ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს?
„მოსწავლე თავის მასწავლებელზე მეტი არ არის, მაგრამ ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება“ (ლუკა 6:40).
ზოგი მშობელი თვლის, რომ შვილებს ღვთისადმი რწმენას ვერ ჩაუნერგავს. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ არა აქვთ საკმარისი რელიგიური განათლება, რომ კარგი მასწავლებლები იყვნენ. ამის გამო მათ შეიძლება ესოდენ მნიშვნელოვანი დავალება თავის ნათესავს ან რომელიმე სასულიერო პირს გადააბარონ.
მაგრამ სინამდვილეში საუკეთესოდ ვის შეუძლია ბავშვებს, რელიგიური თუ ზნეობრივი ფასეულობები ჩაუნერგოს? განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე და შევადაროთ იმას, რაც მკვლევარებმა აღმოაჩინეს.
მამის როლი
რას გვასწავლის ბიბლია: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4).
რა აღმოაჩინეს მკვლევარებმა: რით არის კარგი, თუ მამები ღვთისადმი ძლიერ რწმენას განივითარებენ? 2009 წელს ერთი უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო: „რომელიმე რელიგიურ გაერთიანებაში გაწევრიანება მამაკაცებს ეხმარება, უკეთესი მამები გახდნენ. რელიგია ადამიანებს უნერგავს ზნეობრივ ფასეულობებსა და პრინციპებს, რაც უკეთესობისკენ ცვლის მათ და ასწავლის, როგორ წარმართონ საკუთარი ცხოვრება“ (Fathers’ Religious Involvement and Early Childhood Behavior).
ბიბლიის თანახმად, მამას დიდი როლი აკისრია შვილების აღზრდაში (იგავები 4:1; კოლოსელები 3:21; ებრაელები 12:9). მაგრამ იზიარებს დღეს ბევრი ამ რჩევას? 2009 წელს ფლორიდის ერთმა უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ირჩეოდა, თუ რაოდენ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მამებს შვილებზე. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომელთა მამებიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ შვილების სათანადოდ აღზრდას, უფრო თანამგრძნობნი იყვნენ და უღირსობის გრძნობაც არ ეუფლებოდათ: ბიჭები კარგი ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ, გოგონები კი ემოციურად გაცილებით სტაბილურად გრძნობდნენ თავს. ფაქტია, რომ ბიბლიურ რჩევას დღემდე არ დაუკარგავს ფასი.
რამდენად მნიშვნელოვანია დედის როლი?
რას გვასწავლის ბიბლია: „დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ“ (იგავები 1:8).
რა აღმოაჩინეს მკვლევარებმა: 2006 წელს გამოცემულ ერთ წიგნში ნათქვამი იყო: „დედები საშუალოდ 65—80 პროცენტით მეტ დროს უთმობენ შვილებთან ახლო ურთიერთობას, ვიდრე მამები. ასეთი შეფარდებაა არაერთ ქვეყანაში“ (Handbook of Child Psychology). როდესაც დედა ამდენ დროს უთმობს შვილს, მისი საუბარი, საქციელი და თვალსაზრისი მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე.
როცა დედ-მამა ერთობლივი ძალით უნერგავს შვილებს ღვთისადმი რწმენას, ისინი, სულ მცირე, ორ ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ მათ. პირველ რიგში, შვილებს ზეციერ მამასთან მეგობრობის განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ, რისი წყალობითაც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოაკლდებათ კურთხევები. გარდა ამისა, შვილები მშობლების მაგალითით სწავლობენ, როგორ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან ცოლ-ქმარმა, მნიშვნელოვან მიზნებს რომ მიაღწიონ (კოლოსელები 3:18—20). შეიძლება ცოლ-ქმარს სხვებიც დაეხმარონ შვილების აღზრდაში, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა უშუალოდ მათ აკისრიათ; სწორედ მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისადმი რწმენა და გააცნონ ღვთის თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ოჯახი.
როგორ შეუძლიათ მშობლებს ასწავლონ შვილებს? რომელი მეთოდებია საუკეთესო?