ყოველთვის უნდა ვიქცეოდეთ პატიოსნად?
პატიოსნებას ზოგჯერ ყველა ავლენს. ბევრი, შესაძლოა, უმეტესწილად ასე იქცევა. მაგრამ რამდენ ადამიანს იცნობთ, რომელიც ყოველთვის პატიოსანია?
დღეს უპატიოსნობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ღვთის თვალსაზრისი ყველასთვის ცნობილია. მაგალითად, უმრავლესობამ კარგად იცის ათი მცნებიდან მერვე მცნება: „არ მოიპარო“ (გამოსვლა 20:15). მაგრამ ბევრი ხანდახან გამართლებას უძებნის ქურდობასა თუ სხვა სახის უპატიოსნობას. ვისაუბროთ ქურდობის სამ შემთხვევაზე, რომელსაც, როგორც წესი, ხალხი შემწყნარებლურად ეკიდება.
ამართლებს სიღარიბე ქურდობას?
ერთმა რომაელმა სახელმწიფო მოღვაწემ თქვა: „სიღარიბიდან დანაშაულამდე ერთი ნაბიჯია“. ღარიბმა ადამიანმა შეიძლება გამართლება მოუძებნოს ქურდობას, და გარშემომყოფებსაც იგივე აზრი ჰქონდეთ. როგორ უყურებდა იესო ამ საკითხს? ის თანაუგრძნობდა გაჭირვებულებს და „გული ეწვოდა მათ გამო“ (მათე 9:36). თუმცა, იესო არც ერთ შემთხვევაში არ ამართლებდა ქურდობას. მაშ, რა უნდა ქნას ღარიბმა ადამიანმა?
ღმერთი თანაუგრძნობს მათ, ვინც გულწრფელად ცდილობს მისი ნების შესრულებას და ეხმარება, ჰქონდეთ საარსებო წყარო (ფსალმუნი 37:25). ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა მართლის სულს არ მოაშივებს, ბოროტთა საწადელს კი გააქარწყლებს“ (იგავები 10:3). შეუძლია ღარიბს ენდოს ამ სიტყვებს? ვიქტორინი დარწმუნდა, რომ ეს სიტყვები სანდოა.
ხუთშვილიანი ქვრივისთვის, ვიქტორინისთვის თავის გატანა არც ისე ადვილია. ის ცხოვრობს განვითარებად ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო სოციალურად ვერ უზრუნველყოფს გაჭირვებულებს. ძირითადად ხალხი გარეთაა, სადაც თავისუფლად შეუძლიათ იქურდონ. ასეთი ცდუნების მიუხედავად, ვიქტორინი არ ქურდობს. იგი გარე მოვაჭრეა და პატიოსანი შრომით არჩენს ოჯახს. რატომ ინარჩუნებს ის პატიოსნებას?
„ღმერთს უყვარს პატიოსანი ადამიანები. თუ პატიოსნად მოვიქცევი, ისიც ასევე მომექცევა. პირადი მაგალითით ჩემს შვილებსაც ვასწავლი პატიოსნებას“.
როგორც თავად ამბობს, მას აუცილებელი არ მოჰკლებია: «ჩვენ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და საცხოვრებელი. თუმცა ზოგჯერ მიწევს მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა, მაგალითად, გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯების დასაფარავად. იეჰოვას წყალობით აუცილებელი ყოველთვის მაქვს. მეგობრებმა იციან, რომ არ ვამძაფრებ ჩემს მდგომარეობას და მათ იმაზე მეტს არ ვთხოვ, ვიდრე მჭირდება.
ჩემს შვილებსაც ვასწავლი პატიოსნებას. ამას წინათ, მეზობელმა ჩვენს მაგიდაზე ხურდა ფული შეამჩნია და მკითხა: „არ გეშინია, ბავშვებმა რომ აიღონ?“ არ დამიჯერა, როცა ვუთხარი, რომ ჩემი შვილები არასდროს გააკეთებდნენ ამას. გადაწყვიტა, თავად გამოეცადა ისინი, რის შესახებაც ჩემთვის არაფერი უთქვამს. მან ორი 100-ფრანკიანი (დაახლოებით 70 თეთრი) ჩვენს სახლში ისეთ ადგილას დატოვა, რომ ბავშვებს ადვილად შეემჩნიათ. მომდევნო დღეს გაოცდა, როცა დაინახა, რომ ბავშვებს ფულისთვის ხელი არ ეხლოთ. პატიოსანი შვილების ყოლას ვერანაირი სიმდიდრე ვერ შეედრება».
„ყველა ასე იქცევა“
სამსახურში ქურდობა ჩვეულებრივი რამაა. ამიტომ ბევრი ამბობს: „ყველა ასე იქცევა და მე გამონაკლისი ხომ არ ვარ?“ ბიბლიაში ამის საპირისპირო აზრს ვკითხულობთ: „არ აჰყვე უმრავლესობას ბოროტებაში“ (გამოსვლა 23:2). ვიქტუარმა გაითვალისწინა ეს რჩევა და შედეგმაც არ დააყოვნა.
ვიქტუარმა 19 წლის ასაკში პალმის ზეთსახდელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მალე შენიშნა, რომ მის 40 თანამშრომელ ქალს ქარხნიდან პალმის ნაყოფის რბილობით სავსე კალათები გაჰქონდა. ყოველი კვირის ბოლოს ისინი რბილობს ყიდდნენ და სამი-ოთხი სამუშაო დღის გასამრჯელოს იღებდნენ. ვიქტუარი ყვება: „თითქმის ყველა იპარავდა და მეც ამისკენ მიბიძგებდნენ, მაგრამ მათ ანკესს არ წამოვეგე. ავუხსენი, რომ ჩემს პატიოსნებას არაფერზე გავცვლიდი. მათ დამცინეს და მითხრეს, რომ ბევრს ვკარგავდი.
ერთხელ, სამუშაო დღის ბოლოს, მოულოდნელად დირექტორი დაგვადგა თავზე. მან ყველა შეგვამოწმა და ჩემ გარდა ყველას კალათაში პალმის ნაყოფის რბილობი აღმოაჩინა. ზოგი მაშინვე გაათავისუფლა სამსახურიდან, ზოგი კი ორი კვირა უხელფასოდ ამუშავა. იმ ორი კვირის მანძილზე ჩემი თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ნამდვილად არაფერი დამიკარგავს“.
„თუ იპოვე, მშვიდობაში მოიხმარე!“
როგორ მოიქცევით, თუ ძვირფას ნივთს იპოვით? ბევრს მაშინვე ამ ნივთის მისაკუთრების სურვილი უჩნდება და იმის გაფიქრებაც კი არ უნდა, რომ უკან დააბრუნოს. ისინი იზიარებენ გავრცელებულ შეხედულებას: „თუ იპოვე, მშვიდობაში მოიხმარე!“ ზოგი ფიქრობს, რომ ამით არაფერი დაშავდება. ისინი თავს იმითაც იმართლებენ, რომ პატრონი უკვე შეეგუებოდა დანაკარგს. ზოგი თვლის, რომ ვალდებული არ არის, მოძებნოს პატრონი, რადგან ამან შეიძლება დიდი დრო და ენერგია წაიღოს.
როგორ უყურებს ღმერთი ამ საკითხს? კანონის 22:1—3-ის თანახმად, იუდეველს ნაპოვნი ნივთი მანამდე უნდა დაებრუნებინა, ვიდრე პატრონი მოძებნიდა. თუ ნაპოვნის შესახებ არ გააცხადებდა, ეს ქურდობაში ჩაეთვლებოდა (გამოსვლა 22:9). დღესაც იგივე პრინციპი მოქმედებს. მოვიყვანოთ კრისტინის მაგალითი.
კრისტინი კერძო სკოლის დირექტორია. ერთ დღეს მან ნაღდი ფულით აიღო ხელფასი. კრისტინმა შეფუთა ფული, როგორც ეს დასავლეთ აფრიკის ქვეყნებშია მიღებული, და ჩანთაში ჩადო. მან ტაქსი-მოტოციკლი გააჩერა, კრებაზე რომ დროულად მისულიყო. ტაქსიდან რომ გადმოდიოდა, ჩანთაში მძღოლისთვის მისაცემი ფულის ძებნა დაიწყო. სიბნელეში ვერ შენიშნა, როგორ გადმოუვარდა ჩანთიდან ფულის შეკვრა.
რამდენიმე წუთში იმ ქუჩაზე 19 წლის ბლეზმა ჩაირა, რომელიც იქ არ ცხოვრობდა. ის უნდა შეხვედროდა მეგობარს, რომელიც კრისტინთან ერთად კრების შეხვედრას ესწრებოდა. მან შენიშნა შეფუთული ფული, აიღო და ჯიბეში ჩაიდო. კრების დამთავრების შემდეგ, მან მეგობარს უთხრა, რომ რაღაც იპოვა და თუ გაიგებდა, რომ ვინმემ რამე დაკარგა, მისთვის დაერეკა.
საღამოს სახლში დაბრუნებულ კრისტინს ელდა ეცა, როცა აღმოაჩინა, რომ ერთი თვის ხელფასი ჩანთაში აღარ ჰქონდა. მომხდარის შესახებ მან თავის მეგობარს, ჟოზეფინს ერთი კვირის შემდეგ უთხრა. ჟოზეფინს გაახსენდა, რომ კრებაზე ერთმა დამსწრემ, ბლეზმა სამეფო დარბაზთან რაღაც იპოვა. კრისტინმა დაურეკა ბლეზს და ზუსტ კუპიურებში დაუსახელა დაკარგული თანხის ოდენობა. კრისტინის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბლეზმა მას ფული დაუბრუნა. ბლეზმა კი, რომელსაც ფული ერთი კვირა ედო სახლში, თქვა: „თანხის პოვნაზე მეტად ის გამიხარდა, რომ პატრონი ვიპოვე და თანხა დავუბრუნე“.
რატომ იქცევიან ისინი ყოველთვის პატიოსნად?
ვიქტორინი, ვიქტუარი და ბლეზი სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და ერთმანეთს არ იცნობენ. მაგრამ მათ აქვთ რაღაც საერთო. ისინი იეჰოვას მოწმეები არიან და პატიოსნად იმიტომ იქცევიან, რომ ბიბლიურ პრინციპებს მიჰყვებიან. ვიქტორინი, ვიქტუარი და ბლეზი ელოდებიან იმ დროს, როცა ღვთის დაპირებისამებრ ახალი ქვეყნიერება დამყარდება. „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“. იქ ყველა მართალი და პატიოსანი ადამიანი იცხოვრებს (2 პეტრე 3:13).
ვიქტორინს დიდი იმედი არა აქვს, რომ ამ ქვეყნიერებაში მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, სანამ ღმერთი არ შეასრულებს თავის დანაპირებს. მიუხედავად ამისა, ის სულიერად მდიდარია, რასაც ფულით ვერ იყიდი. მისი შვილები პატიოსნები არიან და კარგი მანერებით გამოირჩევიან. ყოველ კვირას ისინი სიხარულით ესაუბრებიან მეზობლებს ღვთის კეთილ საქმეებზე; აგრეთვე არწმუნებენ მათ, რომ ღმერთი დააკმაყოფილებს „ყველას, ვინც მას მოუხმობს“ და დაიცავს „ყველა თავის მოყვარულს“ (ფსალმუნი 145:7, 18, 20).
დროთა განმავლობაში ვიქტუარმა თავი დაანება პალმის ზეთსახდელ ქარხანაში მუშაობას და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. იგი ბაზარზე „გარის“ (მანიჰოტის პიურე) ყიდდა. ბევრ კლიენტს შეუმჩნეველი არ რჩებოდა ვიქტუარის პატიოსნება. მალე მას ისე აეწყო საქმე, რომ შეეძლო ადრე წამოსულიყო სამუშაოდან და მეტი დრო დაეთმო ქადაგებისთვის. იგი სხვებს ამცნობდა, რომ მალე მსოფლიოში აღარ იარსებებდა უპატიოსნობა. მოგვიანებით, ვიქტუარი გათხოვდა; დღეს ის და მისი მეუღლე სრული დროით მსახურობენ.
კრისტინმა იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის წინ დაკარგა ფული. ბლეზი იმ კრებაში, სადაც მეგობარს უნდა შეხვედროდა, თითქმის არავის იცნობდა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად იცოდა: იქ ყველა მისი ქრისტიანი და-ძმა იყო, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, პატიოსნად მოიქცნენ.
რამდენ ადამიანს იცნობთ, ვინც ყოველთვის გულწრფელად ცდილობს, პატიოსნად მოიქცეს? არ ისურვებდით ათობით ან ასობით პატიოსან ადამიანს შორის ყოფნას? სწორედ ასეთი გარემოა იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში. შეგიძლიათ ესტუმროთ ერთ-ერთ სამეფო დარბაზს და გაიცნოთ იეჰოვას მოწმეები.
[ჩანართი 12 გვერდზე]
„პატიოსანი შვილების ყოლას ვერანაირი სიმდიდრე ვერ შეედრება“ (ვიქტორინი)
[ჩარჩო 14 გვერდზე]
ამართლებს იგავების 6:30 ქურდობას?
იგავების 6:30-ში ვკითხულობთ: „არ სძულთ ქურდი, რომელსაც შია და თავისი სულის დასანაყრებლად იპარავს“. ამართლებს ეს მუხლი ქურდობას? რასაკვირველია, არა. კონტექსტიდან ჩანს, რომ ღმერთი დაუსჯელს არ ტოვებს ქურდს. მომდევნო მუხლში ნათქვამია: „მაგრამ თუ დაიჭირეს, შვიდმაგად აზღვევინებენ, სახლიდან გაატანინებენ მთელ თავის ქონებას“ (იგავები 6:31). მართალია, ვინც შიმშილის მოსაკლავად იპარავს, შეიძლება არც ისე დასაძრახი იყოს, როგორც ის, ვინც სიხარბის გამო ან სხვებისთვის ზიანის მიყენების მიზნით იპარავს, მაგრამ მან მაინც უნდა ზღოს თავისი საქციელისთვის. ასე რომ, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, ღვთის თვალში არანაირი გამართლება არა აქვს ქურდობას.