ჩვენი არქივიდან
ჩვენი წარსულის საგანძური
იეჰოვას ხალხს ძალზე მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა აქვს. ამ საოცარ მემკვიდრეობაში შედის არა მარტო პუბლიკაციები, არამედ ჩვენს თაყვანისმცემლობასთან, სამქადაგებლო საქმიანობასა და ისტორიასთან დაკავშირებული ფოტოები, წერილები, პირადი მონათხრობები თუ ნივთები. მაგრამ, რა სარგებლობა მოაქვს ამ მასალის შენახვასა და წარსულის გახსენებას? ძველ ისრაელში თითოეული ოჯახის თავი ვალდებული იყო შვილებისთვის ესწავლებინა კანონები და მოეთხრო იეჰოვას ჩინებული საქმეების შესახებ, რათა მათ „იმედი დაემყარებინათ ღმერთზე“ (ფსალმ. 78:1—7).
ძველი მასალების მოძიება იეჰოვას განზრახვების შესრულებაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მაგალითად, როდესაც მოწინააღმდეგეები იერუსალიმში ტაძრის აღდგენის შეჩერებას ცდილობდნენ, მიდიის დედაქალაქ ეკბატანაში იპოვეს მეფე კიროსის მიერ ღვთის სახლის აღდგენის შესახებ ბრძანება (ეზრ. 6:1—4, 12). ამგვარად, ღვთის ნების შესაბამისად, ტაძარი აღადგინეს. ისტორიული დოკუმენტები გამოიყენა სახარების დამწერმა ლუკამაც, რომელმაც „ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოიკვლია“ (ლუკ. 1:1—4).
ხელმძღვანელი საბჭო ძალიან არის დაინტერესებული ჩვენი თეოკრატიული ისტორიით. ამ საბჭოს ერთმა წევრმა სულიერი მემკვიდრეობის შენახვის, აღნუსხვისა და გადაცემის აუცილებლობაზე საუბრისას აღნიშნა: „რომ ვიცოდეთ საით მივდივართ, უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ“. ამ მიზნით არც ისე დიდი ხნის წინ მსოფლიო მთავარ სამმართველოში (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) შეიქმნა სამწერლო განყოფილების არქივი, რომელსაც სამწერლო კომიტეტი უწევს ხელმძღვანელობას.
ჩვენი „საოჯახო ალბომი“ და „რელიკვიები“
დრო გადის და ბევრი რამ დავიწყებას ეძლევა; ამიტომ უმეტესობა ჩვენგანს სურს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შემოინახოს თავის ოჯახზე. სამწერლო განყოფილების არქივში გულმოდგინედ შრომობენ, რათა შეინახონ და აღნუსხონ მუდმივად მზარდი მდიდარი მემკვიდრეობა. ფოტოები სათუთად ინახება არქივში, როგორც „საოჯახო ალბომის“ ნაწილი. ჩვენი ძველი პუბლიკაციებიც, პირადი მონათხრობებიცა და ფასდაუდებელი ნივთებიც არქივის საგანძურში შენახული ძვირფასი ქვებია. ასეთი ნივთები ნამდვილი რელიკვიებია. ისინი ნათელს ჰფენს ჩვენს თეოკრატიულ წარსულს და გვეხმარება იმედიანად ვიყუროთ წინ, ჩვენი სულიერი ოჯახის მომავლისკენ.
გიწვევთ, შემოიხედოთ სამწერლო განყოფილების არქივში ახალი რუბრიკის „ჩვენი არქივიდან“ საშუალებით. ის პერიოდულად დაიბეჭდება „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემაში. მაგალითად, შემდეგ ნომერში იქნება ილუსტრირებული სტატია, რომელიც პასუხს გასცემს შემდეგ კითხვებს: რა იყო „ბორბლებიანი გარიჟრაჟი“? ვინ იყენებდა მას? როდის იყენებდნენ და რა მიზნით?
ჩვენი არქივი, „საოჯახო ალბომი“, ბევრს მოგვითხრობს ჩვენი ორგანიზაციის ისტორიის შესახებ. როგორ ავლენდნენ რწმენასა და გაბედულებას ჩვენი და-ძმები; რა სიხარულს განიცდიდნენ და, რა სირთულეებს ხვდებოდნენ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი ღმერთის მსახურებისას; როგორ ხელმძღვანელობდა და როგორ ედგა მხარში მათ ღმერთი (კან. 33:27). დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს მცდელობას, შევინარჩუნოთ ჩვენი ორგანიზაციის ისტორია, რათა ღვთის ნების შესასრულებლად ვიყოთ გაერთიანებულნი და გაძლიერებულნი.
[ჩარჩო⁄სურათი 31 გვერდზე]
უკეთ გავეცნოთ ჩვენს არქივს
პუბლიკაციების, DVD-ებისა და ბიბლიაზე დაფუძნებული სხვა მასალების მომზადებისას ჩვენი მწერლები, მხატვრები, მკვლევარები თუ სხვები არქივში არსებულ მასალას იყენებენ. ამიტომ სამწერლო განყოფილების არქივი მთელი გულმოდგინებით აგროვებს და ინახავს ფილიალებიდან, ბეთელის განყოფილებებიდან, კრებებიდან, ცალკეული პირებისა თუ ქვეყნიური დაწესებულებებიდან მიღებულ მდიდარ ისტორიულ მასალას. თვალი გადავავლოთ არქივის საქმიანობას.
შეძენა და შესწავლა. იშვიათი ნივთები რეგულარულად ემატება ჩვენს არქივს. მრავალი ასეთი ნივთი იმ ქრისტიანებმა გაიღეს, რომელთა ოჯახის წევრებიც ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. ამ ნივთების შესწავლა და სხვა მასალებთან შედარება გვეხმარება, მეტი გავიგოთ ჩვენი ორგანიზაციის ისტორიისა და იმ და-ძმების შესახებ, რომლებსაც ამ ნივთებთან შეხება ჰქონდათ.
კატალოგის შედგენა. სამწერლო განყოფილების არქივის კოლექცია შედგება ათასობით ნივთისგან, რომელთაგან ზოგი საუკუნეზე მეტი წლისაა. ისინი სხვადასხვა ფორმის, ზომისა თუ ფორმატისაა და საჭიროა კატალოგის ყურადღებით შედგენა, რათა შესაძლებელი იყოს ამ ნივთების მომავალში გამოყენება.
რესტავრაცია და დაცვა. პროფესიონალური სარესტავრაციო მეთოდების გამოყენებით ხდება დაზიანებული წიგნებისა თუ ნივთების რესტავრაცია და დაცვა. ციფრულ ფორმატში გადაჰყავთ დოკუმენტები, ფოტოები, გაზეთებიდან ამონაჭრები და აუდიო თუ ვიდეოჩანაწერები. ასე რომ, ამ მასალების ელექტრონული ვარიანტის გამოყენება ხელს უწყობს დოკუმენტებისა თუ სხვა ისტორიული ღირებულების მქონე ნივთების ორიგინალების დაცვას.
შენახვა და მოძიება. საარქივო მასალები გარკვეული წესების დაცვით ინახება, რათა ნივთები სინათლემ ან სინესტემ არ დააზიანოს. იქმნება მონაცემთა ბაზა, რათა მისი საშუალებით გაადვილდეს წარსულის საგანძურიდან მასალის მოძიება და გამოკვლევა.
[სურათები 32 გვერდზე]
1. შემოქმედების ფოტოდრამის აფიშა. 2. შეკვეთების სია. 3. მანქანა, რომელზეც ხმის გამაძლიერებელია დამონტაჟებული. 4. 1912 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ გარეკანი. 5. რუტერფორდის დაპატიმრების ორდერი. 6. WBBR-ის მიკროფონი. 7. ფონოგრაფი. 8. წიგნების სატარებელი ჩანთა. 9. პირადი ჩანაწერები. 10. ტელეგრამა რუტერფორდისთვის.