„დაჯილდოვდება თქვენი საქმიანობა“
ასა თავის ჯართან ერთად იუდეის მთიანი მხარიდან ზღვისპირა დაბლობისკენ მიიჩქარის. ის ჩერდება, თვალს ავლებს მის წინ გადაშლილ ვრცელ ველს და სუნთქვა ეკვრება. მეფე ასა ხედავს მტრის ბანაკს — ეთიოპელთა თითქმის მილიონიან ლაშქარს. მისი ჯარი კი დაახლოებით ნახევარ მილიონს შეადგენს.
საინტერესოა, რაზე ფიქრობს ასა ბრძოლის წინ. ბრძანებების გაცემაზე? ჯარის გამხნევებაზე? თუ ოჯახისთვის წერილის მიწერაზე? არა, ამ მძიმე წუთებში ასა ლოცულობს.
სანამ გავიგებთ, თუ როგორ ილოცა ასამ და რა მოხდა შემდეგ, ვნახოთ, როგორი ადამიანი იყო ის. რამ აღძრა ასა, რომ ელოცა? რატომ იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა დაეხმარებოდა? როგორ გვიჩვენებს ასას შემთხვევა, რომ იეჰოვა აკურთხებს თავისი მსახურების საქმიანობას?
რას გვამცნობს ბიბლია ასას შესახებ
მას შემდეგ, რაც ისრაელის სამეფო ორად გაიყო, 20 წლის მანძილზე იუდა მთლიანად ჩაეფლო კერპთაყვანისმცემლობაში. ასა ძვ. წ. 977 წელს გამეფდა. იმ დროისთვის სამეფოს კარიც კი ქანაანელთა ნაყოფიერების ღმერთებს სცემდა თაყვანს. მისი მეფობის შესახებ ღვთივშთაგონებით დაწერილი ცნობებიდან ვიგებთ, რომ „კარგად და სწორად იქცეოდა ასა იეჰოვას, თავისი ღვთის თვალში. მოსპო მან უცხო სამსხვერპლოები და მაღლობები, დაამტვრია წმინდა სვეტები და წმინდა ბოძები“ (2 მატ. 14:2, 3). მეფემ იუდეის სამეფოდან გაყარა „ტაძრის მეძავი კაცები“, რომლებიც რელიგიის სახელით ერთმანეთში უზნეობას სჩადიოდნენ. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი, რაც ასამ გააკეთა. ის აგრეთვე მოუწოდებდა ხალხს, რომ „ეძებნათ იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, და შეესრულებინათ კანონი და მცნება“ (1 მეფ. 15:12, 13; 2 მატ. 14:4).
იეჰოვას მოსწონდა წმინდა თაყვანისმცემლობისადმი ასას მოშურნეობა, ამიტომ წლების განმავლობაში იუდაში მშვიდობა სუფევდა. მეფეს შეეძლო ეთქვა: „ვეძებთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს; ვეძებთ და ისიც მშვიდობას გვაძლევს ყოველი მხრიდან“. ამ მშვიდობიანი პერიოდის განმავლობაში იუდეველები ამაგრებდნენ ქალაქებს. „აშენებდნენ ისინი და ხელიც ემართებოდათ“, — ნათქვამია ბიბლიაში (2 მატ. 14:1, 6, 7).
ბრძოლის ველზე
ღვთის სიტყვა ასას შესახებ ბევრ რამეს გვამცნობს, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, თუ რატომ ილოცა მან, როდესაც ბიბლიაში მოხსენიებული ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია დაუპირისპირდა. მეფე კარგად უწყოდა, რომ ღმერთი აკურთხებდა რწმენით მოქმედებას. ლოცვაში მან იეჰოვას დახმარება სთხოვა. ასა დარწმუნებული იყო, რომ თუ ღმერთს მიენდობოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად ურიცხვი და ძლიერი იქნებოდა მტერი. ბრძოლის შედეგი იეჰოვას სახელზე იმოქმედებდა, ამიტომ ლოცულობდა ასა: „დაგვეხმარე, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ ბრბოს წინააღმდეგ! იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი ღმერთი, ნუ იმძლავრებს მოკვდავი კაცი შენზე“ (2 მატ. 14:11). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეფე ამბობდა: „იეჰოვა, ეთიოპელები შენ გესხმიან თავს. არ მისცე ნება, რომ ამ ხალხმა გაანადგურონ შენი სახელის მატარებლები და ასე შეურაცხყონ შენი სახელი“. შედეგად, „დაამარცხა იეჰოვამ ეთიოპები ასას და იუდას წინაშე და გაიქცნენ ეთიოპები“ (2 მატ. 14:12).
დღეს იეჰოვას მსახურებს არაერთი ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ არ ვებრძვით პირდაპირი გაგებით ბრძოლის ველზე. თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა გამარჯვებით აკურთხებს ყველა ერთგულს, ვინც მისი სახელის გამო სულიერ ბრძოლაში მონაწილეობს. თითოეულ ჩვენგანს გვიწევს ბრძოლა ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ უზნეობის სულთან, საკუთარ სისუსტეებთან თუ იმ გამხრწნელ ზეგავლენასთან, რომელიც ჩვენს ოჯახებს ემუქრება. რა წინააღმდეგობასაც არ უნდა შევხვდეთ, ასას ლოცვა ჩვენთვის გამამხნევებელია. მისი გამარჯვება იეჰოვას გამარჯვება იყო. ამ შემთხვევიდან ვხედავთ, რა შედეგები მოაქვს ღმერთზე მინდობას. იეჰოვას ძალას წინ ვერავინ დაუდგება.
გამხნევება და გაფრთხილება
ბრძოლიდან რომ ბრუნდებოდა, ასას აზარია შეხვდა. ამ წინასწარმეტყველმა მეფე გაამხნევა და, ამავდროულად, გააფრთხილა კიდეც: „მისმინეთ, ასა, იუდა და ბენიამინ! იეჰოვა თქვენთან არის, სანამ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, გაპოვნინებთ თავს, მაგრამ თუ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ . . . გამბედაობა მოიკრიბეთ და ხელები არ ჩამოუშვათ, რადგან დაჯილდოვდება თქვენი საქმიანობა“ (2 მატ. 15:1, 2, 7).
ეს სიტყვები ჩვენს რწმენას ამტკიცებს და გვარწმუნებს, რომ სანამ იეჰოვას ერთგულად ვემსახურებით, ღმერთი ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება. როდესაც მას ლოცვაში დახმარებას ვთხოვთ, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა გვისმენს. „გამბედაობა მოიკრიბეთ“, — უთხრა აზარიამ. იმის კეთებას, რაც სწორია, ხშირად დიდი გაბედულება სჭირდება, მაგრამ ვიცით, რომ იეჰოვას დახმარებით ყველაფერი შესაძლებელია.
ასას ბებიას, მააქას, „საზიზღარი კერპი ჰქონდა გაკეთებული წმინდა ბოძისთვის“, ამიტომ ასამ მას დედოფლობა ჩამოართვა, რაც ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. მან მააქას კერპიც კი დაწვა (1 მეფ. 15:13). ღმერთმა ასა მისი გადაწყვეტილებისა და გამბედაობისთვის აკურთხა. ჩვენ მტკიცედ უნდა მივეკრათ იეჰოვასა და მის სამართლიან ნორმებს, იმისდა მიუხედავად, ნათესავები ღვთის ერთგულები არიან თუ არა. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვა გვაკურთხებს.
მეფე ასა ღმერთმა იმითაც აკურთხა, რომ მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაბრუნდნენ ისრაელები ჩრდილოეთის განდგომილი სამეფოდან იუდეაში, როდესაც დაინახეს, რომ იეჰოვა იყო მათთან. ისინი იმდენად აფასებდნენ წმინდა თაყვანისმცემლობას, რომ მიატოვეს სახლები, რათა იეჰოვას მსახურებს შორის ეცხოვრათ. ასამ და მთელმა იუდამ სიხარულით დადეს შეთანხმება, რომ მთელი გულითა და სულით დაუწყებდნენ ძებნას იეჰოვას. რა იყო შედეგი? ღმერთმა „აპოვნინა მათ თავი. კვლავაც მშვიდობას აძლევდა იეჰოვა მათ ყოველი მხრიდან“ (2 მატ. 15:9—15). რა სასიხარულოა, როდესაც სიმართლის მოყვარული ადამიანები იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას ირჩევენ.
წინასწარმეტყველ აზარიას სიტყვები ცუდის მომასწავებელიც იყო. მან გააფრთხილა ასა: „თუ მიატოვებთ, [იეჰოვას] ისიც მიგატოვებთ“. დაე, არასოდეს დაგვემართოს ეს ჩვენ, რადგან ასეთ მოქმედებას დამღუპველი შედეგები მოყვება (2 პეტ. 2:20—22). წმინდა წერილებში არაფერია ნათქვამი, თუ რატომ გააფრთხილა იეჰოვამ ასა, მაგრამ ფაქტია, მეფემ უგულებელყო ეს გაფრთხილება.
„უგუნურად მოიქეცი“
ასას მეფობის 36-ე წელს ისრაელის მეფე ბააშამ იუდას წინააღმდეგ გაილაშქრა. ბააშას არ უნდოდა, რომ მის ქვეშევრდომებს ერთგულება გამოევლინათ ასასა და წმინდა თაყვანისმცემლობის მიმართ, ამიტომ იერუსალიმის ჩრდილოეთით 8 კილომეტრში მდებარე სასაზღვრო ქალაქ რამას გამაგრებას შეუდგა. როდესაც ეთიოპელები დაესხნენ იუდეას, ასამ ღმერთს მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ ამჯერად, მან დახმარებისთვის ადამიანებს მიმართა. მეფემ ძღვენი გაუგზავნა სირიის მეფეს და სთხოვა, რომ გაელაშქრა ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს წინააღმდეგ. სირიელები თავს დაესხნენ ისრაელს, ამიტომ ბააშამ შეწვიტა რამას გაძლიერება (2 მატ. 16:1—5).
იეჰოვას არ მოეწონა ასას საქციელი და მასთან წინასწარმეტყველი ხანანი გაგზავნა. მეფემ საკუთარი თვალით იხილა, თუ რა დამართა ღმერთმა ეთიოპელებს, ამიტომ მას უნდა სცოდნოდა, რომ „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“. შეიძლება მეფეს ცუდი რჩევა მისცეს ან მან ბააშა და მისი ჯარი არ ჩათვალა დიდ საფრთხედ, ამიტომ იფიქრა, რომ ამ სიტუაციას საკუთარი ძალებით გაუმკლავდებოდა. ასა მიენდო ადამიანებს და არა — იეჰოვას. „ამჯერად უგუნურად მოიქეცი, ამიტომ ომები გექნება ამიერიდან“ — უთხრა ხანანმა (2 მატ. 16:7—9).
ამ სიტყვებმა ასა ძალიან განარისხა და წინასწარმეტყველი ხანანი საპყრობილეში ჩააგდო (2 მატ. 16:10). ის შესაძლოა ფიქრობდა: „იეჰოვას მრავალი წელია ერთგულად ვემსახურები და განა ვიმსახურებ ასეთ საყვედურს?“. ასაკში შესვლის გამო ხომ არ დაკარგა ასამ საღად აზროვნების უნარი? ამის შესახებ ბიბლია არაფერს არ ამბობს.
ასა თავისი მეფობის 39-ე წელს მძიმედ დაავადდა. მას ფეხები დაუსნეულდა. „ავადმყოფობის დროსაც კი არ ეძებდა ის იეჰოვას, არამედ მკურნალებს მიმართავდა,“ — ნათქვამია ღვთის სიტყვაში. როგორც ჩანს, იმ დროს მეფეს სულიერი პრობლემები ჰქონდა. ასამ 41 წელი იმეფა და ისე მოკვდა, რომ თავისი დამოკიდებულება არ შეუცვლია (2 მატ. 16:12—14).
ყოველივეს მიუხედავად, ასას კარგი თვისებები და წმინდა თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობა აღემატებოდა მის შეცდომებს. მას არასოდეს შეუწყვეტია იეჰოვასადმი მსახურება (1 მეფ. 15:14). რის სწავლა შეგვიძლია მისი ცხოვრებიდან? თუ გვემახსოვრება, როგორ დაგვეხმარა იეჰოვა უწინ, ეს აღგვძრავს, ყოველთვის ვილოცოთ განსაცდელების დროს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ღმერთს წლების მანძილზე ერთგულად ვემსახურებით, არ გვჭირდება ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები. იეჰოვა ყოველთვის შეგვაგონებს, თუ შეცდომას დავუშვებთ. ასეთი შეგონება თავმდაბლურად უნდა მივიღოთ, თუ გვინდა, რომ მან კარგი შედეგი მოგვიტანოს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ზეციერი მამა ჩვენ გვერდით იქნება მანამ, სანამ ჩვენ ვიქნებით მასთან. იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწაზე მათ, ვინც მას ერთგულად ემსახურება. ღმერთი თავის ძალას მათ დასახმარებლად გამოიყენებს. იეჰოვამ ეს გააკეთა ასას შემთხვევაში და ასე მოიქცევა ჩვენს შემთხვევაშიც.
[ჩანართი 9 გვერდზე]
იეჰოვა აკურთხებს იმ ერთგულ ადამიანებს, რომლებიც სულიერ ბრძოლაში არიან ჩართული
[ჩანართი 10 გვერდზე]
იმისათვის რომ სწორად მოიქცეთ იეჰოვას თვალში, გაბედულებაა საჭირო