მთავარი თემა | შესტკივა ღმერთს გული თქვენზე?
ფიქრობს ღმერთი თქვენზე?
„საწყალი და დაჩაგრული ვარ. იეჰოვა იფიქრებს ჩემზე“a (ისრაელის მეფე დავითი, ძვ. წ. მე-11 საუკუნე).
გონივრული იყო დავითის მოლოდინი, რომ ღმერთი იფიქრებდა მასზე? ფიქრობს ღმერთი თქვენზე? ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი დაინტერესებულია მათით.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამიანებთან შედარებით ღმერთს გაცილებით აღმატებული მდგომარეობა უკავია. მის თვალში „ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის ერთ წვეთს ჰგვანან და სასწორის პინებზე დაფენილი მტვერივით არიან“ (ესაია 40:15). ერთი სკეპტიკურად განწყობილი ჟურნალისტი ასეთ დასკვნამდეც კი მივიდა: „საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა უნდა გქონდეს იმის დასაჯერებლად, რომ ღმერთი ფიქრობს შენზე და დაინტერესებულია შენი საქმეებით“.
მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ზოგი თავისი ცხოვრების წესის გამო თავს უღირსად გრძნობს და ფიქრობს, რომ არ იმსახურებს ღვთის ყურადღებას. ერთი მამაკაცი, სახელად ჯიმი, ამბობს: „ლოცვაში გამუდმებით ვთხოვდი ღმერთს შინაგან სიმშვიდეს და თავშეკავებას, თუმცა ჩემი ფიცხი ხასიათი ხშირად მახსენებდა თავს. ბოლოს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ თხემით ტერფამდე ცუდი ადამიანი ვიყავი და ღმერთსაც კი არ შეეძლო ჩემი დახმარება“.
ნუთუ ისე შორს არის ღმერთი ადამიანებისგან, რომ ვერ ამჩნევს მათ? რას გრძნობს ღმერთი არასრულყოფილი ადამიანების მიმართ? ღვთის დახმარების გარეშე ადამიანს არ ძალუძს ამ კითხვებზე ზუსტი პასუხების მიღება. თუმცა ღვთივშთაგონებული წიგნი, ბიბლია, გვარწმუნებს, რომ ღმერთი შორს არ არის ჩვენგან; უფრო მეტიც, ის დაინტერესებულია თითოეული ჩვენგანით. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). მომდევნო სტატიებში განვიხილავთ ღვთის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ და იმას, თუ როგორ ავლენდა და ავლენს ინტერესს ჩვენნაირი ადამიანებისადმი.
a ფსალმუნი 40:17. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვა ღვთის სახელია.