ათი კითხვა სექსის შესახებ
1 იყო თუ არა სქესობრივი კავშირი ადამ და ევას მიერ ედემის ბაღში ჩადენილი პირველი ცოდვა?
▪ პასუხი: ბევრს ჰგონია, რომ ედემის ბაღში ადამ და ევასთვის აკრძალული ხილი სქესობრივი კავშირი იყო. მაგრამ ბიბლიის თანახმად, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.
დაფიქრდით: ჯერ კიდევ ევას შექმნამდე ღმერთმა ადამს უბრძანა, რომ არ ეჭამა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ (დაბადება 2:15—18). ვინაიდან ადამი მარტო იყო, შეუძლებელი იყო, რომ ღმერთს აკრძალულ ხილში სქესობრივი კავშირი ეგულისხმა. გარდა ამისა, ღმერთმა ადამ და ევას გასაგებად უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 1:28). განა მოსიყვარულე ღმერთი დაავალებდა პირველ წყვილს, აევსოთ დედამიწა, რაც თავისთავად სქესობრივ კავშირსაც გულისხმობდა, და შემდეგ ამ მითითების გათვალისწინებისთვის სიკვდილით დასჯიდა? (1 იოანე 4:8).
უფრო მეტიც, ევამ სწორედ მაშინ შეჭამა აკრძალული ნაყოფი, როცა მისი ქმარი მის გვერდით არ იყო. „მოგვიანებით კი ქმარსაც მისცა, როცა ერთად იყვნენ, და მანაც შეჭამა“ (დაბადება 3:6).
და ბოლოს, ღმერთს ადამი და ევა არ გაუკიცხავს იმის გამო, რომ მათ სქესობრივი კავშირი ჰქონდათ, რის შემდეგაც ბავშვები ეყოლათ (დაბადება 4:1, 2). აშკარაა, რომ ადამ და ევასთვის აკრძალული ხილი არ გულისხმობდა სქესობრივ კავშირს, არამედ პირდაპირი გაგებით ხილს, რომელიც ედემის ბაღში რომელიღაც ხეს ესხა.
2 კრძალავს ბიბლია სიამოვნების მიზნით სქესობრივ კავშირს?
▪ პასუხი: ბიბლიის პირველი წიგნიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ადამიანები „კაცად და ქალად შექმნა“. მან ყველაფერს, რაც შექმნა, „ძალიან კარგი“ უწოდა (დაბადება 1:27, 31). მოგვიანებით, ღვთის შთაგონებით ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა ქმრებს მოუწოდა: „გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან . . . ყოველთვის გათრობდეს მისი მკერდი“ (იგავები 5:18, 19). ნუთუ ეს სიტყვები იმაზე მოწმობს, რომ ბიბლია კრძალავს სქესობრივი კავშირის დროს სიამოვნების მიღებას?
როგორც ვხედავთ, ღმერთს ადამიანის სასქესო ორგანოები მხოლოდ გამრავლების მიზნით არ შეუქმნია, არამედ იმიტომაც, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ სიყვარული და ნაზი გრძნობები გამოევლინა და ამგვარად სიამოვნება მიეღო. ასეთი ინტიმური ურთიერთობის დროს კაცი და ქალი ერთმანეთის ფიზიკურ და ემოციურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
3 იწონებს ბიბლია ქორწინების გარეშე მამაკაცისა და ქალის ერთად ცხოვრებას?
▪ პასუხი: ბიბლიაში არაორაზროვნად არის ნათქვამი, რომ „მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრაელები 13:4). მრუშობად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა პორნია მიუთითებს დაუქორწინებლებს შორის სქესობრივ კავშირზე, რაშიც სქესობრივი ორგანოების არასწორი სახით გამოყენებაც შედის.a აქედან გამომდინარე, ღვთისთვის მიუღებელია წყვილის ერთად ცხოვრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოგვიანებით აპირებენ დაქორწინებას.
მაშინაც კი, თუ წყვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი, ღვთის მოთხოვნის თანახმად, მათ სექსი დაქორწინებამდე არ უნდა ჰქონდეთ. სწორედ ღმერთმა დაგვაჯილდოვა სიყვარულის გამოვლენის უნარით. მისი მთავარი თვისება სიყვარულია. ამიტომ, იგი სამართლიანად ითხოვს, რომ მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს ჰქონდეთ სქესობრივი კავშირი, როგორც ამას მომდევნო სტატიიდან დავინახავთ.
4 მისაღებია მრავალცოლიანობა
▪ პასუხი: იყო დრო, როცა ღმერთმა დროებით დაუშვა, რომ მამაკაცს ერთზე მეტი ცოლი ჰყოლოდა (დაბადება 4:19; 16:1—4; 29:18—30:24). მაგრამ ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, კაცს არ უნდა ჰყოლოდა ერთზე მეტი ცოლი. მან ადამს მხოლოდ ერთი ცოლი მიუყვანა.
ღმერთმა იესო ქრისტეს უფლება მისცა, განემტკიცებინა ის, რაც მან თავდაპირველად დაადგინა ქორწინებასთან დაკავშირებით (იოანე 8:28). როდესაც იესოს ქორწინების თაობაზე ჰკითხეს, მან უპასუხა: «შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“» (მათე 19:4, 5).
მოგვიანებით, იესოს ერთმა მოწაფემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს — თავისი ქმარი“ (1 კორინთელები 7:2). ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ყოველი დაქორწინებული ქრისტიანი მამაკაცი, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობები აკისრია, „უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი“ (1 ტიმოთე 3:2, 12).
5 დაუშვებელია დაქორწინებული წყვილისთვის კონტრაცეპტივების გამოყენება?
▪ პასუხი: იესოს თავისი მიმდევრებისთვის არ დაუვალებია შვილების ყოლა. არც მის რომელიმე მოწაფეს მიუცია ასეთი მითითება სხვებისთვის. ბიბლიაშიც არსად არის ნათქვამი, რომ ღმერთი კრძალავს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.
ამიტომ, დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, იყოლიონ თუ არა შვილები. მათ აგრეთვე შეუძლიათ გადაწყვიტონ, რამდენ ბავშვს იყოლიებენ და როდის გააჩენენ. ცოლ-ქმარმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, გამოიყენებენ თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო ისეთ საშუალებებს, რომლებიც აბორტს არ იწვევს.b მათი განსჯის უფლება არავის აქვს (რომაელები 14:4, 10—13).
6 დასაშვებია აბორტი?
▪ პასუხი: ღვთის თვალში სიცოცხლე წმინდაა. მისთვის ემბრიონი უკვე ცოცხალი არსებაა (ფსალმუნი 139:16). ღმერთმა ბრძანა, რომ თუ ვინმე ზიანს მიაყენებდა ჯერარდაბადებულ ბავშვს, პასუხი უნდა ეგო. ასე რომ, ღვთის თვალში ჯერარდაბადებული ბავშვისთვის სიცოცხლის მოსწრაფება მკვლელობაა (გამოსვლა 20:13; 21:22, 23).
რა შეიძლება ითქვას, თუ მშობიარობის დროს კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება და საქმე დედის ან შვილის სიცოცხლის გადარჩენაზე მიდგება? ასეთ შემთხვევაში წყვილმა უნდა გადაწყვიტოს, ვისი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია.c
7 იწონებს ღმერთი გაყრას?
▪ პასუხი: ბიბლია გაყრას არ კრძალავს. მაგრამ იესომ აღნიშნა, რომ ღვთის თვალში გაყრა მხოლოდ ერთი მიზეზით არის დაშვებული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუ ცოლს სიძვა [უკანონო სქესობრივი კავშირი] არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათე 19:9).
ღმერთს სძულს, როცა კაცი ვერაგულად ეყრება მეუღლეს. ის პირადად სთხოვს პასუხს მათ, ვინც უმიზეზოდ ეყრება მეუღლეს განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას სხვაზე დაქორწინების მიზნით აკეთებს (მალაქია 2:13—16; მარკოზი 10:9).
8 იწონებს ღმერთი ჰომოსექსუალიზმს?
▪ პასუხი: ბიბლია აშკარად განსჯის სიძვას, რაშიც ჰომოსექსუალიზმიც იგულისხმება (რომაელები 1:26, 27; გალატელები 5:19—21). მართალია, ბიბლიიდან ჩანს, რომ ღმერთი არ იწონებს ასეთ ცხოვრების წესს, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).
მართალია, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ამართლებენ ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ ყველას მიმართ სიკეთეს ავლენენ (მათე 7:12). ღმერთს სურს, რომ პატივი ვცეთ ყველას. ამიტომ, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ არიან ჰომოფობიკები ანუ არ სძულთ ჰომოსექსუალისტები (1 პეტრე 2:17).
9 რა არის ცუდი ინტიმურ ტელეფონში, სექსტინგსა და ვირტუალურ სექსში?
▪ პასუხი: ინტიმური ტელეფონი არის სატელეფონო მომსახურება, რომელშიც შედის უხამსი საუბარი სექსზე ან ეროტიკული შინაარსის ჩანაწერების მოსმენა. სექსტინგი არის მობილური ტელეფონით სექსუალური შინაარსის წერილების, ფოტოების ან ვიდეომასალის გაგზავნა. ვირტუალური სექსი კი გულისხმობს ინტერნეტით ვირტუალურ ინტიმურ ურთიერთობას, ანუ ინტერნეტ-სექსს.
ბიბლიაში არ არის საუბარი მსგავს გარყვნილ ქმედებებზე, მაგრამ მასში ვკითხულობთ: „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდებს შეეფერებათ, არც სამარცხვინო საქციელი, სულელური ლაპარაკი და უწმაწური ხუმრობა“ (ეფესოელები 5:3, 4). ინტიმური ტელეფონი, სექსტინგი და ვირტუალური სექსი ადამიანებს წარმოდგენას უმახინჯებს სექსზე და იმისკენ უბიძგებს, რომ სექსუალური ჟინი მეუღლესთან კი არა, სხვასთან დაიკმაყოფილონ. ისინი ხალხს ვნებების დაცხრომაში კი არ ეხმარებიან, არამედ ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებისკენ აქეზებენ.
10 რას ამბობს ბიბლია მასტურბაციაზე?
▪ პასუხი: ბიბლიაში არ არის მოხსენიებული მასტურბაცია — სიამოვნების მიღების მიზნით სასქესო ორგანოების განზრახ გაღიზიანება, რომელიც იწვევს სექსუალურ აღგზნებასა და ორგაზმს. მიუხედავად ამისა, ღვთის სიტყვა ქრისტიანებს მოუწოდებს: „ამიტომ ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, [მიუღებელი] ვნება“ (კოლოსელები 3:5).
მასტურბაცია ავითარებს ეგოისტურ და გაუკუღმართებულ შეხედულებას სექსზე. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი მისცემს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ მათ, ვინც გულწრფელად ცდილობს, დაძლიოს ეს მავნე ჩვევა (2 კორინთელები 4:7; ფილიპელები 4:13).
[სქოლიოები]
a პორნიაში აგრეთვე იგულისხმება ისეთი გაუკუღმართებული ქმედებები, როგორიცაა მრუშობა, ჰომოსექსუალიზმი და ზოოფილია, რაც სრულიად ეწინააღმდეგება იმ განზრახვას, რა განზრახვითაც ღმერთმა თავდაპირველად შექმნა სასქესო ორგანოები.
b ბიბლიის თვალსაზრისი სტერილიზაციის შესახებ იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „მკითხველთა შეკითხვები“, 1999 წლის 15 ივნისი, გვერდები 27, 28.
c გამართლებულია თუ არა აბორტის გაკეთება მაშინ, როცა გაუპატიურებული დაფეხმძიმდება? იხილეთ 1996 წლის ოქტომბერ-დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 16, 17. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.