჰყოლოდა, როგორც „ღვთის ნაცვალი“ და ყველა მღვდელი მას უნდა დამორჩილებოდა. ასეთმა იდეებმა ცრუ სწავლებების ტალღა კიდევ უფრო გააძლიერა (მათე 23:8, 9).
ფაქტების დამახინჯება, მოწამეობა და კერპთაყვანისმცემლობა
ფაქტების დამახინჯებამ წმინდა მამები საკმაოდ დააშორა ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტებას მოწყურებული პაპიასი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს ეყრდნობოდა. მაგრამ ამავე დროს, სწამდა, რომ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდში ვაზი 10 000 ტოტს გამოიღებდა, თითოეული ტოტი — 10 000 ლერწს, თითოეული ლერწი — 10 000 ყლორტს, ყოველი ყლორტი — 10 000 მტევანს, თითო მტევანი — 10 000 ყურძნის მარცვალს და თითოეული მარცვლისგან დაახლოებით 1 000 ლიტრი ღვინო დაიწურებოდა.
ქრისტიანული რწმენის დასაცავად პოლიკარპე მზად იყო, მოწამეობრივი სიკვდილითაც კი მომკვდარიყო. ამბობენ, რომ ის უშუალოდ მოციქულთაგან და მათგან იყო დამოძღვრილი, ვინც იესოს იცნობდა. ის ბიბლიიდან ციტირებდა და, როგორც ჩანს, ცდილობდა, ქრისტიანული პრინციპებით ეცხოვრა.
მაგრამ პოლიკარპესადმი მოწიწებამ ზოგი კერპთაყვანისმცემლობამდე მიიყვანა. ერთ-ერთ უძველეს ნაშრომში „პოლიკარპეს წამება“ ნათქვამია, რომ მისი სიკვდილის შემდეგ „მორწმუნეებს“ სურდათ, გამოეთხოვათ მისი სხეულის ნაწილები. მათთვის მისი ძვლები „ნებისმიერ თვალ-მარგალიტზე ძვირფასი და ოქროზე წმინდა“ იყო. აშკარაა, რომ ჭეშმარიტების წყალი სულ უფრო იმღვრეოდა.
აპოკრიფული წიგნები
ზოგმა „წმინდანმა“ ღვთის შთაგონებულად აღიარა ზოგიერთი არაბიბლიური ტექსტი. მაგალითად, კლემენტი რომაელი ციტირებს ისეთი აპოკრიფული ნაშრომებიდან, როგორიცაა „სიბრძნე“ და „ივდითი“. „პოლიკარპეს ეპისტოლეს“ ავტორი მოიხსენიებს „ტობითის“ წიგნს იმ აზრის მხარდასაჭერად, რომ მოწყალების გამცემს შეეძლო სიკვდილისგან თავის დახსნა.
ახ. წ. II საუკუნეში დაწერილმა ყალბმა სახარებებმა ხელი შეუწყო იესოს შესახებ მოგონილი ისტორიების გავრცელებას. ამ სახარებებს ხშირად ესესხებოდნენ „წმინდა მამები“. მაგალითად, იგნატი ციტირებდა ეგრეთ წოდებული „ებრაელთა სახარებიდან“. კლემენტი რომაელზე ერთ ნაშრომში ნათქვამია: „როგორც ჩანს, კლემენტი ქრისტეს სახარებებიდან კი არა, არაკანონიკური წიგნებიდან გაეცნო“.
ცრუსწავლებების აზვირთებული ტალღა
„წმინდა მამები“ ქრისტიანული რწმენის ახსნას მითებით, მისტიური იდეებითა და ფილოსოფიური შეხედულებებით ცდილობდნენ, რითაც ხელი შეუწყვეს ცრუსწავლებების ტალღის აზვირთებას. მაგალითად, კლემენტი მკვდრეთით აღდგომის დასამტკიცებლად მითური ფრინველის, ფენიქსის შესახებ მითს იშველიებდა. ამ ფრინველს, რომელიც ლეგენდის თანახმად თავისი ფერფლიდან აღდგა, ეგვიპტელთა მზის კულტთან ჰქონდა კავშირი.
კიდევ ერთი მწერალი, რომელმაც ბიბლიური ჭეშმარიტება დაამახინჯა, „ბარნაბას ეპისტოლეს“ ავტორი იყო. მისი აზრით მოსეს კანონი მხოლოდ ალეგორია იყო. ის ამტკიცებდა, რომ ჩლიქგაყოფილ და მცოხნელ წმინდა ცხოველებში იგულისხმებოდნენ ადამიანები, რომლებიც უღრმავდებოდნენ ღვთის სიტყვას. როგორც ავტორი ირწმუნებოდა, გაყოფილი ჩლიქი იმის სიმბოლო იყო, რომ მართალი კაცი „ქვეყნიერებაში ცხოვრობს“, მაგრამ ამავე დროს მზერა ზეციერი ცხოვრებისკენ აქვს მიპყრობილი. ასეთი ახსნა-განმარტებები არ ეფუძნებოდა წმინდა წერილებს (ლევიანები 11:1—3).
მოციქულ იოანეს დამოწმება
პირველ საუკუნეში მოციქული იოანე ქრისტიანებს აფრთხილებდა: „საყვარელნო, ყველა შთაგონებულ სიტყვას კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა, რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა“ (1 იოანე 4:1). რა დროული იყო მოციქულის სიტყვები!
პირველი საუკუნის ბოლოს ბევრ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანს უკვე მიტოვებული ჰქონდა იესოსა და მოციქულების სწავლებები. ნაცვლად იმისა, რომ განდგომილება შეეჩერებინათ, ეკლესიის მამებმა თავიანთი სწავლებებით მის გავრცელებას უფრო შეუწყვეს ხელი. მათ ჭეშმარიტების წყალი ცრუ სწავლებებით მოწამლეს. ასეთების შესახებ მოციქული იოანე წერდა: „მას, ვინც ცდილობს, წინ გაიჭრას და ქრისტეს სწავლებაში არ რჩება, არა ჰყავს ღმერთი“ (2 იოანე 9). ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს გაფრთხილება ჭეშმარიტებას მოწყურებული ყველა ადამიანისთვის დღემდე უაღრესად მნიშვნელოვანია.
[სქოლიო]
a ახ. წ. II—V საუკუნეებში მოღვაწე მწერლებს, ღვთისმეტყველებსა და ფილოსოფოსებს ეკლესიის მამებსაც უწოდებენ.
[ჩანართი 29 გვერდზე]
„წმინდა მამებიდან“ ზოგი, მათ შორის კლემენტი, საკუთარ ნაშრომებს მითებზე, მისტიკურ იდეებსა და ფილოსოფიურ შეხედულებებზე აფუძნებდა
[სურათი 28 გვერდზე]
პოლიკარპე მზად იყო, მოწამეობრივი სიკვდილითაც კი მომკვდარიყო
[საავტორო უფლება]
The Granger Collection, New York